Showing posts with label ალდაგი ბისიაი. Show all posts
Showing posts with label ალდაგი ბისიაი. Show all posts

Thursday, June 13, 2013

ალდაგი ბისიაის კიდევ ერთი თაღლითურ/გამომძალველური სქემა.

კიდევ ერთი აღშფოთებული პოსტი უნდა მივუძღვნა ალდაგი ბისიაის ფრიად საეჭვო საქმიანობას რასაც,მიუხედავად ჩემი ფრიად მწირი იურიდიული ტერმინოლოგიის ცოდნისა, გამომძალველობის მეტს ვერაფერს დავარქმევ.

შევეცდები მოკლედ მოვყვე ისტორია. ამტკივდა კბილი. ჩავიხედე ალდაგი ბისიაის სადაზღვევო ბარათში და აღმოვაჩინე რომ "გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება" მინაზღაურდება 100%-ით. დავრეკე ალდაგში და ვიკითხე რას წარმოადგენს "გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება". მიპასუხებს რომ ეს მოიცავს მტკივანი კბილის გაყუჩებას ან ექსტრაქციას. რადგანაც მტკივანი კბილი სიბრძნის კბილი იყო და მის დაბჟენას არ ვაპირებდი, გახარებული წავედი მათ პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში უფასო ექსტრაქციისთვის, სადაც ქირურგმა განმიცხადა რომ მოცემული კბილი არ შედის გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებაში და შედის გეგმიურში, ანუ 50% ექსტრაქციისა მაინც უნდა გადავიხადო. მოკლედ აქ იყო ჩემი დაბნეული: "ააამმ....მარა....მტკივა....ღამე არ მეძინა...ამმ...მტკივნეული კბილის ექსტრაქცია...გადაუდებელი....აგერ ხომ წერია". მოკლედ ქირურგმა უხეშად მომხალა: "ქალბატონო, ეგრე ხალხი წლობით ცხოვრობს მტკივანი კბილებით, გამაყუჩებელი დალიეთ და მეორე მხარეს ღეჭეთ". მზად ვიყავი ის რაღაც "ჩასაფურთხი მოწყობილობა" თავზე გადამემტვრია ქალბატონისთვის მაგრამ თავი შევიკავე, ათჯერ ღრმად ჩავისუნთქე და მუქარის ტონით ვუთხარი "კარგით დავრეკავ მაშინ სადაზღვევოში და გავიგებ" რაშინ იგულისხმებოდა "კუდით ქვას გასროლინებთ თქვე წყეულებო, სასწრაფოდ ჩემ სადაზღვევოს დავურეკავ რომელიც ჩემზე ზრუნავს და მერე ნახეთ თქვენ რა სეირი დაგადგეთ", მოკლედ ფრიად კმაყოფილი წამოვედი, გულში შურისძიების გეგმებს ვაწყობდი და თან წინასწარ ვტკბებოდი ჩემი გარდაუვალი გამარჯვების მოლოდინში.

მოკლედ კიდევ ერთხელ ვრეკავ ალდაგში. კითხვაზე - რა შედის გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებაში იგივე პასუხს მაძლევენ: - მტკივანი კბილის გაყუჩება ან ექსტრაქცია.
-თქვენ პროვაიდერ კლინიკაში ვიყავი და ექსტრაქციაზე მტკივანი კბილით 50%-ის გადახდას კიდევ მთხოვენ - ნიშნის მოგებით ვპასუხობ მე - და ვერ გავიგე რა ხდება? რასთან გვაქვს საქმე? (მრავლობითში, რადგან ჩემი სადაზღვევო ჩემს მხარესაა, ჩემს უფლებებს იცავს და სულ კუდით ქვას ასროლინებს უნამუსო ქირურგებს)
-შეკეთებას არ ექვემდებარება?
-არა, სიბრძნის კბილია.
 -ააა...სიბრძნის? თუ სიბრძნის არის მაშინ...აამმ...მისი ექსტრაქცია გეგმიურში შედის.
-მაგრამ რომ მტკივა?
-მაინც გეგმიურში შედის, თქვენს დოკუმენტაციაში მითითებულია ეს.

