Thursday, July 2, 2009

სექსუალური განათლება სკოლაში

ბოლო ხანებია "მოდაში შემოვიდა" სკოლაში სექსუალურ თემატიკაზე საუბარი მოსწავლეებთან. ამას ბევრი მომხრე ყავს, ბევრი მოწინააღმდეგე. მე ვთვლი რომ სწორია ბავშვებმა მიიღონ სექსუალურ ცხოვრებაზე განათლება სკოლიდან და მშობლებიდან, და არა ეზოდან, მაგრამ მეორეს მხრივ ეს შეუძლებლადაც მეჩვენება. საუბარი მიდის იმაზე, თუ რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვთან საუბარი ამ თემებზე და ვინ უნდა ესაუბროს. ვთვლი რომ დღევანდელი სკოლის მასწავლებლების 90% ვერ შეძლებს ბავშვებთან ამ თემატიკაზე საუბარს (რადგან ძირითადი კონტინგენტი მასწავლებლებისა შეადგენს საშუალოდ 50 წელს გადაცილებულ ხალხს, რომლებიც აღიზარდნენ კომუნისტურ საქართველოში და აქვთ ყველა საჭირო კომპლექსი რათა გვერდი აუარონ თუნდაც ბიოლოგიის წიგნში მოცემულ ადამიანის სასქესო ორგანოების თემატიკას + თავადაც არა აქვთ საკმარისი განათლება რაც ამ საკითხების გაშუქებისთვის არის საჭირო).
მოკლედ ჩემს სკოლაში გაკეთდა მსგავსი რამ: თავიდან რომ აეცილებინათ მოსწავლეებთან პირადი კონტაქტი, გააკეთეს "კედლის გაზეთი" (საზიზღარი კომუნისტური გადმონაშთი, ჩემი აზრით) სადაც საუბარია ვენერიული დაავადებების გადაცემაზე ნარკომანიით და სექსუალური გზით. და ამ გაზეთის ბოლოში ზის დაახლოებით ასეთი ფრაზა: "ამიტომაც ნუ დაიწყებთ ნაადრევ სექსუალურ ცხოვრებას და ნარკოტიკის გამოყენებას, მაგრამ თუ მაინც შეცდი, გამოიყენე დამცავი საშუალებები და უხმარი ერთჯერადი შპრიცი"
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ მინდა რომ ჩემს შვილს ასეთმა არაკომპეტენტურმა ხალხმა აუხსნას მსგავსი საკითხები. ხალხმა, რომელიც ვერ ხვდება განსხვავებას სექსუალურ ცხოვრებასა და ნარკომანიას შორის და ორივეს ერთნაირ "ხიხიად" მიიჩნევს. თან ჩემს შვილს აქეზებს რომ "თუ მაინც შეცდა" (შეუმცდარი არავინაა), და ნარკოტიკის გამოყენება დაიწყო, იხმაროს "ერთჯერადი უხმარი შპრიცი".

No comments:

Post a Comment