Monday, October 12, 2009

სკოლის მასწავლებელთა ძირითადი ტიპაჟები

ისევ სკოლის შესახებ განვაგრძობ წერას. ბოლო ხანებში თითქმის მთელი ჩემი დრო სკოლას ეთმობა, ამიტომ გადავწყვიტე განვაგრძო წერა იმის შესახებ, თუ რა ხდება განათლების სისტემის ამ ყველაზე მნიშვნელოვან საფეხურზე. დღეს მოკლედ აღვწერ მასწავლებელთა ტიპაჟებს, მათ ძირითად ინტერესებს და მიდგომებს.

დავიწყოთ ქართულის მასწავლებლით. ქართული მასწავლებლების უმეტესობა-თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები არიან, რომლებიც თვლიან რომ მხოლოდ ისინი გადაარჩენენ ქართველი ერის თვითმყოფადობას, ამიტომაც თვლიან აქვთ უფლება, ყოველ წუთას ჩაგეჭრან საუბარში და გაგისწორონ ესა თუ ის გამონათქვამი. ამაყობენ იმით, რომ არ იციან მათემატიკა, უჭირთ პროცენტისა და პროცენტის შესაბამისი კოეფიციენტების დადგენა, ამ კოეფიციენტების საშუალებით საბოლოო ქულის გამოყვანა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც განათლების სისტემა შეიცვალა და მოსწავლის შეფასება 4 კომპონენტიანი სისტემით ფასდება. თვლიან რომ ეს ყველაფერი არასაჭირო და ზედმეტია, და რომ ერის თვითმყოფადობა მაინც მათ ხელშია, ხოლო ეს სისტემა მათ ხელს უშლის ბავშვებში ქართული სულის ჩამოყალიბების საქმეში. მუდმივად შეცდომები მოსდით ჟურნალების შევსების დროს და მუდმივად უდანაშაულოდ გრძნობენ ამ შემთხვევებში თავს. მუდმივად გამოთქვამენ პროტესტს ამა თუ იმ საკითხის გარშემო და შემდგომ მუდმივად ეგუებიან.

უცხო ენის მასწავლებლები მუდმივად ცდილობენ გამოავლინონ საკუთარი უცხო ენის ცოდნა. ყოველთვის პირველი იღებენ სკოლაში შემოსულ ორიფლეიმის ჟურნალებს და თარგმნიან, თუ რომელი კრემი როგორი ტიპის კანისთვისაა და რომელს როგორი მოუხდება, ასევე პირველი იღებენ ამა თუ იმ სამკურნალო პრეპარატის და პარფიუმერული ნაწარმის ბოთლებს და კითხულობენ რა წერია მათზე, შემდგომ ხმამაღლა თარგმნიან. მუდმივად ახსენებენ ყველას-მოსწავლეებსაც, მშობლებსაც, დირექციასაც, რომ მათი საგანის გარეშე დღეს-დღეობით ვერც ერთი ბავშვი ვერ იპოვნის ცხოვრების გზას. ცდილობენ ქართული საუბრის დროსაც გაურიონ მცირეოდენი უცხო სიტყვები, რომ გასაგები იყოს ვისთან გვაქვს ურთიერთობა და მთელი გულით ცდილობენ დამალონ ქართული აქცენტი, რაც ხშირად საკმაოდ სასაცილოდ ჟღერს.

მათემატიკის მასწავლებლები მოწესრიგებული ხალხია, რომლებიც ცდილობენ ყველგან მუდმივად "წაიყვანონ პარადი". მოახდინონ მასალების სისტემატიზაცია ყველაზე სწორად და ყველაზე სწრაფად. არ უყვართ შენიშვნები. თვლიან რომ მათემატიკის ცოდნა-არ ცოდნით განისაზღვრება ადამიანის აზროვნების შესაძლებლობა, ამიტომ ცოტა ზემოდან უყურებენ ქართულის მასწავლებლებს და ხშირად ახსენებენ, თუ როგორ უჭირთ მათ ელემენტარული-პროცენტიდან კოეფიციენტის გამოყვანა და კოეფიციენტის შემდგომი გამოყენება.

ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგია დუნე მხალხია არიან. არ ცდილობენ გამოჩდნენ წინა ფონზე, ურჩევნიათ იშვიათად იყონ ყურადღების ცენტრში, შეძლებისდაგვარად გადააბარონ საკუთარი საქმიანობა სხვებს. ხშირად საკმაოდ ასაკოვანი მასწავლებლები არიან, რომლებსაც დაკარგული აქვთ ახალგაზრდობასთან ურთიერთობის ხალისი. მათი საქმიანობა ტრივიალურია. რაც ყველაზე სამწუხაროა - ცდილობენ თავი შორს დაიჭირონ სადემონსტრაციო ცდების ჩატარებისგან. მუდმივად წუწუნებენ რომ სკოლას შესაძლებლობა არ აქვს ლაბორატორია აღჭურვილობით უზრუნველყოს (თუმცა მე თავად დავრწმუნდი რომ ზოგ სკოლას საკმარისზე მეტი ძველი პრეპარატები აქვს მორჩენილი, რომელთაგან ზოგი მაინც გამოდგება სადემონსტრაციო ცდის ჩასატარებლად. ყოფილმა ქიმიის მასწავლებელმა გამოაცხადა რომ პრეპარატებიდან "არც ერთი არ ვარგა").

რაც მთავარია, მათი საერთო ინტერესის სფეროებში შედის, ვინ სად რა როდის რატომ, როგორ. ყოველთვის ინტერესით განიხილავენ გადაცემა "პროფილის" ყოველ გამოშვებას. ჩივიან რომ "ეს ყველაფერი თაობის გადაგვარების მიზნით ხდება", ასევე ძალიან უყვართ საუბარი სარწმუნოებაზე, მამაოზე. განიხილავენ ვინ, სად, რა, როდის, რატომ და მართალი იყო თუ არა ეს ეკლესიური თვალსაზრისით. უყვართ დაბადების დღეების აღნიშვნა, ტორტების მოტანა, ოთხშაბათობით და პარასკეობით სამარხო ტორტების ძიება. მოკლედ რომ ვთქვათ მათ უყვართ რელიგია და ტორტი.

Tuesday, September 15, 2009

ლაყბობის რელიგიურ ექსტრემიზმში გადასვლის შესახებ

დაიწყო სწავლა. პირველი კვირა-ყოველთვის არეული კვირაა სკოლებში.გაკვეთილების ცხრილი ჯერ არაა შედგენილი, მოსწავლეების ნაწილი დადიან, სახელმძღვანელოების ყიდვას არ ჩქარობენ. სასწავლო პროცესი არეულია, არეულობის შესამსუბუქებლად მოსწავლეებს ადრე უშვებენ სკოლიდან და შემდგომ იწყება ლაყბობის პერიოდი. ძირითადად ლაყბობა რატომღაც რელიგიურ-აპოკალიფსურ თემებზე მიდის. როგორიცაა-როდის იქნება სამყაროს დასასრული, რა მოხდება 2012 წელს, მსოფლიო აპოკალიფსური მდგომარეობიდან როგორ გამოძვრება საქართველო როგორ მართლმადიდებლური ქვეყანა და ა.შ. საუბარში ხშირად ჩართულია წარმოდგენები ბარაქა-უბარაქობის, ჰოროსკოპების, აღდგომის წინ ცეცხლის გადმოსვლის და რაც მთავარია სკოლის დროულად კურთხევის შესახებ.
რატომღაც ჩემი რწმენის ამბავით ძალიან დაინტერესდა ჩემი სკოლა. მას შემდეგ რაც რელიგიური ფილმის საყურებლად წასვლაზე და მის მოსწავლეებთან წარსადგენად რეკომენდაციის მიცემის თაობაზე უარი ვთქვი ჩემი მცირედმორწმუნეობის გამო. იყო მრავალი შეკითხვები და დიალოგები რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა:
- შენ ათეისტი ხარ ხომ?
- არა ათეისტი არ ვარ მაგრამ ეკლესიაში არ დავდივარ.
-უF მაშინ რა უჭირს კიდევ, მორწმუნე ყოფილხარ, ეკლესიაში ბევრი არ დადის, მერე რა. მე მაგალითად დღეში 3-ჯერ თუ არ ვილოცე ის ვერ მოვისვენებ. თუმცა მეორეს მხრივ ჰოროსკოპებისაც მჯერა, ყოველთვის ემთხვევა ხოლმე.
დღეს რატომღაც მსგავსი დიალოგი კვლავ განმეორდა. ერთ-ერთი მასწავლებელი გულზე სასოებით ხელდადებული ამბობდა რომ ძალიან ელოდება სკოლის კურთხევას. შემდეგ რატომღაც ისევ მე შემომაჩერდნენ და დამიწყეს მსგავსი გამოკითხვები: მორწმუნე ვარ თუ არა, დავდივარ თუ არა ეკლესიაში, რატომ არ მიკეთია ჯვარი, რატომ ვარ მონათლული და რატომ დავიწერე ჯვარი ჩემს მეუღლეზე(?!). შემდგომ ერთმა მასწავლებელმა დირექტორს გახედა და გამოაცხადა:
-ხომ გეუბნებოდი, თავიდანვე უნდა გვეკითხა მსაწავლებლებისთვის მართლმადიდებელი იყო თუ არა სანამ მივიღებდით.
გავშრი. დაზუსტებისთვის მინდა ვთქვა რომ ვარ ქიმიის მასწავლებელი. 1 წელიწადია ვმუშაობ ამ სკოლაში, სადაც არ არის ელემენტარული ლაბორატორიული აღჭურვილობა რომ თუნდაც რამოდენიმე ფერადი ცდა ვანახო მოსწავლეებს. არ არის არც ერთი კომპიუტერი, რომ პრეზენტაციის სახით მაინც წარმოვუდგინო მოსწავლეებს ამა თუ იმ ქიმიური რეაქციის სქემა. IX და X კლასებში საერთოდ არ არის დაფა, რომ მოსწავლეებს დავუწერო ზედ ქიმიური რეაქციები და თურმე მთავარი პრობლემა იმაში ყოფილა რომ მე "საკმარისად მართლმადიდებელი არ ვარ".