მოკლედ ვფურცლავ მათ მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციას და მსგავს პუნქტს რომ "მტკივანი კბილის გაყუჩება და ექსტრაქცია ექვემდებარება გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას გარდა სიბრძნის კბილისა, რომლის ექსტრაქცია მიუხედავად აუტანელი ტკივილებისა და ნათევი ღამეებისა, გეგმიურ მომსახურებაში გადის" ვერ ვხედავ და ვრეკავ თავიდან. საუბრის დასაწყისი იგივე თუმცა გაგრძელება სხვაგვარად ხდება:
-ფაქტს კბილი გადაუდებელია თუ არა განსაზღვრავს ექიმი.
-კი მაგრამ ექიმმა მითხრა რომ დოკუმენტები თქვენ უნდა წარმოგიდგინოთ რის შემდეგაც შეაფასებთ რამდენად ჭეშმარიტი იყო ექიმის გადაწყვეტილება მოქცეულიყო ეს კონკრეტული კბილი "გადაუდებელთა" სიაში და ანაზღაურებაც, თქვენი თუ ჩემი მხრიდან, შესაბამისად მოხდება. თუ შეიძლება მომაწოდოთ თქვენი კრიტერიუმები იმის შესახებ, როგორი ტიპის კბილის ტკივილია გადაუდებელი და რომელი არა.
-მსგავსი კრიტერიუმები არ გვაქვს, ამას განსაზღვრავს ექიმი.
-მაგრამ ექიმმა მითხრა რომ თქვენ უნდა წარმოგიდგინოთ სურათი რომ დაამტკიცოს გადაუდებელი იყო თუ არა. თუ შეიძლება მომაწოდეთ დოკუმენტი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს.
-მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს.
მოკლედ ამას მცირეოდენი წივილკივილი, მუქარა და ლანძღვა მოყვა ჩემის მხრიდან, სადაც გათახსირებული უნამუსო მატყუარა გამომძალველები ვუძახე ყველას, ხოლო პასუხი ქალბატონის მხრიდან იყო მხოლოდ:
-მსგავსი დოკუმენტი არ გვაქვს იმიტომ რომ არ არსებობს. ამას ადგენს ექიმი დიაგნოზის საფუძველზე!

მინდოდა მეკითხა რამხელა ანაზღაურება ჰქონდა ამ ოპერატორს რომ მსგავსი ზარების ატანა და აშკარა უნამუსო ტყუილების შეთხზვა (ან სხვისი შეთხზულის მრავალჯერადი გამეორება) უწევს მაგრამ ეს სხვა საკითხია.

მოკლედ კიდევ ერთხელ წავედი ექიმთან, რომელმაც სურათი გადამიღო, მანახა და ამიხსნა რომ კბილი გადაუდებელში არ ითვლება თუ კბილის გარშემო კიდევ არსებობს ყბის ძვალი და რომ საშუალოდ 3-4 წელიწადის წვალების შემდეგ ჩემი კბილის ირგვლის ყბის ძვალი გაქრება, რომელიც რენდგენის სურათზე შავ წერტილად გამოჩნდება და კბილის მიმდებარე ტერიტორიის მინიმუმ 1/3 დაიჭერს, რის შედეგადაც კბილი გადაუდებელში გავა. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებულია თავად ალდაგი ბისიაის მიერ და თუკი ამ პირობებს კბილი არ აკმაყოფილებს და ექსტრაქცია 100%-იანი პაკეტით ნაზღაურდება: 1) ექიმი ვერ მიიღებს დაფინანსებას; 2)ექიმს გაუუქმდება კონტრაქტი სადაზღვევოსთან.

რომელს ვენდობი? რა საკვირველია ექიმს, რომელმაც ამიხსნა სიტუაცია, და არა ალდაგს, რომელსაც თავისი სადაზღვევო პაკეტების შესალამაზებლად ფორმალურად უწერია 100% გადაუდებელი სტომატოლოგიის გასწვრივ, თუმცა რასაკვირველია რეალურად ამ მომსახურების გამოყენება შეუძლებელია (არავინ დაიცდის 3-4 წელი მტკივანი კბილით ძვლის ჩაშლამდე, პარალელურად ყოველთვიურად გადაიხდის ალდაგი ბისიაის კუთვნილ თანხას საკუთარი ხელფასიდან 15 ლარის დასაზოგად, რაც კბილის ექსტრაქციის 50%-ს წარმოადგენს).

