Showing posts with label დასაქმება ქართულად. Show all posts
Showing posts with label დასაქმება ქართულად. Show all posts

Tuesday, July 24, 2012

ფასადური დასაქმება

ხშირად მესმის ხოლმე წუწუნი, სადაც სიტყვათაშეთანხმება "ფასადური სახელმწიფო" დომინირებს და არ მესმის ამ წუწუნის მიზეზი. წესით ძალიან კმაყოფილები უნდა ვიყოთ ამით, რადგან ქართველები უკვე ძალიან დიდი ხანია დაკავებული ვართ ფასადური ცხოვრებით. ფასადური სამსახურები, ფასადური ოჯახები,ფასადური რელიგია - მოოქროვილი ეკლესიებით, ფასადური მეგობრები. რაღა გასაკვირია რომ ამგვარმა ხალხმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ასეთი ფასადური სახელმწიფოს შექმნით გამოავლინა.წესით ამ ქვეყანაში თავს ისე უნდა ვგრძნობდეთ, როგორც თევზი წყალში მაგრამ არა, რომელიღაც ფასადით ყოველთვის უკმაყოფილო ვართ, ყოველთვის ძველის ფასადის დანგრევას და სანაცვლოდ ახალი, მოდერნიზებული და თანამედროვე ფასადის აშენებას მოვითხოვთ.ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ფასადის. ამ ყველაფერზე ბევრჯერ დაწერილა, ერთ მოვლენას მინდა კიდევ შევეხო. ეს არის ფასადური დასაქმებები და ფასადური გასაუბრებები ამა თუ იმ ფასადური ვაკანსიის დასაკავებლად და როგორ ხდება ეს.

ალბათ ძალიან ბევრი სტატია ქვეყნდება იმის შესახებ, თუ როგორ "მივაღწიოთ წარმატებას" , როგორ "გავყიდოთ საკუთარი თავი მომგებიანად",  როგორ "წარმოვაჩინოთ ჩვენი ნაკლოვანებები ჩვენს უპირატესობად" და სხვანი. ასევე არსებობს უამრავი ტუტორიალები, როგორ უნდა მოვიქცეთ გასაუბრებაზე, როგორ უნდა ვუპასუხოთ ეიჩარის კითხვებზე, როგორ უნდა ვიჯდეთ, როგორ უნდა გვეჭიროს თავი, როგორ უნდა ჩამოვართვათ ხელი და ტენის რა რაოდენობა უნდა იყოს ხელზე ამ დროს (რისი დაცვაც ყოველთვის ძალიან მიჭირს) და ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა ქართველ დამქირავებლებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ვაკანსიების 80% ფასადურია ანუ რეალურად არაფერი კეთდება და მხოლოდ საქმნიანი ადამიანის ვიზუალურ ილუზიას ვიქმნით, გასაუბრებზე ეიჩარებს უკვე საკმაოდ მკაცრად ჩამოყალიბებული სტანდარტი აქვთ იმ ადამიანის პიროვნულ თუ ვიზუალურ სახესთან დაკავშირებით(აქ სავარაუდო წონასა და კბილების სტომატოლოგიურ მდგომარეობასაც ვგულისხმობ), რომლების მიმართაც, მაღალპროცენტული ალბათობით, დადებითად განეწყობიან და სამსახურს შესთავაზებენ .

დღეს ვაკანსიის დასაკავებლად ადამიანის ცოდნა და გამოცდილება არაფერს ნიშნავს. მთავარია რამდენად მარკეტინგულად შეფუთავ საკუთარ თავს, რამდენად მოსწრებულია შენი სიტყვა პასუხი და ფართოა შენი ღიმილი, რამდენად გეხერხება დროული ხუმრობების ჩაგდება საუბრისას და რამდენად ინტენსიურად უქნევ თავს დამსაქმებელს სიტყვით გამოსვლის დროს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს რაღაც შუალედურია პოლიტიკასა და სხეულით ვაჭრობას შორის.

ყველაზე მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ არ მესმის, რატოა ეს ჩემთვის ასეთი მიუღებელი, როდესაც მოსახლეობის უმეტესობისთვის ეს ნორმალურ მოვლენად ითვლება. ვიცი, ის ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენას ნორმალურად აღიქვამენ, შემომედავებიან: -ეგ ეგრე უნდა იყოს! აბა სხვანაირად როგორო? აბა როგორ გაიგოს დამქირავებელმა რომ რეალურად საჭირო კანდიდატი ხარო? მარტივი ფსიქოლოგია და ალენ კარიო!! აგერ კიდევ რამოდენიმე ჭკვიანური ხერხები და რჩევებიო!! რამოდენიმე ჭკვიანურ სიტყვასაც გავურევ საუბარში, რომ დარწმუნდე რომ ფრიად ინტელექტუალურ ადამიანს ესაუბრები, რომელმაც იცის ოცდამეერთე საუკუნის დაწერილი თუ დაუწერელი კანონებიო!!! შენ სამსახურის შოვნა არ გდომიაო!! არ გკიდია რას იტყვი, მთავარია სამუშაო იშოვნოო!! აი მაგალითად ჩემმა ბიძაშვილმაო..... მეო, თავის დროზეო.....და ა.შ.

