Wednesday, June 17, 2009

პედსაბჭო

ბავშობიდან გამოუცნობად და მიუწვდომლად ჟღერდა ეს სიტყვა. ფრაზა "მასწავლებლებს შენზე უსაუბრიათ პედსაბჭოზე" დღემდე მახსოვს რა ფურორს იწვევდა ბავშვებში. ფაქტი რომ ამდენი ასაკოვანი ადამიანი, პატივცემული მასწავლებლები, თავიანთ ძვირფას დროს ხარჯავენ რომ შენზე ისაუბრონ ყოველთვის საამაყოდ რჩებოდა ნებიემიერი მოსწავლისთვის, მიუხედავად იმისა პოზიტიურად მოიხსენებდნენ მას ამ საუბარში თუ ნეგატიურად და ყველა ცდილობდა თავიანთი კარგი თუ ცუდი საქციელი მასწავლებელთა ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო და პედსაბჭოზე განსახილველ თემად ქცეულიყო. თუმცა რომ სცოდნოდათ ბავშვებს სინამდვილეში როგორი ტიპის საუბრები წარმოებს პედსაბჭოზე, ეჭვი მეპარება იგივე შემართებით ემოქმედათ. პედსაბჭო ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა მასწავლებლების თვითპიარისა. ბავშვის ნებისმიერი საქციელის (დადებითი იქნება ეს თუ უარყოფითი) განხილვა ხდება მუდმივად თვითპიარის ჭრილში (როგორ აღმოფხვრა მასწავლებელმა მოსწავლის ცუდი საქციელი გაკვეთილზე ან როგორ წააქეზა ბავში კარგი საქციელისკენ). ეს თვითპიარი ხანდახან იმდენად აბსურდული ხდება თავს ვერ ვიკავებ სიცილისგან. სკოლა თითქოს ორად არის გაყოფილი. ერთი არის ბავშვების აზრი ამა თუ იმ მასწავლებლის ჩატარებულ გაკვეთილზე, რასაც ბავშვები ხშირად ყვებიან ხოლმე ორიოდ სიტყვით მაგრამ გასაგებად და მეორე თავად მასწავლებლის აზრი საკუთარ გაკვეთილზე. ერთ-ერთ სასაცილო ფაქტს გავიხსენებ. ბავშვებს მივეცი დავალება რუსულ ენაზე მოეძებნათ მასალა ინტერნეტში რაღაც საკითხთან დაკავშირებით და ბავშვები გამოტყდნენ რომ სიტყვა არ იციან რუსულად თან შემომჩივლეს "ჩვენი რუსულის მასწავლებელი მთელი გაკვეთილი რაღაცეებს გველაპარაკება რუსულად და ჩვენ არაფერი გვესმისო". პედსაბჭოზე რუსულის მასწავლების 30 წუთიანი თვითპიარის მონოლოგის მოსმენის შემდეგ მივხვდი როგორ უნდა იქცეოდეს პედაგოგი რომ დააფასონ.
მოკლედ აღვწერ ორ საინტერესო სიტუაციას რასაც დღეს ქონდა ადგილი პედსაბჭოზე. აღმოჩნდა რომ ამ კვირაში ჩვენი სკოლის დამლაგებლის დაბადების დღე იყო და გვთხოვეს სურვილის და შესაძლებლობის შესაბამისად აგვეგროვებინა ფული და მიგველოცა მისთვის. ჩვენი დამლაგებელი ძალიან საყვარელი, მოხუცებული ქალია და ყველამ დიდი სიამოვნებით დადო ფული. ამის შემდგომ კი რაც მოხდა ჩემს ყველანაირ წარმოდგენას ეწინააღმდეგება. ჩამოწერეს სია, სადაც ჩაიწერა თუ კონკრეტულად ვინ რამდენი დადო, თან რაც ყველაზე საინტერესოა უმრავლესობა მასწავლებლებისა თავზე ედგა სიის შედგენას და კარნახობდა არ გამორჩენოდათ მისი გვარი ან არ შეშლოდათ დადებული თანხის რაოდენობა. შემდგომ აგროვებული თანხა ამ სიის თანხლებით ჩააბარეს იუბილარს და მიულოცეს. ჩემის აზრით რამდენადაც სასიამოვნო ფაქტია როდესაც კოლეგები სიურპრიზს გიკეთებენ დაბადების დღეზე, იმდენადვე უსიამოვნო ფაქტია როდესაც ხელთ გაქვს სია რომ დაადგინო თუ ვისგან რამდენად ხარ "დავალებული" რომ შესაბამის შემთხვევაში თავი არ შეირცხვინო "ვალის" უკლებლად ჩაბარებაში. ასეთი ტიპის "საჩუქარი" უფრო წააგავს ფულის გასესხებას, ვიდრე ადამიანისთვის სიამოვნების მინიჭების მცდელობას,რომელიც საჩუქრის ჩუქნის მთავარ აზრს წარმოადგენს. სამწუხაროდ ეს საქართველოში ძალიან გავრცელებულია. ყველა ცდილობს "ძვირფასი" საჩუარი მიართვას მეორეს,შემდგომ ის მეორე "უფრო ძვირფას" საჩუქარს შეარჩევს პირველისთვის, შემდგომ კვლავ პირველი შეეცდება გადააჭარბოს მეორეს "პატივისცემაში", ბოლოს ხდება ისე რომ ერთ-ერთი ფინანსურად ვეღარ ახერხებს "საკადრისი პატივი სცეს" მეორეს და ქუჩაში მისი დანახვისას "მეორე მხარეს გადადის". ამიტომაც ხდება გაუცხოვება დიდი ხნის მეგობრებს, ან ნათესავებს შორის.
მეორე სასაცილო რამ თავად პედსაბჭოზე მოხდა. ერთი ასაკოვანი მასწავლებელი წამოდგა და ისაუბრა როგორ უნდა შეუწყონ ხელი ახალგაზრდების სწორად განვითარებას და ხელი შეუშალონ მათ ნაადრევ სექსუალურ ცხოვრებაში ჩაბმას. ამის მაგალითად მოიყვანა ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც, როგორ წიგნში ამოუკითხავს (ვახდენ ციტირებას) "თუკი გოგო ქალიშვილი გათხოვდება სახელმწიფო უნაზღაურებს უმაღლესში სწავლის თანხას და ა.შ..." ანუ თავი რომ დავანებოთ თავად ამ ფაქტს (რომ ამ ქვეყანაში ხელმოკლე გოგოები უნდა ქალიშვილები გათხოვდნენ 16 წლის ასაკში რათა უმაღლესში უფასოდ ისწავლონ) უხეშად შეიძლება ვთქვათ რომ "ქალიშვილობის ინსტიტუტის დანერგვა და მოტივირება უნდა ხდებოდეს უკიდურესად ფინანსური მოტივებით". ამიტომაც, უხეში ანალოგიებისგან რომ თავი შევიკავოთ, ვთვლი რომ არასოდეს არ განვითარდება საქართველო და მით უმეტეს განათლების სისტემა სანამ აბსოლუტურად არ შეიცვლება მიდგომა არა მხოლოდ ბავშვების, არამედ ზოგადად ცხოვრების წესის მიმართ.

No comments:

Post a Comment