საკმაოდ დიდი გამომივიდა მაგრამ მოკლედ რა მინდოდა მეთქვა. ოდესმე იქნება ის დრო, როცა ჩვენ, ხალხი, მომხმარებლები, გადამხდელები, გამარჯვებულები გამოვალთ მსგავსი ტიპის კორპორატიულ უნამუსობასთან ბრძოლაში?

Monday, August 20, 2012

ალდაგი ბისიაი ანუ ძარცვა ყველა კანონის დაცვით.

ვიცი რომ ჩემი ბლოგი მკითხველების დიდი რაოდენობით არ გამოირჩევა (ძირითადად იმიტომ, რომ არაფერს ვაკეთებ ამისთვის. არ ვარ გაწევრიანებული ე.წ. "ბლოგერებთა კლუბებში", არ ვაშეარებ ფორუმებზე, არ ვაქტიურობ სხვა ბლოგერების გვერდებზე და ა.შ რადგან ვთვლი რომ ეს სისულელეა, თუმცა ამაზე მერე.) ძირითადად 5 ჰა ჰა 10 მკითხველი თუ შემოიხედავს ხოლმე. დავიჯერო ამ მკითხველებიდან არავინ არ არის დაზღვეული ალდაგი ბისიაიში? და თუ კი მაშინ მეორე შეკითხვაც მიჩნდება: სადამდე შეიძლება მათი ბებიების მოსაქმებულით ვიკვებოთ? რადგან ვთვლი რომ ეს ერთერთი (და არა ერთადერთი) ფირმაა, რომელის ექსტრა დიდი პორციებით გვთავაზობს მათი პატივცემული ბებიების მოსაქმებულს და ჩვენც მორჩილად ვუღებთ პირს ყოველი შემდგომი კოვზის შემოწოდებისას.

მოკლედ დავწერ რაშია პრობლემა. დაზღვეული ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კორპორატიული დაზღვევით. ყოველ დარიცხულ ხელფასზე გადასახადი მომენტალურად იჭრება, თუმცა სადაზღვევო სიტუაციის დადგომისას მაქსიმალურად ცდილობენ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ. ამისთვის ყავთ ოჯახის ექიმები,რომელებთანაც ჩაწერა 1 კვირით ადრე ხდება და რომელთა მოვალეობაა საჭირო გამოკვლევების რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანონ, მაქსიმალურად შეგზღუდონ პროვაიდერ კლინიკებში ვიზიტისგან და ნებისმიერი საშუალებით თავიდან აირიდონ მათი არაპროვაიდერებში გაგზავნა (ამაზე ადრეც ვწერდი http://hiimfine.blogspot.com/2012/04/how-things-are-done-in-georgia_15.html )

რა ხდება გადაუდებელი დახმარების საჭუროების შემთხვევაში? როდესაც დრო არ გაქვს ოჯახის ექიმთან ვიზიტს 1 კვირა ელოდო და შემდგომ გადამისამართებაზე ეხვეწო? ამაზე პასუხად ალდაგს თავის საიტზე უწერია, რომ :
სასწრაფო სამედიცინო დახმარება
მომსახურება ითვალისწინებს ნებისმიერი ლიცენზირებული კერძო (ფასიანი) სასწრაფო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას, რაც მოიცავს ბინაზე ყველანაირი გადაუდებელი დახმარების გაწევის და შესაბამისი პროფილის კლინიკაში ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას, მათ შორის რეგიონებიდან ტრანსპორტირებას.
ჩვენი სამედიცინო პროვაიდერის გამოძახების შემთხვევაში თქვენ არ გადაიხდით თანხას, საკმარისი იქნება მხოლოდ სადაზღვევო პოლისის წარდგენა. თუ თქვენ მიმართავთ სხვა სასწრაფო დახმარების სამსახურს, გადაიხდით  მომსახურების მთლიან საფასურს და სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად მოგვმართავთ ჩვენ.
  ამის წაკითხვის შემდგომ, გადაუდებელი პრობლემის დადგომისას, მივაკითხე ერთ-ერთ არაპროვაიდერ კლინიკას, სადაც ჩავიტარე გამოკვლევები, ყველა საბუთი გავაფორმე და ალდაგს მივადექი ანაზღაურების მიზნით.