Monday, July 13, 2009

სიმღერა დედაზე

როგორც ყველა ქართველი ბავშვი, მეც დავდიოდი, უფრო სწორად მშობლები დამათრევდნენ მუსიკალურ სკოლაში, სადაც გავდიოდით ე.წ. "სპეციალობას" (ფორტეპიანოს), მუს. ისტორიას, სოლფეჯიოს. გვყავდა გუნდი. გუნდში იყო ერთი უცნაური მასწავლებელი, ქალბატონი თამრიკო, რომელსაც ყავდა 2 ტიპის ჯგუფი: "საკონცერტო" და "არასაკონცერტო" კეთილისმყოფელმა ხალხმა მირჩია, როდესაც ქალბატონ თამრიკოსთან მიხვალ ხმის გასასინჯად, სპეციალურად თავი მოიყრუმუნჯე და მაქსიმალურად მცდარი ნოტები აიღე თორემ საკონცერტო ჯგუფში თუ მოხვდი ტყავს გაგაძრობსო, მაგრამ პატივმოყვარეობამ არ მომცა ამის საშუალება და ქალბატონმა თამრიკომაც დააფასა ჩემი მონდომება, გამომიცხადა - უნიკალური და იშვიათი "ალტი" გაქვს და აუცილებლად უნდა საკონცერტო ჯგუფში ჩაგსვაო. მოვედით სახლში გახარებული მე და აღფრთოვანებული დედაჩემი. დედაჩემმა მამაჩემს ახარა - ჩვენს შვილს უნიკალური ალტი ჰქონიაო. მამაჩემმა სასწრაფოდ ენციკლოპედია გადაშალა რომ ენახა როგორი ტიპის ნიჭი ჰქონდა მიმადლებული მის შვილს. ალტი - ერთგვარი ტიპის სასულე საკრავი - თუ რაღაც ამდაგვარი ეწერა ენციკლოპედიაში. ჩემებმა გადაწყვიტეს დაე პროფესიონალები გაერკვნენ ჩვენი გოგონას ტალანტებშიო.
შემდეგ კვირას გახარებული მივდივარ ქალბატონ თამრიკოსთან გაკვეთილზე. ცოტა დამაგვიანდა, ვაღებ კარს, რეპეტიცია უკვე დაწყებულია. ქალბატონმა თამრიკომ გვერდულად გამომხედა, ისე რომ გუნდის დირიჟორობა არ შეუწყვეტია მეუბნება - მოძებნე ადგილი და დაჯექი. მე ცოტა შევყოყმანდი. ქალბატონმა თამრიკომ მიმითითა ცარიელ სკამზე და მეც დავჯექი. როდესაც სიმღერა ჩაათავეს გვერდზე მჯდომს ვკითხე რა ხმაში ვარ მეთქი. აღმოჩნდა რომ ქალბატონ თამრიკოს სულ დავიწყებია ჩემი უნიკალური "ალტის" შესახებ და პირველ ხმაში გავუშვივარ. მეც არაფერი ვთქვი, გადავწყვიტე რომ ესე იგი პირველი ხმაც ისეთი უნიკალური მაქვს, როგორც "ალტი".
დიდად კი მივქარე, ტყავი მართლაც გამაძვრეს და ჩემს "ალტს" გამოყენება ვერ ვუპოვე. ახლა მინდა კიდევ ერთი ისტორია მოვყვე გუნდთან დაკავშირებით. მოგვიტანეს ერთი ლათინური(?) სიმღერა. რომლის ტექსტიდან ერთი სიტყვაც არ გაგვეგებოდა. ქალბატონი თამრიკო მოითხოვდა "გრძნობით გვემღერა". ჩვენს შეკითხვაზე - რას ეხება ამ სიმღერის ტექსტი და "როგორი ტიპის გრძნობა ჩავდოთ შიგნით" ქალბატონი თამრიკო დაფიქრდა, მერე ამაყად ასწია თავი და გამოგვიცხადა - ეს არის სიმღერა დედაზე, ისე იმღერეთ რომ ყველამ დაინახოს როგორ გიყვართ თქვენი დედიკოები.
ამას წინად ისევ გამახსენდა ეს სიმღერა და მისი ტექსტი:

Quando corpus morietur,
fac, ut animae donetur
paradisi gloria. Amen.

When my body dies,
let my soul be granted
the glory of Paradise. Amen.

მოკლედ სიმღერა დედაზე:

Thursday, July 2, 2009

სექსუალური განათლება სკოლაში

ბოლო ხანებია "მოდაში შემოვიდა" სკოლაში სექსუალურ თემატიკაზე საუბარი მოსწავლეებთან. ამას ბევრი მომხრე ყავს, ბევრი მოწინააღმდეგე. მე ვთვლი რომ სწორია ბავშვებმა მიიღონ სექსუალურ ცხოვრებაზე განათლება სკოლიდან და მშობლებიდან, და არა ეზოდან, მაგრამ მეორეს მხრივ ეს შეუძლებლადაც მეჩვენება. საუბარი მიდის იმაზე, თუ რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვთან საუბარი ამ თემებზე და ვინ უნდა ესაუბროს. ვთვლი რომ დღევანდელი სკოლის მასწავლებლების 90% ვერ შეძლებს ბავშვებთან ამ თემატიკაზე საუბარს (რადგან ძირითადი კონტინგენტი მასწავლებლებისა შეადგენს საშუალოდ 50 წელს გადაცილებულ ხალხს, რომლებიც აღიზარდნენ კომუნისტურ საქართველოში და აქვთ ყველა საჭირო კომპლექსი რათა გვერდი აუარონ თუნდაც ბიოლოგიის წიგნში მოცემულ ადამიანის სასქესო ორგანოების თემატიკას + თავადაც არა აქვთ საკმარისი განათლება რაც ამ საკითხების გაშუქებისთვის არის საჭირო).
მოკლედ ჩემს სკოლაში გაკეთდა მსგავსი რამ: თავიდან რომ აეცილებინათ მოსწავლეებთან პირადი კონტაქტი, გააკეთეს "კედლის გაზეთი" (საზიზღარი კომუნისტური გადმონაშთი, ჩემი აზრით) სადაც საუბარია ვენერიული დაავადებების გადაცემაზე ნარკომანიით და სექსუალური გზით. და ამ გაზეთის ბოლოში ზის დაახლოებით ასეთი ფრაზა: "ამიტომაც ნუ დაიწყებთ ნაადრევ სექსუალურ ცხოვრებას და ნარკოტიკის გამოყენებას, მაგრამ თუ მაინც შეცდი, გამოიყენე დამცავი საშუალებები და უხმარი ერთჯერადი შპრიცი"
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ მინდა რომ ჩემს შვილს ასეთმა არაკომპეტენტურმა ხალხმა აუხსნას მსგავსი საკითხები. ხალხმა, რომელიც ვერ ხვდება განსხვავებას სექსუალურ ცხოვრებასა და ნარკომანიას შორის და ორივეს ერთნაირ "ხიხიად" მიიჩნევს. თან ჩემს შვილს აქეზებს რომ "თუ მაინც შეცდა" (შეუმცდარი არავინაა), და ნარკოტიკის გამოყენება დაიწყო, იხმაროს "ერთჯერადი უხმარი შპრიცი".

Wednesday, July 1, 2009

ბუზების შემოტევა


ცხელა, ძალიან ცხელა.
დილით კარები შევაღე ნიავი შემოსულიყო და ნიავს 50 000 ბუზიც შემოყვა. დაძინება ვცადე მაგრამ მივხვდი ბუზების 80% ჩემს თმებში მოსწონდათ განაყოფიერება. წამოვხტი და ბუზისსაკლავი მოვიტანე. თავბრუსხვევამდე ვსდიე ბუზებს. 20 მათგანი მივასიკვდილე. მძორებს ერთად მოვუყარე თავი, ბუზის საკლავი გავიტანე და ცოცხის და აქანდაზის მოსატანად გავედი. რომ დავბრუნდი 10 ცალი ისევ დაფრინავდა. კვლავ მოვიტანე ბუზის საკლავი 5-7 ცალი მოვკალი და გავედი. რომ დავბრუნდი 3 ცალი ისევ დაფრინავდა (დაფრინავს), მაგრამ აღარ მქონდა თავი. შეგროვებული ბუზის მძორები ავკრიფე და გადავყარე. ცოტა დავისვენე, ზაზუნასთან მივედი მოსაფერებლად და გალიიდან 10 ცალი ბუზი ისევ აფრინდა. შეწუხებულ ზაზუნას უზარმაზარი სორო გაუთხრია ნახერხებში, ჩამძვრალა და თავზეც ნახერხი წაუყრია. ისევ მოვიტანე ბუზის საკლავი. რამოდენიმეჯერ ისე ვცადე გამოდევნება მაგრამ უშედეგოდ. ახლა ისევ მესმის ბზუილი, ვპოსტავ თან ხელებს ვიქნევ აქეთ-იქით. ძროხების მშურს უკვე, რა იქნებოდა მეც მქონოდა ერთი კუდი ბუზების მოსაგერიებლად. დედამთილის "სადედოფლოშიც" გაუღწევიათ "ჩემს ბუზებს" (რაც ძალიან მახარებს).
ცხელა, ძალიან ცხელა მაგრამ კარებს ვერ ვაღებ. გადარჩენილ ბუზებს ხმა გაუვრცელებიათ რომ ჩემს სახლში უფასო საკვები და სტუმართმოყვარე გარემოა და უკვე 50 ხარაბუზა 5 საათია ზის აივანზე, სარეცხის თოკებზე და თავიანთ რიგს ელოდებიან შემოსაფრენად.
მოკლედ ამ პოსტით მინდა ძალიან მწარედ შევაგინო ადამიანს, რომელსაც პირველად მოუვიდა აზრად კორპუსის ბინებში ნაგვის მილის ჩამონტაჟება.

