Showing posts with label days of our lives. Show all posts
Showing posts with label days of our lives. Show all posts

Tuesday, July 10, 2012

"სტომატოლოგია" ქართულად

დიახაც "სტომატოლოგია". ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი რომ მინდა ხაზი გავუსვა-არ არსებობს ქართული სტომატოლოგია. არ ვიცი, რა მიწისქვეშა დინებებმა შეუწყო ხელი მაგრამ ქართულ "სტომატოლოგიაში", ისე როგორც არსად,თბილი თავშესაფარი ჰპოვეს ყოველგვარი ჯურის შარლატანებმა, ნამუსგარეცხილმა თაღლითებმა და თვითმარქვია გამომძალველებმა. თუმცა რა არცოდნა უნდა ამას, ყველა ადამიანს 32 კბილი აქვს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე თითო-თითოდ ეს 32-ვე კბილი ფუჭდება და აუტანელი ტკივილით გასაჩუქრებს, ხოლო ამ "სტომატოლოგებად" წოდებულ თაღლითებზე უკეთ ვინ იცის, რომ ადამიანი, სწორედ ამ ტკივილის დროს  ყველაზე  დაუცველი და უსუსური არსებაა, ამიტომაც ამ დროს მათ ჯიბეებში ჩაძრომა საოცრად მარტივია (და ლეგალური, რაც მთავარია).

ქალაქში მომრავლებული "თაკო-დენტი", "კოტე-დენტი" და "მიშიკო-დენტების" ფონზე, ერთი შეხედვით საკმაოდ რთულია კლინიკის არჩევა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ძირითადად კლინიკები იყოფა ორი ტიპის კლინიკებად. იაფიანი და ძვირიანი. დავახასიათოთ თითოეული ცალ-ცალკე.

იაფიანი კლინიკები-ძირითადად ქალაქის გარეუბნებში მდებარეობენ, სადაც, გულახდილად რომ ვთქვათ, სისუფთავეს და სტერილურობას ნაკლებ პატივს სცემენ, რამეთუ ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ, ჩემივე თვალით მაქვს ნანახი, ერთ-ერთ ასეთ კლინიკაში როგორ დაუცვივდა ქალბატონს ახლადგასტერილებული იარაღები, რომლებიც სასწრაფოდ აკრიფა, აქეთ-იქით მიმოიხედა, ხალათის კუთხეზე ნაჩქარევად შეიწმინდა და უკანვე ჩააწყო. არც-ერთ მის პაციენტს ეს არ დაუნახავს, მხოლოდ მე დავინახე, როდესაც ჩემი მეუღლე სტომატოგოგის სავარძელზე ნებიერად იყო გაწოლილი და განაბული იყო ბედნიერებით, რასაც - "ნაკლები მიჯდება, რა იაფად აკეთებენ და თან არაუშავს ისე"-ჰქვია. ამიტომ ყოველთვის მოიძებნება ადამიანი რომელიც იტყვის რომ "არა იურა კარგად აკეთებს,თან 30 ლარად თითო კბილს, სულ მაგასთან დავდივარ"-მაგრამ მე რატომღაც ვერ ვრისკავ ასეთ რამეში.

ძვირიანი კლინიკები-მათ სხვა კატეგორიის: "მე ჩემი ჯანმრთელობა ძვირად მიღირს" ტიპის კლიენტურა ყავთ და უკეთებენ კიდეც ძვირად და თან როგორ ძვირად. შეგშურდება კიდეც, ისე უნამუსოდ ჩაგხედავენ თვალებში მანამ, სანამ ბოლომდე გაგყვლიფავდნენ. თან აქაც არაჩვეულებრივი ტექნიკა აქვთ. არასოდეს გეუბნებიან რა ჯდება კბილი. როდესაც მიდიხარ ერთი კონკრეტული მიზნით- მითხარით რა დამიჯდება ეს კბილი რომ ასეთ დონემდე მოვიყვანო? პასუხი იქნება: -აა, ეს სამ ფესვიანი კბილია, თითო ფესვის დაბჟენა X ლარი ანუ სულ 3*X, კიდევ სურათის გადაღება იქნება საჭირო, პანორამული სურათი Y ლარი +კონკრეტული ერთ კბილზე Z-ლარი, გვირგვინის ამოყვანა და ამოშენება X' ლარი, პლუს ჯერ კბილების გაწმენდა იქნება საჭირო Y' ლარი, თან როგორც ეტყობა გვერდით კბილზეც იქნება გადასული. ეს გვერდითა კბილიც უნდა გაკეთდეს ისე აზრი არ ექნება, ესეც ორ არხიანი კბილია, ანუ ამას დავამატოთ....................................და ა.შ. საბოლოოდ არც მეტი-არც ნაკლები თითო კბილში იხდი დაახლოებით 200 ლარს(სულ მინიმუმ) და ღმერთმა არ ქნას ბევრი კბილი გქონდეს გასაკეთებელი. მაშინ სტომატოლოგები თავიანთ კოლეგებსაც ჩართავენ ყვლეფის წმინდა პროცესში, ცალკე ორთოდონტებსა ცალკე ქირურგებს  და დაიწყება ათვლა თავიდან-თითო ფირფითა X" ლარი პლუს 4 კბილის ამოღება, იქ ნაკერებიც იქნება საჭირო Y" ლარი, გადაკვრა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა მასალით, შესაბამისაც ხარისხიც სხვადასხვაა..................................................და ა.შ.

ყველაზე მთავარი იცით რა არის? სულ ერთია რას გადაიხდი თითო კბილში, 30 ლარს თუ 230, ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ, მაქსიმუმ 2 წელიწადში ეს კბილი ისევ გასაკეთებელი იქნება. იაფიანში წახვალთ და გვერდზე გადადებთ სხვადასხვა ვენერიული დაავადებებით დასნებოვნების შიშს თუ ძვირიანში, ამ გაუმაძღარი თაღლითების ზოოპარკში? არჩევანი არც ისე ფართოა.




Tuesday, July 3, 2012

შეხვედრები, თათბირები, "სტაF მითინგები" და სხვანი ანუ მენეჯმენტი ქართულად.

