Showing posts with label I'm as MAD as hell. Show all posts
Showing posts with label I'm as MAD as hell. Show all posts

Friday, July 11, 2014

ჯიდიესის მიერ ტრაკზე დაკრული შალახოს შესახებ!

ჯიდიესზე გასული გადაცემის ფრაგმენტის და მისი გამოხმაურებების ნახვის  შემდგომ კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს წინა ბლოგპოსტებს და მივხვდი რომ გენდერული უთანასწორობის ეს მასიური პრობლემა მაინც ვერ ჩამომყავს იმ საერთო უმეცრების დონემდე, რომელსაც ჯერ უნდა გაუთანაბრდე, რომ შემდგომ შესაძლებელი იყოს მასზე რაიმე ტიპის (ადამიანთა თანასწორობის) კონცეპტის დაშენება ისე რომ შენსა და საშ. სტატ. მკითხველს შორის "ხიდჩატეხილობის" პრობლემა არ წარმოიშვას. მარტო მე კი არა მგონი ვერავინ ვახერხებთ და ეს გენდერული თანასწორობის კონცეპტი გვრჩება ასე ჰაერში გამოკიდებული ძეხვივით, კატა რომ ვერ სწვდება.

ძირითადი კითხვა, რაც ამ ვიდეოს გავრცელების შემგომ ისმებოდა ასე გამოიყურებოდა:
 რა შუაშია ამ გადაცემასთან სექსიზმი? ეს ქალები არავინ არ აიძულა მსგავს გადაცემაში მიეღოთ მონაწილეობა, საკუთარი სურვილით მივიდნენ. რა შუაშია აქ გენდერული ჩაგვრა?

პასუხი მარტივია: ამ ქალებისთვის რომ ეიძულებინათ გადაცემაში მონაწილეობა, ეს სექსიზმი კი არა ტრეფიკინგი იქნებოდა. ფაქტი რომ ქალებმა გადაცემაში საკუთარი ნებით მიიღეს მონაწილეობა, არ ცვლის გადაცემის წამყვანთა და პროდუსერთა ძირითად დამოკიდებულებას ქალებისადმი რაც არის ქალის ობიექტივაცია, კერძოდ კი - ქალის სხეულის გამოყენება უსულო საგნად, ტამტამებად. ქალის გამოყენება საკუთარი ნებელობის არმქონე სექსუალურ ობიექტად, რომელზეც კაცს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი, მისთვის სასურველი, მოქმედება ყოველგვარი დაფიქრების და გაანალიზების გარეშე თუ რამდენად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი შეიძლება იყოს ეს მოქმედება პიროვნებისთვის (კონკრეტულად ამ გოგონებს არ ვგულისხმობ, მაგრამ უამრავმა ჩვენგანმა ამ ვიდეოს ნახვის შემდგომ თავი საოცრად დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვიგრძენით). ამ ვიდეოში ქალები აღიქმებიან ობიექტებად, რომელიც შეგიძლია იყიდო (გადაუხადო ფული გადაცემაში მონაწილეობისთვის) და გამოიყენო ობიექტად (გახადო კაბა, გადაკუზო, ტრაკზე დაუკრა და ასე შემდეგ), ხოლო მამაკაცები სუბიექტებად, რომლებიც ახორციელებენ მსგავს მოქმედებას და რაც ყველაზე საზარელი იყო ამ ვიდეოში, მხიარულად ცეკვავენ უკანა ფონზე. მგონი საჭიროა ასევე განიმარტოს რატომ არის ქალების ობიექტივიზაცია ცუდი რადგან ბევრს ვსაუბრობთ ამ ობიექტივიზაციაზე და ეჭვი მაქვს ცოტას ესმის რა უარყოფითი შედეგები მოყვება ქალების ობიექტივიზაციას: ქალების სექსუალური ობიექტივიზაციისას ქალი აღარ აღიქმება როგორც პიროვნება თავისი ნებელობით და თავმოყვარეობით, არამედ რომელიც ნივთი,პასიური სექსუალური ობიექტი, რომელიც შეგიძია გამოიყენო სექსუალური კონტაქტისთვის ან მასზე სხვადასხვა ტიპის მოქმედებების შესრულებისთვის. მსგავს სტერეოტიპებში მამაკაცი არის სუბიექტი, რომელიც მოქმედებს მის მფლობელობაში არსებულ ობიექზე.  ხდება ქალების დეჰუმანიზება, ქალების წარმოჩენა როგორც მხოლოდ სექსუალური სხეულის ნაწილების ერთობა, და არა როგორც სრულყოფილი პიროვნება რაც თავისთავად კარებს ხსნის ქალების მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობისკენ. შესაბამისად მსგავსი ტიპის სტერეოტიპების გამყარება ტელევიზიის მიერ მას შემდგომ, რაც საქართველოში მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობის სტატისტიკა ასეთ საზარელ მასშტაბებს იღებს, აბსოლუტურად მიუღებელი და შეუწყნარებელი მოქმედებაა.

ამ ვიდეოს ასევე ძალიან ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოყვა აბსოლუტურად არარელევანტურ ჭრილში, რაც იყო: ქართული ფოლკლორის და ტრადიციების აბუჩად აგდება, ქართველი ქალის "ხატის" დარღვევა და ა.შ. რაც კიდევ უფრო მაშფოთებს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც სექსიზმს ვერ ხედავენ. ერთი კითხვა მიჩნდება: ამ ქალბატონების უკანალებზე შოუს წამყვანებს მანდილი რომ გადაეფარებინათ, მსგავსი ტიპის უარყოფითი გამოხმაურება მაინც მოყვებოდა თუ ადამიაანები მშვიდად შეხედავდნენ ქალის ობიექტივიზაციის ამ საშინელ ვიდეოს? არის თუ არა ამ ტიპის ადამიანებისთვის ქალი, როგორც ადამიანი, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ქართული ფოლკლორი და ტრადიციები? განიხილავენ თუ არა ისინი ქალებს, როგორც სრულფასოვან ადამიანებს საერთოდ?

ასევე მაშფოთებს ადამიანები, რომლებიც ამ ვიდეოს - ქალის ემანსიპაციად და სექსუალურ თავისუფლებად აღიქვამენ რადგან პირდაპირ ჩანს რომ არც ეს ადამიანები აღიქვამენ ქალებს, როგორც სრულფასოვან ადამიანებს. პატივცემულებო, ქალის სექსუალური რევოლუცია და სექსუალური თავისუფლება არ ნიშნავს რომ ქალებმა "ქუხნის და დედის"  სტერეოტიპიდან პირდაპირ სექსუალური ობიექტების სტერეოტიპებში ისკუპონ. თქვენთვის ქალის სექსუალური თავისუფლება იმდენად  ქალის სექსუალურ თავისუფლებად არ აღიქმება, რამდენადაც თქვენს საკუთარ თავისუფლებად, კიდევ დამატებითი ტიპის დომინაცია მოიპოვოთ ქალებზე, სამყაროში, სადაც ქალები მამაკაცების მიერ ანიმირებულ სექსუალურ მარიონეტებად იქცევიან.

ასევე წავიკითხე სტატია რომ ამ გადაცემის "შემომქმედები" ბოდიშის მოხდას არ აპირებენ და არც გამკვირვებია და რომც მოეხადათ, მსგავს გადაცემის შექმნას და ეთერში გაშვებას ათასი ბოდიში არ ეყოფა და სანამ მსგავსი ადამიანებს ერთხელ და საბოლოოდ არ ჩამოერთმევათ უფლება მასმედიის ნებისმიერი ხარისხის სადავეებთან 500 მეტრზე ახლოს მიკარების, ნებისმიერი იდეა, საქართველოში არსებული უმძმესი გენდერული უთანასწორობისა თუ ძალადობის პრობლემების აღმოფხვრისა, წმინდა წყლის ილუზიაა.

Monday, August 20, 2012

ალდაგი ბისიაი ანუ ძარცვა ყველა კანონის დაცვით.