თურმე ნუ იტყვით და ეს კორპორატიულ კლიენტებს არ ეხებათ (ამის დაწერა რატომღაც "დაავიწყდათ" საიტზე), შესაბამისად პრეტენზიების განყოფილებაში, ვინმე ხეპრე ქალბატონმა თვითკმაყოფილი სახით მითხრა რომ "რადგანაც პროცედურა დარღვეულია და არაპროვაიდერ კლინიკაში ოჯახის ექიმის მიმართვის გარეშე მიბრძანდით, ალდაგი არ არის ვალდებული გამოკვლევების ხარჯები აგინაზღაუროთ"

თურმე ეს პუნქტი ჩემს ხელშეკრულებაშიც იდო. ჩემს კითხვაზე - რატომ არ მანახეს ეს ხელშეკრულება დაზღვევის აღებისას, ალდაგმა ხელები სასწრაფოდ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფკავშირებს გადააწმინდა. 

-კი მაგრამ მე ხომ თქვენი კლიენტი ვარ, ჩემს მიერ გადახდილი ფული ხომ თქვენთან მოდის და არა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფკავშირებში? აბა თქვენ ვალდებული არ ხართ ეს ინფორმაცია ან პირადად მომაწოდოთ, ან საიტზე მაინც დადოთ კოპრორატიული კლიენტების განყოფილებაში? თქვენი კლიენტების ჯანმრთელობაზე და ინფორმატიულობაზე ზრუნვა ხომ თქვენი საქმეა?

აი აქ წავაწყდი აბსოლუტურ კედელს, აბსოლუტურად არაადამიან, ცივსისხლიან პიროვნებას, რომელიც წინ მეჯდა, პირდაპირ ჩამყურებდა თვალებში და ფეხებზე ეკიდა ჩემი გასაჭირიც, ჩემი პრეტენზიაც და რობოტივით მიკითხავდა წესებს და კანონებს, რომლის მიხედვითაც ჩემი დამზღვეველი კომპანია არანაირ ვალდებულებას არ იღებს თავზე, გარდა ფულის დროული ჩამოჭრისა. ყველაზე მეტად საწყენი ის არის, რომ ამ კომპანიას, რომელსაც უზარმაზარი კლიენტურა ყავს, უარის თქმის ზრდილობიანი ფორმაც არ შეუმუშავებიათ ჯერ. არც ფიქრობენ, რომ პრეტენზიების მიმღები პიროვნება უნდა შედიოდეს კლიენტის მდგომარეობაში და მაქსიმალურად ცდილობდეს დახმარებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

შეიძლება გასაღების სროლა და დედის გინება უკვე ზედმეტობა იყო ჩემის მხრიდან..მმმ...თუმცა არა, პირიქით, ეს ერთადერთი ადეკვატური პასუხი იყო სიტუაციაზე იმიტომ რომ:

I'm as MAD as HELL
and I'm NOT going to take this ANYMORE!"
THINGS have GOT to CHANGE my friends!!!!!! (c) Network
 

 

Sunday, April 15, 2012

მედიცინა, მედიკამენტები და ჯანმრთელობის დაზღვევა ანუ How things are done in Georgia

არ მიყვარს აბსტრაქტული, მაღალ-იდეოლოგიური მორალით გაჯერებული პოსტები, ამიტომ პირდაპირ საკუთარი ისტორიებით დავიწყებ.