სანამ წერას დავიწყებდი დავგუგლე და ბევრ საინტერესო სტატიას გადავაწყდი, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს ეს, მაგალითად:
7 Ways to an Effective Team Meeting”
ან: How to Run an Effective Staff Meeting"
ან:   “Effective Meetings Produce Results – 12 Tips for Meeting Management”

გადავხედე ამ სტატიებს და შემშურდა იმ ადამიანების, რომლებიც ესწრებიან ისეთი პიროვნებების მოწყობილ "სტაF მითინგებს", რომლებსაც  წაკითხული აქვთ მსგავსი სტატიები. შემშურდა იმიტომაც, რომ მათი შრომა ყოველთვის უფრო ეფექტური იქნება,ვიდრე ჩემი.მათი სამუშაო მოტივაცია ყოველთვის უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩემი. მათი განწყობა საქმის მიმართ, გაცილებით უფრო  დადებითი იქნება, ვიდრე ჩემი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა ვაიძულო საკუთარი თავი, რადგან ქართული ე.წ. "სტაF მიტინგების" მერე ყველაზე თვითმოტივირებულ და ამბიციურ " workaholic"-საც კი გაუჭირდება საკუთარი თავის ხელში აყვანა და სამუშაოს გაგრძელება. 

არ ვიცი ეს ყველგან ასე ხდება, თუ მხოლოდ იქ სადაც მე ვმუშაობ, თუ მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში, მაგრამ ეს "თათბირები" სხვა არაფერია, თუ არა თანამშრომლებიც დამცირების, დაშინების და მიწასთან გასწორების არც თუ უშედეგო მცდელობები. ეს შეხვედრები საათზე ცოტა მეტ ხანს გრძელდება და მთელი ამ დროის განმავლობაში მიდის "არავინ კონკრეტულისკენ" მიმართული ლანძღვა, აბუჩად აგდება, ჭკუის სწავლება, სამსახურის დაკარგვით დამუქრება. დროდადრო აღნიშნავენ კიდევაც რომ "რათქმაუნდა ეს ყველას არ ეხება, მაგრამ" და ისევ ლანძღვა დამცირება დაშინების კორიანტელი მოდის, შენ კი, მთელი ამ საათნახევრის განმავლობაში, მუშტებშეკრული ზიხარ და ცდილობ საკუთარი თავი დაარწმუნო, რომ სწორედ შენ ხარ ის პიროვნება ვისაც ეს ყველაფერი არ ეხება მაგრამ ყოველ ახალ ბრალდებაზე პარალელებს ავლებ საკუთარ თავთან, საკუთარ სამუშაოსთან და გული გისკდება. თან ვერც ვერაფერს ამბობ, არც თავის გამართლების საშუალება გაქვს, რადგან მენეჯერი სასწრაფოდ გიპასუხებს რომ "შენ არაფერ შუაში ხარ და ეს კონკრეტულად არავის ეხება, ჩვენ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ კონკრეტულ პიროვნებას თანამშრომლების თანდასწრებით შეურაცხყოფა მივაყენოთ, მაგრამ........".  ერთადერთი რაც შეგიძლია ეს არის, კბილი კბილს მაგრად დააჭირო ამ ერთი სათის განმავლობაში რომ რამე უკადრებელი არ აკადრო ვინმეს (ან თუ შუბლის ძარღვი გაქვს გაწყვეტილი გაკრეჭილმა თავი აქნიო უფროსის ამ ლანძღვაზე და ხანდახან "ასპროცენტიანი ბრძანდებით, მე მაგალითად ყოოველთვის........"-სტილის წინადადებებით წაეშველო და დარწმუნებული იყო რომ ეს უშედეგოდ არ ჩაივლის")

ასეთი ტიპის ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველაზე მონდომებული და დაინტერესებული ადამიანიც ვერ შეასრულებს სამუშაოს ეფექტურად და ეს გვეტყობა კიდეც ყველაფერში.


Tuesday, May 29, 2012

მოსწავლეთა საატესტაციო გამოცდები ანუ How things are done in Georgia

      დასასრულს მიუახლოვდა მოსწავლეთა საატესტაციო გამოცდები. უკვე მეორე წელია რაც მსგავსი გამოცდები ტარდება. მოსწავლეები 8 საგანში აბარებენ კომპიუტერიზებულ გამოცდებს. იდეაში ეს ყველაფერი კარგი წამოწყებაა, მიზანმიმართულია სკოლებში სწავლის ხარისხი გაუმჯობესებისკენ, ასევე ამ გამოცდების გამო ყველა საგანი თანაბარ პირობებში დგება, აღარ არის "ფავორიტი საგნები", ის 4 საგანი, რომელიც მისაღებზე ბარდებოდა. საჭიროა ყველა საგნის სწავლა სკოლის დასამთავრებლად.

შარშან ვაპირებდი მსგავსი პოსტის დაწერას მაგრამ რადგანაც პირველი მცდელობა იყო მსგავსი ტიპის გამოცდის ჩატარებისა, კრიტიკისგან თავი შევიკავე, მაგრამ როდესაც მეორე წელსაც ზუსტად იგივე პრობლემები გაჩნდა, რაც პირველ წელს, ბუნებრივია გამიჩნდა კითხვა: რას აკეთებდა გამოცდების ეროვნული ცენტრი მთელი წლის განმავლობაში? საკმაოდ დიდი დროა იმისთვის რომ არსებული პრობლემების გაანალიზება და გამოსწორება მოახერხო. რაში მდგომარეობს ეს პრობლემები:

1) გამოცდა ფასდება 10 ბალიანი სისტემით, მაგრამ მინიმალური ქულა, რაც გამოცდების შედეგად იწერება წარმოადგენს 5 ბალს. მაშასადამე საბოლოო ჯამში გამოდის რომ გამოცდა 6 ბალიანი სისტემით ფასდება, სადაც 5 ქულა 0  ქულის ექვივალენტურია. შესაბამისად გამოდის რომ:
6 ქულა=1 ქულა
7 ქულა=2 ქულა
8 ქულა=3 ქულა
9 ქულა=4 ქულა
10 ქულა=5 ქულა

ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იწყება შეფასებების წერა ჩვეულებრივ 1 ქულიდან? ერთადერთი ლოგიკური პასუხი, რასაც მე ვპოულობ, არის  მიღებული შეფასებების გაბერვა, რაც ეწინააღმდეგება ჩემს პედაგოგიურ პრინციპებს და არა მარტო ჩემსას. ეს სიტუაცია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება შეფასების ვალიდურობის პრინციპებს და მთლიანად ანგრევს განათლების სიტემის მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