ვიცი რომ ჩემი ბლოგი მკითხველების დიდი რაოდენობით არ გამოირჩევა (ძირითადად იმიტომ, რომ არაფერს ვაკეთებ ამისთვის. არ ვარ გაწევრიანებული ე.წ. "ბლოგერებთა კლუბებში", არ ვაშეარებ ფორუმებზე, არ ვაქტიურობ სხვა ბლოგერების გვერდებზე და ა.შ რადგან ვთვლი რომ ეს სისულელეა, თუმცა ამაზე მერე.) ძირითადად 5 ჰა ჰა 10 მკითხველი თუ შემოიხედავს ხოლმე. დავიჯერო ამ მკითხველებიდან არავინ არ არის დაზღვეული ალდაგი ბისიაიში? და თუ კი მაშინ მეორე შეკითხვაც მიჩნდება: სადამდე შეიძლება მათი ბებიების მოსაქმებულით ვიკვებოთ? რადგან ვთვლი რომ ეს ერთერთი (და არა ერთადერთი) ფირმაა, რომელის ექსტრა დიდი პორციებით გვთავაზობს მათი პატივცემული ბებიების მოსაქმებულს და ჩვენც მორჩილად ვუღებთ პირს ყოველი შემდგომი კოვზის შემოწოდებისას.

მოკლედ დავწერ რაშია პრობლემა. დაზღვეული ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კორპორატიული დაზღვევით. ყოველ დარიცხულ ხელფასზე გადასახადი მომენტალურად იჭრება, თუმცა სადაზღვევო სიტუაციის დადგომისას მაქსიმალურად ცდილობენ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ. ამისთვის ყავთ ოჯახის ექიმები,რომელებთანაც ჩაწერა 1 კვირით ადრე ხდება და რომელთა მოვალეობაა საჭირო გამოკვლევების რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანონ, მაქსიმალურად შეგზღუდონ პროვაიდერ კლინიკებში ვიზიტისგან და ნებისმიერი საშუალებით თავიდან აირიდონ მათი არაპროვაიდერებში გაგზავნა (ამაზე ადრეც ვწერდი http://hiimfine.blogspot.com/2012/04/how-things-are-done-in-georgia_15.html )

რა ხდება გადაუდებელი დახმარების საჭუროების შემთხვევაში? როდესაც დრო არ გაქვს ოჯახის ექიმთან ვიზიტს 1 კვირა ელოდო და შემდგომ გადამისამართებაზე ეხვეწო? ამაზე პასუხად ალდაგს თავის საიტზე უწერია, რომ :
სასწრაფო სამედიცინო დახმარება
მომსახურება ითვალისწინებს ნებისმიერი ლიცენზირებული კერძო (ფასიანი) სასწრაფო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას, რაც მოიცავს ბინაზე ყველანაირი გადაუდებელი დახმარების გაწევის და შესაბამისი პროფილის კლინიკაში ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას, მათ შორის რეგიონებიდან ტრანსპორტირებას.
ჩვენი სამედიცინო პროვაიდერის გამოძახების შემთხვევაში თქვენ არ გადაიხდით თანხას, საკმარისი იქნება მხოლოდ სადაზღვევო პოლისის წარდგენა. თუ თქვენ მიმართავთ სხვა სასწრაფო დახმარების სამსახურს, გადაიხდით  მომსახურების მთლიან საფასურს და სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად მოგვმართავთ ჩვენ.
  ამის წაკითხვის შემდგომ, გადაუდებელი პრობლემის დადგომისას, მივაკითხე ერთ-ერთ არაპროვაიდერ კლინიკას, სადაც ჩავიტარე გამოკვლევები, ყველა საბუთი გავაფორმე და ალდაგს მივადექი ანაზღაურების მიზნით.

თურმე ნუ იტყვით და ეს კორპორატიულ კლიენტებს არ ეხებათ (ამის დაწერა რატომღაც "დაავიწყდათ" საიტზე), შესაბამისად პრეტენზიების განყოფილებაში, ვინმე ხეპრე ქალბატონმა თვითკმაყოფილი სახით მითხრა რომ "რადგანაც პროცედურა დარღვეულია და არაპროვაიდერ კლინიკაში ოჯახის ექიმის მიმართვის გარეშე მიბრძანდით, ალდაგი არ არის ვალდებული გამოკვლევების ხარჯები აგინაზღაუროთ"

თურმე ეს პუნქტი ჩემს ხელშეკრულებაშიც იდო. ჩემს კითხვაზე - რატომ არ მანახეს ეს ხელშეკრულება დაზღვევის აღებისას, ალდაგმა ხელები სასწრაფოდ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფკავშირებს გადააწმინდა. 

-კი მაგრამ მე ხომ თქვენი კლიენტი ვარ, ჩემს მიერ გადახდილი ფული ხომ თქვენთან მოდის და არა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფკავშირებში? აბა თქვენ ვალდებული არ ხართ ეს ინფორმაცია ან პირადად მომაწოდოთ, ან საიტზე მაინც დადოთ კოპრორატიული კლიენტების განყოფილებაში? თქვენი კლიენტების ჯანმრთელობაზე და ინფორმატიულობაზე ზრუნვა ხომ თქვენი საქმეა?

აი აქ წავაწყდი აბსოლუტურ კედელს, აბსოლუტურად არაადამიან, ცივსისხლიან პიროვნებას, რომელიც წინ მეჯდა, პირდაპირ ჩამყურებდა თვალებში და ფეხებზე ეკიდა ჩემი გასაჭირიც, ჩემი პრეტენზიაც და რობოტივით მიკითხავდა წესებს და კანონებს, რომლის მიხედვითაც ჩემი დამზღვეველი კომპანია არანაირ ვალდებულებას არ იღებს თავზე, გარდა ფულის დროული ჩამოჭრისა. ყველაზე მეტად საწყენი ის არის, რომ ამ კომპანიას, რომელსაც უზარმაზარი კლიენტურა ყავს, უარის თქმის ზრდილობიანი ფორმაც არ შეუმუშავებიათ ჯერ. არც ფიქრობენ, რომ პრეტენზიების მიმღები პიროვნება უნდა შედიოდეს კლიენტის მდგომარეობაში და მაქსიმალურად ცდილობდეს დახმარებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

შეიძლება გასაღების სროლა და დედის გინება უკვე ზედმეტობა იყო ჩემის მხრიდან..მმმ...თუმცა არა, პირიქით, ეს ერთადერთი ადეკვატური პასუხი იყო სიტუაციაზე იმიტომ რომ:

I'm as MAD as HELL
and I'm NOT going to take this ANYMORE!"
THINGS have GOT to CHANGE my friends!!!!!! (c) Network
 

 

Thursday, April 12, 2012

Turning a blind eye

კიდევ ერთხელ მინდა მაღალი ამბიციების მქონე სკოლებზე ვისაუბრო. კარგად რეკლამირებულ სკოლებზე, მარკეტინგულად გამართლებული ბუკლეტების მქონე სკოლებზე, სკოლებზე, რომლებზეც საშუალო სტატისტიკურ მშობლებს არ მიუწვდებათ ხელი მაგრამ მთელი ცხოვრება საკუთარ თავს დაადანაშაულებენ რომ ბავშვებს "ასეთ მაღალპროფესიონალურ" სკოლებში "ასეთ მაღალმორალურ პედაგოგებთან, ასეთი ბრწყინვალე განათლება" ვერ მისცეს.

ოჰ, როგორი ამბიციურები არიან ეს სკოლები. სპეციალური "პედაგოგთა ვორკშოპები" აქვთ, თანამედროვე სტილის თამაშებს აწყობენ "როგორი გვინდა რომ ჩვენი სკოლა იყოს". პედაგოგები ჯგუფებად იყოფიან და ფურცლებზე წერენ როგორი უნდა იყოს სკოლა.

"მოსწავლეებს უნდა მივცეთ ჰოლისტური განათლება"
"სკოლა უბრალოდ სასწავლო დაწესებულება კი არ უნდა იყოს, არამედ ადგილი, სადაც ბავშვებს სწორ პიროვნებებად აღვზრდით" ,
"ჩვენ არა მხოლოდ უნდა მოვამზადოთ მოსწავლეები გამოცდებისთვის, არამედ მივცეთ ცოდნა, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ"
"პედკოლექტივი უნდა იყოს როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება, არ უნდა იყვნენ ე.წ. ცუდი და კარგი პოლიციელები, თუ რაიმე არასწორი ხდება, ყველა პედაგოგმა უნდა მისცეს მოსწავლეს შენიშვნა"
"ბავშვებს უნდა მივცეთ 21 საუკუნისთვის საჭირო უნარჩვევები"

ეს მოკლე ჩამონათვალია იმ პედაგოგიურად გამართლებული იდეების, რაც ამ ვორკშოპებზე შეიძლება მოისმინო. დიახ, ვორკშოპებზე და მხოლოდ ვორკშოპებზე (ან შეიძლება მასწავლებლის დირექციასთან პირისპირ საუბარში). ყოველდღიური რეალობა კი სულ სხვანაირია. ეს არის ნიღაბი, რომელსაც პედაგოგები 2 კვირაში ერთხელ, რამოდენიმე საათით მოირგებენ ხოლმე. არა მარტო პედაგოგები. ყველა დასაქმებული პიროვნება ირგებს ამ ნიღაბს, მორალურად სწორი პიროვნების ნიღაბს. რა ხდება სინამდვილეში ასეთ სკოლებში?