Tuesday, June 30, 2009

ცელოფნის პარკები

ახლა არ მინდა ბანალურ თემაზე საუბრარი: - ცელოფნის პარკებს ქუჩაში ყრიან, გარემოს აბინძურებენ, პოლიეთილენის გადამუშავება 3459872097432569832456892 წელი არ ხდება, რას გავს ჩვენი პარკები და სკვერები, ჩვენი მდიდარი დედაბუნება, ეგ უკულტუროები, ჩამოთრეულები და ა.შ. (თითქოს მეტი პრობლემები არ გვქონდეს, თუნდაც ეკოლოგიის მხრივ)

რას ვერ ვხვდები იცი?
საიდან მოდის ქართველებში ასეთი მომჭირნეობის გრძნობა რომ მზად არიან 30 თეთრიანი ცელოფნის პარკი გარეცხონ ხელახლა სახმარად?

Tuesday, June 23, 2009

Twitter

თვითერზე დავრეგისტრირდი. ჯერ იმაზე მომეშალა ნერვები, როდესაც მაილის პაროლი მომთხოვა. რატო უნდა მივცე?იქნებ რა ინფორმაცია მაქ მიღებული. მარა მივეცი - (თვითონ გაერკვეს და იმ 900 მიღებული შეტყობინებიდან და 53 სპამიდან აარჩიოს რაც დასჭირდება ჩემს შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში :ისინიგვითვალთვალებენსმაილი:). მერე ვერ მივხვდი სად უნდა დავპოსტო და როგორ. არადა ჩემს ქმარს თუ დავუჯერებთ უმარტივესი საიტია და საუკეთესოა ემოციების გაზიარებაში (ემოციების გაზიარება ჩემი მთავარი დევიზია ამიტომ უფრო მოვიწყინე). მოკლედ აქ დავწერ რის დაწერასაც იქ ვაპირებდი. მშია, ძალიან მშია. საშოვარზე გავედი სამზარეულოში. მაცივარში ვიპოვე კვერცხი (ალერგია მაქვს თან მაგას რა შეწვავს ახლა) შოკოლადის კარაქი (მძულს) და ერბო. ჰმ....ერბო და პური იჭმევა ნეტა?საყინულეში ისევ დევს ის მაშინდელი ნიკორას ვადაგასული კატლეტი. იმდენად მშია რომ მეზარება გაანგარიშება, რამდენი დღის იქნება ახლა. გუშინაც მშიოდა მაგრამ გუშინ ინტერნეტი არ იყო, ამიტომ მთელი დღე სარეცხების რეცხვას მივუძღვენი. სარეცხი მანქანა ჩავრთე 3-ჯერ, თითოჯერ 5-5 კილო სარეცხით, ანუ 15 კილო, პლუს ხელით გავრეცხე ერთი 2-3 კილო = 17-18 კილო. მეტსაც ვიტყვი, მთლიანად დავალაგე ლოგინებისქვეშა სივრცე (იმდენი მტვერი და ნაგავი გამოვიტანე ნაგვის ყუთში გადაყრა შემრცხვა, დედამთილს არ ენახა, ამიტომ პარკში ჩავყარე და კუთხეში მივდე. ხვალ ან ზეგ ვაპირებ გადაყრას).ამ საქმიანობამ შიმშილი დამავიწყა, შესვენებებზე gnu pain-ში ხატვაც გადავწყვიტე, ხატვა საერთოდ არ შემიძლია მაგრამ თავმოყვარეობა მეუბნება - არ ჩამორჩე ხალხს რომელიც მაუსს ფუნჯივით ხმარობენო. (ნახატი იხილეთ პოსტის ბოლოში). მოკლედ საბოლოოდ ძალიან კმაყოფილი დავრჩი მთელი ჩემი გუშინდელი შემოქმედებით მაგრამ დღეს უკვე ორი დღისა მშია. წავალ ახლა და კვერცხს შევიწვავ ერბოში. ჯანდაბას, 1-2 კვირა გაძლებს კიდევ ადამიანი "დედამიწის ხელა პრიშჩიკებით" სახესა და ყველგან.

Friday, June 19, 2009

Mood

თუთიყუში

გუშინ უსაქმურობის დროს მოვიფიქრეთ სულელური თამაში. ჩემი ქმარი იყო გადაცემა "ცხოველთა სამყაროს" წამყვანი. გადაცემა მიჰყავდა "ცისფერი მთების" ბინადარ ცხოველებზე. მოკლედ უამრავი საინტერესო ცხოველი დასახელდა, მაიმუნ-კუ, სტრაუსები, ზღარბი, ჟირაფი. სტეპლერი, წამყვანის საყვარელ, შინაური სკუნსის როლს ასრულებდა. მოკლედ მეც დავინტერესდი და ვკითხე ჩემ ქმარს-მე რა ცხოველის ან ფრინველის როლში გამომიყვანდა. ცოტა არ იყოს მეწყინა როდესაც გინების მოყვარული თუთიყუში აღმოვჩნდი და რატომ. ყველას ყოველთვის ისეთი ეპითეტები გვწყინს საკუთარ თავზე, რაც ახლოსაა რეალობასთან და იმ წუთას, როდესაც (ყვითელ) თუთიყუშად მაღიარეს ვიგრძენი ჩემი მსგავსება თუთიყუშთან (ერთადერთ არსებასთან მთელ დედამიწაზე, რომელიც მთელი გულით მძულს თავისი არაინდივიდუალობის და გარეგნული მიმზიდველობის გამო). ჩემი მსგავსება თუთიყუშთან იმაში გამოიხატება რომ სწრაფად "ვითვისებ" გარკვეულ ჩვევებს, რომელიც ჩემს გარშემომყოფ ადამიანებს ახასიათებთ, იქნება ეს საუბრის მანერა, წერის მანერა, თავდაჭერის მანერა, ამა თუ იმ სიტყვის ამოჩემება რასაც ხშირად ისმის ჩემს მახლობლად, ხანდახან აქცენტის, ზოგიერთი სიტყვის გამოთქმის და ხელების მოძრაობის მანერა (ამის ერთ-ერთი მაგალითია კმაყოფილების ნიშნად აწეული ცერა თითი. როგორც უკვე დავწერე მძულს ეს ჟესტი მაგრამ მუდმივად ვიმეორებ და ვიმეორებ). ხშირად არ ვაკვირდები მაგრამ მოულოდნელად აღმოვაჩენ ხოლმე ამ "გადმოღების" უნარს რამე კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში ჩემში და ვცდილობ აღარ გავიმეორო, მაგრამ მსგავსად ამჩემდება სხვა ასეთივე "დაკოპირებული" ჟესტი. არ ვიტყოდი რომ ადვილად ვექცევი სხვათა გავლენის ქვეშ და "ინდივიდუალობას ვკარგავ", უფრო პირიქით, უნდობლობის შეგრძნება მიჩნდება განსაკუთრებით უცხო, ხშირად ნაცნობი, ადამიანები მიმართ, მაგრამ ეს ჩემი უნდობლობა პარანოიაში რომ არ გადამივიდეს, დამალვის მიზნით ვახდენ ამ თვისებების კოპირებას რომ უფრო "თავისიანად" გამოვჩნდე. უფრო ადვილია თავისუფლად ვისაუბრო ჩემთვის უმნიშვნელო თემებზე სხვისი ჟესტიკულაციებით, რადგან ჩემი საკუთარი ადვილად "გამცემს". ხშირად მაქვს "დეფოლტად" შემონახული ჟესტიკულაციები სხვადასხვა ტიპის და ასაკის ხალხის მიმართ, ვისთანაც ურთიერთობა მიწევს და ვიცი როგორი ტიპის საუბარი დააინტერესებს ამა თუ იმ ადამიანს. თუმცა სიტყვა "საუბარი" უფრო გადამლაშებაა, აქ იგულისხმება ორიოდ ფრაზის თქმა რომ ყრუ-მუნჯ უჟმურ ადამიანად არ ჩამთვალონ. უფრო ცუდი კი ის არის, არ შემიძლიან ეს "საუბარი" ასე ვთქვათ ექსპრომტად გამომივიდეს. როგორ წესი დილით, დღის დაგეგმვისას ვფიქრობ სად მომიწევს წასვლა ამ დღეს, რა ტიპის ხალხთან მექნება ურთიერთობა და რა უნდა ვთქვა მათთან, ამიტომაც მოულოდნელი შეხვედრის დროს სალმით შემოვიფარგლები და ველოდები როდის დაიწყებენ თავად საუბარს რომ ამასობაში აზრები მოვიკრიბოდა ავყვე.


ისმის სასულე საკრავების ხმა, ხმა ნელნელა ძლიერდება, ინთება რამპები, იხსნება ფარდა. სცენაზე გამოდის შოუს წამყვანი ფართო ღიმილით. ხმამაღლა, დამარცვლით ჩაჰყვირის მიკროფონში

- Do you need a professional help??