მე ძალიან კონკრეტული და მკაცრი დეფინიცია მაქვს აფერისტობის. არაპირდაპირი აფერისტობაც აფერისტობაა, კითხვებზე გვერდის შემოვლა და პასუხის უკუღმა დატრიალებაც აფერისტობაა, საკუთარი თავის და გამოცდილების ლამაზად შეფუთვაც აფერისტობაა, ზოგადად ზედმეტ ლაყბობას აფერისტობის და თავის მოქონვის მეტი არანაირი დანიშნულება არ გააჩნია. ასევე მკაცრი დამოკიდებულება მაქვს აფერისტობასთანაც. როდესაც დამქირავებელი ჩემგან აფირისტობას მოითხოვს, ბუნებრივი სურვილი მიჩნდება მისი შემოთავაზება, თავის ანაზღაურებიანად ერთ კარგ ადგილას გავუკეთო, შემდეგ მისი კაკლის უზარმაზარი საოფისე მაგიდა, თავის ტყავის სავარძლებიანად ჯერ თავზე გადავამტვრიო და შემდგომ ეს ნამსხვრევები ნაწილ-ნაწილ გადავაყლაპო და თან თავზე დავძახოდე "-აბა ფართოდ გააღე პირი, ეს დედიკოსთვის!! ეს მამიკოსთვის!! ეს მალხაზი ბიძიასთვის!!აბა ეხლა კარგად მოაპრიალე თორემ მახინჯი ცოლი გეყოლება!!"

მოკლედ ხვალ გასაუბრებაზე მივდივარ და იმედია რომ ყველაფერი წარმატებულად ჩაივლის :ნიჩურიტი, ნიჩურიტი:




Tuesday, July 10, 2012

"სტომატოლოგია" ქართულად

დიახაც "სტომატოლოგია". ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი რომ მინდა ხაზი გავუსვა-არ არსებობს ქართული სტომატოლოგია. არ ვიცი, რა მიწისქვეშა დინებებმა შეუწყო ხელი მაგრამ ქართულ "სტომატოლოგიაში", ისე როგორც არსად,თბილი თავშესაფარი ჰპოვეს ყოველგვარი ჯურის შარლატანებმა, ნამუსგარეცხილმა თაღლითებმა და თვითმარქვია გამომძალველებმა. თუმცა რა არცოდნა უნდა ამას, ყველა ადამიანს 32 კბილი აქვს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე თითო-თითოდ ეს 32-ვე კბილი ფუჭდება და აუტანელი ტკივილით გასაჩუქრებს, ხოლო ამ "სტომატოლოგებად" წოდებულ თაღლითებზე უკეთ ვინ იცის, რომ ადამიანი, სწორედ ამ ტკივილის დროს  ყველაზე  დაუცველი და უსუსური არსებაა, ამიტომაც ამ დროს მათ ჯიბეებში ჩაძრომა საოცრად მარტივია (და ლეგალური, რაც მთავარია).

ქალაქში მომრავლებული "თაკო-დენტი", "კოტე-დენტი" და "მიშიკო-დენტების" ფონზე, ერთი შეხედვით საკმაოდ რთულია კლინიკის არჩევა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ძირითადად კლინიკები იყოფა ორი ტიპის კლინიკებად. იაფიანი და ძვირიანი. დავახასიათოთ თითოეული ცალ-ცალკე.

იაფიანი კლინიკები-ძირითადად ქალაქის გარეუბნებში მდებარეობენ, სადაც, გულახდილად რომ ვთქვათ, სისუფთავეს და სტერილურობას ნაკლებ პატივს სცემენ, რამეთუ ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ, ჩემივე თვალით მაქვს ნანახი, ერთ-ერთ ასეთ კლინიკაში როგორ დაუცვივდა ქალბატონს ახლადგასტერილებული იარაღები, რომლებიც სასწრაფოდ აკრიფა, აქეთ-იქით მიმოიხედა, ხალათის კუთხეზე ნაჩქარევად შეიწმინდა და უკანვე ჩააწყო. არც-ერთ მის პაციენტს ეს არ დაუნახავს, მხოლოდ მე დავინახე, როდესაც ჩემი მეუღლე სტომატოგოგის სავარძელზე ნებიერად იყო გაწოლილი და განაბული იყო ბედნიერებით, რასაც - "ნაკლები მიჯდება, რა იაფად აკეთებენ და თან არაუშავს ისე"-ჰქვია. ამიტომ ყოველთვის მოიძებნება ადამიანი რომელიც იტყვის რომ "არა იურა კარგად აკეთებს,თან 30 ლარად თითო კბილს, სულ მაგასთან დავდივარ"-მაგრამ მე რატომღაც ვერ ვრისკავ ასეთ რამეში.