არაფერი განსხვავებული სხვა სკოლებისგან. სწავლების მეთოდები ისევ ისეთია როგორც სხვა ყველა სკოლებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. პედაგოგები ისევ ისე უკრავენ ტაშს და და "ბრავო"-თი ეგებებიან დირექციის ყველა გამოსვლას და იდეას, ისევ ისე კვდებიან სიცილით დირექტორის უხეირო ხუმრობებზე, და ისევ თამაშობენ "კარგ და ცუდ პოლიციელს".

შარშან მქონდა შემთხვევა. წესით სკოლებში მოწევა აკრძალულია. ყოველთვის, როდესაც ვხედავდი მოსწავლე ეწეოდა, სიგარეტს ვაგდებინებდი და დირექციაში შემყავდა. პირველი სემესტრის ბოლოს უცებ მოსწავლეები აბუნტდნენ. "თქვენამდე 10 მასწავლებელი გამოდის, ხედავს რო ვეწევით და არაფერს გვეუბნება და თქვენ ჩაშვებით ცდილობთ ქულები დაიწეროთ დირექციასთანო". ეს ჩემი პირველი ე.წ. "reality check" იყო იმ ზღაპრული სამყაროდან, რომელიც ამ მაღალ-ამბიციურმა სკოლამ დასახა მუშაობის დაწყების დღიდან.

მეორე მსგავსი სიტუაცია უკვე წელს დამხვდა. აღმოჩნდა რომ 3-4 მოსწავლეს ექსკლუზიურად დართეს მოწევის უფლება სკოლის უკანა ეზოში (რათქმაუნდა მშობლების მოთხოვნით, რადგან მშობლები ჩვენი ფინანსური უზრუნველყოფის ძირითად წყაროს წარმოადგენენ, სისულელეა მათ მოთხოვნეს არ დაეთანხმო) და აღმოვჩნდი საკმაოდ რთული მორალური დილემის წინაშე:

როდესაც სკოლის უკანა ეზოში დგას 2 მოსწავლე და ეწევა. ერთს უფლება აქვს მოწევის, ხოლო მეორეს არა. როგორ მოვიქცე? ერთი დირექციას შევუყვანო და მეორემ წყნარად გააგრძელოს მოწევა? და იმ ვორკშოპებზე დასახელებულ "თანასწორობის პრინციპს" რაღა ვუყოთ მაშინ?

ამ კითხვით დირექციას რომ მივმართე ასეთი რამ მითხრეს:
-მოდი, შენ არაფერი არ უთხრა, ჩვენ გვითხარი და მერე ჩვენ გავარკვევთ.
აი აქ კი დავიბენი. რას ნიშნავს არაფერი არ უთხრა? მე რა, ჩუმი ენის მიმტანად ვიქცე? და ჩემი პირადი ღირებულებები და ჩემი მორალი? არა, ენის მიმტანად ვერ ვიქცევი, აბა რა ვქნა? არაფერი? ვითომც არ მინახია? და ჩემი პირადი შეხედულებები აღზრდის პრინციპებზე? პედაგოგიური ეთიკა?

მოკლედ რატომ ვწერ ახლა ამას. ეს სიტუაციაა რაშიც ვცხოვრობთ ყოველდღიურად. "მე ვიყო კარგად" პრინციპით, "არ მაწყობს-ვერ ვხედავ" პრინციპით. არა მარტო სკოლებში, ყველგან, ნებისმიერ დაწესებულებებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო. განათლების, სამედიცინო, IT თუ ნებისმიერ სხვა სფეროებში და ვერც ვადანაშაულებ ვინმეს. იმისთვის რო გადარჩე, იმისთვის რომ ოჯახი არჩინო საჭიროა დაიცვა ეს დაუწერელი კანონი რასაც "Turning a blind eye" ჰქვია.

"დინოზავრები ვერ შეეგუვნენ და გადაშენდნენო" მეუბნებიან ერთნი, "სადაც ხარ იქაური ქუდი დაიხურეო" - მეორენი და არ ვიცი როგორ მოვიქცე, რისი გაკეთება შეიძლება მოხერხდეს. დავიბენი.

ერთ სიმღერას დავდებ ეპილოგად:
This is a message to persons unknown
Persons in hiding. Persons unknown
Survival in silence
Isn't good enough no more
Keeping your mouth shut head in the sand
Terrorists and saboteurs
Each and every one of us
Hiding in shadows persons unknown
Hey there Mr. Average
You don't exist you never did
Hiding in shadows persons unknown
Habits of hiding
Soon will be the death of us
Dying in secret from poisons unknown.



Thursday, April 5, 2012

საგანმანათლებლო სასკოლო ღონისძიებები - სწავლა თამაშით.

სიმაღლისდამიხედვით ჩამწკრივებული ბავშვები ნახევარწრეს ქმნიან. შემდგომ ამ ნახევარწრიდან სათითაოდ გამოდიან მოსწავლეები და ლექსებს ამბობენ. "ჰეი თქვენ არაგველებო" -გაჰყვირის ერთი მოსწავლე, "დაბადებულა თურმე ქართველი"- ბანს უწყობს მეორე. პატარა პროზაული ჩანართებიც გამოჩნდება აქა-იქ სადაც დიად წინაპართა უკვდავი სისხლით მორწყულ მუჭისოდენა მიწაზეა საუბარი. შემდგომ ნახევარწრე უკან დაიხევს, კედლებზე აეკვრებიან. ამ ნახევარწრიდან ორი ახალგაზრდა გადმოხტება და ერთ კაი დავლურს ჩამოუვლის. შემდეგ ერთი გიტარასაც დაამღერებენ გულიანად.

ეს ის სურათია, რაც დღეს სკოლაში მისულს დამხვდა, და რაც გუშინ სკოლაში მისულს დამხვდა, და რაც შარშანწინ სკოლაში მისულს დამხვდა, და რაშიც ხუთიოდე წლის წინ მეც მიმაღებინეს მონაწილეობა.

საგანმანათლებლო სასკოლო ღონისძიებებს უწოდებენ ამ სპექტაკლებს. "გრძნობით წაიკითხე, ლექსია თუ ამბავს ყვები? ხომ უნდა იგრძნო ლექსი?", "ხელები გაშალე", "წელში გაიმართე და თავი ასწიე", "დარბაზს შეხედე" - უკნიდან ისმის "კონცერტმაისტერის" შენიშვნები.

ოჰ, უყვართ ასეთი "კონცერტები" ქართველებს. მშობლებსაც დაიბარებენ. ტორტსაც კი იყიდიან ამ დღის აღსანიშნავად.

"ბავშვებში პატრიოტული სულის გაღვივება" და "ქართული თვითმყოფადობის ჩანერგვა"-ასე ხსნიან ამ სამარცხვინო ტაშფანდურას პედაგოგები და დირექცია.

-კარგია, ბავშვებიც ერთობიან, ახალსაც სწავლობენ, ქართული თვითშეგნება უყალიბდებათ და ჩვენც გავერთობით ბოლო-ბოლო. სწავლა სახალისო პროცესი უნდა იყოს. დღის ბოლოს პატარა ტკბილი სუფრაც გავშალოთ, კარგი იქნება.

-აბა რამდენი ხართ მარხვაზე? -წამოხტება ვინმე აქტივისტი პედაგოგი -ვინმე უტორტოდ არ დაგვრჩეს, სამარხვოც უნდა ვიყიდოთ.

გაიტანეთ ეგ თქვენი პატრიოტულ-მამულიშვილური სულისკვეთება სკოლებიდან, გაიტანეთ ეგ თქვენი რუსთაველი, თავის თამარიანად და გორგასლიანად სკოლებიდან, გაიტანეთ ეგ თქვენი პატარა კახი, გრიგოლ ხანძთელი, აბო ტფილელი თავის სამარხვო ტორტებიანად სკოლებიდან.

მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას. სადმე, ქალაქგარეთ, დიდი კომუნა ავაშენოთ. ხინკლებით, სამარხვო ტორტებით, ღვინით, ჩურჩხელებით და "ქართული სტუმართმოყვარეობით" მოვამარაგოთ. რამოდენიმე გიტარა დავტოვოთ. სადმე კუთხეში "დამკვრელები" დავსხათ და იქნება რამენაირად ეს სკოლებში შეყუჟული ხალხი მაინც გავიტყუოთ რომ აღარასოდეს, აღარასოდეს, აღარასოდეს, აღარასოდეს, აღარასოდეს, აღარასოდეს, აღარასოდეს, აღარასოდეს, აღარასოდეს, აღარასოდეს, აღარასოდეს ჰქონდეთ შესაძლებლობა ტვინი გამოურეცხონ ჩვენს შვილებს თავიანთი ფსევდოპატრიოტული შეხედულებებით

I'm as MAD as HELL
and I'm NOT going to take this ANYMORE!"
THINGS have GOT to CHANGE my friends!!!!!! (c) Network

Thursday, March 29, 2012

ვაკანსია "ბრიტანულ ცენტრში" ანუ How things are done in Georgia

მოკლედ, დიდი შესავალის გარეშე დავიწყებ და დასკვნებს ბოლოში გამოვიტან. კიდევ ერთი ვაკანსიიდან გამომეხმაურნენ, ეს იყო "ბრიტანული ცენტრი",ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი, რომელიც ახლა კერძო სკოლას ხსნის და ვაკანსია ცხადდებოდა ყველა საგნის მასწავლებელზე. უპირველეს ყოვლისა მათ საიტს გავეცანი სადაც უხვად იყო გამოყენებული სარეკლამო ფრაზები: "მსოფლიოს წამყვანი მეთოდები", "ბრიტანული ცენტრის ერთადერთი ჭეშმარიტი წარმომადგენელი სქართველოში", "საუკეთესო ადგილი, სადაც სწავლა სიამოვნებაა", "უფრო მეტი, ვიდრე ენა". ასევე ვნახე გადაცემა რომელშიც ვინმე თიკო სადუნიშვილი ეწვია სკოლას და აღფრთოვანებულმა აღმოაჩინა რომ ამ ცენტრში მთელი ქართული "სელებრითები", ვინმე ნანკა კალატოზიშვილი, ვინმე ავთანდილ ცქვიტინიძე, ინგა გრიგოლია და ა.შ მთელი ქართული ბომონდი, ანუ, როგორც ქალბატონმა თიკომ უწოდა:"ცნობილი ქართველი მოღვაწეები" ეუფლებოდნენ ენას. როგორც დავასკვენი ჩემი პოტენციური დამქირავებლები ფრიად ამბიციურნი ყოფილან, რაც მესიამოვნა, თუმცა მივხვდი, რომ ასეთ ამბიციურ კოლექტივში მოხვედრა შეიძლება არც ისე მარტივი ყოფილიყო. ვაკანსია როგორც გვამცნობდა, პოტენციურ თანამშრომელს "სასურველია პედაგოგის სრტიფიკატი ჰქონოდა". რადგანაც ეს სერტიფიკატი ჯიბეში მიდევს (ანუ ჯიბეში არ მიდევს ჩემს რესურს ცენტრში დევს და გამოტანა მეზარება, მაგრამ მთავარია რომ ბუნებაში არსებობს პედაგოგის სერტიფიკატი, რომელზეც ამაყად ჩემი სახელი და გვარი წერია) ვიფიქრე რომ სამსახურიც ასევე ჯიბეში მედო.

დამიბარეს ტესტირებაზე. კიდევ უფრო გამეზარდა პატივისცემა ჩემი პოტენციური დამქირავებლების მიმართ, რადგან ვიფიქრე რომ არ დაიზარეს და ქიმიის ტესტი შეადგინეს რომელიც საკუთარ "სელებრითულ" ამბიციებს აკმაყოფილებდა და მხოლოდ რომელიღაც ქართულ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემულ სერთიფიკატს არ დასჯერდნენ.

როდესაც ტესტი დამიდეს, მაშინ კი გადმომცვივდა თვალები. ეს ხომ სწორედ ის ტესტია, რომელიც ვიღაც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ დამიდო, შემდგომ სპეციალური ნომერი მომანიჭა ანონიმურობის თვალსაზრისით, შემდგომ ნაწილი კომპიუტერმა შეამოწმა, ნაწილი დაყვეს და სხვადასხვა ანონიმურ შემმოწმებლებს გადასცეს და დიდი ბჭობის შემდგომ პედაგოგის სერთიფიკატი მომანიჭეს.

ამ იდენტურ ტესტზე კი ჩემი საკუთარი სახელი და გვარი უნდა დამეწერა და შემდგომ, ვინმე წერა-კიხვის მცოდნე დიდძუძუებიან(ან საშუალოძუძუებიან) მდივან ქალბატონს უნდა შეემოწმებინა განათლების სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული პასუხების მიხედვით და დიაგნოზი დაესვა ჩემთვის. თავი საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი. დაახლოებით 10 წუთი ვიჯექი და ვფიქრობდი, ღირს თუ არა რომ ასეთ დამცირებაზე წავიდე. ჩემში სამუშაოსმაძიებელმა, უთავმოყვარეო პიროვნებამ გადასძალა და ტესტი კიდევ ერთხელ შევავსე, თუმცა როდესაც ტესტით ხელში კიბეებზე ვეშვებოდი, მივხვდი რომ გული მერევა აქაურობაზე, გული მერევა "ქართულ დასაქმებაზე" სადაც შენ, თავდაპირველად მოიაზრები როგორც მატყუარა თაღლითი, რომელიც ცდილობს "გააცუცურაკოს" დამსაქმებელი,ამიტომაც გიწევს საპირისპიროს დამტკიცება რათა "დაიმსახურო" შემოთავაზებული ვაკანსია.

უაზროდ გაღიმებულ ქალბატონს თვალებში ჩავხედე და ვკითხე
-თქვენ რა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ ენდობით?
ქალბატონი კიდევ უფრო უაზროდ გაიკრიჭა და მიპასუხა

-არა ქალბატონო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როგორ არ ვენდობით მაგრამ გვინდოდა ჩვენი ტესტიც შემოგვეტანა სანამ თანამშრომლებს ავიყვანთ.

-კი მაგრამ, ქალბატონო, ეს არ არის თქვენი ტესტი, ეს არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტესტი, რომელიც შეადგინეს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის, რომელიც ჩავაბარე წარმატებით და სერტიფიკატიც ავიღე.

-მით უკეთესი, არ გაგიჭირდებოდათ ამ ტესტის შევსება-მიპასუხა გაკრეჭილმა ქალბატონმა. მეც უაზროდ შემოვტრიალდი და წამოვედი.

რაღა აზრი ჰქონდა მელაპარაკა მათთან ჩემს უფლებებზე? რომ მაქვს უფლება ამ ტესტის ქულა ანონიმური იყოს, რომ მათ არა აქვთ უფლება განათლების სამინისტროსგან ამ ტესტში ჩემთვის მონიჭებული ქულა ეჭვქვეშ დააყენონ,ან "გადაამოწმონ" და თუ აქვთ სურვილი პედაგოგის კომპეტენციის გადამოწმების, საიტზე "სელებრითების თვლის" მაგიერ როგორც მინიმუმ 1 წესიერი ქიმიკოსი დაიქირავონ და საკუთარი ტესტი შეადგინონ.

პ.ს. ტესტში, რომელიც განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მომცა, მოცემული მქონდა დრო, 5 საათი, ხოლო "ულტრასელებრითულმა" "ბრიტანულმა ცენტრმა" დაახლოებით 5-6 კითხვა ამოაკლო და უდიდესი პროფესიონალიზმით დაასკვნა რომ 50 წუთი უკვე საკმარისი უნდა ყოფილიყო ტესტის შესავსებად.

Tuesday, March 20, 2012

ცოტა რამ სოკოებივით მომრავლებულ კერძო სკოლების შიდა სამზარეულოზე. ნაწილი II

ბოლო პოსტის შემდეგ კიდევ ბევრი საინტერესო ისტორია გადამხდა თავს, რასაც აუცილებლად დავწერ შემდგომში სერიის სახით "How things are done in Georgia" მაგრამ დღეს მინდა ძველი პოსტი გავაგრძელო.