ზემოდან უხილავი ძაფებით ჩამოეშვება უზარმაზარი ეკრანი და მასზე ჩნდება ასევე უზარმაზარი ყვითელი რეკლამა:

Wednesday, June 17, 2009

პედსაბჭო

ბავშობიდან გამოუცნობად და მიუწვდომლად ჟღერდა ეს სიტყვა. ფრაზა "მასწავლებლებს შენზე უსაუბრიათ პედსაბჭოზე" დღემდე მახსოვს რა ფურორს იწვევდა ბავშვებში. ფაქტი რომ ამდენი ასაკოვანი ადამიანი, პატივცემული მასწავლებლები, თავიანთ ძვირფას დროს ხარჯავენ რომ შენზე ისაუბრონ ყოველთვის საამაყოდ რჩებოდა ნებიემიერი მოსწავლისთვის, მიუხედავად იმისა პოზიტიურად მოიხსენებდნენ მას ამ საუბარში თუ ნეგატიურად და ყველა ცდილობდა თავიანთი კარგი თუ ცუდი საქციელი მასწავლებელთა ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო და პედსაბჭოზე განსახილველ თემად ქცეულიყო. თუმცა რომ სცოდნოდათ ბავშვებს სინამდვილეში როგორი ტიპის საუბრები წარმოებს პედსაბჭოზე, ეჭვი მეპარება იგივე შემართებით ემოქმედათ. პედსაბჭო ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა მასწავლებლების თვითპიარისა. ბავშვის ნებისმიერი საქციელის (დადებითი იქნება ეს თუ უარყოფითი) განხილვა ხდება მუდმივად თვითპიარის ჭრილში (როგორ აღმოფხვრა მასწავლებელმა მოსწავლის ცუდი საქციელი გაკვეთილზე ან როგორ წააქეზა ბავში კარგი საქციელისკენ). ეს თვითპიარი ხანდახან იმდენად აბსურდული ხდება თავს ვერ ვიკავებ სიცილისგან. სკოლა თითქოს ორად არის გაყოფილი. ერთი არის ბავშვების აზრი ამა თუ იმ მასწავლებლის ჩატარებულ გაკვეთილზე, რასაც ბავშვები ხშირად ყვებიან ხოლმე ორიოდ სიტყვით მაგრამ გასაგებად და მეორე თავად მასწავლებლის აზრი საკუთარ გაკვეთილზე. ერთ-ერთ სასაცილო ფაქტს გავიხსენებ. ბავშვებს მივეცი დავალება რუსულ ენაზე მოეძებნათ მასალა ინტერნეტში რაღაც საკითხთან დაკავშირებით და ბავშვები გამოტყდნენ რომ სიტყვა არ იციან რუსულად თან შემომჩივლეს "ჩვენი რუსულის მასწავლებელი მთელი გაკვეთილი რაღაცეებს გველაპარაკება რუსულად და ჩვენ არაფერი გვესმისო". პედსაბჭოზე რუსულის მასწავლების 30 წუთიანი თვითპიარის მონოლოგის მოსმენის შემდეგ მივხვდი როგორ უნდა იქცეოდეს პედაგოგი რომ დააფასონ.
მოკლედ აღვწერ ორ საინტერესო სიტუაციას რასაც დღეს ქონდა ადგილი პედსაბჭოზე. აღმოჩნდა რომ ამ კვირაში ჩვენი სკოლის დამლაგებლის დაბადების დღე იყო და გვთხოვეს სურვილის და შესაძლებლობის შესაბამისად აგვეგროვებინა ფული და მიგველოცა მისთვის. ჩვენი დამლაგებელი ძალიან საყვარელი, მოხუცებული ქალია და ყველამ დიდი სიამოვნებით დადო ფული. ამის შემდგომ კი რაც მოხდა ჩემს ყველანაირ წარმოდგენას ეწინააღმდეგება. ჩამოწერეს სია, სადაც ჩაიწერა თუ კონკრეტულად ვინ რამდენი დადო, თან რაც ყველაზე საინტერესოა უმრავლესობა მასწავლებლებისა თავზე ედგა სიის შედგენას და კარნახობდა არ გამორჩენოდათ მისი გვარი ან არ შეშლოდათ დადებული თანხის რაოდენობა. შემდგომ აგროვებული თანხა ამ სიის თანხლებით ჩააბარეს იუბილარს და მიულოცეს. ჩემის აზრით რამდენადაც სასიამოვნო ფაქტია როდესაც კოლეგები სიურპრიზს გიკეთებენ დაბადების დღეზე, იმდენადვე უსიამოვნო ფაქტია როდესაც ხელთ გაქვს სია რომ დაადგინო თუ ვისგან რამდენად ხარ "დავალებული" რომ შესაბამის შემთხვევაში თავი არ შეირცხვინო "ვალის" უკლებლად ჩაბარებაში. ასეთი ტიპის "საჩუქარი" უფრო წააგავს ფულის გასესხებას, ვიდრე ადამიანისთვის სიამოვნების მინიჭების მცდელობას,რომელიც საჩუქრის ჩუქნის მთავარ აზრს წარმოადგენს. სამწუხაროდ ეს საქართველოში ძალიან გავრცელებულია. ყველა ცდილობს "ძვირფასი" საჩუარი მიართვას მეორეს,შემდგომ ის მეორე "უფრო ძვირფას" საჩუქარს შეარჩევს პირველისთვის, შემდგომ კვლავ პირველი შეეცდება გადააჭარბოს მეორეს "პატივისცემაში", ბოლოს ხდება ისე რომ ერთ-ერთი ფინანსურად ვეღარ ახერხებს "საკადრისი პატივი სცეს" მეორეს და ქუჩაში მისი დანახვისას "მეორე მხარეს გადადის". ამიტომაც ხდება გაუცხოვება დიდი ხნის მეგობრებს, ან ნათესავებს შორის.
მეორე სასაცილო რამ თავად პედსაბჭოზე მოხდა. ერთი ასაკოვანი მასწავლებელი წამოდგა და ისაუბრა როგორ უნდა შეუწყონ ხელი ახალგაზრდების სწორად განვითარებას და ხელი შეუშალონ მათ ნაადრევ სექსუალურ ცხოვრებაში ჩაბმას. ამის მაგალითად მოიყვანა ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც, როგორ წიგნში ამოუკითხავს (ვახდენ ციტირებას) "თუკი გოგო ქალიშვილი გათხოვდება სახელმწიფო უნაზღაურებს უმაღლესში სწავლის თანხას და ა.შ..." ანუ თავი რომ დავანებოთ თავად ამ ფაქტს (რომ ამ ქვეყანაში ხელმოკლე გოგოები უნდა ქალიშვილები გათხოვდნენ 16 წლის ასაკში რათა უმაღლესში უფასოდ ისწავლონ) უხეშად შეიძლება ვთქვათ რომ "ქალიშვილობის ინსტიტუტის დანერგვა და მოტივირება უნდა ხდებოდეს უკიდურესად ფინანსური მოტივებით". ამიტომაც, უხეში ანალოგიებისგან რომ თავი შევიკავოთ, ვთვლი რომ არასოდეს არ განვითარდება საქართველო და მით უმეტეს განათლების სისტემა სანამ აბსოლუტურად არ შეიცვლება მიდგომა არა მხოლოდ ბავშვების, არამედ ზოგადად ცხოვრების წესის მიმართ.

Tuesday, June 16, 2009

დედამთილი

ამას წინად ერთ-ერთ პოსტში დავწერე საიტის შესახებ, სადაც "კარგი ქვეყნების" მცხოვრები ქალები თავიანთ დედამთილებზე ყვებიან და "ენებს და გულებს იფხანენ". გაქეციანება იქით იყოს და ასეთი ფხანა სასარგებლოა სიბრაზის კონტროლისთვის და მეც ჩემს პირველ ნაბიჯებს გადავდგამ ამ მიმართულებით. რომ ჩამოვაყალიბო რატომ მძულს ჩემი დედამთილი, ჯერ ვიტყვი განსაკუთრებით რა თვისებები მძულს ადამიანებში. ეს არის ფულის სიყვარული და სიხარბე. ჩემი დედამთილისთვის ეს თვისებები საკუთარ პიროვნებასთან არის უკვე გაიგივებული და ამაყობს ამით. თვალები უბრწყინავს ბედნიერებისგან როდესაც ყვება როგორი ბრილიანტის ბეჭდები ეკეთა ახალგაზრდობაში ხელზე.რამდენი "ხრუსტალის" ვაზები, საფერფლეები, საშაქრეები და ჭიქები ჰქონდა გათხოვებამდე და როგორ სარფიანად გათხოვდა. როგორ მოჰქონდა ქმარს მისთვის ძვირფასი ტანსაცმელი (რომლისაც მთელ სამეზობლოს შურდა და სარეცხების გაფენისას რაღაცეებს ასხამდნენ ზემო სართულებიდან), როგორ ასეირნებდა მანქანით როგორ მოჰქონდა სახლში 2 ტომარა ხორცი, კონკრეტულად: ღორის თეძო, ძროხის ბეჭი, კამეჩის ღვიძლი. რა კარგად იკვებებოდა და როგორი მსუქანი იყო ახალგაზრდობაში. როგორ გააკეთეს უზარმაზარი რემონტი 2 ოთახიან ბინაში, მერე როგორ დაამატეს უზარმაზარი თანხა რომ კუთხის სამოთახიანში (რომელიც უგემოვნოდ იყო მოწყობილი) გადმოეცვალათ და მერე აქ როგორ გააკეთეს უზარმაზარი, "გემოვნების მწვერვალების შესაფერისი" რემონტი "ჩუგუნის" მილებით და ვანა-რაკოვინებით, ჩეხური კაფელ-მეტლახით და რუმინული შპალერებით. მეორე თვისება რასაც ადამიანებში ვერ ვიტან ეს არის ჩუმი სიარული და მხრებში ჩარგული თავი, რაც ძირითადად სხვისი საუბრების მოსმენის სიყვარულზე მეტყველებს. ჩემი დედამთილი არც ამით ჩამოუვარდება ვინმეს. მეგონა ვუდუს ცდებს ატარებდა და იქიდან იცოდა ყველა ჩვენი (ჩემი და ჩემნი მეუღლის საუბარი) სანამ რამოდენიმეჯერმე არ შევნიშნე ჩრდილი ჩემი ოთახის კარებზე და მერე არ დავაფიქსირე რომ ფარდა, რომელიც ოთახის კარებზე კიდია გამჭვირვალეა ერთ ადგილას და იქიდან მთელი ოთახი ჩანს (თანაც ამ ოთახში ჩემამდე ჩემი დედამთილის დედამთილი და მამათილი ცხოვრობდნენ და ალბათ იქიდან შემორჩა), ჩრდილიც ხშირად იმ მხარეს ეცემა ხოლმე. თან ეს "საჭვრიტინოც" ისეთ ადგილზეა შემთხვევით მისაღები ოთახიდან სამზარეულოში გამავალი კაცი ვერ მოხვდება, სპეციალურად უნდა მიუდგე. ჩრდილიც არ ჩანს როდესაც ჩემს ოთახში შუქი ანთია, მარტო ჩამქრალ შუქზე დაინახავ რამეს. მესამე თვისება რაც ადამიანებში მძულს ეს არის ინტრიგების ხლართვა. ამ საქმეში ჩემი დედამთილი პროფესიონალია. რამდენიმე ინტრიგა გამოხლართა ჩემს ქმართან ჩემს წინააღმდეგ მაგრამ ვერ იწინასწარმეტყველა რომ ჩემი ქმარი ჩემთან საკმაოდ ახლოა და ყველაფერი მომიყვა. ეჭვიც კი არ შეუტანია ჩემს სიმართლეში. მეოთხე თვისება, რომელიც მიყვარს ადამიანებში, ესაა ხმადაბლა საუბარი. ჩემი დედამთილი ყოველთვის ისე ხმადაბლა საუბრობს ხშირად არც მესმის რას მეუბნება, მაგრამ მალე დავრწმუნდი, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდება რომ ყოველთვის მეზობლების ჭორებს მიყვება და ცდილობს მაქსიმალურად ჩუმად და ხმადაბლა მოიტანოს ყველანაირი ბინძური ისტორიები ჩემს ყურამდე, მაგლითად: რომელი გათხოვილი თუ გაუთხოვარი ქალი რომელ საათზე ვის მანქანაში დაინახეს, ან ვინ მოაკითხა მანქანით, ან რამდენი მანქანით, ან რა სიხშირით აკითხავენ. ან ვისი ცოლი ვის ქმართან იწვა და რომელმა საყვარელმა შეუსწრო და რა მოიმოქმედა და ა.შ.
მეხუთე თვისება რასაც ვერ ვიტან ადამიანებში ეს არის საკუთარი დაუცველობის დემონსტრირება რათა ხალხის კეთილგანწყობა და სიბრალული მიიპყრო. ამის ერთერთერთი მაგალითია აბზუებული ტუჩებით და გულზე ხელების მიდებით დიდი შიშების გამოხატვა ჭექა-ქუხილის ან მარშუტკაში მჯდომი ნასვამი კაცის მიმართ. კიდევ ერთი თვისება რაც მეზიზღება, ეს არის ეკლესიაში სიარული და შემდგომ ეკლესიაში მყოფი ადამიანების ჩაცმულობის განსჯა და ამ ჩაცმულობით მათ "უგემოვნობაზე" საუბარი. ისტორიები როგორ არჩენენ წელის ტკივილს ლოცვები და მერე მთელი იმ ზემოთჩამოთვლილი ხუთი თუ ექვსი თვისების ამოქმედება, საბოლოოდ კი ეკლესიაში სიარულის რეკომენდაციები ჩემს მიმართ და საუბარი-როგორ ვიღუპავ სულს და რაც პრობლემები მაქვს იმიტომ რომ ეკლესიაში არ დავდივარ. ყველაზე მეტად კი ის მეზიზღება რომ ეს ყველა აღწერილი თვისება მას ხალხის თვალში ხდის მშვიდ, თვინიერ, ჭირ-ვარამ გამოვლილ, სათნო, მორწმუნე ქალად, შესაბამისად მე - ურჩხულ რძალს ვემსგავსები.

Sunday, June 14, 2009

For Dummies

დაახ. 20 კვ.მ ოთახი + 2 კვ.მ აივანი - (დაახ.) 9კვ.მ ლოგინი - 3,5 კვ.მ მაგიდა - 3 კვ. მ კარადა(ალბათ) - 2 კვ.მ. (2 ტუმბო თითო-თითო კვადრატული მ.-ის) - 1,5 კვ.მ. რაღაც სარკიანი ოთახის ავეჯი - 1,2 კვ.მ სავარძელი = (ჩემი ქმარი რომ მხედავდეს დამცინებდა - კომპიუტერთან ზიხარ, "კანკულატორს" იყენებ და გწყინს ქალურ ლოგიკას რომ გიხსენებო) 14.2 კვ.მ თავისუფალი სივრცე (თუ ჩემი გამოთვლები ოდნავ მაინც არის მიახლოებული რეალობასთან ) მთელ დღეზე. ახლა ამ ყველაფერს მივუმატოთ -TV, -ინტერნეტი (ხშირად), - ანგარიში მობილურზე (ასევე ხშირად), - სახლის ტელეფონი (საყვარელი მეორე დედიკოს გადამკიდე), - სასმელი წყალი (საშუალო სტატისტიკური თემქის მაცხოვრებლის მეტნაკლებად მუდმივი პრობლემა) მე მჭირდება წინასწარ, უნივერსალური For Dummies წიგნი რომ მივაღწიო მინიმუმ წიგნ Anger management for Dummies წაკითხვის სურვილს.ამ საწყისი უნივერსალური For Dummies -ს წიგნი სახელი უნდა იყოს დაახლოებით ასეთი : How to relax and spend a nice day at home, alone, without TV, internet, phone, cigarettes and drinking water FOR DUMMIES.pdf


პ.ს. ტორენტიდან 543 ცალი For Dummies წიგნი ჩამოიწერება ზუსტად 18 წუთში, იქნებ მეც გამიმართლოს.

Thursday, June 4, 2009

დედობა-ქალის უპირველესი მოვალეობა?

"დედობა-ქალის უპირველესი მოვალეობა" რამდენჯერ გამიგია ეს ფრაზა როცა იეღოვას მოწმეებივით გაცისკროვნებული სახით და ბედნიერი ღიმილით მეუბნებიან. როგორი სიყვარულით და სითბოთი ლაპარაკობენ მომავალ ბავშვზე და ამბობენ რომ ეს უმთავრესი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში და მარტო ამისთვის ღირს ცხოვრება მე კიდევ ყოველთვის გული მერევა ამ ფრაზებზე და ამ გაღიმებულ სახეებზე. გული მერევა იმის წარმოდგენაზე როგორ აიყვან პირველად ბავშვს ხელში, როგორ გაიღვიძებს შენში დედობრივი ინსტინქტები და მთელ ცხოვრებას შესწირავ ბავშვზე ზრუვნას, თბილი წინდების ქსოვას ქარგვას და ყველანაირ დედობრივ სისულელეს. არა, მე მიყვარს ბავშვები, თან ძალიან მიყვარს, მაგრამ სხვაა როცა შორიდან უყურებ სხვისი ბავშვები როგორ იზრდებიან და ლამაზდებიან, მეორე როცა შენ გყავს. რა უნდა იყოს ამაში სასიამოვნო? ჯერ 9 თვის წამებაზე შევჩერდეთ, პირველი 3 თვე, ტოქსიკოზი- ყველაზე საშინელი რაც შეიძლება წარმოიდგინო, ყოველი დილა რწყევით თენდება, საჭმელების და პარფიუმერიის სუნზეც კი გული გერევა. ახლა თავის მოვლა? სულ ნერვიულობ არ გაცივდე, თუ გაცივდები იმაზე ნერვიულობ როგორ აისახება ეს ბავშვის ჯანმრთელობაზე. წამლის დალევა არ შეგიძლია და ვინ იცის რამდენ ხანს გასტანს გაცივება ან ვირუსები წამლების გარეშე, მარტო მალინიანი ჩაის იმედზე. შემდეგი თვეები: საშინლად იმატებ წონაში, მუცელი იზრდება, სიარული გიძნელდება, ხასიათის ცვლილებები, ნერვიული ხდები, დახმარება გჭირდება რომ წამოწვე ან ადგე, 2348723048 ბალიში რომ ნორმალურად წამოწვე, წელის ტკივილები, ბანდაჟები და სხვა მაზოხისტური ხელსაწყოები-უარს იტყვი? მაშინ სტრიები და დაჭიმულობები მუცელზე რომლებიც მოშორებაც მერე პრაქტიკულად შეუძლებელია. ბოლო 2-თვე დაძაბული მოლოდინი და თან მშობიარობის შიშები, მშობიარობის ტკივილებზე არაფერს ვამბობ საერთოდ. აი როგორც იქნა იბადება პატარა სლიპინა არსება რომელიც მუდმივად ჯღავის, ვერც გაიგებ რა აწუხებს და რატომ ტირის, იქნებ შია, ან ჩაიჯვა, ან ტკივა რამე, ან აწყინა რამემ. მერე იმის ბანაობა?შიში არ გაგისრიალდეს ხელიდან და არ ჩაგივარდეს წყალში, თავზე რბილი რაღაცა რომლის შეხებაც საშიშია ხელით (არვიცი რაქვია მაგას)? იმის ფრჩხილების დაჭრა როდესაც მუდმივად ამოძრავებს ხელებს და ფეხებს შიში სადმე არ შუერჭო მაკრატელი, კვება დღეში 10-ჯერ, პამპერსების გამოცვლა იგივე სიხშირით, იმის მყარ საკვებზე გადაყვანა. შემდეგ ყოველ დილით 7-ზე გაღვიძება რომ მოასწრო სახლის დალაგება, საჭმლის გაკეთება, ბავშვის ჩაცმა, სკოლაში წაყვანა, მერე კლასის კარებთან ლოდინი . შიში სწორად ვითარდება თუ არა გონებრივად. შემდეგ გარდატეხის ასაკი, იმაზე ფიქრი როგორი მეგობრები ყავს, როგორ წრეში ტრიალებს, სადმე არ ასცდეს გზას, შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარება (აბა რა ქართველი ხარ თუ ბავშვი სამედიცინოზე და იურიდიულზე არ მოაწყვე), შემდეგ შიში როგორ მოეკიდება საქმეს უნივერსიტეტში, იქ არ ასცდეს გზას (ფსიქიკა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია 16 წლის ასაკში). შემდეგ, შემდეგ უკვე შენი ცხოვრებაც მთავრდება, უკვე ასაკოვანი ხარ და ისღა გრჩება ბავშვის ცხოვრებით იცხოვრო, ჩაყო შვილის ყოველდღიურ საქმიანობაში ცხვირი, აკონტროლო დაიწყებს თუ არა მუშაობას, როგორ ოჯახს შექმნის და არის თუ არა მისი მეუღლე შესაფერისი იმ არაჩვეულებრივი ადამიანისთვის რომელიც შენ წვალებით აღზარდე და თუ რატომღაც ჩათვლი რომ არ არის შესაფერისი ცხოვრება გაუმწარო ახალგაზრდა წყვილს.
ყველაზე დიდი შიში : იქნები თუ არა კარგი დედა, სწორად აღზრდი თუ არა ბავშვს, დაუშვებ თუ არა ისეთ შეცდომებს რომ საბოლოოდ დაუნგრევ ბავშვს მომავალს (არადა შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული). დარწმუნებული თუ ხარ რომ როგორც მინიმუმ 16 წელი გეყოფა ძალა გააკეთო ყველაფერი იმისთვის რომ იყო კარგი დედა, მოგბეზრდეს შუა გზაში და...

