Wednesday, July 1, 2009
ბუზების შემოტევა
ცხელა, ძალიან ცხელა.
დილით კარები შევაღე ნიავი შემოსულიყო და ნიავს 50 000 ბუზიც შემოყვა. დაძინება ვცადე მაგრამ მივხვდი ბუზების 80% ჩემს თმებში მოსწონდათ განაყოფიერება. წამოვხტი და ბუზისსაკლავი მოვიტანე. თავბრუსხვევამდე ვსდიე ბუზებს. 20 მათგანი მივასიკვდილე. მძორებს ერთად მოვუყარე თავი, ბუზის საკლავი გავიტანე და ცოცხის და აქანდაზის მოსატანად გავედი. რომ დავბრუნდი 10 ცალი ისევ დაფრინავდა. კვლავ მოვიტანე ბუზის საკლავი 5-7 ცალი მოვკალი და გავედი. რომ დავბრუნდი 3 ცალი ისევ დაფრინავდა (დაფრინავს), მაგრამ აღარ მქონდა თავი. შეგროვებული ბუზის მძორები ავკრიფე და გადავყარე. ცოტა დავისვენე, ზაზუნასთან მივედი მოსაფერებლად და გალიიდან 10 ცალი ბუზი ისევ აფრინდა. შეწუხებულ ზაზუნას უზარმაზარი სორო გაუთხრია ნახერხებში, ჩამძვრალა და თავზეც ნახერხი წაუყრია. ისევ მოვიტანე ბუზის საკლავი. რამოდენიმეჯერ ისე ვცადე გამოდევნება მაგრამ უშედეგოდ. ახლა ისევ მესმის ბზუილი, ვპოსტავ თან ხელებს ვიქნევ აქეთ-იქით. ძროხების მშურს უკვე, რა იქნებოდა მეც მქონოდა ერთი კუდი ბუზების მოსაგერიებლად. დედამთილის "სადედოფლოშიც" გაუღწევიათ "ჩემს ბუზებს" (რაც ძალიან მახარებს).
ცხელა, ძალიან ცხელა მაგრამ კარებს ვერ ვაღებ. გადარჩენილ ბუზებს ხმა გაუვრცელებიათ რომ ჩემს სახლში უფასო საკვები და სტუმართმოყვარე გარემოა და უკვე 50 ხარაბუზა 5 საათია ზის აივანზე, სარეცხის თოკებზე და თავიანთ რიგს ელოდებიან შემოსაფრენად.
მოკლედ ამ პოსტით მინდა ძალიან მწარედ შევაგინო ადამიანს, რომელსაც პირველად მოუვიდა აზრად კორპუსის ბინებში ნაგვის მილის ჩამონტაჟება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment