Thursday, April 24, 2014

პუტკუნ (freak) შოუ!

"პუტკუნ შოუ"!

არ ვიცი რაიმე შესავალი უნდა თუ არა ამ მოვლენას საერთოდ. იდეა რა საკვირველია ქართული არ არის (როგორც არცერთი ქართული სატელევიზიო შოუს  იდეა არ არის ქართული) მაგრამ სათაური ნამდვილად ეპიკურია. პუტკუნ შოუ, პუტკუნა ადამიანების შოუ, საოცრად წააგავს freak show-ს, ამ შემთხვევაში ეს freak-ები პუტკუნა ადამიანები არიან, ვაყენებთ ამ პუტკუნა ფრიკუნებს კამერის წინ და ვაკეთებთ შოუს.

დავიწყე შოუს შესახებ ინფორმაციის და გამოხმაურებების ქექვა ინტერნეტში და ერთადერთი კრიტიკა, რაც ამ შოუს მიმართ აღმოვაჩინე, მხოლოდ ფემინისტური მიმართულების იყო და გავბრაზდი. იმაზე არ ვდაობ რომ წონის პრობლემები ძირითადად ქალების წინ დგება და უფრო ხშირად ქალები არიან იძულებულები რომ საკუთარი ფიზიიონომია "სილამაზის სტანდარტში" ჩასვან მაგრამ ეს შოუ არა მხოლოდ მიზოგინურია, არამედ ზოგადი, ადამიანების მიმართ სიძულვილი იკვეთება ( რა თქმა უნდა შოუს რეკლამაში არ გამომრჩენია როგორ ეკითხებიან გათხოვილ  გოგონას ქმრის წონას და მერე სიცილით ეუბნებიან რომ "რაიყო, არ აჭმევ ქმარს ხო? ყველაფერი შენ გადაუჭამე?" მარა ამასაც დროებით გადავდებ გვერდით. )

შოუს იდეა წამოსულია ამერიკული შოუდან "The Biggest Loser" სადაც პუტკუნშოუს მსგავსად ლოკალურ ფრიკებს პოულობენ და რამოდენიმე თვის განმავლობაში წონის დაკლებაზე ამუშავებენ. შოუს უამრავი კრიტიკა სდევს თან თუმცა ერთი მტკიცე ფაქტია: ადამიანების უდიდესი ნაწილი, ვინც ამ შოუში მონაწილეობს, რამოდენიმე წლის განმავლობაში უკან აგროვებს ამ შოუში დაკლებულ კილოგრამებს! ეს არც არის გასაკვირი, შეუძლებელია "ჯანსაღი ცხოვრების წესით" 3 თვეში დიდი წონის დაკლება, პირიქით, ამ ვადაში დაკლებული დიდი წონა უკიდურესად არაჯანსაღია და დიდი სტრესია ადამიანის ორგანიზმისთვის რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.

 ქართულ "პუტკუნშოუს" პრეტენზია აქვს რომ მათი ძირითადი მიზანია ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესი გააცნონ და ჯანმრთელობისთვის საშიში წონის დაკლებაში დაეხმარონ. რა ლამაზად ჟღერს არა? კეთილშობილურად. 3 თვის განმავლობაში მაყურებელს შეეძლება თვალი ადევნოს პუტკუნა freak-ები როგორ თავგანწირვით ებრძვიან საშიშ წონას, შეგვიძლია პოპკორნით ტელევიზორის წინ დავსხდეთ და ვუყუროთ როგორ წასკდებათ ოფლი და ცრემლი ერთდროულად პუტკუნა freak-ებს ვარჯიშის დროს. როგორ გაიპარებიან ჩუმად ღამით მაცივრიდან უცხიმო ხაჭოს ასაწაპნად და სასურველია თუ რამოდენიმე კარგი ხორციანი სკანდალიც ატყდება მშიერ კუჭზე მონაწილეებს შორის. შეიძება ჩემი ეს ბოლო ფრაზები საკმარისად უგულოდ ჟღერდეს მაგრამ მოდი თავ ნუ მოვიტყუებთ ნურავინ რომ ამ შოუს მართლა რაიმე საერთო აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.

არავის სჭირდება სატელევიზიო შოუ პუტკუნა freak-ების მონაწილეობით რომ "ჯანსაღი ცხოვრების წესის" შესახებ მივიღოთ ინფორმაცია. ყველამ ვიცით რომ ჟანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა განსაზღვრავს ჯანმრთელობას და არა ციფრი სასწორზე. ყველამ ვიცით როგორ უნდა ვიკვებოთ და მოვუაროთ თავს. არავინ  ჩართავს ამ შოუს სიტყვებით: "ჰმმმ, ნეტავი დღეს რა სიახლეს გავიგებ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ?" და შოუს დასრულების შემდეგ არავინ იტყვის " ოჰ, რა ფრიად ინფორმატიული გადაცემა იყო". ყველა უყურებს ოფლების, დორბლების, ათანთალებული ცხიმების, ცრემლების და სავარაუდო სკანდალების მოლოდინით (როგორც ნებისმიერ სხვა შოუს), შესაბამისად შოუ ე.წ."ჯანსაღ ცხოვრების წესს" კი არა განსხვავებული სხეულის ფორმების მიმართ ზიზღის, სიძულვილის და შებრალების გამოხატვას ემსახურება და დამეთანხმებით ალბათ რომ ამაში არაფერი კეთილშობილური არ დევს!!

პ.ს. იცით რა იქნებოდა უფრო კეთილშობილური საქციელი? აი პედაგოგების გამოცდებზე ჩაჭრილი ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებლების სკოლებიდან გაძევება, ახალი კვალიფიციური კადრის მოძებნა-დატრენინგება მათ მიერ სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესების  ახსნა/სწავლება, პოპულარული-სამეცნიერო გადაცემების, ჟურნალების, სტატიების შექმნა-გავრცელება მარა აბა რა სარგებელი, მართლა ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებას და პოპულარიზაციას კი არ ვაპირებთ მოსახლეობაში.