Is it safe to go out shopping
Leave the kids outside the toilet
Water dripping on the carpet
leave the kids outside the local
Strangers tapping at the window
Is it time to have a crisis
Watching while they read the papers
Peel the onions ask no questions
Hit the baby stop it screaming
Can you stand it if I touch you
Break the ice
And burn the house down

Monday, June 1, 2009

голый урод

მოკლედ ამას წინათ მე და ჩემმა მეუღლემ საბოლოოდ გავაცნობიერეთ რომ ალკოჰოლზე და ნიკოტინზე მეტად სერიალებზე გვაქვს დამოკიდებულება. მას შემდეგ რაც 1 თვეში ვუყურეთ desperate houswive-ების 5 სეზონს ( თითო სეზონი 22-23 სერიიანია, მაგრამ 5 სეზონი მხოლოდ 18 სერიამდე იყო, ანუ გამოდის დაახლოებით 133 სერია, რაც სტატისტიკის მიხედვით იქნება დაახლოებით 4,43 სერია დღეში. შემდგომ 2 დღეში ვუყურეთ lie to me-ს 8 სერიას, შემდგომ გადავედით friends-ებზე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ მთელი 10 სეზონია გადაღებული და თითქმის 2 თვე გავიდა რაც მისი ყურება დავიწყეთ, დღეს მეცხრე სეზონს დავამთავრებთ. თანდათან ჩვენი "სერიალური" მომავალი რთული და ბუნდოვანი ხდება რადგან მიუხედავად ამ რეკორდებისა, მაინც გვაქვს მცირეოდენი პრინციპები შემორჩენილი რომ არ ვუყუროთ lost-ს და დებილ ექიმ ხაუსს რომლის ფეხის ტკივილებით გამოწვეული ცინიზმი არაორიგინალურად, არასასაცილოდ გვეჩვენება და საერთოდ ყველას თავისი პრობლემა აქვს და ამ ექიმმა თავისი პრობლემები ჩვენ არ უნდა მოგვახვიოს თავს, ასე მგონია მე. თუმცა ეს თემა ამ საკითხს არ ეხება. მოკლედ სერიალ friends-ების რომელიღაც დასაწყის სეზონებში არის ასეთი საინტერესო პერსონაჯი: голый урод, რომელიც ცხოვრობს მონიკას სახლის მოპირდაპირე მხარეს და მეგობრები ყოველდღე ხედავენ როგორ აკეთებს ეს პერსონაჯი თავის ჩვეულ, ყოველდღიურ საქმეებს ოღონდ აბსოლუტურად შიშველი.უყურებს ტელევიზორს, აწყობს ნაძვის ხეს და ა.შ... ეს ადამიანი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდება კადრში და დატოვებს სერიალს. ყოველთვის მაინტერესებდა როგორ გამოიყურება ეს პიროვნება და რას აკეთებს ხოლმე და მეც მინდოდა ჩემი ფანჯრების წინ ცხოვრობდეს ასეთი უცნაური ადამიანი. თავის მხრივ სიშიშვლეში არაფერია უცნაური, უცნაურია თვითონ სიტუაციები, მაგალითად როგორ თამაშობს მაგიდის ჩოგბურთს შიშველი ადამიანი და წარმოდგენა არა აქვს რომ საპირისპირო სახლიდან ყველაფერი ჩანს. ერთი ასეთი სცენაც იყო, როდესაც მას სძინავს, მეგობრებს ჰგონიათ რომ მოკვდა და პლასტმასის ერთჯერადი ჩანგლებიდან ააწყობენ "შესარჭობ ხელსაწყოს" რომ გაიგონ ცოცხალია თუ არა და 6 ადამიანი ერთად ცდილობს ფანჯრიდან დაუზიანებლად გადაყონ ეს უზარმაზარი "მოწყობილობა" რომ голый урод-ს "შეუჩიჩხინონ".
ხოდა გამახსენდა, ჩემს გვერდით კორპუსში ცხოვრობს ერთი ადამიანი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ აივანზე დგას. ის ჭამნს აივანზე, სვამს აივანზე, ეწევა აივანზე და მეზობლებში დადის ჭორები რომ რომ ისაქმებს კიდევაც აივანზე, თუმცა არ ვიცი ეს რამდენად სწორია. ყოველთვის როცა გავდივარ აივანზე ვხედავ ამ მეზობელს, რომელიც სულ აივანზე დგას, ერთდაიგივე პოზაში, გაუნძრევლად, ხანდახან ყვირის რაღაცეებს, ბავშვებს ეძახის სიგარეტი აუგზავნონ და დიდ თოკმობმულ კალათას ჩამოუშვებს. ხანდახან მერიდება ხოლმე აივანზე გასვლა, მგონია ამ ადამიანმა სულ ზეპირად იცის რომელი მეზობელი რომელ საათზე დგება და გადის სამსახურში,რამდენი ბავშვი ჰყავს ან ჰყავს თუ არა, კვირაში რამდენჯერ რეცხავს სარეცხებს და რამდენი კვირა უკიდია ხოლმე ეს სარეცხები გასაშრობად (ეს მხოლოდ მე მეხება, რადგან ხანდახან თვეობით მავიწყდება სარეცხების ჩამოხსნა, მანამ სანამ მათი ჩაცმა არ დამჭირდება და თითო თითოდ ვხსნი, ანუ წინასწარ იცის ხოლმე მე ან ჩემს მეუღლეს რა გვეცმევა იმ დღეს). და არ ვიცი, ეს მე ვაკვირდები მას და მევთვლი რომ ის ისეთივე უცნაური მეზობელია, როგორც სერიალში თუ ის პირიქით გვაკვირდება ჩვენ.

Thursday, May 21, 2009

snake4

snake4 ერთ-ერთი იმ თამაშთაგანია, რომელმაც ლინუქსი შემაყვარა. მარტივია, ფერადია,სწრაფად აგროვებ ქულებს და ა.შ. მას შემდეგ რაც ე.წ. "ფანრიანი ნოკია", უფრო სწორად "უფანრო მაგრამ, ფანრიანი ნოკიის წინამორბედი შავთეთრი ნოკია" ვიყიდე სულ ვტრაბახობდი რომ ყველაზე მაღალ High scores-ებს მე ვაგროვებ, სნეიქის უძლიერესი მოთამაშე ვარ და თუკი სნეიქის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება (თუ უკვე არ იმართება სადმე) პირველზე თუ არა საპატიო ათეულში (ხაზს ვუსვამ: მთელს მსოფლიოში სნეიქის მოთამაშეთა საპატიო ათეულში) გავიდოდი.
მოკლედ დიდი თავდაჯერებით შევუდექი snake4-ის თამაშს. ჰმ, უმაღლეს ქულებში ვიღაც user: sverrehu, name: Sverre H. Huseby-ს 117474 ქულა მოუგროვებია მაგრამ ვინ არის ეს Sverre H. Huseby ჩემთან. მე ხომ სნეიქის მსოფლიო ჩემპიონატში საპატიო ათეულში გავედი (და სულაც დიდი შანსია რომ ამ ათეულში პირველი სამი საპატიო ადგილიდან მეჭიროს ერთ-ერთი). პირველად უმაღლესი სიჩქარით გავუშვი თამაში და პირველი დარტყმა-6550 ქულა. ჰაჰ, სასაცილოა, ეტყობა თამაშის საიდუმლოება იმაში მდგომარეობს რომ საშუალო სიჩქარით გავუშვა. გავუშვი 4 სიჩქარით. თავიდან 25361-ქულა მაგრამ მე ხომ ახლახანს დავიწყე თამაში, Sverre H. Huseby-ალბათ წლობით თამაშობდა რომ ასეთი მაღალი ქულა აეღო, თან მე ხომ "ფანრიანი ნოკიის უფანრო ვარიანტზე" ვარ მიჩვეული, კლავიატურას უნდა შევაჩვიო ხელები.
რაღა ბევრი გავაგრძელო, 2-3 ან იქნებ მეტი ვითამაშე, ყველა სიჩქარე მოვსინჯე, ყველა მეთოდი და მაქსიმალური რაც ავიღე 54350-ს არ ასცდენია. ჩემი სახელის წინ კიდევ სიამაყით წერია ამ ვინმე Sverre H. Huseby-ს სახელი. ბოლოს ნერვები მომეშალა, ვინ არის ეს Sverre H. Huseby რომ მისი რეკორდი ასე მიუღწეველია ჩემთვის, მსოფლიო სნეიქის მოთამაშეთა ოქროს თუ არა ბრინჯაოს მედლის მქონე პიროვნებისთვის. ხოდა რას ვხედავ:

