Thursday, July 22, 2010

ამბავი სკოლის დირექტორის ხორციელ ვნებებზე და ახალგაზრდა პედაგოგზე (არც ისე მოკლე, გულის ამრევი ისტორია)

შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ მოვყვე ის ამაზრზენი ისტორია, რომელიც დღეს, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გადამხდა თავს. ბოლო თვეები ვმუშაობდი ერთ-ერთ კერძო სკოლაში, რომლის დირექტორი საკმაოდ ცნობილი პიროვნება, ერთ ერთი დიდი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორია (დასახელებისგან თავს შევიკავებ). ამ სკოლაში დაახლოებით 4 თვე ვიმუშავე. ჩვეულებრივ მოვაწერე ხელი კონტრაქტს, გამეხსნა ბანკში ანგარიში, რომელზეც დამერიცხა მხოლოდ 1 თვის ხელფასი. დანარჩენი თვეების ხელფასის დარიცხვის შესახებ მრავალი შეუსრულებელი პირობის მოსმენის შემდგომ დავასკვენი რომ განუხორციელებელი იდეა იყო და ამაზე ფიქრსაც დავანებე თავი.
დაახლოებით 2 კვირის წინ დამირეკა დირექტორმა უცნაური წინადადებით, კერძოდ შევხვედროდით, გვესაუბრა სკოლის მომავალ განვითარებაზე და ამასთან ერთად ხელზე უნდა გადმოეცა დანარჩენი 3 თვის ხელფასი, რადგან მისივე თქმით თავიდან აერიდებინა ბანკის პროცენტები. შეხვედრა დიდხანს გავაჯანჯლე, რადგან კარგს არ მიგრძნობდა გული მაგრამ საბოლოოდ დავთანხმდი.
დირექტორმა დამიბარა ე.წ. "წითელქუდას" წინ. რადგან ჩვენი სკოლა სხვა შენობაში აპირებდა გადასვლას, დავასკვენი რომ სწორედ აქ იპოვეს საჭირო შენობა სკოლისთვის. როდესაც წითელქუდასთან მივედი და დირექტორს დავურეკე, მან მითხრა მივსულიყავი ამ წითელქუდას მოპირდაპირე კორპუსში, პირველი სადარბაზოს მეოთხე სართულზე. მაშინვე არ მესიამოვნა, მეუღლეს დავურეკე და ვთხოვე 15 წუთში დაერეკა რომ სწრაფად გამოვსულიყავი. ავედი. 1 ოთხანია ბინა იყო, ავეჯიდან მხოლოდ ერთი სამეული, ერთი მაგიდა და 2 სკამი იდგა. ეტყობოდა რომ აქ არავინ ცხოვრობდა, შეიძლება დროებით იყო ნაქირავები. დირექტორმა, როგორც ყოველთვის გააბა საუბარი თავის ფილოსოფიურ შეხედულებებზე სწავლების მიმართ, დროისთვის წინმსწრებ გეგმებზე და ა.შ. შემდგომ საფულიდან ამოიღო 60 ლარი და გადმომცა. მოულოდნელად მითხრა:
-მე ჩავალ, წვენს და ყავას ამოვიტან და რამე მივირთვათ!
კატეგორიული უარი განვუცხადე. მითხრა მაგიდაზე დადებული სკოლის რაღაც პროექტი წამეკითხა და გავარდა ოთახიდან, გასვლის დროს კარები გარედან გადაკეტა. აი აქ კი წამივიდა ფერი. მეუღლეს დავურეკე და მისამართი ვუთხარი სადაც ვიყავი, ვუთხარი როგორც კი ზარს გავუშვებდი პატრული გამოეძახებინა ამ მისამართზე. ჩანთა ამოვჩხრიკე, წვეტიანი ერთადერთი ავტოკალამი ვიპოვე და ყოველი შემთხვევისთვის ჯიბეში ჩავიდე. მაგიდის მეორე მხარეს გადმოვჯექი, ისე რომ შემოსასვლელი კარისთვის თვალყური მედევნებინა და დავიწყე ლოდინი. დაახლოებით 10 წუთში დირექტორიც ამოვიდა წვენით ხელში. დამისხა და შემომთავაზა. მის მოწოდებულ წვენს რა დამალევინებდა, უარი ვუთხარი. ამ დროს მოულოდნელად ხელები შემომხვია, თავზე კოცნა დამიწყო, ერთი ხელი პირზე ამაფარა, თან მეუბნება:
- დღეს რატომ არ შეიღებე თვალები, როგორ ლამაზად იღებავ ხოლმე თვალებს, რატომ არ შეიღებე თვალები ჩემთვის?
შოკში ჩავვარდი, ყველანაირად ვცდილობდი რომ მისი ხელებისგან თავი გამენთავისუფლებინა, მთელი ძალით ვექაჩებოდი, გვერდით ვიწეოდი, ხმის ამოღებას კი ვერ ვახერხებდი.
არ მახსოვს როგორ მომშორდა, არ მახსოვს რეები მელაპარაკა შემდგომ, არც ის მახსოვს რატომ შემტენა ის რაღაც სკოლის პროექტი, ან რა პროექტრია საერთოდ. ახლა წინ მიდევს, 1999-2000 წლების განათლების პროგრამა, შემუშავებული #45 გიმნაზიისთვის, რუსულ ენაზე. სავარაუდოდ რაღაც რუსული გიმნაზიაა, სავარაუდოდ დირექტორის თავის დასაცავი მასალაა, თითქოს მართლაც განათლების სისტემაზე ვსაუბრობდით.

