Monday, October 12, 2009

სკოლის მასწავლებელთა ძირითადი ტიპაჟები

ისევ სკოლის შესახებ განვაგრძობ წერას. ბოლო ხანებში თითქმის მთელი ჩემი დრო სკოლას ეთმობა, ამიტომ გადავწყვიტე განვაგრძო წერა იმის შესახებ, თუ რა ხდება განათლების სისტემის ამ ყველაზე მნიშვნელოვან საფეხურზე. დღეს მოკლედ აღვწერ მასწავლებელთა ტიპაჟებს, მათ ძირითად ინტერესებს და მიდგომებს.

დავიწყოთ ქართულის მასწავლებლით. ქართული მასწავლებლების უმეტესობა-თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები არიან, რომლებიც თვლიან რომ მხოლოდ ისინი გადაარჩენენ ქართველი ერის თვითმყოფადობას, ამიტომაც თვლიან აქვთ უფლება, ყოველ წუთას ჩაგეჭრან საუბარში და გაგისწორონ ესა თუ ის გამონათქვამი. ამაყობენ იმით, რომ არ იციან მათემატიკა, უჭირთ პროცენტისა და პროცენტის შესაბამისი კოეფიციენტების დადგენა, ამ კოეფიციენტების საშუალებით საბოლოო ქულის გამოყვანა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც განათლების სისტემა შეიცვალა და მოსწავლის შეფასება 4 კომპონენტიანი სისტემით ფასდება. თვლიან რომ ეს ყველაფერი არასაჭირო და ზედმეტია, და რომ ერის თვითმყოფადობა მაინც მათ ხელშია, ხოლო ეს სისტემა მათ ხელს უშლის ბავშვებში ქართული სულის ჩამოყალიბების საქმეში. მუდმივად შეცდომები მოსდით ჟურნალების შევსების დროს და მუდმივად უდანაშაულოდ გრძნობენ ამ შემთხვევებში თავს. მუდმივად გამოთქვამენ პროტესტს ამა თუ იმ საკითხის გარშემო და შემდგომ მუდმივად ეგუებიან.

უცხო ენის მასწავლებლები მუდმივად ცდილობენ გამოავლინონ საკუთარი უცხო ენის ცოდნა. ყოველთვის პირველი იღებენ სკოლაში შემოსულ ორიფლეიმის ჟურნალებს და თარგმნიან, თუ რომელი კრემი როგორი ტიპის კანისთვისაა და რომელს როგორი მოუხდება, ასევე პირველი იღებენ ამა თუ იმ სამკურნალო პრეპარატის და პარფიუმერული ნაწარმის ბოთლებს და კითხულობენ რა წერია მათზე, შემდგომ ხმამაღლა თარგმნიან. მუდმივად ახსენებენ ყველას-მოსწავლეებსაც, მშობლებსაც, დირექციასაც, რომ მათი საგანის გარეშე დღეს-დღეობით ვერც ერთი ბავშვი ვერ იპოვნის ცხოვრების გზას. ცდილობენ ქართული საუბრის დროსაც გაურიონ მცირეოდენი უცხო სიტყვები, რომ გასაგები იყოს ვისთან გვაქვს ურთიერთობა და მთელი გულით ცდილობენ დამალონ ქართული აქცენტი, რაც ხშირად საკმაოდ სასაცილოდ ჟღერს.

მათემატიკის მასწავლებლები მოწესრიგებული ხალხია, რომლებიც ცდილობენ ყველგან მუდმივად "წაიყვანონ პარადი". მოახდინონ მასალების სისტემატიზაცია ყველაზე სწორად და ყველაზე სწრაფად. არ უყვართ შენიშვნები. თვლიან რომ მათემატიკის ცოდნა-არ ცოდნით განისაზღვრება ადამიანის აზროვნების შესაძლებლობა, ამიტომ ცოტა ზემოდან უყურებენ ქართულის მასწავლებლებს და ხშირად ახსენებენ, თუ როგორ უჭირთ მათ ელემენტარული-პროცენტიდან კოეფიციენტის გამოყვანა და კოეფიციენტის შემდგომი გამოყენება.

ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგია დუნე მხალხია არიან. არ ცდილობენ გამოჩდნენ წინა ფონზე, ურჩევნიათ იშვიათად იყონ ყურადღების ცენტრში, შეძლებისდაგვარად გადააბარონ საკუთარი საქმიანობა სხვებს. ხშირად საკმაოდ ასაკოვანი მასწავლებლები არიან, რომლებსაც დაკარგული აქვთ ახალგაზრდობასთან ურთიერთობის ხალისი. მათი საქმიანობა ტრივიალურია. რაც ყველაზე სამწუხაროა - ცდილობენ თავი შორს დაიჭირონ სადემონსტრაციო ცდების ჩატარებისგან. მუდმივად წუწუნებენ რომ სკოლას შესაძლებლობა არ აქვს ლაბორატორია აღჭურვილობით უზრუნველყოს (თუმცა მე თავად დავრწმუნდი რომ ზოგ სკოლას საკმარისზე მეტი ძველი პრეპარატები აქვს მორჩენილი, რომელთაგან ზოგი მაინც გამოდგება სადემონსტრაციო ცდის ჩასატარებლად. ყოფილმა ქიმიის მასწავლებელმა გამოაცხადა რომ პრეპარატებიდან "არც ერთი არ ვარგა").

რაც მთავარია, მათი საერთო ინტერესის სფეროებში შედის, ვინ სად რა როდის რატომ, როგორ. ყოველთვის ინტერესით განიხილავენ გადაცემა "პროფილის" ყოველ გამოშვებას. ჩივიან რომ "ეს ყველაფერი თაობის გადაგვარების მიზნით ხდება", ასევე ძალიან უყვართ საუბარი სარწმუნოებაზე, მამაოზე. განიხილავენ ვინ, სად, რა, როდის, რატომ და მართალი იყო თუ არა ეს ეკლესიური თვალსაზრისით. უყვართ დაბადების დღეების აღნიშვნა, ტორტების მოტანა, ოთხშაბათობით და პარასკეობით სამარხო ტორტების ძიება. მოკლედ რომ ვთქვათ მათ უყვართ რელიგია და ტორტი.

1 comment:

  1. ჩემი სკოლა გამახსენდა :)) ძალიან მომეწონა ბლოგი, რამდენიმეპოსტი ჩავიკითხე ჩემთვის საინტერესო თემებზე. მადლობა

    ReplyDelete