როგორ კი მშობლების ოჯახს გამოვეყავი, ალდაგის დაზღვევა ავიღე და პირველი 1 წელი სულ ტყუილად ვიხდიდი გადასახადს, არაფერი დამჭირვებია. მეორე წელს უკვე მომიწია დაზღვევის გამოყენება, მაგრამ აღმოჩნდა ეს არც ისე მარტივია როგორც სადაზღვევო ბუკლეტები გვატყობინებენ. როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს, ჯერ უკავშირდები სადაზღვევოს ცხელ ხაზს, რომელსაც ევალება ჩაგწეროს პირად ექიმთან. ჯანმრთელობაზე ზრუნვა საქართველოში როგორც წესი მაშინ ხდება როდესაც რამე ძალიან გაწუხებს და ექიმის დახმარება გადაუდებელია. აქ იწყება პირველი პრობლემები. ცხელი ხაზი ცდილობს მაქსიმალურად გადაგიწიოს ექიმთან ვიზიტის ვადა და "ადგილების უქონლობის" გამო ექიმთან 1 კვირის შემდეგ გწერს. თავიდან ამ ფაქტს ეგუები და ექიმთან 1 კვირის შემდგომ მიდიხარ და ხვდები რომ თავდაპირველი ინფორმაცია "დროის უქონლობაზე" საერთოდ არ შეეფერება სინამდვილეს და ოჯახის ექიმებს დრო თავზესაყრელად აქვთ (განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში), ამიტომ შემდეგ ჯერზე უკვე გაბრაზებული რეკავ სადაზღვევოში და სკანდალით ან დასაზღვევო კომპანიის შეცვლით იმუქრები. ამ შემთხვევაში ოჯახის ექიმთან მეორე დღესვე გწერენ.

ოჯახის ექიმს არაფერი კონკრეტული არ ევალება, უბრალოდ გადაგამისამართებს სხვა ექიმთან და აქ იწყება ბიუროკრატიის მთელი ჯაჭვი:
1)ჯერ გჭირდება ამ სხვა ექიმთან გადამისამართების დოკუმენტები. დაზღვევა გინაზღაურებს მხოლოდ კონსულტაციის თანხას.
2)შემდგომ ექიმი კონსულტაციის შედეგად გაძლევს დოკუმენტებს, თუ რა გამოკვლევა გჭირდება და ამ დოკუმენტებით ბრუნდები ოჯახის ექიმთან.
3)ოჯახის ექიმი გაძლევს დოკუმენტებს რომ ეს გამოკვლევა მართლაც საჭიროა. ამ დოკუმენტებით ბრუნდები გადამისამართებულ ექიმთან.
4)ექიმი გაძლევს დოკუმენტებს რომ ეს გამოკვლევა ჩაგიტარდა, გიწერს მედიკამენტებს და ბრუნდები ოჯახის ექიმთან.
5)ოჯახის ექიმი გიწერს რომ ეს მედიკამენტები მართლაც გჭირდება და გაძლევს დოკუმენტებს აფთიაქში წარსადგენად.
6)ამ ყველა დოკუმენტით მიდიხარ აფთიაქში წამლებზე ფასდაკლების მისაღებად.

ასეთ ტიპის ბიუროკრატიას მოსდევს უამრავი პრობლემები:
1)ამ დოკუმენტებით სირბილი პროვაიდერი კლინიკიდან ცენტრალურ სადაზღვევო კლინიკაში, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და ამ საუკუნის შესაბამისი დროის უქონლობის გამო იძულებული ხარ დათანხმდე სადაზღვევოს კლინიკაში მყოფი ექიმის მომსახურებაზე. დრო ამ შემთხვევაშიც დიდი მიდის რადგან გადამისამართებულ ექიმთან ჩაწერილი არ ხარ, ამიტომ გიწევს ჩაწერილი პაციენტების რიგში დგომა. შემდგომ უკან ოჯახის ექიმთან დოკუმენტების სატარებლად კვლავ არ ხარ ჩაწერილი და კვლავ ჩაწერილი პაციენტების რიგში დგახარ.