2)კითხვები მეორდება. ეს არ ვიცი ვისი პრობლემაა, პროგრამის დამწერის, თუ კითხვების შემდგენის (დავიჯერო "მინიმალური კომპეტენციის მასალებიდან" ვერ მოხერხდა იმდენი კითხვების დაწერა რომ არც ერთი კითხვა არ განმეორებულიყო?) მაგრამ არის სიტუაციები როცა  მოსწავლეს ერთ საგანში გამოცდის ჩაბარების დროს ერთდაიგივე კითხვა რამოდენიმეჯერ ამოსდის. ეს კიდევ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ყველაზე მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ეს კითხვები თითქმის მუდმივად წრეზე ტრიალებს. მოსწავლეებს, რომლებიც შედიან დილის 9-საათზე, გამოცდიდან გამოაქვთ კითხვები,რომლებიც თავისუფლად იდება სხვადასხვა სოციალურ ვებ-გვერდებზე და შესაბამისად მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდაზე შედიან საღამოს 5 საათზე, თითქმის ყველა კითხვა აქვთ, რაც გამოცდაში მოვა. შესაბამისად ირღვევა მოსწავლეთა თანაბარ პირობებში ყოფნის პრინციპი, რაც ასევე განათლების რეფორმის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს.  ასევე გამოცდის წარმატებით ჩაბარების გარანტიას წარმოადგენს არა კარგი სწავლა მთელი წლის განმავლობაში, არამედ უნარი, რამოდენიმე წუთში დაიზეპირო სწორი პასუხების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა.

3)მე ქიმიის პედაგოგი ვარ, შესაბამისად აქ ჩემს საგანზეც ვისაუბრებ. ჩემთვის გაუგებარია, რა პრინციპით არის შედგენილი "მინიმალური კომპეტენციის მასალა", რადგან აქ არაფერია მინიმალური. გამოსაშვები გამოცდების მასალებსა და მისაღები გამოცდების მასალებს შორის უმნიშვნელო სხვაობაა ანუ მოსწავლე, რომელიც აბარებს მაგ: იურიდიულზე, და მოსწავლე, რომელიც აბარებს სამედიცინოზე, დაახლოებით ერთდაიგივე რაოდენობის მასალას გადის. არა, რა თქმა უნდა, რაც მეტს ისწავლიან, მით უკეთესი მაგრამ მაინც ხომ უნდა იყოს სხვაობა? ეს კიდევ არაფერი. გამოსაშვებ გამოცდაში ამ "მინიმალური კომპეტენციის მასალიდან" მაქსიმუმ ნახევარი თუ იქნება შეტანილი, ესეც არა. ძირითადად არის რამოდენიმე "ფავორიტი" თემა, საიდანაც ისმება უამრავი კითხვები და ამ რამოდენიმე თემის სწავლის შედეგად საკმაოდ წარმატებულად აბარებ გამოცდას (თან თუ გავითვალისწინებთ რომ კითხვების 70% მეორდება).

არ ვიცი რა დავამატო, ფაქტია რომ პროგრამა დასახვეწია, მასალა დასაზუსტებელია, კითხვების რაოდენობა გასაზრდელია, ქულების წერის პრინციპი შესაცვლელია, დარწმუნებული ვარ რომ ამ პრობლემების აღმოფხვრას 1 წელიწადზე ნაკლები სჭირდება და იმედი მაქვს ეს მოხერხდება კიდევაც, რადგან არ მინდა მომავალ წელსაც მსგავსი პრობლემების წინაშე დავდგე. არ მინდა ჩემმა მოსწავლეებმა  მარტივი, შემოვლითი გზების ძიება ისწავლონ და მინდა ჰქონდეთ განცდა რომ მათი წარმატება მხოლოდ მათი წარმატება იქნება, და არა გამოცდების ეროვნული ცენტრის წარუმატებლობა.



Thursday, May 17, 2012

ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის, მმკ-სა და "თავ-პირს დაგამტვრევ ბიჭო"-ს თავგადასავალი.

მოკლედ დღეს დიდი შეხლა-შემოხლა იყო.  "ჭეშმარიტმა ქართველებმა" ქრისტეს სახელით გვერდები დაუბეგვეს "არაჭეშმარიტ ქართველებს", თუმცა დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ ქრისტესმიმართ სიყვარულით გააკეთეს, რათა ეხსნათ ისინი ე.წ. "სოდომ-გომორის" ცოდვის სიმძიმისგან და დაემტკიცებინათ რომ მხოლოდ ჰეტერო-სიყვარული შეიქმნს შენს მუშტს ძნელად მოსაგერიებლად და მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდელი შეძლებს გაქციოს მოძალადე ცხოველად. ცხოველად, რომელსაც როდესაც არც სხვისი შესმენა შეუძლია, არც საკუთარი შეხედულების დამკიცება და როდესაც კაცთმოყვარე სიტყვების მარაგი ამოეწურება მზად არის კაცთმოყვარე მუშტი გითავაზოს.

მოკლედ დიდხანს ვფიქრობდი. ამ ქრისტიანი-ძველბიჭების კასტის მოტივები ჩემთვის გასაგებია. ისინი იმდენად გაუნათლებლები არიან, გულწრფელად სჯერათ რომ ჰომოსექსუალობა აირწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა და დაცემინებით ვრცელდება. ასევე სჯერათ რომ ბავშვებმა შეიძლება ლამაზი, ფერადი დროშის, ტელეგადაცემებისა და პროპაგანდის გამო უეცრად ორიენტაცია შეიცვალონ და დაპირისპირებულ ბანაკში გადაბარგდნენ და ეშინიათ, რომ ორიენტაცია შეცვლილი ხალხი მათაც დაერევა. ფარული ხერხებით ჰომოსექსუალობის სენს შეჰყრის და მერე მშვიდობით ნანატრო უკრაინელო ნაშებო. მე მაინტერესებდა მღვდლების პოზიცია.

მღვდლებს რისი ეშინიათ? მათ ხომ ოქროსგუმბათიანი ეკლესიები, ხატიდან გადმოდენილი მირონი და ფეხისმბანელი ცოლები უმაგრებენ ზურგს?

რამოდენიმე დღევანდელი ვიდეოს ყურების შემდგომ მივხვდი რისი ეშინიათ მათ.

