Wednesday, December 4, 2013

What it feels like for a girl.

ამ პოსტში ძალიან პერსონალური ისტორიის მოყოლას ვაპირებ და დიდხანს ვფიქრობდი ღირდა თუ არა და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ღირდა. დარწმუნებული ვარ ჩემი პერსონალური ისტორია ბევრისთვის ასევე ნაცნობი და პერსონალური იქნება.

"-ოე ქათამ!" - ასე მომმართავდა ჩემი ძმა მთელი ჩემი ბავშვობის განმავლობაში. განა იმიტომ რომ სუპერ ბოროტი ძმა მყავს და განსაკუთრებულად ვეზიზღებოდი, არც იმიტომ რომ განსაკუთრებულად უტვინო ვიყავი, პირიქით ბარე ორზე კარგი და-ძმობა გვქონდა, ითქმის სულ ერთად ვიყავით, ერთად ვთამაშობდით, ვჩხუბობდით, ვრიგდებოდით, ერთად ვეჩხუბებოდით სხვებს და ვურიგდებოდით.

ჩემი ძმა ასე მეძახდა, რადგან ჩვენს გარემოცვაში ყველა ძმა ასე მიმართავდა თავის დას. ყველა ძმას ჰქონდა ისტორია "აუ ჩემ ქათამ დას რა გავუჩალიჩე ამასწინად იცი? ჰიჰიჰიჰ რა ქათამია". როგორ გინდა მოსთხოვო 12 წლის ბავშვს წინ აღუდგეს სოციუმის სტანდარტებს ბიჭების განსაკუთრებული ჭკუის შესახებ. ჩემი პირველი კომპლიმენტიც ეს იყო მე-3 კლასში, ბიჭის ტვინი აქვსო დამრიგებელმა უთხრა დედაჩემს და გახარებული ვიყავი. მინდოდა ბიჭი ვყოფილიყავი, ბიჭურად ვიცვამდი, ბიჭურად ვიქცეოდი, ვლაპარაკობდი, ბიჭებთან ვთამაშობდი ბიჭურ თამაშებს, თუმცა საბოლოოდ ბიჭების გარემოცვითვის მაინც არასაკმარისად ბიჭი ვიყავი და გოგოებისთვის კი უკვე აღარც გოგო.

 ბიჭი მეგობრების წრეში, ჩემს ძმასთან ერთად, ვისმენდი ისტორიებს როგორ ცემდნენ, სჯიდნენ, დასცინოდნენ ეს ბიჭები თავიანთ დებს და გულიანად ვიცინოდი. შემდეგ ამოვდიოდით სახლში და ჩემი ძმა გამომძახებდა - "ოე ქათამ". ეს იყო ის მინიმალური რასაც ჩვენი ეზოდან და ჩვენი სოციუმიდან ვსწავლობდით. ალბათ იმიტომ რომ ჩვენს ოჯახში ეს ე.წ. გენდერული ნიშნით შვილების დაყოფა არასოდეს არ ხდებოდა, მე და ჩემი ძმა ყოველთვის თანარუფლებიანად ვჩხუბობდით და დავცინოდით ერთმანეთს, ალბათ ისე როგორც ორი ძმა ჩხუბობს ხოლმე. გულის სიღრმეში კი ყოველთვის მქონდა პაექრობა ჩემს ძმასთან - ჩემს ძმაზე უკეთ მესწავლა, ჩემს ძმაზე სწრაფად გამეკეთებინა, ჩემს ძმაზე მეტი მანძილი გამევლო ფეხით, ჩემს ძმაზე მეტი თევზი დამეჭირა და ა.შ. მოკლედ დამემსახურებინა "ბიჭის" წოდება რადგან "გოგოობა" სირცხვილად ითვლებოდა იმ ასაკში. "გოგოობა" ნიშნავდა ოლვეისის საფენების ახალი სუპერშემწოვი ფრთების განხილვას, ფრჩხილის ლაკს და ნუნების სწორი ამოღების ტექნოლოგიას, ტელეარხი "ფეშენ"-ის ყურებას, მიწრო მოუხერხებელ იუბკებს, აჟურულ ლიფჩკებს და სხვა საზიზღარ დეტალებს.

მოკლედ სიტყვა გამექცა. ამასწინად ჩემი ძმა მირეკავს სკაიპით და სიცილით მომძახის "-ოე ქათამ, გახვედი სიგანეში ხო? გადაჭამე  ოჯახი?"-თუმცა თავად რა საკვირველია არაფერს აკეთებს წერწეტა ტანის შესანარჩუნებლად, ცხოვრებაში არც ერთი დღე არ ყოფილა დიეტაზე და არც ერთ საკვებ ყუთზე დაუხედია ინტერესით თუ რამდენ კალორიას შეიცავს ამ პროდუქტის 100 გრამი .

მე უხერხულად დავიწყე თავის გამართლება რომ არაფერს განსაკუთრებულს არ ვჭამ და რა ჩემი ბრალია რომ ასეთი ზომიერად ფერხორციანი დედაკაცი ვარ.

შემდეგ დედაჩემი მოვიდა ჩემთან, სახლი დამილაგა და ტანსაცმელი, რას თავისი აზრით უკვე დამიპატარავდებოდა ცალკე გადამიდო. რომ მოვედი და დავხედე ტანსაცმელს, ამ გადალაგებულიდან 90% იყოს ტანსაცმელი, რომელსაც თავისუფლად ვიცვამ, მათ შორის 2 კაბა, რომელიც 2 კვირის წინ ვიყიდე.


მოკლე დასკვნას გავაკეთებ. თინეიჯერობა ასაკია, რომელიც ისედაც უამრავი სტრესებით არის დატვირთული და გოგოებზე ეს პრობლემები ორჯერ მეტად მოდის. როდესაც ბიჭებისგან მხოლოდ წარმატებას ელიან, გოგოებისგან ელიან წარმატებას, საკუთარ ვიზუალზე ზრუნვას, ზომიერებას, თავმდაბლობას, გამორჩეულ ზრდილობას, ყურადღებიანობას და ყველაფერს იმას, რის არქონასაც კაცებს ყოველთვის აპატიებენ და შემდგომ თუ გოგოებს ამ "იდეალური ქალის" გამზრდის გზაზე სადმე ფეხი დაუცდათ, რომელიმე პუნქტი სათანადოდ ვერ შეასრულეს, ისინი ყოველთვის გამოდგებიან ნეგატიურ როლ-მოდელებად ("აი რატომ არ უნდა ჰქონდეს ქალს პრავა", "აი რატომ არ უნდა იყოს ქალი პოლიტიკოსი", "აი რატომ ვერასოდეს ვერ იქნება ქალი მეცნიერი", "ამიტომაც არ ერკვევიან ქალები ტექნიკაში", "ეს კარგი მაგალითია რატომ ვერ ექნებათ ქალებს და კაცებს თანაბარი ანაზღაურება" და ა.შ.)!