მოკლედ ამას წინათ მე და ჩემმა მეუღლემ საბოლოოდ გავაცნობიერეთ რომ ალკოჰოლზე და ნიკოტინზე მეტად სერიალებზე გვაქვს დამოკიდებულება. მას შემდეგ რაც 1 თვეში ვუყურეთ desperate houswive-ების 5 სეზონს ( თითო სეზონი 22-23 სერიიანია, მაგრამ 5 სეზონი მხოლოდ 18 სერიამდე იყო, ანუ გამოდის დაახლოებით 133 სერია, რაც სტატისტიკის მიხედვით იქნება დაახლოებით 4,43 სერია დღეში. შემდგომ 2 დღეში ვუყურეთ lie to me-ს 8 სერიას, შემდგომ გადავედით friends-ებზე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ მთელი 10 სეზონია გადაღებული და თითქმის 2 თვე გავიდა რაც მისი ყურება დავიწყეთ, დღეს მეცხრე სეზონს დავამთავრებთ. თანდათან ჩვენი "სერიალური" მომავალი რთული და ბუნდოვანი ხდება რადგან მიუხედავად ამ რეკორდებისა, მაინც გვაქვს მცირეოდენი პრინციპები შემორჩენილი რომ არ ვუყუროთ lost-ს და დებილ ექიმ ხაუსს რომლის ფეხის ტკივილებით გამოწვეული ცინიზმი არაორიგინალურად, არასასაცილოდ გვეჩვენება და საერთოდ ყველას თავისი პრობლემა აქვს და ამ ექიმმა თავისი პრობლემები ჩვენ არ უნდა მოგვახვიოს თავს, ასე მგონია მე. თუმცა ეს თემა ამ საკითხს არ ეხება. მოკლედ სერიალ friends-ების რომელიღაც დასაწყის სეზონებში არის ასეთი საინტერესო პერსონაჯი: голый урод, რომელიც ცხოვრობს მონიკას სახლის მოპირდაპირე მხარეს და მეგობრები ყოველდღე ხედავენ როგორ აკეთებს ეს პერსონაჯი თავის ჩვეულ, ყოველდღიურ საქმეებს ოღონდ აბსოლუტურად შიშველი.უყურებს ტელევიზორს, აწყობს ნაძვის ხეს და ა.შ... ეს ადამიანი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდება კადრში და დატოვებს სერიალს. ყოველთვის მაინტერესებდა როგორ გამოიყურება ეს პიროვნება და რას აკეთებს ხოლმე და მეც მინდოდა ჩემი ფანჯრების წინ ცხოვრობდეს ასეთი უცნაური ადამიანი. თავის მხრივ სიშიშვლეში არაფერია უცნაური, უცნაურია თვითონ სიტუაციები, მაგალითად როგორ თამაშობს მაგიდის ჩოგბურთს შიშველი ადამიანი და წარმოდგენა არა აქვს რომ საპირისპირო სახლიდან ყველაფერი ჩანს. ერთი ასეთი სცენაც იყო, როდესაც მას სძინავს, მეგობრებს ჰგონიათ რომ მოკვდა და პლასტმასის ერთჯერადი ჩანგლებიდან ააწყობენ "შესარჭობ ხელსაწყოს" რომ გაიგონ ცოცხალია თუ არა და 6 ადამიანი ერთად ცდილობს ფანჯრიდან დაუზიანებლად გადაყონ ეს უზარმაზარი "მოწყობილობა" რომ голый урод-ს "შეუჩიჩხინონ".
ხოდა გამახსენდა, ჩემს გვერდით კორპუსში ცხოვრობს ერთი ადამიანი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ აივანზე დგას. ის ჭამნს აივანზე, სვამს აივანზე, ეწევა აივანზე და მეზობლებში დადის ჭორები რომ რომ ისაქმებს კიდევაც აივანზე, თუმცა არ ვიცი ეს რამდენად სწორია. ყოველთვის როცა გავდივარ აივანზე ვხედავ ამ მეზობელს, რომელიც სულ აივანზე დგას, ერთდაიგივე პოზაში, გაუნძრევლად, ხანდახან ყვირის რაღაცეებს, ბავშვებს ეძახის სიგარეტი აუგზავნონ და დიდ თოკმობმულ კალათას ჩამოუშვებს. ხანდახან მერიდება ხოლმე აივანზე გასვლა, მგონია ამ ადამიანმა სულ ზეპირად იცის რომელი მეზობელი რომელ საათზე დგება და გადის სამსახურში,რამდენი ბავშვი ჰყავს ან ჰყავს თუ არა, კვირაში რამდენჯერ რეცხავს სარეცხებს და რამდენი კვირა უკიდია ხოლმე ეს სარეცხები გასაშრობად (ეს მხოლოდ მე მეხება, რადგან ხანდახან თვეობით მავიწყდება სარეცხების ჩამოხსნა, მანამ სანამ მათი ჩაცმა არ დამჭირდება და თითო თითოდ ვხსნი, ანუ წინასწარ იცის ხოლმე მე ან ჩემს მეუღლეს რა გვეცმევა იმ დღეს). და არ ვიცი, ეს მე ვაკვირდები მას და მევთვლი რომ ის ისეთივე უცნაური მეზობელია, როგორც სერიალში თუ ის პირიქით გვაკვირდება ჩვენ.
No comments:
Post a Comment