კარგია რომ ავტოკალმის და პატრულის გამოყენება არ დამჭირდა.

დირექტორი ალბათ ფიქრობდა რომ 60 ლარი და ნაქირავები ბინა საკმარისია ჩემთვის და ძალის გამოყენება არ უცდია.

Friday, July 16, 2010

ისევ მასწავლებელთა ტრენინგის შესახებ

მოკლედ გავარგრძელებ წინა პოსტს და მინდა დავამატო მასწავლებელთა ტრენინგზე მომხდარი ერთი ისტორია.
გამოცდისთვის სავალდებუო იყო რიგი სამართლებლივი აქტების ცოდნა, რასაც რასაკვრივრელია შევეხეთ ტრენინგზე. კერძოდ უნდა მოვყვე ისტორია რომელიც მოხდა "შრომის კოდექსის" გავლისას. რადგანაც გამოცდამდე მცირე დრო იყო დარჩენილი და თითოეულ მუხლის გასარჩევად ბევრი დრო არ რჩებოდა, ტრენერმა მასწავლებლები დაგვყო ჯგუფებად, გაგვინაწილა შრომის კოდექსის თავები, და აქედან მასწავლებლებს უნდა აერჩიათ ის მუხლები ან პუნქტები, რომლების შეცვლასაც ისურვებდნენ (ეს უნდა ყოფილიყო გარანტია იმისა რომ ყველა მუხლს და ყველა ქვეპუნქტს ყველა ყურადღებით ჩაიკითხავდა და კრიტიკულად შეაფასებდა.) ჩვენ ჯგუფს შეხვდა III და IV თავები. აღარ მოვყვები, თუ როგორი რთულია მასწავლებლებთან ერთად ჯგუფში მუშაობა (არც ერთ მასწავლებელს არა აქვს ჯგუფში მუშაობისთვის საჭირო უნარ ჩვევები და ეს ფაქტია. ყოველი ახალი დავალების მოცემისას ისინი ხმამაღლა იწყებენ იმ მასალის განხილვას, რომელიც ჯერ არ წაუკითხავთ და რაც მთავარია საკუთარი აზრების გამოთქმით არც სხვებს აცლიან წაკითხვას).
დებატების შემდგომ ერთმა მასწავლებელმა იპოვნა IV თავის მუხლი 20, "უქმე დღეები", ყველაზე პრობლემატური საკითხი ქართველებისთვის (რადგან უქმე დღეები არასოდეს არ არის საკმარისი). აქ მოცემულია რომ ოფიციალურ დასვენების დღეებად ითვლება "დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე - აღდგომის მეორე დღე (რაც საკამათოა, არის თუ არა რეალურად მიცვალებულთა მოხსენიების დღე. საფლავზე ღვინის გადასხმა და წითელი კვერცხის გადაგორება სიტყვებით "მიუვა, მიუვა" საკმაოდ კომიკურად ჟღერს ჩემთვის). და აი აქ იპოვნეს პროტესტის გამოსახატი მასალა.
ჯერ ერთი: დიდი პარასკევი კი არა წითელი პარასკევი
მეორეც: დიდი ხუთშაბათი, დღე როდესაც ზეთის ცხება ყველაზე სასარგებლოა არ უნდა იყოს დასვენების დღედ გამოცხადებული? ერთმა განაცხადა რომ ქრისტე სწორედაც რომ ხუთშაბათს აცვეს ჯვარს და პარასკევს გარდაიცვალა, ამიტომ დიდი ხუთშაბათი უდაოდ დიდმნიშვნელოვანი ქრისტიანული დღეა და ყოველ მიზეზ გარეშე უნდა იყოს აღიარებული დასვენების დღეს, რადგან სულ ერთია, ამ დიდ დღეს მაინც არავინ არ მივა სკოლაში, "მე პირადად არც დავდივარ სკოლაში ამ დღეს, ეგღა მაკლია" -სიამაყით გამოაცხადა ერთმა ქალბატონმა. "სკოლაში კი დავდივარ, სკოლას როგორ გავაცდენ მაგრამ რატომ გვართმევენ შანსს ამ მადლმოსილ დღეს ვიცხოთ ზეთი? " -იკითხა მეორე უკმაყოფილო ქალბატონმა და დაიწყოოოო.....
პ.ს. ამ დროს ტრენინგს სიცილი აუტყდა (და აი აქ მიჰქარა). შემდგომ ერთ მართლმორწმუნე მასწავლებელს ნამდვილად შეეპარა ეჭვი ტრენერის მართლმორწმუნეობაში. უბრალოდ კი არ შეეპარა ეჭვი, დასკვნაც გამოიტანა, ტრენერი უეჭველად იეღოველია!!
პ.პ.ს. როდესაც ჩემი ჯგუფის პრეზენტატორი ჩვენი ჯგუფის ამ პროტესტს კითხულობდა,ჩემთვის ჩუმად ვიჯექი კუთხეში. "რას იზამ, ცხოვრებაა ასეთი" =)))

