Tuesday, June 16, 2009

დედამთილი

ამას წინად ერთ-ერთ პოსტში დავწერე საიტის შესახებ, სადაც "კარგი ქვეყნების" მცხოვრები ქალები თავიანთ დედამთილებზე ყვებიან და "ენებს და გულებს იფხანენ". გაქეციანება იქით იყოს და ასეთი ფხანა სასარგებლოა სიბრაზის კონტროლისთვის და მეც ჩემს პირველ ნაბიჯებს გადავდგამ ამ მიმართულებით. რომ ჩამოვაყალიბო რატომ მძულს ჩემი დედამთილი, ჯერ ვიტყვი განსაკუთრებით რა თვისებები მძულს ადამიანებში. ეს არის ფულის სიყვარული და სიხარბე. ჩემი დედამთილისთვის ეს თვისებები საკუთარ პიროვნებასთან არის უკვე გაიგივებული და ამაყობს ამით. თვალები უბრწყინავს ბედნიერებისგან როდესაც ყვება როგორი ბრილიანტის ბეჭდები ეკეთა ახალგაზრდობაში ხელზე.რამდენი "ხრუსტალის" ვაზები, საფერფლეები, საშაქრეები და ჭიქები ჰქონდა გათხოვებამდე და როგორ სარფიანად გათხოვდა. როგორ მოჰქონდა ქმარს მისთვის ძვირფასი ტანსაცმელი (რომლისაც მთელ სამეზობლოს შურდა და სარეცხების გაფენისას რაღაცეებს ასხამდნენ ზემო სართულებიდან), როგორ ასეირნებდა მანქანით როგორ მოჰქონდა სახლში 2 ტომარა ხორცი, კონკრეტულად: ღორის თეძო, ძროხის ბეჭი, კამეჩის ღვიძლი. რა კარგად იკვებებოდა და როგორი მსუქანი იყო ახალგაზრდობაში. როგორ გააკეთეს უზარმაზარი რემონტი 2 ოთახიან ბინაში, მერე როგორ დაამატეს უზარმაზარი თანხა რომ კუთხის სამოთახიანში (რომელიც უგემოვნოდ იყო მოწყობილი) გადმოეცვალათ და მერე აქ როგორ გააკეთეს უზარმაზარი, "გემოვნების მწვერვალების შესაფერისი" რემონტი "ჩუგუნის" მილებით და ვანა-რაკოვინებით, ჩეხური კაფელ-მეტლახით და რუმინული შპალერებით. მეორე თვისება რასაც ადამიანებში ვერ ვიტან ეს არის ჩუმი სიარული და მხრებში ჩარგული თავი, რაც ძირითადად სხვისი საუბრების მოსმენის სიყვარულზე მეტყველებს. ჩემი დედამთილი არც ამით ჩამოუვარდება ვინმეს. მეგონა ვუდუს ცდებს ატარებდა და იქიდან იცოდა ყველა ჩვენი (ჩემი და ჩემნი მეუღლის საუბარი) სანამ რამოდენიმეჯერმე არ შევნიშნე ჩრდილი ჩემი ოთახის კარებზე და მერე არ დავაფიქსირე რომ ფარდა, რომელიც ოთახის კარებზე კიდია გამჭვირვალეა ერთ ადგილას და იქიდან მთელი ოთახი ჩანს (თანაც ამ ოთახში ჩემამდე ჩემი დედამთილის დედამთილი და მამათილი ცხოვრობდნენ და ალბათ იქიდან შემორჩა), ჩრდილიც ხშირად იმ მხარეს ეცემა ხოლმე. თან ეს "საჭვრიტინოც" ისეთ ადგილზეა შემთხვევით მისაღები ოთახიდან სამზარეულოში გამავალი კაცი ვერ მოხვდება, სპეციალურად უნდა მიუდგე. ჩრდილიც არ ჩანს როდესაც ჩემს ოთახში შუქი ანთია, მარტო ჩამქრალ შუქზე დაინახავ რამეს. მესამე თვისება რაც ადამიანებში მძულს ეს არის ინტრიგების ხლართვა. ამ საქმეში ჩემი დედამთილი პროფესიონალია. რამდენიმე ინტრიგა გამოხლართა ჩემს ქმართან ჩემს წინააღმდეგ მაგრამ ვერ იწინასწარმეტყველა რომ ჩემი ქმარი ჩემთან საკმაოდ ახლოა და ყველაფერი მომიყვა. ეჭვიც კი არ შეუტანია ჩემს სიმართლეში. მეოთხე თვისება, რომელიც მიყვარს ადამიანებში, ესაა ხმადაბლა საუბარი. ჩემი დედამთილი ყოველთვის ისე ხმადაბლა საუბრობს ხშირად არც მესმის რას მეუბნება, მაგრამ მალე დავრწმუნდი, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდება რომ ყოველთვის მეზობლების ჭორებს მიყვება და ცდილობს მაქსიმალურად ჩუმად და ხმადაბლა მოიტანოს ყველანაირი ბინძური ისტორიები ჩემს ყურამდე, მაგლითად: რომელი გათხოვილი თუ გაუთხოვარი ქალი რომელ საათზე ვის მანქანაში დაინახეს, ან ვინ მოაკითხა მანქანით, ან რამდენი მანქანით, ან რა სიხშირით აკითხავენ. ან ვისი ცოლი ვის ქმართან იწვა და რომელმა საყვარელმა შეუსწრო და რა მოიმოქმედა და ა.შ.
მეხუთე თვისება რასაც ვერ ვიტან ადამიანებში ეს არის საკუთარი დაუცველობის დემონსტრირება რათა ხალხის კეთილგანწყობა და სიბრალული მიიპყრო. ამის ერთერთერთი მაგალითია აბზუებული ტუჩებით და გულზე ხელების მიდებით დიდი შიშების გამოხატვა ჭექა-ქუხილის ან მარშუტკაში მჯდომი ნასვამი კაცის მიმართ. კიდევ ერთი თვისება რაც მეზიზღება, ეს არის ეკლესიაში სიარული და შემდგომ ეკლესიაში მყოფი ადამიანების ჩაცმულობის განსჯა და ამ ჩაცმულობით მათ "უგემოვნობაზე" საუბარი. ისტორიები როგორ არჩენენ წელის ტკივილს ლოცვები და მერე მთელი იმ ზემოთჩამოთვლილი ხუთი თუ ექვსი თვისების ამოქმედება, საბოლოოდ კი ეკლესიაში სიარულის რეკომენდაციები ჩემს მიმართ და საუბარი-როგორ ვიღუპავ სულს და რაც პრობლემები მაქვს იმიტომ რომ ეკლესიაში არ დავდივარ. ყველაზე მეტად კი ის მეზიზღება რომ ეს ყველა აღწერილი თვისება მას ხალხის თვალში ხდის მშვიდ, თვინიერ, ჭირ-ვარამ გამოვლილ, სათნო, მორწმუნე ქალად, შესაბამისად მე - ურჩხულ რძალს ვემსგავსები.

No comments:

Post a Comment