წინა პოსტში საკითხი დამატებითი საათების დანიშვნის შესახებ ღიად დარჩა, რაც რამოდენიმე დღეში ჩემი სკოლის მესვეურებმა ფრიად უხერხულ პოზიციაში მოაგვარეს კერძოდ: - შემოვიდნენ ჩემს გაკვეთილზე და ყველა მოსწავლის წინაშე დამინიშნეს დამატებითი სამუშაო დღე და დამატებითი საათები. მეც გავშრი, მოსწავლეებს უარი ვერ ვუთხარი, ხოლო დირექციას მოსწავლეების წინაშე ანაზღაურების გაზრდაზეც ვერ ვესაუბრე (რადგან იდეაში მე საათობრივი ანაზღაურება მაქვს, შესაბამისად დამატებით საათებზე დამატებითი ანაზღაურება მეკუთვნის).

იმ დღეს ჩემი სიამაყე ჩემს "მაღალ-ლიბერალურ" ღირებულებებთან ერთად გადავყლაპე და საქმის გამორკვევა მეორე დღისთვის გადავდე, თუმცა მივხვდი რომ საკმაოდ "ჩასვრილ" მდგომარეობაში აღმოვჩნდი. დამატებით საათებზე ანაზღაურების გაზრდა უკვე მხოლოდ ჩემი დირექციის "თავისუფალ ნებაზე" იყო დამოკიდებული და მე, როგორც პიროვნებას, როგორც დაქირავებულს, სიტყვა არ მეკუთვნოდა. დადებითი პასუხის შემთხვევაში შემეძლო მხოლოდ მადლობა გადამეხადა და კმაყოფილი ვყოფილიყავი ფაქტით, რომ ვმუშაობ ხალხთან, რომელიც პატივს მცემს როგორც პიროვნებას, როგორც თანამშრომელს. ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავიდან გადამეყლაპა, ერთხელ სიმწრით ჩაყლაპული სიამაყე თავის "მაღალ-ლიბერალურ" ღირებულებებთან ერთად, რადგან მჭირდება ეს სამსახური და მჭირდება ეს ხელფასი. სამწუხაროდ არ ვარ იმ მდგომარეობაში იქედნურად ჩავიცინო და განთავისუფლების შესახებ განცხადება ავუფრიალო თვალწინ და მენტორული ტონით ავუხსნა რატომ ვაკეთებ ამას. (და რა საკვირველია ეს ყველაფერი უკვე იცის დირექციამ, უკვე იცის რომ მე არ წავალ, ან თუ წავალ ჩემს პოზიციაზე როგორც მინიმუმ 150 მსურველი გამოჩნდება, რომ ჩემთვის ამგვარ მდგომარეობაში აზრის კითხვა ზედმეტია რადგან თავად ყველაზე მომგებიანი პოზიცია აქვთ დაკავებული და მე უბრალოდ პაიკი ვარ.)

მოკლედ ისტორიას არ დავასრულებ, ალბათ ყველასთვის გასაგებია დირექციის გადაწყვეტილება.
პ.ს. მე ისევ იმ სკოლაში ვმუშაობ.

Monday, March 5, 2012

ვაკანსია "საქაერონავიგაციაში", "ვაკანსია" რუსთავი 2-ის ეთერში

საქართველოში ყველა დასაქმებულმა პიროვნებამ იცის რომ სამსახურის ძიება, სამსახურის შოვნასთან ერთად არ სრულდება და სამსახურის შოვნის პირველივე დღეს თუ არა, პირველივე კვირაში თავიდან იწყება ვაკანსიების დაძებნის და სივების დაგზავნის პროცესი. მეც დიდი გამონაკლისი არ ვარ და ყველა ახალგამოცხადებულ ვაკანსიაზე, რაც ვთვლი რომ ჩემი კომპეტენციის ფრაგლებს 30%-ით მაინც შეეფერება, ჩემს მკვლელ სივს და სამოტივაციო წერილს ვაგზავნი.

ერთ-ერთი ასეთი იყო ჯობს.გე-ზე საქაერონავიგაციის მიერ გამოცხადებული "სინოპტიკოსის ვაკანსია" სადაც ფიზიკოსებს და მათემატიკოსებს ეძებდნენ. რადგანაც ჩავთვალე რომ მეტეოროლოგია დაახლოებით იმავე სამეცნიერო მანძილითაა დაშორებული ფიზიკიდან, როგორც ქიმიიდან (და კონკრეტულად ფიზიკური ქიმიიდან) ჩემი გამანადგურებელი სივიც გავაგზავნე. დედლაინის დამთავრებიდან 1 კვირა არავინ შემხმიანებია და ჩემთვის წყნარად ვიყავი, დამავიწყდა კიდევაც ამ ვაკანსიის შესახებ. მოულოდნელად ორკვირანახევრის შემდეგ დამირეკეს. რადგან ამ დროისთვის ჩემი "კონკურენტთა დამაფრთხობელი" სივი უკვე 57 ადგილას მქონდა გაგზავნილი, ქალბატონს დაახლოებით 3-ჯერ გავამეორებინე ორგანიზაციის სახელი, საიდანაც მირეკავდნენ.

დამიბარეს პირველ ტესტირებაზე, რომელიც ინგლისურ ენაში უნდა ყოფილიყო და ტარდებოდა "ჰოლიდეი ინ"-ში. პირველი რამაც გამაკვირვა, ვიდეოკამერით მოსიარულე ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ჩვენს ყოველ ფეხის ნაბიჯს იღებდნენ. ტესტის დასრულების შემდგომ კი სათითაოდ ყველას ინტერვიუ ჩამოგვართვეს. ვიფიქრე რომ ეს მსხვილი კომპანიების ერთ-ერთი "თავისებურებაა" და სავარაუდოდ ეიჩარისთვის არის განკუთვნილი.

2 დღის შემდგომ ყველა აპლიკანტი მეორე ტესტზე დაგვიბარეს, რომელსაც "ფიზიკა-მათემატიკური" ტესტი უწოდეს, ცოტა კი გამიკვირდა, რადგან ყველა ვაკანსიების საძიებო საიტებე, ეს მეორე ტესტი გამოცხადებული იყო როგორც: "Psychological test (defining abstract, logical views and smartness);" ვიფიქრე რომ რამე IQ ტესტის მაგვარი იქნებოდა.

მეორე ტესტირებაზე ჩემდა გასაოცრად ტესტი ისევ ინგლისურ ენაზე იყო. ეს ცოტა გამიკვირდა - რა აზრი ქონდა ისევ ინგლისურ ტესტზე ყველა აპლიკანტის დაბარებას? ჯერ რომ პირველი ტესტი შეესწორებინათ და ვინც საშუალო ქულას გადალახავდა, მხოლოდ ისინი შეეწუხებინათ მეორედ მისვლაზე უფრო უპრიანი იქნებოდა, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. აღმოჩნდა რომ მეორე ტესტი მართლაც ფიზიკა მათემატიკური იყო, ანუ დიფერენციალების და ინტეგრალების გამოთვლა, იდეალური გაზების განტოლებები, ოპტიკა და ა.შ.

მეორე ტესტის დაწყების წინ ისევ გვატრიალეს კამერის წინ.

დრო დიდი აღარ მქონდა, რადგან პირველი ტესტის დროს სამსახურიდან დავეთხოვე და მეორეჯერ ამას ვეღარ ვახერხებდი, შევეცადე მაქსიმალურად გამომეყენებინა დრო რაც მქონდა და გამოცდიდან განაწყენებული გამოვედი.

ერთი რაც ჩემთვის გაუგებარი იყო: რა კონკრეტული მიზანი ჰქონდა ამ ტესტს, თუკი ვაკანსიაზე დაბარებულ ხალხში ფიზიკა - მათემატიკოსების და თუნდაც ქიმიკოსების გარდა იმყოფებოდნენ ბუღალტრები, ფინანსისტები და ა.შ.

მეორე: რატომ არ დაიწერა ვაკანსიის საიტზე რომ ტესტი რეალურად ფიზიკა-მათემატიკური იქნებოდა?

მესამე: რა კონკრეტული უპირატესობები გაჩნია პიროვნებას, ვინც მსგავს ინფორმაციას, რაც მეორე ტესტში იყო მოთხოვნილი, გრძელვადიან მეხსიერებაში ინახავს? რადგან დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ნებისმიერ, საშუალოსტატისტიკურ პიროვნებას, რომელსაც ფიზიკის და უმაღლესი მათემატიკის 2-3-წლიანი კურსი გავლილი აქვს უმაღლეს სასწავლებელში, შეუძლია მსგავსი ინფორმაცია დღეების კი არა საათების განმავლობაში ამოათრიოს მეხსიერების იმ ბნელი ხვეულებიდან რასაც "აუ რამდენი წლის წინ იყოო, აუ ეს ხომ ვიცოდიი" ქვია

მეოთხე: რა უფლებით გაუშვეს ჩემი ინტერვიუ რუსთავი 2-ის ეთერში, რა უფლებით არ მითხრეს რომ თურმე ეს კონკურსი გადაცემა "ვაკანსიასთან" იყო პირდაპირ კავშირში?