მათ კონკურენციის ეშინიათ.  ქუჩაში მიმავალ მშვიდობიან აქციაში, სატელევიზიო გადაცემაში ისინი კონკურენტებს ხედავენ. ისინი ხედავენ "მოქადაგე" ადამიანებს ეს ე.წ. "მოქადაგე ადამიანები" მათ ბანაკში არ არიან. ეკლესიას მუდმივად ეშინოდა, რომ გამოჩნდებოდა ვინმე მქადაგებელი, რომელიც მას "სამწყსოს" (მორჩილთა ბანდას, რომელიც მზადაა ხარკი იხადოს) წაართმევდა და ისინი ულუკმაპუროდ დარჩებოდნენ.მართლაცდა მათი შემოსავალი ხომ მუდმივად მრევლისგან მოდის, ისინი ხომ არ შრომობენ ლუკმაპურის საშოვნელად. ისინი ქადაგებენ, რათა სხვებისგან აიღონ სარჩო-საბადებელი. 

"გათიშე და იბატონე"  საუკეთესო სტრატეგიაა თბილი ადგილის შესანარჩუნებლად. ქართული განათლების სისტემის გადამკიდე, სამღვდელოება ადვილად პოულობს გაუნათლებელ ველურ ადამიანებს, რომლებსაც მარტივად ურეცხავს ტვინს და საკუთარი მტრების "სხვა მქადაგებლების წინაღმდეგ" უშვებს საბრძოლველად.

რა გინდა რომ თქვა, კარგი სტრატეგიაა. ჯერ-ჯერობით ამართლებს. დარწმუნებული ვარ მომავალში რამე სხვა, უფრო ეფექტურ ხერხებს შეიმუშავებენ, სტრატეგიას დახვეწავენ, რადგან მათ კარგი თავის გადარჩენის უნარი აქვთ, კარგი იმპროვიზაციის უნარი, ამიტომაც არსებობენ უცვლელად აგერ უკვე 21 საუკუნეზე მეტია.

Tuesday, October 12, 2010

მეტრომანი

არ ვიცი ეს ჩემი ბრალია, ტელევიზორს რომ არ ვუყურებ თუ სხვისი, მეტროსადგურებში რომ არ გამოაკრეს განცხადება და არ აგვიხსნეს ნორმალურად რომ ჟეტონები უქმდება და მეტრომანის აღება სავალდებულოა თორემ ხომ ავიღებდი იმ უფასო ბარათს, როცა არიგებდნენ მეტროებში. ვიფიქრე რად მინდა ბარათი, მეტროში ისედაც ათასში ერთხელ ჩავდივარ და ჟეტონებს ავიღებ მეთქი. მოკლედ დღეს ჩავდივარ მეტროში და ჟეტონები არ არის. გაუქმდაო გამოაცხადეს. ჯერ გამყიდველს ვემათხოვრე, სადმე 1 ცალი ჟეტონი შემორჩენილი ხომ არ გექნებათ, არ მაქვს მეტრომანის საყიდელი ფულითქო. (3 ლარი ჯიბეში რომ მდებოდა მეტროში კი არ ჩავიდოდი). ქალმა უარი მითხრა. მერე პირდაღებული რომ დამინახა შევეცოდე ეტყობა და მეუბნება: ვინმე გამვლელს ვისაც მეტრომანი აქვს სთხოვე გაგიყვანოს და ეგ 40 თეთრი იმას მიეციო.
ქართველ ქალებს რომ თანაგრძნობის უნარი 0-ზე აქვთ დასული დღეს საბოლოოდ დავასკვენი. თხოვნით რომ მივდიოდი რომელიმესთან ჩემი 40 თეთრით ხელში, ისე გარბოდნენ, თითქოს ციგანი მათხოვრის ბავშვი ვიყავი ტალახის გუნდით ხელში და კაბაზე ვეკიდებოდი. (აბა ერთი უცხოელი ვყოფილიყავი, მეტროს ფულსაც გადამიხდიდნენ, სუფრასაც გამიშლიდნენ, მერე თავიანთ უბედურებაზე მომიყვებოდნენ და მთხოვდნენ - იქნებ ჩვენს ნათესავს დაეხმარო, მიწვევა გამოუგზავნო, კარგი მშრომელი ბიჭია და საქართველოში იღუპებაო.)
მოკლედ ბოლოს ერთ მამაკაცს მივმართე იმავე თხოვნით
- მეტრომანი არ მაქვს მაგრამ 40 თეთრი მაქვს,ჟეტონები გაუქმებულა, თქვენ თუ გაქვთ გამიყვანეთ და ამ 40 თეთრს თქვენ მოგცემთ მეთქი. დამთანხმდა მაგრამ მოხდა რასაც ველოდი. ქართულმა გენმა გაიმარჯვა ლოგიკაზე ფულის გამორთმევაზე უარი მითხრა (დამპატიჟა რა...). აი ამ ჯერზე უკვე ნამდვილად ვიგრძენი თავი ციგანი მათხოვრის ბავშვად (გავიფიქრე, იქნებ ცოტა წამემღერა კიდევაც, 40 თეთრზე მეტს გამოვიმუშავებდი მეთქი).

პოსტს ვამთავრებ მრავალსართულიანი გინებით მეტროს მესვეურების მიმართ, რომლებიც გვიზღუდავენ არჩევანის თავისუფლებას მეტრომანსა და ჟეტონებს შორის და წინააღმდეგ შემთხვევაში თავს ციგნის მათხოვრად გვაგრძნობინებენ!!!!

