Monday, July 13, 2009

სიმღერა დედაზე

როგორც ყველა ქართველი ბავშვი, მეც დავდიოდი, უფრო სწორად მშობლები დამათრევდნენ მუსიკალურ სკოლაში, სადაც გავდიოდით ე.წ. "სპეციალობას" (ფორტეპიანოს), მუს. ისტორიას, სოლფეჯიოს. გვყავდა გუნდი. გუნდში იყო ერთი უცნაური მასწავლებელი, ქალბატონი თამრიკო, რომელსაც ყავდა 2 ტიპის ჯგუფი: "საკონცერტო" და "არასაკონცერტო" კეთილისმყოფელმა ხალხმა მირჩია, როდესაც ქალბატონ თამრიკოსთან მიხვალ ხმის გასასინჯად, სპეციალურად თავი მოიყრუმუნჯე და მაქსიმალურად მცდარი ნოტები აიღე თორემ საკონცერტო ჯგუფში თუ მოხვდი ტყავს გაგაძრობსო, მაგრამ პატივმოყვარეობამ არ მომცა ამის საშუალება და ქალბატონმა თამრიკომაც დააფასა ჩემი მონდომება, გამომიცხადა - უნიკალური და იშვიათი "ალტი" გაქვს და აუცილებლად უნდა საკონცერტო ჯგუფში ჩაგსვაო. მოვედით სახლში გახარებული მე და აღფრთოვანებული დედაჩემი. დედაჩემმა მამაჩემს ახარა - ჩვენს შვილს უნიკალური ალტი ჰქონიაო. მამაჩემმა სასწრაფოდ ენციკლოპედია გადაშალა რომ ენახა როგორი ტიპის ნიჭი ჰქონდა მიმადლებული მის შვილს. ალტი - ერთგვარი ტიპის სასულე საკრავი - თუ რაღაც ამდაგვარი ეწერა ენციკლოპედიაში. ჩემებმა გადაწყვიტეს დაე პროფესიონალები გაერკვნენ ჩვენი გოგონას ტალანტებშიო.
შემდეგ კვირას გახარებული მივდივარ ქალბატონ თამრიკოსთან გაკვეთილზე. ცოტა დამაგვიანდა, ვაღებ კარს, რეპეტიცია უკვე დაწყებულია. ქალბატონმა თამრიკომ გვერდულად გამომხედა, ისე რომ გუნდის დირიჟორობა არ შეუწყვეტია მეუბნება - მოძებნე ადგილი და დაჯექი. მე ცოტა შევყოყმანდი. ქალბატონმა თამრიკომ მიმითითა ცარიელ სკამზე და მეც დავჯექი. როდესაც სიმღერა ჩაათავეს გვერდზე მჯდომს ვკითხე რა ხმაში ვარ მეთქი. აღმოჩნდა რომ ქალბატონ თამრიკოს სულ დავიწყებია ჩემი უნიკალური "ალტის" შესახებ და პირველ ხმაში გავუშვივარ. მეც არაფერი ვთქვი, გადავწყვიტე რომ ესე იგი პირველი ხმაც ისეთი უნიკალური მაქვს, როგორც "ალტი".
დიდად კი მივქარე, ტყავი მართლაც გამაძვრეს და ჩემს "ალტს" გამოყენება ვერ ვუპოვე. ახლა მინდა კიდევ ერთი ისტორია მოვყვე გუნდთან დაკავშირებით. მოგვიტანეს ერთი ლათინური(?) სიმღერა. რომლის ტექსტიდან ერთი სიტყვაც არ გაგვეგებოდა. ქალბატონი თამრიკო მოითხოვდა "გრძნობით გვემღერა". ჩვენს შეკითხვაზე - რას ეხება ამ სიმღერის ტექსტი და "როგორი ტიპის გრძნობა ჩავდოთ შიგნით" ქალბატონი თამრიკო დაფიქრდა, მერე ამაყად ასწია თავი და გამოგვიცხადა - ეს არის სიმღერა დედაზე, ისე იმღერეთ რომ ყველამ დაინახოს როგორ გიყვართ თქვენი დედიკოები.
ამას წინად ისევ გამახსენდა ეს სიმღერა და მისი ტექსტი:

Quando corpus morietur,
fac, ut animae donetur
paradisi gloria. Amen.

When my body dies,
let my soul be granted
the glory of Paradise. Amen.

მოკლედ სიმღერა დედაზე:

No comments:

Post a Comment