ძვირიანი კლინიკები-მათ სხვა კატეგორიის: "მე ჩემი ჯანმრთელობა ძვირად მიღირს" ტიპის კლიენტურა ყავთ და უკეთებენ კიდეც ძვირად და თან როგორ ძვირად. შეგშურდება კიდეც, ისე უნამუსოდ ჩაგხედავენ თვალებში მანამ, სანამ ბოლომდე გაგყვლიფავდნენ. თან აქაც არაჩვეულებრივი ტექნიკა აქვთ. არასოდეს გეუბნებიან რა ჯდება კბილი. როდესაც მიდიხარ ერთი კონკრეტული მიზნით- მითხარით რა დამიჯდება ეს კბილი რომ ასეთ დონემდე მოვიყვანო? პასუხი იქნება: -აა, ეს სამ ფესვიანი კბილია, თითო ფესვის დაბჟენა X ლარი ანუ სულ 3*X, კიდევ სურათის გადაღება იქნება საჭირო, პანორამული სურათი Y ლარი +კონკრეტული ერთ კბილზე Z-ლარი, გვირგვინის ამოყვანა და ამოშენება X' ლარი, პლუს ჯერ კბილების გაწმენდა იქნება საჭირო Y' ლარი, თან როგორც ეტყობა გვერდით კბილზეც იქნება გადასული. ეს გვერდითა კბილიც უნდა გაკეთდეს ისე აზრი არ ექნება, ესეც ორ არხიანი კბილია, ანუ ამას დავამატოთ....................................და ა.შ. საბოლოოდ არც მეტი-არც ნაკლები თითო კბილში იხდი დაახლოებით 200 ლარს(სულ მინიმუმ) და ღმერთმა არ ქნას ბევრი კბილი გქონდეს გასაკეთებელი. მაშინ სტომატოლოგები თავიანთ კოლეგებსაც ჩართავენ ყვლეფის წმინდა პროცესში, ცალკე ორთოდონტებსა ცალკე ქირურგებს  და დაიწყება ათვლა თავიდან-თითო ფირფითა X" ლარი პლუს 4 კბილის ამოღება, იქ ნაკერებიც იქნება საჭირო Y" ლარი, გადაკვრა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა მასალით, შესაბამისაც ხარისხიც სხვადასხვაა..................................................და ა.შ.

ყველაზე მთავარი იცით რა არის? სულ ერთია რას გადაიხდი თითო კბილში, 30 ლარს თუ 230, ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ, მაქსიმუმ 2 წელიწადში ეს კბილი ისევ გასაკეთებელი იქნება. იაფიანში წახვალთ და გვერდზე გადადებთ სხვადასხვა ვენერიული დაავადებებით დასნებოვნების შიშს თუ ძვირიანში, ამ გაუმაძღარი თაღლითების ზოოპარკში? არჩევანი არც ისე ფართოა.




Tuesday, July 3, 2012

შეხვედრები, თათბირები, "სტაF მითინგები" და სხვანი ანუ მენეჯმენტი ქართულად.

სანამ წერას დავიწყებდი დავგუგლე და ბევრ საინტერესო სტატიას გადავაწყდი, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს ეს, მაგალითად:
7 Ways to an Effective Team Meeting”
ან: How to Run an Effective Staff Meeting"
ან:   “Effective Meetings Produce Results – 12 Tips for Meeting Management”

გადავხედე ამ სტატიებს და შემშურდა იმ ადამიანების, რომლებიც ესწრებიან ისეთი პიროვნებების მოწყობილ "სტაF მითინგებს", რომლებსაც  წაკითხული აქვთ მსგავსი სტატიები. შემშურდა იმიტომაც, რომ მათი შრომა ყოველთვის უფრო ეფექტური იქნება,ვიდრე ჩემი.მათი სამუშაო მოტივაცია ყოველთვის უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩემი. მათი განწყობა საქმის მიმართ, გაცილებით უფრო  დადებითი იქნება, ვიდრე ჩემი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა ვაიძულო საკუთარი თავი, რადგან ქართული ე.წ. "სტაF მიტინგების" მერე ყველაზე თვითმოტივირებულ და ამბიციურ " workaholic"-საც კი გაუჭირდება საკუთარი თავის ხელში აყვანა და სამუშაოს გაგრძელება. 

არ ვიცი ეს ყველგან ასე ხდება, თუ მხოლოდ იქ სადაც მე ვმუშაობ, თუ მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში, მაგრამ ეს "თათბირები" სხვა არაფერია, თუ არა თანამშრომლებიც დამცირების, დაშინების და მიწასთან გასწორების არც თუ უშედეგო მცდელობები. ეს შეხვედრები საათზე ცოტა მეტ ხანს გრძელდება და მთელი ამ დროის განმავლობაში მიდის "არავინ კონკრეტულისკენ" მიმართული ლანძღვა, აბუჩად აგდება, ჭკუის სწავლება, სამსახურის დაკარგვით დამუქრება. დროდადრო აღნიშნავენ კიდევაც რომ "რათქმაუნდა ეს ყველას არ ეხება, მაგრამ" და ისევ ლანძღვა დამცირება დაშინების კორიანტელი მოდის, შენ კი, მთელი ამ საათნახევრის განმავლობაში, მუშტებშეკრული ზიხარ და ცდილობ საკუთარი თავი დაარწმუნო, რომ სწორედ შენ ხარ ის პიროვნება ვისაც ეს ყველაფერი არ ეხება მაგრამ ყოველ ახალ ბრალდებაზე პარალელებს ავლებ საკუთარ თავთან, საკუთარ სამუშაოსთან და გული გისკდება. თან ვერც ვერაფერს ამბობ, არც თავის გამართლების საშუალება გაქვს, რადგან მენეჯერი სასწრაფოდ გიპასუხებს რომ "შენ არაფერ შუაში ხარ და ეს კონკრეტულად არავის ეხება, ჩვენ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ კონკრეტულ პიროვნებას თანამშრომლების თანდასწრებით შეურაცხყოფა მივაყენოთ, მაგრამ........".  ერთადერთი რაც შეგიძლია ეს არის, კბილი კბილს მაგრად დააჭირო ამ ერთი სათის განმავლობაში რომ რამე უკადრებელი არ აკადრო ვინმეს (ან თუ შუბლის ძარღვი გაქვს გაწყვეტილი გაკრეჭილმა თავი აქნიო უფროსის ამ ლანძღვაზე და ხანდახან "ასპროცენტიანი ბრძანდებით, მე მაგალითად ყოოველთვის........"-სტილის წინადადებებით წაეშველო და დარწმუნებული იყო რომ ეს უშედეგოდ არ ჩაივლის")

ასეთი ტიპის ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველაზე მონდომებული და დაინტერესებული ადამიანიც ვერ შეასრულებს სამუშაოს ეფექტურად და ეს გვეტყობა კიდეც ყველაფერში.


Saturday, April 7, 2012

ვაკანსია "ინოვაციური განათლების ცენტრში", პროექტი "კოდალა" ანუ How things are done in Georgia

დიდი ხანია ამ ისტორიაზე დაწერას ვაპირებ და როგორც იქნა მოვიცალე.

ისტორიის დასაწყისი ბანალურია: გამოქვეყნდა ვაკანსია ქიმიის ონლაინ გაკვეთილების შემქმნელზე, გავაგზავნე სივი, დამიკავშირდნენ - უფრო სწორად კი არ დამიკავშირდნენ, პირველი "გამოცდა" მომიწყვეს. დამიკავშირდნენ მაილზე და მაცნობეს დანიშნულების ადგილი და დრო, როდესაც უნდა გამოვცხადებულიყავი. სწორედ მაშინ, რამოდენიმე დღის განმავლობაში, ინტერნეტთან წვდომა არ მაქონდა. როდესაც ბოლო-ბოლო ჩემს მაილთან მივაღწიე, აღმოჩნდა რომ უკვე დაგვიანებული ვიყავი და დანიშნულების ადგილას გუშინ უნდა გამოვცხადებულიყავი. გრძელი ბოდიშის მოხდის მაილი თითქმის უკვე დასრულებული მქონდა რომ ახალი მაილი მომივიდა რომელშიც "კიდევ ერთ შანსს მაძლევდნენ" თუკი ნახევარ საათში მივიდოდი ოფისში. მოკლედ თავქუდმოგლეჯილი გავვარდი და მივასწარი. მომცეს ინსტრუქციები, თუ როგორ კეთდება ეს ონლაინ გაკვეთილები.

პირველი აუცილებელი პირობაა Open-sankore ოპენსორს პროგრამა, რომელიც შექმნილია საფრანგეთში, აფრიკის ქვეყნებში განათლების გასავრცელებლად (მე ისიც არ ვიცოდი ელექტროენერგია თუ გაავრცელეს ჯერ აფრიკაში და თურმე სადახარ, ამათ უკვე სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებიც დაუწერიათ უკვე). მოკლედ პროგრამის მიზანია "ჩაანაცვლოს" დაფა და ცარცი. ამისთვის კომპიუტერს უერთებ რაღაც ტაბლეტის და ელექტრონული დაფის ჰიბრიდს (ჩვენს შემთხვევაში ეს არის bamboo pen), ხოლო სანკორის მიზანია ჩაიწეროს ვიდეოდ ნებისმიერი რამე, რასაც ამ დაფაზე წერ და საუბრობ.

პირველი რაც გამიკვირდა ეს იყო: და რა არის ამაში ინოვაციური? დაფაზე წერა და ახსნა საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა სწავლების მეთოდად და ახლა, 21 საუკუნეში, თუკი გაქვს ისეთი ფანტასტიური მოწყობილობა, როგორიცაა კომპიუტერი რაღა საჭიროა ისევ დაფის და ცარცის სიმულაცია გააკეთო? ეს ხომ ველოსიპედის თავიდან გამოგონებაა?

მეორე: რაც შეეხება პროგრამა, Open-sankore საოცრად მოუხერხებელი და საშინლად არასტაბილური პროდუქტია,ყოველი 3-4-წუთიანი სესიის შემდეგ "ეკიდება", საერთოდ არ გავს მზა პროდუქტს. არ აქვს არანაირი დოკუმენტაცია, ან თუ აქვს საკმაოდ მოხერხებულად არის დამალული.

მესამე: bamboo pen საკმაოდ რთულად სახმარი, რთულად დასაკონფიგურირებელი მოწყობილობაა. მართალია მასთან მიჩვევა შეიძლება დროთა განმავლობაში და ფასთან შედარებით ხარისხი რელევანტურია მაგრამ შეხამება Open-sankore + Bamboo pen ერთ დიდ "No no" ფაქტორს წარმოადგენს. საკმაოდ რთულია წერა, გადართვა ბეჭდვის რეჟიმიდან-ხაზვის რეჟიმზე/წერის რეჟიმზე საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია ამიტომაც გაკვეთილის ახნისას საკმაოდ დიდი პაუზები რჩება, რაც ონლაინ გაკვეთილს უინტერესოდ და მოსაწყენად აქცევს.

ამგვარი მეთოდით გაკეთებული გაკვეთილები შეგიძლიათ იხილოთ საიტზე http://kodala.ge სადაც გაკვეთილები ბიოლოგიასა და მათემატიკაში უკვე განთავსებულია.

დასკვნა: ყოველთვის, როდესაც რაღაც კეთდება, ვსვამ კითხვას რა მიზანი აქვს ამ საქმეს, რას ემსახურება? ხოდა დავუსვი ჩემს თავ კითხვები.

რატომ ქვია ამ საიტის შემქმნელ ცენტრს "განათლების ინოვაციური ცენტრი"? - ფაქტია რომ არანაირი ინოვაციური აქ არ კეთდება და ვიპოვე პასუხიც: სიტყვათაშეხამება "განათლება" და "ინოვაცია" საკმაოდ მარკეტინგული და კონკურენტნარიანია, შესაბამისად მარტივია გრანტების მოპოვება.

რა მიზანია აქვს ამ საიტს?მოსწავლეების განათლებისთვის ხელის შეწყობა? - ფაქტია, რომ არც ერთი თინეიჯერი არ დაჯდება და არ უყურებს 12 წუთიან ბიოლოგიის გაკვეთილებს, სადაც უხერხული პაუზების რაოდენობა ჯამში 5 წუთამდე აღწევს.

აღწევს თუ არა ცენტრი მიზანს რომ სწავლა სახალისო პროცესი გახადოს? - ფაქტია რომ არა. თუკი ერთ ვიდეოს მაინც უყურებთ რომ არაფერი სახალისო არ არის იმაში, თუ როგორ წვალობს მასწავლებელი ამ მოუხერხებელი პროდუქტებით რამე შექმნას. ეს, პრინციპში, 12-13-წუთიანი, ადამიანის წვალების ამსახველი ვიდეოები უფრო არის, ვიდრე საგანმანათლებლო. შეგიძლია წარმოიდგინო როგორ ზის უკან მასწავლებელი და როგორ ცდილობს, Bamboo pen-ის მოუხერხებელი პასტით, ლამაზი ასოები გამოიყვანოს დაფაზე.

და ბოლო შეკითხვა: აბა რატომ კეთდება? მხოლოდ იმისთვის რომ გაკეთდეს? გრანტები აღებული აქვთ უკვე?

Thursday, March 29, 2012

ვაკანსია "ბრიტანულ ცენტრში" ანუ How things are done in Georgia

მოკლედ, დიდი შესავალის გარეშე დავიწყებ და დასკვნებს ბოლოში გამოვიტან. კიდევ ერთი ვაკანსიიდან გამომეხმაურნენ, ეს იყო "ბრიტანული ცენტრი",ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი, რომელიც ახლა კერძო სკოლას ხსნის და ვაკანსია ცხადდებოდა ყველა საგნის მასწავლებელზე. უპირველეს ყოვლისა მათ საიტს გავეცანი სადაც უხვად იყო გამოყენებული სარეკლამო ფრაზები: "მსოფლიოს წამყვანი მეთოდები", "ბრიტანული ცენტრის ერთადერთი ჭეშმარიტი წარმომადგენელი სქართველოში", "საუკეთესო ადგილი, სადაც სწავლა სიამოვნებაა", "უფრო მეტი, ვიდრე ენა". ასევე ვნახე გადაცემა რომელშიც ვინმე თიკო სადუნიშვილი ეწვია სკოლას და აღფრთოვანებულმა აღმოაჩინა რომ ამ ცენტრში მთელი ქართული "სელებრითები", ვინმე ნანკა კალატოზიშვილი, ვინმე ავთანდილ ცქვიტინიძე, ინგა გრიგოლია და ა.შ მთელი ქართული ბომონდი, ანუ, როგორც ქალბატონმა თიკომ უწოდა:"ცნობილი ქართველი მოღვაწეები" ეუფლებოდნენ ენას. როგორც დავასკვენი ჩემი პოტენციური დამქირავებლები ფრიად ამბიციურნი ყოფილან, რაც მესიამოვნა, თუმცა მივხვდი, რომ ასეთ ამბიციურ კოლექტივში მოხვედრა შეიძლება არც ისე მარტივი ყოფილიყო. ვაკანსია როგორც გვამცნობდა, პოტენციურ თანამშრომელს "სასურველია პედაგოგის სრტიფიკატი ჰქონოდა". რადგანაც ეს სერტიფიკატი ჯიბეში მიდევს (ანუ ჯიბეში არ მიდევს ჩემს რესურს ცენტრში დევს და გამოტანა მეზარება, მაგრამ მთავარია რომ ბუნებაში არსებობს პედაგოგის სერტიფიკატი, რომელზეც ამაყად ჩემი სახელი და გვარი წერია) ვიფიქრე რომ სამსახურიც ასევე ჯიბეში მედო.

დამიბარეს ტესტირებაზე. კიდევ უფრო გამეზარდა პატივისცემა ჩემი პოტენციური დამქირავებლების მიმართ, რადგან ვიფიქრე რომ არ დაიზარეს და ქიმიის ტესტი შეადგინეს რომელიც საკუთარ "სელებრითულ" ამბიციებს აკმაყოფილებდა და მხოლოდ რომელიღაც ქართულ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემულ სერთიფიკატს არ დასჯერდნენ.

როდესაც ტესტი დამიდეს, მაშინ კი გადმომცვივდა თვალები. ეს ხომ სწორედ ის ტესტია, რომელიც ვიღაც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ დამიდო, შემდგომ სპეციალური ნომერი მომანიჭა ანონიმურობის თვალსაზრისით, შემდგომ ნაწილი კომპიუტერმა შეამოწმა, ნაწილი დაყვეს და სხვადასხვა ანონიმურ შემმოწმებლებს გადასცეს და დიდი ბჭობის შემდგომ პედაგოგის სერთიფიკატი მომანიჭეს.

ამ იდენტურ ტესტზე კი ჩემი საკუთარი სახელი და გვარი უნდა დამეწერა და შემდგომ, ვინმე წერა-კიხვის მცოდნე დიდძუძუებიან(ან საშუალოძუძუებიან) მდივან ქალბატონს უნდა შეემოწმებინა განათლების სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული პასუხების მიხედვით და დიაგნოზი დაესვა ჩემთვის. თავი საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი. დაახლოებით 10 წუთი ვიჯექი და ვფიქრობდი, ღირს თუ არა რომ ასეთ დამცირებაზე წავიდე. ჩემში სამუშაოსმაძიებელმა, უთავმოყვარეო პიროვნებამ გადასძალა და ტესტი კიდევ ერთხელ შევავსე, თუმცა როდესაც ტესტით ხელში კიბეებზე ვეშვებოდი, მივხვდი რომ გული მერევა აქაურობაზე, გული მერევა "ქართულ დასაქმებაზე" სადაც შენ, თავდაპირველად მოიაზრები როგორც მატყუარა თაღლითი, რომელიც ცდილობს "გააცუცურაკოს" დამსაქმებელი,ამიტომაც გიწევს საპირისპიროს დამტკიცება რათა "დაიმსახურო" შემოთავაზებული ვაკანსია.

უაზროდ გაღიმებულ ქალბატონს თვალებში ჩავხედე და ვკითხე
-თქვენ რა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ ენდობით?
ქალბატონი კიდევ უფრო უაზროდ გაიკრიჭა და მიპასუხა

-არა ქალბატონო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როგორ არ ვენდობით მაგრამ გვინდოდა ჩვენი ტესტიც შემოგვეტანა სანამ თანამშრომლებს ავიყვანთ.

-კი მაგრამ, ქალბატონო, ეს არ არის თქვენი ტესტი, ეს არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტესტი, რომელიც შეადგინეს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის, რომელიც ჩავაბარე წარმატებით და სერტიფიკატიც ავიღე.

-მით უკეთესი, არ გაგიჭირდებოდათ ამ ტესტის შევსება-მიპასუხა გაკრეჭილმა ქალბატონმა. მეც უაზროდ შემოვტრიალდი და წამოვედი.

რაღა აზრი ჰქონდა მელაპარაკა მათთან ჩემს უფლებებზე? რომ მაქვს უფლება ამ ტესტის ქულა ანონიმური იყოს, რომ მათ არა აქვთ უფლება განათლების სამინისტროსგან ამ ტესტში ჩემთვის მონიჭებული ქულა ეჭვქვეშ დააყენონ,ან "გადაამოწმონ" და თუ აქვთ სურვილი პედაგოგის კომპეტენციის გადამოწმების, საიტზე "სელებრითების თვლის" მაგიერ როგორც მინიმუმ 1 წესიერი ქიმიკოსი დაიქირავონ და საკუთარი ტესტი შეადგინონ.

პ.ს. ტესტში, რომელიც განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მომცა, მოცემული მქონდა დრო, 5 საათი, ხოლო "ულტრასელებრითულმა" "ბრიტანულმა ცენტრმა" დაახლოებით 5-6 კითხვა ამოაკლო და უდიდესი პროფესიონალიზმით დაასკვნა რომ 50 წუთი უკვე საკმარისი უნდა ყოფილიყო ტესტის შესავსებად.

Monday, March 5, 2012

ვაკანსია "საქაერონავიგაციაში", "ვაკანსია" რუსთავი 2-ის ეთერში

საქართველოში ყველა დასაქმებულმა პიროვნებამ იცის რომ სამსახურის ძიება, სამსახურის შოვნასთან ერთად არ სრულდება და სამსახურის შოვნის პირველივე დღეს თუ არა, პირველივე კვირაში თავიდან იწყება ვაკანსიების დაძებნის და სივების დაგზავნის პროცესი. მეც დიდი გამონაკლისი არ ვარ და ყველა ახალგამოცხადებულ ვაკანსიაზე, რაც ვთვლი რომ ჩემი კომპეტენციის ფრაგლებს 30%-ით მაინც შეეფერება, ჩემს მკვლელ სივს და სამოტივაციო წერილს ვაგზავნი.

ერთ-ერთი ასეთი იყო ჯობს.გე-ზე საქაერონავიგაციის მიერ გამოცხადებული "სინოპტიკოსის ვაკანსია" სადაც ფიზიკოსებს და მათემატიკოსებს ეძებდნენ. რადგანაც ჩავთვალე რომ მეტეოროლოგია დაახლოებით იმავე სამეცნიერო მანძილითაა დაშორებული ფიზიკიდან, როგორც ქიმიიდან (და კონკრეტულად ფიზიკური ქიმიიდან) ჩემი გამანადგურებელი სივიც გავაგზავნე. დედლაინის დამთავრებიდან 1 კვირა არავინ შემხმიანებია და ჩემთვის წყნარად ვიყავი, დამავიწყდა კიდევაც ამ ვაკანსიის შესახებ. მოულოდნელად ორკვირანახევრის შემდეგ დამირეკეს. რადგან ამ დროისთვის ჩემი "კონკურენტთა დამაფრთხობელი" სივი უკვე 57 ადგილას მქონდა გაგზავნილი, ქალბატონს დაახლოებით 3-ჯერ გავამეორებინე ორგანიზაციის სახელი, საიდანაც მირეკავდნენ.

დამიბარეს პირველ ტესტირებაზე, რომელიც ინგლისურ ენაში უნდა ყოფილიყო და ტარდებოდა "ჰოლიდეი ინ"-ში. პირველი რამაც გამაკვირვა, ვიდეოკამერით მოსიარულე ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ჩვენს ყოველ ფეხის ნაბიჯს იღებდნენ. ტესტის დასრულების შემდგომ კი სათითაოდ ყველას ინტერვიუ ჩამოგვართვეს. ვიფიქრე რომ ეს მსხვილი კომპანიების ერთ-ერთი "თავისებურებაა" და სავარაუდოდ ეიჩარისთვის არის განკუთვნილი.

2 დღის შემდგომ ყველა აპლიკანტი მეორე ტესტზე დაგვიბარეს, რომელსაც "ფიზიკა-მათემატიკური" ტესტი უწოდეს, ცოტა კი გამიკვირდა, რადგან ყველა ვაკანსიების საძიებო საიტებე, ეს მეორე ტესტი გამოცხადებული იყო როგორც: "Psychological test (defining abstract, logical views and smartness);" ვიფიქრე რომ რამე IQ ტესტის მაგვარი იქნებოდა.

მეორე ტესტირებაზე ჩემდა გასაოცრად ტესტი ისევ ინგლისურ ენაზე იყო. ეს ცოტა გამიკვირდა - რა აზრი ქონდა ისევ ინგლისურ ტესტზე ყველა აპლიკანტის დაბარებას? ჯერ რომ პირველი ტესტი შეესწორებინათ და ვინც საშუალო ქულას გადალახავდა, მხოლოდ ისინი შეეწუხებინათ მეორედ მისვლაზე უფრო უპრიანი იქნებოდა, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. აღმოჩნდა რომ მეორე ტესტი მართლაც ფიზიკა მათემატიკური იყო, ანუ დიფერენციალების და ინტეგრალების გამოთვლა, იდეალური გაზების განტოლებები, ოპტიკა და ა.შ.

მეორე ტესტის დაწყების წინ ისევ გვატრიალეს კამერის წინ.

დრო დიდი აღარ მქონდა, რადგან პირველი ტესტის დროს სამსახურიდან დავეთხოვე და მეორეჯერ ამას ვეღარ ვახერხებდი, შევეცადე მაქსიმალურად გამომეყენებინა დრო რაც მქონდა და გამოცდიდან განაწყენებული გამოვედი.

ერთი რაც ჩემთვის გაუგებარი იყო: რა კონკრეტული მიზანი ჰქონდა ამ ტესტს, თუკი ვაკანსიაზე დაბარებულ ხალხში ფიზიკა - მათემატიკოსების და თუნდაც ქიმიკოსების გარდა იმყოფებოდნენ ბუღალტრები, ფინანსისტები და ა.შ.

მეორე: რატომ არ დაიწერა ვაკანსიის საიტზე რომ ტესტი რეალურად ფიზიკა-მათემატიკური იქნებოდა?

მესამე: რა კონკრეტული უპირატესობები გაჩნია პიროვნებას, ვინც მსგავს ინფორმაციას, რაც მეორე ტესტში იყო მოთხოვნილი, გრძელვადიან მეხსიერებაში ინახავს? რადგან დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ნებისმიერ, საშუალოსტატისტიკურ პიროვნებას, რომელსაც ფიზიკის და უმაღლესი მათემატიკის 2-3-წლიანი კურსი გავლილი აქვს უმაღლეს სასწავლებელში, შეუძლია მსგავსი ინფორმაცია დღეების კი არა საათების განმავლობაში ამოათრიოს მეხსიერების იმ ბნელი ხვეულებიდან რასაც "აუ რამდენი წლის წინ იყოო, აუ ეს ხომ ვიცოდიი" ქვია

მეოთხე: რა უფლებით გაუშვეს ჩემი ინტერვიუ რუსთავი 2-ის ეთერში, რა უფლებით არ მითხრეს რომ თურმე ეს კონკურსი გადაცემა "ვაკანსიასთან" იყო პირდაპირ კავშირში?

პ.ს. ამ ამბებიდან 3-4-დღის შემდეგ მითხრეს ახლობლებმა "ტელევიზორში გნახეთო" და ყბა ჩამომივარდა. მე კაი, არ ვუყურებ ტელევიზიებს და არ ვიცოდი თუ ეს ყველაფერი "შოუს ნაწილი იყო" მაგრამ რუსთავი 2-ის ჟურნალისტები როდესაც თავიანთი კამერებით და ჟურნალისტებით დადიან, ნუთუ არ აქვთ ვალდებულება თვითიდენტიფიცირება მოახდინონ ხალხთან, ვისგანაც ინტერვიუს იღებენ და ზრდილობის გულისთვის მაინც იკითხონ, მომხრეა თუ არა ეს პიროვნება მისი ინტერვიუ თავიანთ სიუჟეტში გაუშვან?