Wednesday, July 1, 2009

ბუზების შემოტევა


ცხელა, ძალიან ცხელა.
დილით კარები შევაღე ნიავი შემოსულიყო და ნიავს 50 000 ბუზიც შემოყვა. დაძინება ვცადე მაგრამ მივხვდი ბუზების 80% ჩემს თმებში მოსწონდათ განაყოფიერება. წამოვხტი და ბუზისსაკლავი მოვიტანე. თავბრუსხვევამდე ვსდიე ბუზებს. 20 მათგანი მივასიკვდილე. მძორებს ერთად მოვუყარე თავი, ბუზის საკლავი გავიტანე და ცოცხის და აქანდაზის მოსატანად გავედი. რომ დავბრუნდი 10 ცალი ისევ დაფრინავდა. კვლავ მოვიტანე ბუზის საკლავი 5-7 ცალი მოვკალი და გავედი. რომ დავბრუნდი 3 ცალი ისევ დაფრინავდა (დაფრინავს), მაგრამ აღარ მქონდა თავი. შეგროვებული ბუზის მძორები ავკრიფე და გადავყარე. ცოტა დავისვენე, ზაზუნასთან მივედი მოსაფერებლად და გალიიდან 10 ცალი ბუზი ისევ აფრინდა. შეწუხებულ ზაზუნას უზარმაზარი სორო გაუთხრია ნახერხებში, ჩამძვრალა და თავზეც ნახერხი წაუყრია. ისევ მოვიტანე ბუზის საკლავი. რამოდენიმეჯერ ისე ვცადე გამოდევნება მაგრამ უშედეგოდ. ახლა ისევ მესმის ბზუილი, ვპოსტავ თან ხელებს ვიქნევ აქეთ-იქით. ძროხების მშურს უკვე, რა იქნებოდა მეც მქონოდა ერთი კუდი ბუზების მოსაგერიებლად. დედამთილის "სადედოფლოშიც" გაუღწევიათ "ჩემს ბუზებს" (რაც ძალიან მახარებს).
ცხელა, ძალიან ცხელა მაგრამ კარებს ვერ ვაღებ. გადარჩენილ ბუზებს ხმა გაუვრცელებიათ რომ ჩემს სახლში უფასო საკვები და სტუმართმოყვარე გარემოა და უკვე 50 ხარაბუზა 5 საათია ზის აივანზე, სარეცხის თოკებზე და თავიანთ რიგს ელოდებიან შემოსაფრენად.
მოკლედ ამ პოსტით მინდა ძალიან მწარედ შევაგინო ადამიანს, რომელსაც პირველად მოუვიდა აზრად კორპუსის ბინებში ნაგვის მილის ჩამონტაჟება.

Tuesday, June 30, 2009

ცელოფნის პარკები

ახლა არ მინდა ბანალურ თემაზე საუბრარი: - ცელოფნის პარკებს ქუჩაში ყრიან, გარემოს აბინძურებენ, პოლიეთილენის გადამუშავება 3459872097432569832456892 წელი არ ხდება, რას გავს ჩვენი პარკები და სკვერები, ჩვენი მდიდარი დედაბუნება, ეგ უკულტუროები, ჩამოთრეულები და ა.შ. (თითქოს მეტი პრობლემები არ გვქონდეს, თუნდაც ეკოლოგიის მხრივ)

რას ვერ ვხვდები იცი?
საიდან მოდის ქართველებში ასეთი მომჭირნეობის გრძნობა რომ მზად არიან 30 თეთრიანი ცელოფნის პარკი გარეცხონ ხელახლა სახმარად?

Friday, June 19, 2009

Mood

თუთიყუში

გუშინ უსაქმურობის დროს მოვიფიქრეთ სულელური თამაში. ჩემი ქმარი იყო გადაცემა "ცხოველთა სამყაროს" წამყვანი. გადაცემა მიჰყავდა "ცისფერი მთების" ბინადარ ცხოველებზე. მოკლედ უამრავი საინტერესო ცხოველი დასახელდა, მაიმუნ-კუ, სტრაუსები, ზღარბი, ჟირაფი. სტეპლერი, წამყვანის საყვარელ, შინაური სკუნსის როლს ასრულებდა. მოკლედ მეც დავინტერესდი და ვკითხე ჩემ ქმარს-მე რა ცხოველის ან ფრინველის როლში გამომიყვანდა. ცოტა არ იყოს მეწყინა როდესაც გინების მოყვარული თუთიყუში აღმოვჩნდი და რატომ. ყველას ყოველთვის ისეთი ეპითეტები გვწყინს საკუთარ თავზე, რაც ახლოსაა რეალობასთან და იმ წუთას, როდესაც (ყვითელ) თუთიყუშად მაღიარეს ვიგრძენი ჩემი მსგავსება თუთიყუშთან (ერთადერთ არსებასთან მთელ დედამიწაზე, რომელიც მთელი გულით მძულს თავისი არაინდივიდუალობის და გარეგნული მიმზიდველობის გამო). ჩემი მსგავსება თუთიყუშთან იმაში გამოიხატება რომ სწრაფად "ვითვისებ" გარკვეულ ჩვევებს, რომელიც ჩემს გარშემომყოფ ადამიანებს ახასიათებთ, იქნება ეს საუბრის მანერა, წერის მანერა, თავდაჭერის მანერა, ამა თუ იმ სიტყვის ამოჩემება რასაც ხშირად ისმის ჩემს მახლობლად, ხანდახან აქცენტის, ზოგიერთი სიტყვის გამოთქმის და ხელების მოძრაობის მანერა (ამის ერთ-ერთი მაგალითია კმაყოფილების ნიშნად აწეული ცერა თითი. როგორც უკვე დავწერე მძულს ეს ჟესტი მაგრამ მუდმივად ვიმეორებ და ვიმეორებ). ხშირად არ ვაკვირდები მაგრამ მოულოდნელად აღმოვაჩენ ხოლმე ამ "გადმოღების" უნარს რამე კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში ჩემში და ვცდილობ აღარ გავიმეორო, მაგრამ მსგავსად ამჩემდება სხვა ასეთივე "დაკოპირებული" ჟესტი. არ ვიტყოდი რომ ადვილად ვექცევი სხვათა გავლენის ქვეშ და "ინდივიდუალობას ვკარგავ", უფრო პირიქით, უნდობლობის შეგრძნება მიჩნდება განსაკუთრებით უცხო, ხშირად ნაცნობი, ადამიანები მიმართ, მაგრამ ეს ჩემი უნდობლობა პარანოიაში რომ არ გადამივიდეს, დამალვის მიზნით ვახდენ ამ თვისებების კოპირებას რომ უფრო "თავისიანად" გამოვჩნდე. უფრო ადვილია თავისუფლად ვისაუბრო ჩემთვის უმნიშვნელო თემებზე სხვისი ჟესტიკულაციებით, რადგან ჩემი საკუთარი ადვილად "გამცემს". ხშირად მაქვს "დეფოლტად" შემონახული ჟესტიკულაციები სხვადასხვა ტიპის და ასაკის ხალხის მიმართ, ვისთანაც ურთიერთობა მიწევს და ვიცი როგორი ტიპის საუბარი დააინტერესებს ამა თუ იმ ადამიანს. თუმცა სიტყვა "საუბარი" უფრო გადამლაშებაა, აქ იგულისხმება ორიოდ ფრაზის თქმა რომ ყრუ-მუნჯ უჟმურ ადამიანად არ ჩამთვალონ. უფრო ცუდი კი ის არის, არ შემიძლიან ეს "საუბარი" ასე ვთქვათ ექსპრომტად გამომივიდეს. როგორ წესი დილით, დღის დაგეგმვისას ვფიქრობ სად მომიწევს წასვლა ამ დღეს, რა ტიპის ხალხთან მექნება ურთიერთობა და რა უნდა ვთქვა მათთან, ამიტომაც მოულოდნელი შეხვედრის დროს სალმით შემოვიფარგლები და ველოდები როდის დაიწყებენ თავად საუბარს რომ ამასობაში აზრები მოვიკრიბოდა ავყვე.