Monday, July 12, 2010

მასწავლებელთა ტრენინგები, მზადება სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის

მასწავლებელთა საატესტაციო გამოცდები მოახლოვდა. მასწავლებლებმა რა თქმა უნდა შემოიკრეს თავში ხელი.
თავიდან გამოცდაზე გასვლის ძირითადი მიზანი თუ იყო დაპირებული ხელფასების ზრდა, ახლა მიხვდნენ რომ ხელფასების ზრდის გარანტია გამოცდის წარმატებით ჩაბარებაა, რამაც დამატებითი პრობლემები შეუქმნა ისედაც პრობლემებით გადატვირთულ მასწავლებლებს.
ბევრმა მათგანმა გამოიყენა ვაუჩერი მაგრამ უკმაყოფილო დარჩნენ ტრენერებით, რადგან ფიქრობდნენ ტრენერების ფუნქცია არასებული ცოდნის თავისთავად მათ თავებში გადაწყობა იყო. ხოლო ამ ტრენინგების დამთავრების შემდგომ საკუთარი თავების გულმოდგინე მოსინჯვის შემდეგ მიხვდნენ, რომ იქ არაფერიც არ აწყვია, ამიტომ გაიკრეს ჯიბეზე ხელი და როგორ საქართველოში მიღებულია, ნაცნობის ბიძის დეიდაშვილის ნათლიის გარე მამიდაშვილების რჩევით მიადგნენ ტრენერს, რომელსაც ეხერხება ამ ცოდნის ეფექტურად გადაწყობა იქ, "სადაც ჯერ არს". (მათ შორის ვიყავი მეც.)
ყოველთვის მეგონა რომ ძლიერი ხმა მქონდა, ხშირად მეუბნებოდნენ კიდევაც - ზედმეტად ხმამაღლა ლაპარაკობო მაგრამ ტრენინგების განმავლობაში პირველად ვიგრძენი საკუთარი უსუსურება ამ საკითხში. როდესაც რამე საკითხზე საერთო მსჯელობა მიმდინარეობდა წყლიდან ამოგდებული თევზივით ვაფჩენდი პირს მაგრამ იქიდან ამოსული ხმის გაგონება შეუძლებელი იყო საერთო ხმაურის ფონზე.
ყველაზე მეტად გამაკვირვა გამოცდილი პედაგოგების რეაქციებმა იმ აზრის მოსმენისას, რომელსაც ისინი არ ეთანხმებოდნენ. ისინი იწყებდნენ საუბარს ხმადაბლა, ნელ-ნელა აუწევდნენ ხმის ტემბრს, ამავდროულად ნელ-ნელა წამოიმართებოდნენ სკამიდან და ყვრილის ფონზე უახლოვდებოდნენ კოლეგას, რომლის აზრსაც არ იზიარებდნენ. გაფართოებული თვალები, გახშირებული სუნთქვა, ხელები "საბრძოლო პოზიციაში" მიმანიშნებდა რომ დაპირისპირებული მხარეები სადაცაა სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმებოდნენ ერთმანეთს. ამასობაში გამოჩნდებოდნენ პედაგოგები, რომლებიც იზიარებდნენ დაპირისპირი მხარეების აზრს, ისინიც იწყებდნენ ხმის აწევას და ასეთსავე ნელ სვლას მოწინააღმდეგისკენ. ოთახის მეორე ბოლოში გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ასევე ყვირილით გვამცნობდა რომ მას თავი სტკივდება საერთო ყვირილის ფონზე. სიტუაციის განმუხტვას იწვევდა ტრენერის სასტვენი. დაპირისპირებული მხარეები მოეგებოდნენ გონს და ისევ თავ-თავიანთ ადგილას სხდებოდნენ ბურტყუნით - ჩვენ რა პედაგოგები ვართ, რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, ერთმანეთის აზრის პატივისცემა ვერ გვისწავლია და თან დამცინავად გადახედავდნენ დაპირისპირებულ მხარეს, თითქოს ეუბნებოდნენ - მთელი ეს არეულობა თქვენი ბრალია, ჩვენ უბრალოდ ჩვენი აზრი გამოვთქვით.
ხშირად ისმოდა მოსაზრებები: "რწმენას გვართმევენ" , "პიდარასტები შემოგვიყარეს მასწავლებლებად" და ა.შ...რაც დიდად გასაკვირი არავისთვის იქნება მგონი.
ტრენინგზე საუბარს აუცილებლად გავაგრძელებ, ჯერ ჯერობით კი ვნახოთ რა მოხდება ხვალ.
ხვალ ნანატრი სერტიფიცირების გამოცდაა მასწავლებელთა პროფესიულ უნარებში.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს.