Friday, April 26, 2013

ახლახანს მომხდარი ცემის ფაქტის შესახებ

ფორუმების დიდი მომხმარებელი არ ვარ, ხანდახან გადავავლებ ხოლმე თვალს ცხელცხელი და მსუყე ჭორების ზომიერი პორციის მისაღებად და თემას გადავაწყდი, სადაც საუბარია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანის სასტიკ ცემაზე მეტროს სადგურში. თითქმის 12 გვერდი "მეტის ღირსია", "არა იქვე უნდა მოეტყნათ" და სხვა ტიპის აგრესიული პოსტების წაკითხვის შემდეგ ასეთი კითხვა დამებადა: ნუთუ მართლა ასეთი უდონო ყლეები ვართ ყველანი რომ არ შეგვიძლია დაშავებული ადამიანის მდგომარეობაში შევიდეთ და ჩვენთვის მიუღებელი სექსუალური ორიენტაციით ძალადობა გავამართლოთ და უფრო მეტ ძალადობაზე ვუბიძგოთ ერთმანეთს? შემდეგ ჩემი ევროპელი კოლეგის მიერ ჩურჩულით გამოთქმული აშკარად ჰომოფობიური ხუმრობა გამახსენდა და მივხვდი რომ არა. გამახსენდა როგორ გავბრაზდი იმ მომენტში და როგორ მინდოდა მეთქვა "არ გაქვთ თქვენ საქართველოში ასეთი საუბრის უფლება, თქვენს გალამაზებულ-გამშვენიერებულ ევროპაში ისეირნეთ და იქირქილეთ რამდენიც გინდათ და აქ ნუღარ ჩამოეთრევით" მაგრამ თავი შევიკავე და მივხვდი რომ მეტნაკლებად (უფრო ნაკლებად) ამ აგრესიული ქართველების მდგომარეობაში უფრო შევდივარ ვიდრე ლიბერალის ნიღაბს ამოფარებულ, ზურგსუკან მოქირქილე ევროპელების. (არასწორად არ გამიგოთ, ძალადობას და ჰომოფობიას არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ, უბრალოდ ფორუმზე მოსაუბრე პიროვნებებისგან განსხვავებით ვცდილობ ორივე მხარის მდგომარეობაში შევიდე და ორივე მხარის პოზიცია ნათლად წარმოვიდგინო. იქნებ მოვიფიქრო კიდევაც, რა შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ, თუმცა ვიცი რომ არაფერს ახალს ამით ვერ გამოვიგონებ).

საკმაოდ აგრესიული კომენტარები იყო ასევე "იდენტობის" მხრივ გაკეთებული (ალა გრანტები და ა.შ) და ვფიქრობ იდენტობისგან რაღა უნდათ. იქნებ შური? შური იმის რომ იდენტობა  იმ ადამიანების უფლებებს იცავს (ყოველ შემთხვევაში ცდილობს-სავით, რამდენად წარმატებულად, ეს უკვე სხვა საკითხია), რომელსაც ეს კონკრეტული პიროვნებები არ წარმოადგენენ, ხოლო ორგანო, რომელიც ამ კონკრეტული აგრესიული პიროვნებების უფლებებს დაიცავს არ არსებობს? არ არსებობს ორგანო, რომელიც შრომის კოდექსს დაიცავს, ორგანო, რომელიც დასაქმებას შეუწყობს ხელს, სამსახურის მაძიებლებისთვის თანაბარი კონკურენციის უფლებებს დაიცავს,სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას განსაზღვრავს. ორგანო, რომელიც ჯანდაცვის და დაზღვევის სფეროებში თავშეყრილ უნამუსო თაღლითებს ადგილს მიუჩენს და ჯანდაცვას რეალურად ხელმისაწვდომს გახდის. ორგანო, რომელიც რეალურად შეამოწმებს განათლების დონეს უნივერსიტეტებში და დაიცავს სტუდენტების უფლებას მიიღონ კარგი განათლება. ორგანო, რომელიც იზრუნებს პენსიონრებზე, ინვალიდებზე (არიქა ხო, შეზღუდული უნარების მქონე პირებზე, მაგრამ ვერავის ვერ მოატყუებ პოლიტკორექტულობით, მთავარი სახელი კი არა დამოკიდებულებაა რაც არ შეცვლილა და დიდხანს არ შეიცვლება კიდევ), უსახლკაროებზე, გაჭირვების ზღვარს ქვემოთ მყოფ პირებზე, მრავალშვილიან დედებზე, დევნილებზე და ა.შ.

აი ერთი კითხვა მაქვს კიდევ. ეს ყველაფერი რომ საქართველოში არსებობდეს და გამართულად მუშაობდეს, კიდევ ასეთი აგრესიულები ვიქნებოდით სოციალურ გვერდებზე? თუ ნანატრი ევროპელებივით ზურგსუკან ჩუმ-ჩუმად ვიქირქილებდით?