პ.ს. ამ ამბებიდან 3-4-დღის შემდეგ მითხრეს ახლობლებმა "ტელევიზორში გნახეთო" და ყბა ჩამომივარდა. მე კაი, არ ვუყურებ ტელევიზიებს და არ ვიცოდი თუ ეს ყველაფერი "შოუს ნაწილი იყო" მაგრამ რუსთავი 2-ის ჟურნალისტები როდესაც თავიანთი კამერებით და ჟურნალისტებით დადიან, ნუთუ არ აქვთ ვალდებულება თვითიდენტიფიცირება მოახდინონ ხალხთან, ვისგანაც ინტერვიუს იღებენ და ზრდილობის გულისთვის მაინც იკითხონ, მომხრეა თუ არა ეს პიროვნება მისი ინტერვიუ თავიანთ სიუჟეტში გაუშვან?

Monday, February 27, 2012

ცოტა რამ სოკოებივით მომრავლებულ კერძო სკოლების შიდა სამზარეულოზე.

პოსტს მოკლე თავის გამართლებით დავიწყებ: რადგან სკოლის სახელს, რომელზეც დღეს ვისაუბრებ, არ ვასახელებ, მჯერა რომ არაფერი არაეთიკური ჩემს საქციელში არ არის და მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, რა ხდება კერძო სკოლების შიდა სამზარეულოში, აუცილებელია.

კერძო სკოლა, რომელზეც დღეს მე მინდა ვისაუბროდ ახლადგახსნილი სკოლაა,მოსწავლეებისთვის საკმაოდ სოლიდური გადასახადით და დიდი პრეტენზიებით. მე შარშან დავიწყე ამ სკოლაში მუშაობა საკმაოდ სიმბოლური საათების რაოდენობაზე, რათქმა უნდა დიდი დაპირებებით და მომავლის გეგმებით. პირველი პრობლემა რაც დადგა, რა თქმა უნდა, მე-12 კლასების მომზადება იყო საატესტაციო გამოცდებისთვის რადგან მსგავსი გამოცდები პირველად ტარდებოდა და ბავშვებს არანაირი თეორიული საფუძველი არ გააჩნდათ გასული წლების პროგრამებიდან. რადგან სკოლა ახალგახსნილი იყო და ფინანსურად ჯერ მყარად არ იდგა, რამოდენიმე მასწავლებელმა შევთავაზეთ დირექციას, მე-12 კლასებისთვის კვირაში დამატებითი 2 საათის უფასოდ ჩატარება და წელიწადიც საკმაოდ წარმატებულად დავხურეთ. მოსწავლეებმა საკმაოდ მაღალი ქულების აღება მოახერხეს საატესტაციო გამოცდებში. წლის ბოლოს, ინდივიდუალური გასაუბრებების საფუძველზე გავარკვიეთ, ვიმუშავებდით თუ არა მომოვალ წელს ამავე სკოლაში. ფრიად თვითკმაყოფილი შევედი გასაუბრებაზე, სადაც რამოდენიმე მსუბუქი საყვედური მივიღე რომ "საკმაოდ ჩართული არ ვიყავი სკოლის პედკოლექტივის მუშაობაში" (ამაზე ცალკე, მოგვიანებით დავწერ, რა იგულისხმება "პედკოლექტივის მუშაობაში ჩართულობად"), საბოლოოდ შედეგი იყო რომ ამ სკოლაში მომოვალ წელსაც გავაგრძელებდი მუშაობას. ცოტა გულდაწყვეტილი გამოვედი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, ეს სტანდარტული საყვედური ყველა მასწავლებელს შეეხებოდა.

დაიწყო ახალი სასწავლო წელი, მოსწავლეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა და აღმოჩნდა ასევე გაიზარდა ქიმიის მასწავლებლების რაოდენობაც, რამაც "სტატუს კვო" შემინარჩუნა და იგივე რაოდენობის საათებზე მიწევდა მუშაობა (მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მოთხოვნის შესაბამისად, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე გავედი და სერტიფიკატიც ავიღე). ყველაზე უცნაური, რაც ჩემთვის იყო, როდესაც საათების გადანაწილებას შევხედე, 2 უფასო საათი ისევ იჯდა ჩემს ცხრილში და ისევ უფასო იყო. ერთი კი დავაპირე მეთქვა "თქვე მამაცხონებულებო, შარშან მთელი წელი პატივი გეცით და ახლა ცხვირში უნდა მადინოთთქო?" მაგრამ ამის მაგივრად ათჯერ ღრმად ჩავისუნთქე-ამოვისუნთქე და ვუთხარი "თქვენი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად წელს უფასო საათებს ვეღარ ჩავატარებ მეთქი". თან 2 უფასო დამატებით საათებს ისედაც, საკუთარი სურვილით, ვატარებ გაკვეთილების შემდეგ, ოთხს უკვე ვეღარ გავუძლებდი.

ყველაზე საინტერესო ფაქტი რაც იყო, წელს მე-12 კლასებს დამატებითი საათები ისედაც ეკუთვნოდათ ქიმიაში, თან ანაზღაურებადი. მაგრამ როგორც მოგვიანებით გავიგე, ამ დამატებით საათებს ჩემს მოსწავლეებთან სხვა მასწავლებელი ატარებდა. ამაზე კი ჩამომივარდა ყბა, ვის გაუგია ერთდაიმავე მოსწავლეებს ერთდაიმავე საგანი ორმა განსხვავებულმა მასწავლებელმა ასწავლოს? მაგრამ ეტყობა ჩემი სკოლის მესვეურებს გაუგიათ,ამაზე დავას აზრი არ ქონდა.ერთ გაოცებულ კითხვაზე "ნიშნები როგორ დაიწერება" მიპასუხეს რომ მე დადამატებითი საათების მასწავლებელი ცალ-ცალკე დავწერდით ნიშნებს და ცალ-ცალკე შეჯამდებოდა.

მოკლედ სასწავლო სემესტრიდასრულდა. ჩემთან მოდის დამატებითი საათების მასწავლებელი და მეკითხება რა ნიშნებს ვუწერ ამა თუ იმ ბავშვს. ამაზე ცალკე ყბა ჩამომივარდა

-არვიცი რას ვუწერ,გადავხედავ მთელი წლის ნიშნებს და შევაჯამებ ჯერ არ შემიჯამებია.
ამაზე ეპიკური პასუხი მივიღე

-რომ შეაჯამებ მეც მითხარი და იგივე ნიშნებს დავწერ, პრობლემებს არ შეგიქმნი!

სახლში გაოცებული დავბრუნდი, ვერ მივხვდი რა მოხდა.შემდგომ როგორც კომპეტენტური პიროვნებისგან (მამაჩემისგან) გავიგე, თურმე ძვირფასმა კოლეგამ პატივი მცა. ჩემს გაოცებულ კითხვაზე:
-კი მაგრამ სემესტრი დამთავრდა და ახლა როგორ დაწერს ნიშნებს,მთელი წელი არ უნდა ეწერათქო? -მამაჩემმა მიპასუხა "-არ გასწორდების ძაღლის კუდიო". რა თქმაუნდა მამაჩემს არ დავეთანხმე და ამ კოლეგასთან შეხვედრას ცოტა ხანი გავურბოდი, სანამ არ გამომიჭირა,კუთხეში მიმიმწყვდია და მოსწვალეების ნიშნები გამომკითხა.სხვა გზა არ იყო,მეც ვუპასუხე და თვალი გავაყოლე,როგორ მიდიოდა კლასში დატოვებული, გადაშლილი ჟერნალისკენ, ნიშნების ჩასაყრელად.

ახლა საბოლოოდ მხიარული ისტორია. აღმოჩანდა რომ მე-12კლასელები სულ დაიბნენ სხვადასხვა მასწავლებლების გამო და კიდევ ითხოვენ დამატებით გაკვეთილებს.ამაზე რა თქმა უნდამე მომადგნენ.მე ორი კვირის წინ ჩავაწერინე საათები,როდესაც მცალია და ვთხოვე მოეხდინათ მოსწავლეების ორგანიზება რომ ამ საათებზე გაკვეთილებს დასწრებოდნენ. დღეს ისევ მომადგნენ. ჩემს კითხვაზე, მოახდინეს თუ არა მოსწავლეების ორგანიზება, უკმაყოფილოდ მიპასუხეს
-შენი მოსწავლეებია და გაარკვიე საბოლოოდ როდის უნდათ და დაუნიშნე.