ისმის სასულე საკრავების ხმა, ხმა ნელნელა ძლიერდება, ინთება რამპები, იხსნება ფარდა. სცენაზე გამოდის შოუს წამყვანი ფართო ღიმილით. ხმამაღლა, დამარცვლით ჩაჰყვირის მიკროფონში

- Do you need a professional help??


ზემოდან უხილავი ძაფებით ჩამოეშვება უზარმაზარი ეკრანი და მასზე ჩნდება ასევე უზარმაზარი ყვითელი რეკლამა:

Tuesday, June 16, 2009

დედამთილი

ამას წინად ერთ-ერთ პოსტში დავწერე საიტის შესახებ, სადაც "კარგი ქვეყნების" მცხოვრები ქალები თავიანთ დედამთილებზე ყვებიან და "ენებს და გულებს იფხანენ". გაქეციანება იქით იყოს და ასეთი ფხანა სასარგებლოა სიბრაზის კონტროლისთვის და მეც ჩემს პირველ ნაბიჯებს გადავდგამ ამ მიმართულებით. რომ ჩამოვაყალიბო რატომ მძულს ჩემი დედამთილი, ჯერ ვიტყვი განსაკუთრებით რა თვისებები მძულს ადამიანებში. ეს არის ფულის სიყვარული და სიხარბე. ჩემი დედამთილისთვის ეს თვისებები საკუთარ პიროვნებასთან არის უკვე გაიგივებული და ამაყობს ამით. თვალები უბრწყინავს ბედნიერებისგან როდესაც ყვება როგორი ბრილიანტის ბეჭდები ეკეთა ახალგაზრდობაში ხელზე.რამდენი "ხრუსტალის" ვაზები, საფერფლეები, საშაქრეები და ჭიქები ჰქონდა გათხოვებამდე და როგორ სარფიანად გათხოვდა. როგორ მოჰქონდა ქმარს მისთვის ძვირფასი ტანსაცმელი (რომლისაც მთელ სამეზობლოს შურდა და სარეცხების გაფენისას რაღაცეებს ასხამდნენ ზემო სართულებიდან), როგორ ასეირნებდა მანქანით როგორ მოჰქონდა სახლში 2 ტომარა ხორცი, კონკრეტულად: ღორის თეძო, ძროხის ბეჭი, კამეჩის ღვიძლი. რა კარგად იკვებებოდა და როგორი მსუქანი იყო ახალგაზრდობაში. როგორ გააკეთეს უზარმაზარი რემონტი 2 ოთახიან ბინაში, მერე როგორ დაამატეს უზარმაზარი თანხა რომ კუთხის სამოთახიანში (რომელიც უგემოვნოდ იყო მოწყობილი) გადმოეცვალათ და მერე აქ როგორ გააკეთეს უზარმაზარი, "გემოვნების მწვერვალების შესაფერისი" რემონტი "ჩუგუნის" მილებით და ვანა-რაკოვინებით, ჩეხური კაფელ-მეტლახით და რუმინული შპალერებით. მეორე თვისება რასაც ადამიანებში ვერ ვიტან ეს არის ჩუმი სიარული და მხრებში ჩარგული თავი, რაც ძირითადად სხვისი საუბრების მოსმენის სიყვარულზე მეტყველებს. ჩემი დედამთილი არც ამით ჩამოუვარდება ვინმეს. მეგონა ვუდუს ცდებს ატარებდა და იქიდან იცოდა ყველა ჩვენი (ჩემი და ჩემნი მეუღლის საუბარი) სანამ რამოდენიმეჯერმე არ შევნიშნე ჩრდილი ჩემი ოთახის კარებზე და მერე არ დავაფიქსირე რომ ფარდა, რომელიც ოთახის კარებზე კიდია გამჭვირვალეა ერთ ადგილას და იქიდან მთელი ოთახი ჩანს (თანაც ამ ოთახში ჩემამდე ჩემი დედამთილის დედამთილი და მამათილი ცხოვრობდნენ და ალბათ იქიდან შემორჩა), ჩრდილიც ხშირად იმ მხარეს ეცემა ხოლმე. თან ეს "საჭვრიტინოც" ისეთ ადგილზეა შემთხვევით მისაღები ოთახიდან სამზარეულოში გამავალი კაცი ვერ მოხვდება, სპეციალურად უნდა მიუდგე. ჩრდილიც არ ჩანს როდესაც ჩემს ოთახში შუქი ანთია, მარტო ჩამქრალ შუქზე დაინახავ რამეს. მესამე თვისება რაც ადამიანებში მძულს ეს არის ინტრიგების ხლართვა. ამ საქმეში ჩემი დედამთილი პროფესიონალია. რამდენიმე ინტრიგა გამოხლართა ჩემს ქმართან ჩემს წინააღმდეგ მაგრამ ვერ იწინასწარმეტყველა რომ ჩემი ქმარი ჩემთან საკმაოდ ახლოა და ყველაფერი მომიყვა. ეჭვიც კი არ შეუტანია ჩემს სიმართლეში. მეოთხე თვისება, რომელიც მიყვარს ადამიანებში, ესაა ხმადაბლა საუბარი. ჩემი დედამთილი ყოველთვის ისე ხმადაბლა საუბრობს ხშირად არც მესმის რას მეუბნება, მაგრამ მალე დავრწმუნდი, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდება რომ ყოველთვის მეზობლების ჭორებს მიყვება და ცდილობს მაქსიმალურად ჩუმად და ხმადაბლა მოიტანოს ყველანაირი ბინძური ისტორიები ჩემს ყურამდე, მაგლითად: რომელი გათხოვილი თუ გაუთხოვარი ქალი რომელ საათზე ვის მანქანაში დაინახეს, ან ვინ მოაკითხა მანქანით, ან რამდენი მანქანით, ან რა სიხშირით აკითხავენ. ან ვისი ცოლი ვის ქმართან იწვა და რომელმა საყვარელმა შეუსწრო და რა მოიმოქმედა და ა.შ.
მეხუთე თვისება რასაც ვერ ვიტან ადამიანებში ეს არის საკუთარი დაუცველობის დემონსტრირება რათა ხალხის კეთილგანწყობა და სიბრალული მიიპყრო. ამის ერთერთერთი მაგალითია აბზუებული ტუჩებით და გულზე ხელების მიდებით დიდი შიშების გამოხატვა ჭექა-ქუხილის ან მარშუტკაში მჯდომი ნასვამი კაცის მიმართ. კიდევ ერთი თვისება რაც მეზიზღება, ეს არის ეკლესიაში სიარული და შემდგომ ეკლესიაში მყოფი ადამიანების ჩაცმულობის განსჯა და ამ ჩაცმულობით მათ "უგემოვნობაზე" საუბარი. ისტორიები როგორ არჩენენ წელის ტკივილს ლოცვები და მერე მთელი იმ ზემოთჩამოთვლილი ხუთი თუ ექვსი თვისების ამოქმედება, საბოლოოდ კი ეკლესიაში სიარულის რეკომენდაციები ჩემს მიმართ და საუბარი-როგორ ვიღუპავ სულს და რაც პრობლემები მაქვს იმიტომ რომ ეკლესიაში არ დავდივარ. ყველაზე მეტად კი ის მეზიზღება რომ ეს ყველა აღწერილი თვისება მას ხალხის თვალში ხდის მშვიდ, თვინიერ, ჭირ-ვარამ გამოვლილ, სათნო, მორწმუნე ქალად, შესაბამისად მე - ურჩხულ რძალს ვემსგავსები.

