Tuesday, October 9, 2012

ჩემი იდეალისტური შეხედულებები განათლების რეფორმებთან დაკავშირებით

ბევრი რამ შეიცვალა ბოლო თვეში და უფრო მეტი ცვლილებებია მოსალოდნელი მომოვალში, მათ შორის განათლების სისტემაში. მრავალი ჭორები დადის ამის შესახებ. ზოგი ამბობს რომ მანდატურებს გააუქმებენ, ზოგი ფიქრობს რომ სკოლის დამამთავრებელ 8 გამოცდას მოხსნიან და მეც ოცნებებში წავედი, როგორი იქნებოდა იდეალური სკოლა ჩემთვის, ისეთი, რომელშიც გამეხარდებოდა ჩემი მომავალი შვილების მიყვანა და ალბათ მუშაობაც კი.

1)არ ვისურვებდი მანდატურების მოხსნას სკოლებიდან, რადგან მანდატურებს რეალურად დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მასწავლებლები გაკვეთილებს აღარ "ახალტურებენ" მითიური "ჩეპე" სიტუაციებით (რაც რეალურად იმაში გამოიხატებოდა რომ ვიღაცამ დაბადების დღის აღსანიშნავად ტორტი მოიტანა და ყველას ყავაზე ეპატიჟება). ასევე ძალიან შემცირდა მასწავლებლების მიერ მოსწავლეების ცემა (რაც იმაზე უფრო ხშირად ხდებოდა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა, მათ შორის დაწყებით კლასებშიც), ასევე მოსწავლეების ჩხუბები, გარჩევები, დანის ტრიალი, მოწევა და სმა საკლასო ოთახებში (რაც ასევე ხშირად ხდებოდა). მაგრამ ამასთან ერთად ვისურვებდი რომ მინიმუმ 2 ფსიქოლოგის შტატი სავალდებულო იყო სკოლებისთვის და მანდატურის მიერ პრობლემური ბავშვის აღმოჩენის დროს ოქმების წერის მაგივრად სავალდებულო სეანსი დაენიშნოთ ფსიქოლოგთან.

2)არ ვისურვებდი სკოლის დამამთავრებელი 8 გამოცდის მოხსნას, რადგან ეს ერთადერთი ბერკეტია იმისთვის რომ ბავშვებმა ეროვნულ გამოცდებზე საჭირო 4 საგნის გარდა სხვა დანარჩენი საგნებიც ისწავლონ და აღარ არსებობდეს პირველი, მეორე და მესამე ხარისხის საგნები (ამაში ვიღაც შეიძლება არ დამეთანხმოს: რაში სჭირდება ფილოლოგს ქიმიაო, მაგრამ სანამ ეს "არასაჭირო" საგნები სავალდებულო საგნად ითვლება, მისი არალეგალურად "გადაგდება" სისულელედ მიმაჩნია). მაგრამ ეს გამოცდები არ უნდა ტარდებოდეს ისე, როგორც აქამდე და რეალურად უნდა ასახავდეს ბავშვის ცოდნას.

3)ვისურვებდი რომ ვაიპატრიოტი ისტორიისა და ქართული ენის პედაგოგები შეეშვებოდნენ ჩვენი შვილების "დაზომბებას" დიადი ქართული გენისა (თუ გენიისა) და მებრძოლი გმირი ერის შესახებ, და რეალურად ბავშვებს განათლებულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში შეუწყობდნენ ხელს და არა "ეროვნული მედიდურობის" გაზრდაში, რომელსაც ასევე "პატრიოტული სული გაზრდასაც" უწოდებენ. ასევე ძალიან მკაცრად კონტროლდებოდეს ნებისმიერი რასისტული, სექსისტური და რელიგიური კომენტარები, რომელთაც გადამწყვეტი როლი უჭირავს ამ ე.წ. "სულის" ჩამოყალიბებაში.

4)და ბოლოს, არანაირი შეღავათები განათლების სისტემაში, გამოცდებში, საგნის სწავლებაში და ა.შ.  რადგან ნებისმიერი "შეღავათი" ნიშნავს გაუნათლებელ და უუნარო თაობას.

პ.ს. შემეძლო პედაგოგების ხელფასებზეც მესაუბრა, რაც არანაკლებად აქტუალურია, განსაკუთრებით იმ კომიკური 1000 ლარიანი ხელფასების შესახებ, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარი კრიტერიუმებით არჩეულ პედაგოგებს დაურიგდა (თუ დაურიგდა საერთოდ) და არანაირი საშუალება არ არსებობს იმის გადასამოწმებლად, თუ რამდენად დამსახურების მიხედვით დარიგდა ეს ხელფასები (რადგან გამოცდებში მიღებული ქულები გასაიდუმლოებულია). ასევე თუ გავითვალისწინებთ ქართულ ნათესაურ-მოყვრულ პატივისცემების სისტემებს, ეჭვი მაქვს ამ ხელფასების თაობაზე დიდი თავ-პირის მტვრევა და "ჩემი ბიცოლა შენს მამიდას სჯობია" დაიდებოდა კულისებს მიღმა. თუმცა ეს ყველაფერი ჩემსავით იდეალისტ ეკონომისტებს დავუტოვოთ.