მე ვერ ვხვდები, რომელ ეტაპზე მეხება ეს მე,ერთ რიგირთ მასწავლებელს,რომელიც სიმბოლურ საათებზე მუშაობს,გავარკვიო თითოეული მოსწავლის დღის განრიგი, საათების რაოდენობა და ამ მთელი მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად დავნიშნო დამატებითი გაკვეთილი ისე,რომ ყველა მოსწავლე კმაყოფილი იყოს?

Wednesday, December 28, 2011

გადაცემა "სპიკერი"

არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა როდესაც ამას ვწერ მაგრამ ვხვდები რომ უნდა ითქვას. შეიძლება ბევრმა "hate speech"-ად ჩამითვალოს, თუმცა ეს ნაკლებად მადარდებს. განსაკუთრებით მადარდებს თუ წაიკითხავენ ის ახალგაზრდები, ვიზეც დღეს ვწერ და ძალიან ხომ არ ვატკენ მათ გულებს. არ ვიცი, შეიძლება მათთვის ჩემი ნათქვამი მტკივნეული იყო, შეიძლება ბევრ მათგანს გულთან ახლოს მიაქვს ის სიტყვები, რომლებიც ამ გადაცემაზე წარმოთქვეს და შეიძლება საკუთარი ახალგაზრდული ოპტიმიზმით თვლიან რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და მე ჩემი კრიტიკით მათ იმედებს ვართმევ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ამ ადამიანებს უკვე კარგი განსჯის მანერა ჩამოუყალიბდათ და კონსტრუქციული კრიტიკის გამო გული არ აუცრუვდებათ მომავალზე.
მოკლედ მინდა გადაცემა "სპიკერზე" ვისაუბრო.

პრინციპში ბავშვების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ძირითადად მინდა გადაცემას შევეხო, გადაცემის მიზნებს, რადგან ჩემი აზრით ნებისმიერ აქტივობას თავისი დანიშნულება უნდა ჰქონდეს და მე მივხვდი რომ ამ გადაცემის მიზნებს არაფერი საერთო არ ჰქონდა იმ პრობლემებთან, რაზეც ბავშვები ასე გულმხურვალედ საუბრობდნენ. უპატრონო და უნარშეზღუდული ბავშვების პრობლემა იყო განხილული ბოლო გადაცემაში. ამ გადაცემას ხალხი უნდა დაეფიქრებინა საკუთარ ქმედებებზე (თუ უმოქმედობაზე), საზოგადოებამდე მოეტანა ის პრობლემები რაც ნამდვილად დღევანდელ საქართველოში არის, თუმცა სულ სხვანაირად მოხდა და ეს ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც ასე ძალიან მძულს მასმედია. მაყურებლები გადაიქცნენ სპიკერი ბავშვების გულშემატკივრებად. მაყურებლებს ნაკლებად ადარდებდათ ის პრობლემები, რაზეც ბავშვები საუბრობდნენ, ძირითადად დაინტერესებული იყვნენ იმით, თუ როგორ საუბრობდნენ ეს ბავშვები ამ პრობლემებზე, რამდენად გამართულად მეტყველებენ, რამდენად გულახდილად, რამდენად აქვთ განვითარებული ორატორული ნიჭი.

პრინციპში გადაცემა ამაზეც იყო მიმართული, ჩამოეყალიბებინათ კარგი ორატორული ნიჭის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც შეძლებენ მაყურებელი გაართონ ცოტა ხნით, გამოვიდეს კარგი თოქშოუ, სადაც ძალიან მომგებიანი იქნება ამა თუ იმ დაწესებულების ან პროდუქტის რეკლამის ჩართვა და რაც მთავარია დატვირთული იქნება დღევანდელი პრობლემებით და ხალხი ყურების დროს ცოტა წირპლებს გადმოყრის, გულს მოიოხებს და გააგრძელებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ერთი კითხვა ჩნდება: გვჭირდება კი დღეს ორატორები? სჭირდება თუ არა ოცდამეერთე საუკუნეს ორატორები? გვჭირდება თუ არა მოხდენილად მოსაუბრე ადამიანები რომელთა ლამაზად შეფუთული მიზანი "ყოველდღიური პრობლემების ადამიანებთან მიტანაა" თუმცა რეალურად საპირისპიროს, საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის გაფანტვას, გულის მოოხებას და საზოგადოების მშვიდ ძილს ემსახურება?

შეიძლება ე.წ. "განათლებისტები" შემომედაონ და მითხრან რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის სწორი აზროვნების უნარის, აზრების ნათლად და რაც მნიშვნელოვანია ეფექტურად ჩამოყალიბების უნარის განვითარება მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს რომ ბავშვების იუმორით შეზავებული, საზოგადოებისთვის ადვილად მისაწვდომი,ყოველდღიური მაგალითების ჩართვით გაცოცხლებული, ღრმად ჩამაფიქრებელი, სხვადასხვა ავტორიტეტული პიროვნების ბრძნული გამონათქვამებით გამდიდრებული სიტყვები სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ქართულმა მედიამ მრავალწლიანი მცდელობის შედეგად შეძლო შეექმნა გადაცემა, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მშვიდ დინებაზე მიუშვას არსებული პრობლემები და საკუთარი თანამონაწილეობა პრობლემების გადასაწყვეტად, მარტივად, ტელევიზორის წინ წამოწოლილებმა, პოპკორნის ყუთით ხელში მიიღოს.

ბრავო!!