SNAKE4 By Sverre H. Huseby

ხოდა ერთადერთი რაც მინდა, გავიგო ვინ ჯანდაბაა ეს Sverre H. Huseby, მივიდე და ვკითხო თვითონ მოაგროვა ეს ქულა, არის ამისთვის რაიმე საიდუმლო ხერხი თუ უბრალოდ ჩაიწერა სულელურ ლინუქსის კოდში (თუ რაც ქვია იმ ენას თამაშებს რომ წერენ) უმაღლესი ქულა რომ თავი სხვა გამოცდილ და ტიტულოვან სნეიქის მოთამაშეებზე უფრო ძლიერად ეგრძნო.

http://shh.thathost.com/about.html

Saturday, May 16, 2009

დრო ყველაფრის მკურნალია

დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ, თაობებიდან თაობებს გადაეცემა ეს ფრაზა. ჯერ ასაკოვანი ხალხი დროით გამობრძმედილი სახით გვეუბნება ხოლმე ამას,მერე მოგვიყვებიან თავიანთ წარსულს "სემდესიატ ტრი" ან "სემდესიატ ჩიტირი გოდების". გადის დრო და ჩვენ თვითოვნე ვეუბნებით ამ ფრაზას ასეთივე სახით (უფრო სწორად წაბაძვითი მიმიკით) ჩვენზე რამოდენიმე წლით უმცროს ადამიანებს და მხოლოდ და მხოლოდ 4-5 წლის სიძველის ისტორიებს ვყვებით ხოლმე თურმე როგორ ადვილად მიაქვს წყენა და ტკივილები დროს.
ხოდა ვიტყვი ახლა: bullshit დიახ, bullshit!! რა მოაქვს ახალი და უკეთესი დროს? ძველი ურთიერთობების რღვევა, განხეთქილებები უახლოეს ადამიანებს შორის, საკუთარი თავით და განვლილი ცხოვრებით უკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, შეგნება რომ ცხოვრების საუკეთესო წლები უკვე გავიდა, ყველაფერი რაც საუკეთესო იყო შენს ცხოვრებაში დამთავრდა და აღარ განმეორდება აღარასოდეს, ნაოჭები, რევმატიზმი, ნიკრისის ქარები, შაკიკი, სკლეროზი. ხოდა ნურავინ ნუღარ მეტყვის რომ დრო უკეთესობისკენ ცვლის ჩვენ ცხოვრებას, რომ ჩვენს პრობლემებს აგვარებს და მკურნალობს. არ მჯერა ასაკოვანი ადამიანების რომლებმაც იციანი "დროის ჯადოსნური თვისებების შესახებ" სერიოზული სახით გესაუბრებიან თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. გვაძლევენ შეიძლება ბრძნულ, მაგრამ პრაქტიკაში განუხორციელებელ რჩევებს და ოცნებობენ თავადაც ჩვენს ასაკში იყვნენ და ისეთსავე შეცდომებს უშვებდნენ როგორსაც ჩვენ ვუშვებთ ახლა.

Friday, May 15, 2009

დროის მანქანა

ამ ბოლო დროს ძალიან ძალიან ბევრი ტესტი შევავსე საკმარისზე მეტი,ყველანაირი ტიპის.მგონი აღარც არის ისეთი ტესტი მე რომ არ შემევსოს. ერთადერთი ტესტი რომელსაც თავს ვარიდებ ეს არის "რომელ საუკუნეში იცხოვრებდით". ანდა რატომ უნდა შევავსო? კმაყოფილი ვარ იმ საუკუნით რომელშიც ვცხოვრობ. აქ ყველაფერი რიგზეა, რომანტიზმის ნაკლებობა კომფორტულობის ზედმეტობით არის ანაზღაურებული. კრიმინალის ზრდა სიტყვის თავისუფლების ზრდის პირდაპირპროპორციულად იზრდება. ქალთა უფლებების ზრდას მამაკაცთა პასუხისმგებლობის შემცირება მოსდევს, მოკლედ ყველაფერი ისე არის როგორც უნდა იყოს. არა, ნამდვილად არ ვისურვებდი სხვა საუკუნეში ცხოვრებას. აი დროის მანქანა რომ მქონდეს აუცილებლად აუცილებლად წავიდოდი 1980 წლის 3 აგვისტოს მოსკოვის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე, ხელს დავუქნევდი გიგანტურ დათუნიას და სხვა კომუნისტ ქალებთან ერთად ვიტირებდი





Sunday, May 10, 2009

Wasting my time

ოდესღაც, არც ვიცი როდის როგორ და რატომ დავრეგისტრირდი Facebook-ზე, რაღაც სურათებიც ავტვირთე რატომღაც, 2 მეგობარიც ჩავიმატე (დიდი გაჭირვებით და მესენჯერში გამოკითხვებით რა როგორ გამეკეთებინა). მერე ვიღაცასაც ველაპარაკე Facebook-ის მესენჯერით, თავბრუ დამეხვა დავიბენი და აღარც შევსულვარ. რამდენიმე კვირის შემდეგ უსაქმურობამ ისევ შემიყვანა ამ საიტზე, რაღაცეებს დავაკლიკე და აღმოჩნდა რომ ტესტებს მთავაზობდა ვიღაც. ხოდა გავყევი ტესტებს, ერთს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ა.შ...მოკლედ რომ თქვათ 2 დღეა რაღაც ტესტებს ვავსებ. უკვე 19 ტესტი შევავსე, ახლა მეოცეს ვიწყებ. ამასობაში თურმე 3 შეტყობინება მაქვს
Leaf, You Have (3) New Messages
(3) Friends in Tbilisi want you in their Mafia!
(2) People said they want more. Find out who!
ვერ ვხვდები ეს რას ნიშნავს, რა უნდა ჩემგან მაფიას ან იმ 2 ადამიანს რომელსაც მეტი უნდა. მე უბრალოდ ვზივარ და ტესტებს ვავსებ, მინდა შევავსო ყველა ტესტი რასაც ეს საიტი მთავაზობს, მოვისმინო ყველა კომპლიმენტი რასაც ტესტების შედეგები მეუბნებიან, ვიჯდე და ჩემი მეორე ნიკაპი ვიფხანო. ხოდა:
I am not a nerd


Wednesday, May 6, 2009

Thumbs-up

მიყვარს ლაპარაკის დროს ხელების მოშველიება. კარგია ხელებით ლაპარაკი როდესაც ცდილობ გადმოსცე "გრძნობა" რომელსაც არ გრძნობ სინამდვილეში. ჟესტები განსაკუთრებულ დამაჯერებლობას მატებს. ძნელია ადამიანი შემოგედავოს როდესაც ჟესტებით ლაპარაკობ, რადგან რატომღაც მიღებულია რომ ჟესტებით ლაპარაკი ემოციურობის ნიშანია ხოლო ემოციურობა-გულახდილობის.
აი მაგალითად კიდევ ერთი ნიშანი: Thumbs-upდარწმუნებული ვარ ადამიანების 99% პროცენტი (ჩემი ჩათვლით) სრულიად უაზროდ ხმარობს ამ ნიშანს, იმის შესანიღბად რომ რაღაცა არ მოსწონთ და არ უნდათ ამის შესახებ სიტყვებმა გასცეს, ან ვინმეს გული რომ არ დასწყვიტონ რამის შეფასებისას. ან არაფერი აქვთ სათქმელი. სწრაფად ასწევენ ცერა თითს და სწრაფადვე გარიდებენ მზერას. მეც ძალიან ძალიან მიყვარს ეს ნიშანი. მეტი დამაჯერებლობისთვის ორივე ხელის ცერა თითს ავწევ ხოლმე, ყურებამდე ვიღიმები და ვარიდებ მზერას და მერე გული მერევა ხოლმე საკუთარ თავზე.

Friday, May 1, 2009

Mother In Law

ხოდა საინტერესო საიტი ვიპოვე ინტერნეტში და ვფიქრობ ნეტა ქართულად თუ გაამართლებს?
http://www.experienceproject.com/groups/Hate-My-Mother-In-Law/3819
რაღაც არა მგონია,ეჭვი მეპარება საქართველოში ისეთი ცოლების არსებობა, რომელთაც ინტერნეტთან თავისუფალი მიწვდომა აქვთ (ქართველი ქმრების კონტროლის გარეშე), ხოდა არსად ისე მამაკაცებს არ უყვართ დედები როგორც საქართველოში.
ამას წინად საინტერესო ფრაზას მოვკარი ყური:
-გოგო იცი მაყვალამ რძალი მოიყვანა.
ხოდა ასეა, ეს ქართველ კაცებს კი არ მოყავთ ცოლები, ქართველ დედებს მოჰყავთ რძლები სახლში.
კიდევ ერთი საინტერესო ფრაზაც გავიგე
-დავბერდი უკვე მე, დავიღალე საშინაო საქმეების კეთებით ერთი ჩემი .....(insert some name here) მოიყვანდეს ცოლს წამომეხმარებოდა საქმეებში.
ხოდა რატომ ვილაპარაკე ახლა ამდენი
I Just Hate My Mother In Law

ხოდა ამ გვერდს რომ გადავხედე ცოტა მომეშვა გულზე, თურმე ყველაფერი არც ისე ცუდად არის როგორც შეიძლება იყოს და თურმე ასეთი პრობლემები სხვაგან, იქ, "კარგ ქვეყნებშიც" აწუხებთ. საინტერესო იქნებოდა ასეთი საიტის ქართულ ენაზე გაკეთება, რამდენს მოეშვებოდა გულზე და ჩათვლიდა სხვასთან შედარებით ცოოოტათი უკეთესი MIL ჰყავს.