2)თავად სადაზღვევო კლინიკაში მოქმედი ექიმები მსუბუქად რომ ვთვათ არაკომპეტენტურები არიან და თან ცდილობენ მაქსიმალურად მცირე რაოდენობის გამოკვლევები ჩაგიტარონ. თუ თავად არ ხარ გათვიცნობიერებული სამედიცინო სფეროში და არ იცი რა გამოკვლევებია საჭირო, ადვილად მოგატყუებენ და რამოდენიმე მსუბუქი ანალიზის შედეგად პოზიტიური ცნობებით გამოგიშვებენ.

3)რაც არ უნდა მსუბუქი დიაგნოზი დაგისვან, ექიმი საჭირო მედიკამენტების სიაში აუცილებლად წერს მინიმუმ ერთ პრეპარატს, რომელზეც დაზღვევა არ მოქმედებს და ეს სწორედ ის პრეპარატებია, რომლის თითო აბის/კაფსულის ფასი 15-დან 30-ლარამდე მერყეობს.

თუმცა სარეკლამო ბუკლეტებში მარტივ გამოსავალზეც არის საუბარი. შეგიძლია, ნებისმიერი, სადაზღვევო კომპანიის არაპროვაიდერი კლინიკა აირჩიო, მათთან გაიარო გამოკვლევების კურსი და შემდგომ დოკუმენტების მთელი დასტით სადაზღვევო კლინიკაში მიხვიდე, სადაც ეს კვლევები და დანიშნული მედიკამენტების ფასები აგინაზღაურდება. გადმოცემით ვიცი რომ აქაც არ არის საქმე მარტივად და უფრო ზუსტად ამის შესახებ მომავალში ვისაუბრებ.

ახლა სხვა პრობლემა ჩნდება - მოძებნო, თუნდაც არაპროვაიდერი კლინიკა, რომელსაც შენს ჯანმრთელობას ანდობ. ძებნა, ჩემს შემთხვევაში, იწყება ინტერნეტით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნორმალური საიტი (და ნორმალურში იგულისხმება მონაცემები ექიმებზე, გამოკვლევების ფასები და ა.შ) სულ რამოდენიმე კლინიკას აქვს. ასეთ კლინიკებში გამოკვლევების ფასი ჯერ ხომ ასტრონომიულია, შემდგომ პრეპარატების დანიშვნა უცნაურად ხდება. ნებისმიერ, ყველაზე მსუბუქ დიაგნოზზეც კი ინიშნება წამლები, რომელთა ფასი 50-იდან 100 ლარამდე მერყეობს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ იცი, ამ წამლების თანხები აგინაზღაურდება თუ არა სადაზღვევოდან. მეორე პასუხგაუცემელი კითხვა რაც გიჩნდება-საჭიროა კი ეს მედიკამენტები რეალურად? სწორად არის თუ არა გამოწერილი?

გუშინ წინ ვიყავი საკმაოდ კარგად რეკლამირებულ კლინიკაში, 4 წამალში 180 ლარი გადავიხადე, დანარჩენების ფასები გავარკვიე და და მათი ყიდვა მომავლისთვის გადავდე. ნაყიდი პრეპარატები სახლში მოვიტანე და დავიწყე ინსტრუქციები კითხვა. შემდგომ გადავხედე დანიშნულებას და ვნახე რომ დანიშნულებაში მოცემული წამლის დოზები 2-4-ჯერ აჭარბებს ინსტრუქციაში რეკომენდირებულ წამლის დოზებს. აქ კი უკვე გამცრა ტანში თან არ წარმომიდგენია რა უნდა გავაკეთო. კი, ჩემს ექიმს დავუკავშირდები, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება მისი კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენება? თან ტელეფონით? არ ვიცი.

ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია, შენ იყო კარგად და ფულს ჩივი?-მეკითხება დედაჩემი და ჩემი პასუხია - კი, ვჩივი. ვასაჩივრებ მედიკამენტების ფასებს, ეჭვქვეშ ვაყენებ ნებისმიერი ქართველი ექიმის კომპეტენციას, ვჩივი იმ ხალხის მაგივრადაც, რომლებიც მიზერული ხელფასით ცხოვრობენ და ექიმების უნამუსო ყვლეფის მსხვერპლნი არიან და ვასაჩივრებ საზოგადოებას, რომელიც ხმას არ იღებს ამ ყველაფრის შესახებ.