Monday, November 28, 2011

Things have got to change my friends

კიდევ ერთი მოზრდილი პოსტი მინდა გამოვაცხო დღეს, ოღონდ სანამ კითხვას დაიწყებთ, მინდა გაგაფრთხილოთ, თუ ამ ბლოგზე, მხიარულ სურათებით გაფორმებულ, სახალისო, ზომიერი სარკაზმით შეზავებულ ცხოვრებისეულ ისტორიებს ეძებთ რომ თქვენი მოწყენილი და უმაქნისი არსებობა რაიმეთი გაიხალისოთ, დრო "მოკლათ" ან "სოციალური ცხოვრების" ილუზია შეიქმნათ გთხოვთ ნუ წაიკითხავთ. მე არ მინდა რომ ჩემი პოსტები სახალიხო იყოს, მე არ მინდა რომ ჩემმა პოსტებმა ბედნიერი ღიმილი მოჰგვაროს ან სენტიმენტალური წირპლები გადმოყაროს ვინმეს თვალებიდან. ბედნიერი წირპლებისთვის, გულისამაჩუყებელი ისტორიების მოსასმენად "იმ ქალის" შოუს მიმართეთ, ასე ერთხმად რო აგინებთ და უყურებთ, უყურებთ და აგინებთ. სახალისო ისტორიებისთვის "შუა ქალაქში"-ს უყურეთ, ილუზიური სოციალური ცხოვრებისთვის ფეისბუკი, ტვიტერი არსებობს, ასეც ასეთი შემართებით აგროვებთ ათასობით "მეგობარს" და ერთი სული გაქვთ ვინმე, თუნდაც სრულიად უცნობები შემოუშვათ თქვენს პირად არეალში, გაუზიაროთ ყვეელა დაწყევლილი აზრი და იდეა, რაც კი ალაჰმა იცის საიდან მოგდით თავებში, ყველა გულახდილი ფოტოსესია, რაც კი მეგობარმა სიმთვრალეში გადაგიღოთ, ყველა ის უაზრო, იდიოტური ვიდეო რასაც კი იუტუბზე წააწყდებით, ყველა ის უაზრო გამონათქვამი ე.წ. "დიდი ადამიანების" რაც კი ინტერნეტში მოიპოვება და დააკავოთ თქვენი პატარა ტვინები კიდევ ათასი სისულელით, რაზეც ხელი მიგიწვდებათ:
იშოპინგოთ ამაზონზე
უყუროთ ჯეკესებს
უყუროთ "ავატარს" და მსგავს იდიოტურ, მსხვილმასშტაბიან, 3D, გმირულ-უჟასტიკ-ფანტასტიკა-ფენტეზი-sci-fi-უცხოპლანეტურ-პარანორმალურ ფილმებს
ფოტოშოფში გაიდიდოთ ძუძუები და მოიშოროთ პრიშიკები და მერე გაუთავებლად ტვირთოთ სოციალურ საიტებზე
ისაუბროთ პატრიარქზე
ისაუბროთ პრეზიდენტზე
ისაუბროთ "დაკარგულ ტერიტორიებზე". მომავლის გეგმებზე, რუსეთის და ამერიკის პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ
ჭამოთ სუპერ-ზომის შაურმა ან 50 ხინკალი
უამრავი საშუალებაა რომ თქვენი ტვინები მუდმივად დაკავებული იყოს არ ფიქრობდეს იმაზე რომ თქვენი ცხოვრება ნაგავია, თქვენი სამუშაოები ნაგავია, თქვენი ბანკები ნაგავია, თქვენი ოჯახები ნაგავია და თქვენ უუფლებო მონები ხართ, თქვენი არსებობა არაფერს არ ნიშნავს, არც არაფერი მოგიტანიათ, არც არაფერს წაიღებთ. რომც არ გაჩენილიყავით, ნებისმიერი სხვა შეასრულებდა თქვენს ფუნქციას, ნებისმიერი სხვა იცხოვრებდა ისეთივე არაფრისმომცემი ცხოვრებით, როგორითაც თქვენ ცხოვრობთ და ექნებოდა ისეთივე პატარა "ცხოვრებისეული მიღწევები" როგორიცაა: საუკეთესო "black friday deal", გახეული პრეზერვატივი და "ახალი სიცოცხლის შექმნის" ბედნიერება, უმნიშვნელო დაწინაურება სამსახურში და უფროსის ხელის მოთათუნება კისერზე (ასე რომ გიყვართ და ბედნიერები რომ გაიტრუნებით ხოლმე, ფირქობთ ნეტავ მომენტი არ დასრულდეს), ახალი მანქანა ABS-ით, კლიმატკონტროლით და სავარძლების გათბობით, ახალი დუშკაბინის დამონტაჟება რადიოთი და ტელეფონით, ტოტალიზატორში 57 ლარის მოგება, წინა კბილების რესტავრაცია, ახალი წირპლიანი მელოდრამის ყურება საყვარელ პიროვნებასთან ერთად.
დიახ ჩვენ ძალიან ბევრი გართობის საშუალება გვაქვს
დიახ ჩვენ ყოველდღიურად გვეუბნებიან რა უნდა გვიხაროდეს, საით უნდა მივიწევდეთ.
როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ
როგორი მანქანები უნდა გვყავდეს
როგორი ბინები გვქონდეს
როგორი მეგობრები
როგორი ცხოვრებისეული მიღწევები
რა ვჭამოთ
რა ჩავიცვათ
სად და როგორ გავერთოთ
როდის ვიგრძნოთ თავი "შემდგარ პიროვნებებად"
საკმარისია ეგ თქვენთვის?
ჩემთვის არ არის საკმარისი
იმედია არც თქვენთვის
So, I want you to get up now
I want all of you to get up out of your chairs.
I want you to get up right now and go to the window, open it, and stick your head out, and yell,
"I'm as MAD as hell, and I'm not going to take this ANYMORE!"
"I'm a human being. GOD DAMMIT, my life has VALUE." (c) Network

Tuesday, October 25, 2011

"პოპულარული პოხუიზმი"

"პოპულარული პოხუისტები" ადამიანების ახალი ჯიშია, არც ისე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული. არ ვიცი ვინ იყო პირველი "პოპულარული პოხუისტი", მაგრამ როგორც ჩანს საკმაოდ კარგი კარიერული მიღწევები ჰქონდა, რადგან ამდენი მიმდევარი გაიჩინა და სხვათაშორის ეს მეთოდიკა საკმაოდ კარგად ამართლებს. "პოპულარული პოხუისტები" ქმნიან მოძველებული ტრადიციების დამანგრეველი, მხიარული, ენამახვილი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის იმიჯს. მათ აქვთ პრეტენზია რომ აზროვნებენ ე.წ. "ყუთის გარეთ". წესით ასეთი ადამიანები საზოგადოებაში წარმატებით არ უნდა სარგებლობდნენ და საერთოდაც პოპულარობა და "პოხუიზმი" საკმაოდ შეუთავსებელი ცნებებია, თუმცა ამ ადამიანებს აქვთ "წარმატების" ერთი საიდუმლო.
როგორც ვთქვით მათ აქვთ პრეტენზია რომ ე.წ. "ყუთის გარეთ" აზროვნებენ, თუმცა მათ ამ წარმოსახვითი ყუთის გარშემომკრთალი ფანქრით მოხაზული აქვთ ოდნავ უფრო დიდი ყუთი. იგი მართალია ცოტათი უფრო დიდია ე.წ. "ტრადიციულ ყუთზე", თუმცა ამ ყუთის მოცულობა ზუსტად ტოლია ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანების მოთმინების ფიალის მოცულობისა, რაც კარგად იცავს "პოპულარულ პოხუისტის" კბილებს თანამოსაუბრის შეკრული მუშტისგან.როდესაც "პოპულარული პოხუისტი" ყველა თავის ავანგარდულ-"პოხუისტურ" აზრებს გადმოალაგებს მოსაუბრის წინაშე და გრძნობს რომ თანამოსაუბრის მოთმინების ფიალა თითქმის ბოლომდეა გაპიპინებული და რამოდენიმე წვეთის დამატებაც კი აფეთქებას გამოიწვევს, იგი მოულოდნელად ფართო, გადამდები ღიმილით შეაცქერდება მოსაუბრეს და სასიამოვნო კომპლიმენტით ან მხიარული ხუმრობით დააჯილდოვებს მას. მთელი დაძაბულობა მოულოდნელად ქრება და თანამოსაუბრე სასიამოვნო განწყობით ტოვებს "პოპულარულ პოხუისტს". ამიტომაც პოპულარულ პოხუისტებს მუდმივად ეჩქარებათ სადღაც. საჭიროა საუბრის სასიამოვნო ნოტაზე დასრულება და სიტუაციიდან გაცლა რომ უხერხული დუმილი არ ჩამოვარდეს და სიტუაცია თავიდან არ დაიძაბოს.
აბა სცადეთ "პოპულარულ პოხუისტს" დაუსვათ შეკითხვა რომელზე "პოხუისტური" პასუხიც საზოგადოების ტრადიციული აზროვნების ფიალაში ვეღარ ჩაეტევა და მათ მუშტებს მომენტალურად შეკრავს. (მაგალითად სექსუალური უმცირესობების უფლებებზე, რელიგიაზე და ა.შ.) "პოპულარული პოხუისტი", ადამიანი, რომელიც გამოირჩევა დოღრიალა საუბრის მანერით და ფართო ჟესტიკულაციით, უცებ ჩაჩუმდება ორაზროვანი ღიმილით გადახედავს საზოგადოებას, შეაფასებს მათი მოთმინების ფიალის მდგომარეობას და გააკეთებს პაუზას, რათა საზოგადოებამ თავადვე იმსჯელონ დასმულ პრობლემატიკაზე. თუ ასე არ მოხდა და მას მაინც მოსთხოვენ კითხვაზე პასუხის გაცემას, იგი კითხვაზე კითხვით უპასუხებს: "- და თქვენ როგორ ფიქრობთ?" ასეთ გამოცდას ვერც ერთი, თუნდაც გამორჩეული ინტელექტის მქონე, საზოგადოება ვეღარ გაუძლებს და ატყდება ყაყანი. ყველა მათგანი შეეცდება თავისი უტყუარი, ორიგინალური აზრის გამოთქმას და წამოვა ურთიერთგამომრიცხავი აზრების კორიანტელი. ყველასგან მივიწყებული "პოპულარული პოხუისტი" ახლა უკვე თითოეულ "პასუხით გამომსვლელ" პიროვნებას შესცქერის ფართო გადამდები ღიმილით და დაბალ ხმაზე წარმოთქმულ სასიამოვნო კომპლიმენტებსაც არ იშურებს მათთვის:"-გეთანხმებით", "-სწორად მსჯელობთ", "-მე სხვაგვარად ვფიქრობდი მაგრამ თქვენი არგუმენტები ძალიან დამარწმუნებელია". და ა.შ. დავის დასრულების შემდგომ თითოეული ადამიანი ტოვებს ოთახს სასიამოვნო განწყობით, რომ "პოპულარული პოხუისტი" სწორედ მის ლოგიკურ-ორიგინალურ აზრს ეთანხმება.
აბა მეტი რა არის პოპულარობა?