Wednesday, April 29, 2009

[Fortunes]

როგორც იქნა დავიბრუნეთ ძველი საყვარელი დებიანი და XFCE, ასე რომ ყოველ დილას ისევ ვიწყებ ჩემი საყვარელი [Fortunes]-ებით. იმიტომ კიარა რომ ცრუმორწმუნე ვარ და რაღაც. ზუსტადაც ვამაყობ რომ არ ვარ, მაგრამ დამთხვევების და ნიშნების მაინც მჯერა. უფრო სწორად კი არ მჯერა, იმდენი რამ შემემთხვა რომ უკვე თავს ვალდებულად ვთვლი დავიჯერო. ნიშნები და დამთხვევები აბსოლუტურად განსხვავდება ისეთი სისულელეებისგან როგორიცაა ჰოროსკოპები და კარმა, რომლებიც თავის მხრივ იმდენ კარგ თვისებებს მომაწერენ, ასე ვთქვათ "ეგოს მაფხანინებენ" რომ მადლიერების გრძნობით ვივსები მათ წინაშე, თუმცა იმედი მაქვს რომ ჩემს ეგოს მუნი არ შეეყრება,მაშინ უკვე მანდრაგორას ფესვების სუნი დადგება ჩემი სახლიდან 1 საზღვაო მილის რადიუსზე. (ნეტა მართლა კივიან მანდრაგორას ფესვები ამოღებისას თუ უფრო მაინც მღერიან ვიდრე კივიან?). მოკლედ ამას წინად გადავწყვიტე დამედგინა ვინ ვიყავი ჩემს წინა ცხოვრებაში და რაღაცნაირად დარწმუნებული ვიყავი რომ ვინმე ძალიან დიდი, ცნობილი ადმიანის რეინკარნაცია ვარ,მაგრამ კიდევ კარგი დროზე შემოვულაწუნე საკუთარ თავს, უფრო სწორად შემოვილაწუნე. ჯერ-ჯერობით ხურდა არ დაუბრუნებია, თუმცა ეს თავისმხრივ არაფერს არ ნიშნავს.
მოკლედ დავუბრუნდები ისევ თხრობის საგანს. დილით ჩავრთე ჩემი საყვაელი დებიანი და XFCE,გაიხსნა [Fortunes]-ებიც და დავიწყე ისევ ნიშნების ძიება და აი ისიც:
"You are confused; but this is your normal state."
ხოდა ვიფიქრე, ღმერთო ჩემო ეს ხომ მართლაც ასეა. მალე სამოგზაუროდ მივდივართ, პირველად ჩემს ცხოვრებაში საქართველოს საზღვრებს გავცდები და აღმოვჩნდები ვენეცია...ტფუი,ბაქოში. ხოდა დაბნეული ვარ და ვნერვიულობ, ისე როგორც ჩემი ყოველი მოგზაურობისას (აქამდე საქართველოს საზღვრებს შიგნით). ყველას დავსდევ, ვართმევ პირობებს როგორ მოიქცევიან, როგორ არ მოიქცევიან "იქ" და როგორ მოვიქცევი მე თუ ისინი მაინც ისე მოიქცევიან როგორც მე არ მინდა რომ მოიქცნენ. ხოდა ესეც პირველი ნიშანი, ანუ ყველაფერი კარგად იქნება როგორც აქამდე იყო ყოველთვის და ყველანი ისე მოიქცევიან როგორც მე ვეტყვი რომ მოიქცნენ, თუ არადა ავასრულებ მუქარას და მოვიქცევი ისე, როგორც უნდა მოვიქცე, თუ ისინი არ მოიქცევიან ისე როგორც მე ვეტყვი რომ უნდა მოიქცნენ.

Thursday, April 23, 2009

ევოლუციის თეორია

ამ პოსტში არ მინდა "იმ კაცის" მიქარულ თეორიაზე ლაპარაკი.ძალიან არაპატივმოყვარე უნდა იყო რომ ეგ ირწმუნო და ძალიან ვეგეტერიანელი რომ უცხოპლანეტელების ვერსიაზე შეჩერდე. ანუ ეს ორი ცოდვა (პატივმოყვარეობა და ნაყროვანება) ასე თუ ისევ მაინც რელიგიური გზისკენ მიგითითებს.
მოკლედ დღეს მინდა ანტიევოლუციის თეორიაზე შევჩერდე, რაც არცისე დაუჯერებლად ჟღერს ჩემთვის. ანუ ადრე თუ გვიან ჩვენ მივაღწევთ განვითარების უმაღლეს სტადიასდა ყველანი ვიქნებით დაახლოებით ესეთი:



შესაძლოა მცირეოდენი განსხვავებებით

Wednesday, April 22, 2009

ანტინიკორა

ხოდა ხო.....
დედამოვტყან ამ ქვეყნის
არადა არ ვაპირებდი ბლოგზე გინებას,მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი გამომიჩნდა რომ დღეს კიდევ ერთი პოსტი დავწერო
ხოდა მოკლედ, დღეს ვიყიდე ხორცი, მოვიტანე სახლში და აღმოჩნდა საზიზღარი მჟავე სუნი აქვს,არადა გარეგნულად კარგად გამოიყურება (ვარდისფერი და ასე შემდეგ) წავიღე უკან მაღაზიაში და დაიბრუნეს. შემდგომ ამ მაღაზიას უკვე ვეღარ ვენდობოდი და წავედი ნიკორას ცენტრში და ვიყიდე ნიკორას კატლეტი. მოვდივარ უკან, ვუყურებ ვადას. შენახვის ვადა-60 დღე, დღეს კი უკვე 59-ე დღეა. მივდივარ უკან და ვეუბნები რომ ვადა თითქმის გასულია და უკან დააიბრუნონ და მეუბნებიან:
-არა, როგორ გეკადრებათ, კიდევ არის ვადა 1 დღე,ანუ დღეს ვარგისია და ვერ დავიბრუნებთ.
მე უკვე დორბლები ჩამომდის და ვეუბნები
-ხო, მარა არ მინდა მე კატლეტი რომელიც 59 დღე იდო მაცივარში, თითქმის 2 თვე.
გამოდის ვიღაცა მენეჯერი თუ ვინცაა მანდ და ამბობს:
-ო არა, ნიკორას ყავს საუცხოო დეგუსტატორებიდა თუ პროდუქციაა 60 დღე ვარგისი არაა, ასე არ დააწერდნენ, ანუ დღეს შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ.
-რა შუაშია დეგუსტატორები, დარწმუნებული ვარ არც ერთი დეგუსტატორი არ შეჭამდა 59 დღის კატლეტს,ან თუნდაც შეჭამდა მე არ მინდაა ვჭამო კატლეტი რომელიც 2 თვე მაცივარში იდო.
-მაგრამ ვადას 60 დღე აწერია, ჩვენ ვერ ამოვიღებთ პროდუქტს გაყიდვიდან სანამ ზუსტად 60 დღე არ გავა, აი ხვალ ახალი პატია იქნება და მერე მობრძანდით.
-მაგრამ თუ დღეს შევწვავ და გაფუჭებული იქნება რა ვქნა?
-არაფერი გაფუჭებული არ იქნებაა თუ სპეციალურად არ გაუკეთებთ რამეს.
მოგიტყანთ მენეჯმენტი, რა უნდა გავუკეთო მე, მშიერმა ადამიანმა, 59 დღის კატლეტს რომ გაფუჭებული იყოს?
მოკლედ მოვდივარ სახლში იგივე ნიკორას კატლეტით ხელში, აღშფოთებული და ცოტათი შეშფოთებულიც, ვრეკავ ნიკორას ცენტრში, მაგრამ უკვე 7 საათია და არავინ იღებს ყურმილს, დამღლელი სამუშაო დღის მერე ყველა სახლშია, მე კიდევ მაცივარში მიდევს 2 თვის კატლეტი, ხოდა ახლა შევწვავ შევჭამ და თუ გადავრჩი, ანუ მხოლოდ რამდენიმე კუჭის გამორეცხვა და წვეთოვანა დამჭირდა, ნიკორას კარგა ბლომად ფული ექნება გადასახდელი ჩემთვის (ნუ ეს იმ შემთხვევაში, თუ იმდენად ვარ აღშფოთებული რომ ეს შურისძიების აქტი შევასრულო, ან როგორც უკვე ავღნიშნე თუ გადავრჩი).
პ.ს. სულაც არ ვთვლი, რომ ჩემი პრობლემაა ვადას რომ არ დავხედე, ისეთ სერიოზულ ქსელს, როგორიც ნიკორაა, არ უნდა მიჰქონდეს თავის მაღაზიებში ასეთი პროდუქტი.
პ.პ.ს. შხამად შეგერგოთ ჩემი 6 ლარი!!!!!!
ხო
მიყვარს ასე დაწყება, "ხო" ან "ხოდა"
ხოდა ხო
მოკლედ ვცდილობ ბანალური ფრაზების და სიტყვების გარეშე დავიწყო ჩემი ბანალური ბლოგის პირველი პოსტი, თუმცა აქ მივდივართ სტერეოტიპებთან (რომლებიც, რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს საკმაოდ ბანალურ მოვლენად ითვლება დღესდღეობით), კერძოდ კი "ბანალურობის სტერეოტიპთან"., რომელიც რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა დაადგინა და დანარჩენი რამდენიმე მილიონი ადამიანი არ ჩამორჩა დროს და მოდას. ხოდა,უნდა ვაღიარო, არც მე მინდა ჩამოვრჩე დროს და მოდას და ეს ჩემი ბანალური აზრები ისე არაბანალურად გადმოვცე რომ არა მხოლოდ ყველამ, არამედ თავად იმ "ბანალურობის არაბანალურობისგან განმასხვავებელმა" რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა გაკვირვებულმა თქვას "აი ეს მესმიის!!!"
მოკლედ დღეს მხოლოდ ეს არის ის პრობლემა, რომელიც მინდოდა გადმომეცა ჩემს პირველ პოსტში და იმედი მაქვს მეტნაკლებად "არაბანალური" გამომივიდა.