Friday, May 15, 2009

დროის მანქანა

ამ ბოლო დროს ძალიან ძალიან ბევრი ტესტი შევავსე საკმარისზე მეტი,ყველანაირი ტიპის.მგონი აღარც არის ისეთი ტესტი მე რომ არ შემევსოს. ერთადერთი ტესტი რომელსაც თავს ვარიდებ ეს არის "რომელ საუკუნეში იცხოვრებდით". ანდა რატომ უნდა შევავსო? კმაყოფილი ვარ იმ საუკუნით რომელშიც ვცხოვრობ. აქ ყველაფერი რიგზეა, რომანტიზმის ნაკლებობა კომფორტულობის ზედმეტობით არის ანაზღაურებული. კრიმინალის ზრდა სიტყვის თავისუფლების ზრდის პირდაპირპროპორციულად იზრდება. ქალთა უფლებების ზრდას მამაკაცთა პასუხისმგებლობის შემცირება მოსდევს, მოკლედ ყველაფერი ისე არის როგორც უნდა იყოს. არა, ნამდვილად არ ვისურვებდი სხვა საუკუნეში ცხოვრებას. აი დროის მანქანა რომ მქონდეს აუცილებლად აუცილებლად წავიდოდი 1980 წლის 3 აგვისტოს მოსკოვის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე, ხელს დავუქნევდი გიგანტურ დათუნიას და სხვა კომუნისტ ქალებთან ერთად ვიტირებდი





Wednesday, May 6, 2009

Thumbs-up

მიყვარს ლაპარაკის დროს ხელების მოშველიება. კარგია ხელებით ლაპარაკი როდესაც ცდილობ გადმოსცე "გრძნობა" რომელსაც არ გრძნობ სინამდვილეში. ჟესტები განსაკუთრებულ დამაჯერებლობას მატებს. ძნელია ადამიანი შემოგედავოს როდესაც ჟესტებით ლაპარაკობ, რადგან რატომღაც მიღებულია რომ ჟესტებით ლაპარაკი ემოციურობის ნიშანია ხოლო ემოციურობა-გულახდილობის.
აი მაგალითად კიდევ ერთი ნიშანი: Thumbs-upდარწმუნებული ვარ ადამიანების 99% პროცენტი (ჩემი ჩათვლით) სრულიად უაზროდ ხმარობს ამ ნიშანს, იმის შესანიღბად რომ რაღაცა არ მოსწონთ და არ უნდათ ამის შესახებ სიტყვებმა გასცეს, ან ვინმეს გული რომ არ დასწყვიტონ რამის შეფასებისას. ან არაფერი აქვთ სათქმელი. სწრაფად ასწევენ ცერა თითს და სწრაფადვე გარიდებენ მზერას. მეც ძალიან ძალიან მიყვარს ეს ნიშანი. მეტი დამაჯერებლობისთვის ორივე ხელის ცერა თითს ავწევ ხოლმე, ყურებამდე ვიღიმები და ვარიდებ მზერას და მერე გული მერევა ხოლმე საკუთარ თავზე.

Wednesday, April 29, 2009

[Fortunes]

როგორც იქნა დავიბრუნეთ ძველი საყვარელი დებიანი და XFCE, ასე რომ ყოველ დილას ისევ ვიწყებ ჩემი საყვარელი [Fortunes]-ებით. იმიტომ კიარა რომ ცრუმორწმუნე ვარ და რაღაც. ზუსტადაც ვამაყობ რომ არ ვარ, მაგრამ დამთხვევების და ნიშნების მაინც მჯერა. უფრო სწორად კი არ მჯერა, იმდენი რამ შემემთხვა რომ უკვე თავს ვალდებულად ვთვლი დავიჯერო. ნიშნები და დამთხვევები აბსოლუტურად განსხვავდება ისეთი სისულელეებისგან როგორიცაა ჰოროსკოპები და კარმა, რომლებიც თავის მხრივ იმდენ კარგ თვისებებს მომაწერენ, ასე ვთქვათ "ეგოს მაფხანინებენ" რომ მადლიერების გრძნობით ვივსები მათ წინაშე, თუმცა იმედი მაქვს რომ ჩემს ეგოს მუნი არ შეეყრება,მაშინ უკვე მანდრაგორას ფესვების სუნი დადგება ჩემი სახლიდან 1 საზღვაო მილის რადიუსზე. (ნეტა მართლა კივიან მანდრაგორას ფესვები ამოღებისას თუ უფრო მაინც მღერიან ვიდრე კივიან?). მოკლედ ამას წინად გადავწყვიტე დამედგინა ვინ ვიყავი ჩემს წინა ცხოვრებაში და რაღაცნაირად დარწმუნებული ვიყავი რომ ვინმე ძალიან დიდი, ცნობილი ადმიანის რეინკარნაცია ვარ,მაგრამ კიდევ კარგი დროზე შემოვულაწუნე საკუთარ თავს, უფრო სწორად შემოვილაწუნე. ჯერ-ჯერობით ხურდა არ დაუბრუნებია, თუმცა ეს თავისმხრივ არაფერს არ ნიშნავს.
მოკლედ დავუბრუნდები ისევ თხრობის საგანს. დილით ჩავრთე ჩემი საყვაელი დებიანი და XFCE,გაიხსნა [Fortunes]-ებიც და დავიწყე ისევ ნიშნების ძიება და აი ისიც:
"You are confused; but this is your normal state."
ხოდა ვიფიქრე, ღმერთო ჩემო ეს ხომ მართლაც ასეა. მალე სამოგზაუროდ მივდივართ, პირველად ჩემს ცხოვრებაში საქართველოს საზღვრებს გავცდები და აღმოვჩნდები ვენეცია...ტფუი,ბაქოში. ხოდა დაბნეული ვარ და ვნერვიულობ, ისე როგორც ჩემი ყოველი მოგზაურობისას (აქამდე საქართველოს საზღვრებს შიგნით). ყველას დავსდევ, ვართმევ პირობებს როგორ მოიქცევიან, როგორ არ მოიქცევიან "იქ" და როგორ მოვიქცევი მე თუ ისინი მაინც ისე მოიქცევიან როგორც მე არ მინდა რომ მოიქცნენ. ხოდა ესეც პირველი ნიშანი, ანუ ყველაფერი კარგად იქნება როგორც აქამდე იყო ყოველთვის და ყველანი ისე მოიქცევიან როგორც მე ვეტყვი რომ მოიქცნენ, თუ არადა ავასრულებ მუქარას და მოვიქცევი ისე, როგორც უნდა მოვიქცე, თუ ისინი არ მოიქცევიან ისე როგორც მე ვეტყვი რომ უნდა მოიქცნენ.

Wednesday, April 22, 2009

ანტინიკორა

ხოდა ხო.....
დედამოვტყან ამ ქვეყნის
არადა არ ვაპირებდი ბლოგზე გინებას,მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი გამომიჩნდა რომ დღეს კიდევ ერთი პოსტი დავწერო
ხოდა მოკლედ, დღეს ვიყიდე ხორცი, მოვიტანე სახლში და აღმოჩნდა საზიზღარი მჟავე სუნი აქვს,არადა გარეგნულად კარგად გამოიყურება (ვარდისფერი და ასე შემდეგ) წავიღე უკან მაღაზიაში და დაიბრუნეს. შემდგომ ამ მაღაზიას უკვე ვეღარ ვენდობოდი და წავედი ნიკორას ცენტრში და ვიყიდე ნიკორას კატლეტი. მოვდივარ უკან, ვუყურებ ვადას. შენახვის ვადა-60 დღე, დღეს კი უკვე 59-ე დღეა. მივდივარ უკან და ვეუბნები რომ ვადა თითქმის გასულია და უკან დააიბრუნონ და მეუბნებიან:
-არა, როგორ გეკადრებათ, კიდევ არის ვადა 1 დღე,ანუ დღეს ვარგისია და ვერ დავიბრუნებთ.
მე უკვე დორბლები ჩამომდის და ვეუბნები
-ხო, მარა არ მინდა მე კატლეტი რომელიც 59 დღე იდო მაცივარში, თითქმის 2 თვე.
გამოდის ვიღაცა მენეჯერი თუ ვინცაა მანდ და ამბობს:
-ო არა, ნიკორას ყავს საუცხოო დეგუსტატორებიდა თუ პროდუქციაა 60 დღე ვარგისი არაა, ასე არ დააწერდნენ, ანუ დღეს შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ.
-რა შუაშია დეგუსტატორები, დარწმუნებული ვარ არც ერთი დეგუსტატორი არ შეჭამდა 59 დღის კატლეტს,ან თუნდაც შეჭამდა მე არ მინდაა ვჭამო კატლეტი რომელიც 2 თვე მაცივარში იდო.
-მაგრამ ვადას 60 დღე აწერია, ჩვენ ვერ ამოვიღებთ პროდუქტს გაყიდვიდან სანამ ზუსტად 60 დღე არ გავა, აი ხვალ ახალი პატია იქნება და მერე მობრძანდით.
-მაგრამ თუ დღეს შევწვავ და გაფუჭებული იქნება რა ვქნა?
-არაფერი გაფუჭებული არ იქნებაა თუ სპეციალურად არ გაუკეთებთ რამეს.
მოგიტყანთ მენეჯმენტი, რა უნდა გავუკეთო მე, მშიერმა ადამიანმა, 59 დღის კატლეტს რომ გაფუჭებული იყოს?
მოკლედ მოვდივარ სახლში იგივე ნიკორას კატლეტით ხელში, აღშფოთებული და ცოტათი შეშფოთებულიც, ვრეკავ ნიკორას ცენტრში, მაგრამ უკვე 7 საათია და არავინ იღებს ყურმილს, დამღლელი სამუშაო დღის მერე ყველა სახლშია, მე კიდევ მაცივარში მიდევს 2 თვის კატლეტი, ხოდა ახლა შევწვავ შევჭამ და თუ გადავრჩი, ანუ მხოლოდ რამდენიმე კუჭის გამორეცხვა და წვეთოვანა დამჭირდა, ნიკორას კარგა ბლომად ფული ექნება გადასახდელი ჩემთვის (ნუ ეს იმ შემთხვევაში, თუ იმდენად ვარ აღშფოთებული რომ ეს შურისძიების აქტი შევასრულო, ან როგორც უკვე ავღნიშნე თუ გადავრჩი).
პ.ს. სულაც არ ვთვლი, რომ ჩემი პრობლემაა ვადას რომ არ დავხედე, ისეთ სერიოზულ ქსელს, როგორიც ნიკორაა, არ უნდა მიჰქონდეს თავის მაღაზიებში ასეთი პროდუქტი.
პ.პ.ს. შხამად შეგერგოთ ჩემი 6 ლარი!!!!!!