Tuesday, September 6, 2016

მამების ჩართულობა ანუ როგორ მივიღოთ ათჯერ მეტი აღიარება ათჯერ ნაკლები სამუშაოსთვის


2014 წელს გამოქვეყნებული კვლევა კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) მხარდაჭერით განხორიელდა, პირველ 'მხიარული, ჩართული მამიკოების' კამპანიის დასაწყისი იყო. 'მამა, წიგნი წამიკითხე' პირველი კამპანია იყო სადაც პოპულარული და წარმატებული მამიკოები ჩაერთვნენ მხიარული პოსტერებით ხელში: ' მამა, წიგნი წაუკითხე', 'მამა, ბურთი ეთამაშე', 'მამა, ჟირაფი დამიხატე', 'მამა, მუზეუმში/კინოში წამიყვანე' . მოკლედ ამ წარმატებულმა მამებმა გადაწყვიტეს ცნობიერების ამაღლება სხვა მამებისთვის, რათა საკუთარ თავზე აეღოთ მშობლობის ყველაზე მხიარული, დასაფასებელი, ასევე მათ პროფესიებთან დაკავშირებული ამოცანები და ამითი საოჯახო შრომის გენდერული სეპარაციისთვის წერტილი დაესვათ, თუმცა ყველაზე ბინძური და დაუფასებელი სამუშაოები (ტუალეტის გახეხვა, ნაგვის ყუთის გამორეცხვა ან აბაზანიდან თმების ბღუჯის ამოღება) ისევ ქალების საქმედ დარჩა. მოცემული კვლევიდან ყველაზე პოპულარული რიცხვი 11% გახდა (მამების მხოლოდ 11% უკითხავს ბავშვებს წიგნებს), თუმცა ამ კვლევაში მოყვანილი ან არშესული სხვა სტატისტიკური მონაცემები ცოტა ყურს გარეთ დაგვრჩა.

კონკრეტულად კი მამების მხოლოდ 7-12%-ია ჩართული შვილებისთვის საჭმლის მომზადების პროცესში და მხოლოდ 6% ბავშვების ტანსაცმლის რეცხვის პროცესში, თუმცა პოსტერი წარწერით 'მამა, აჯაფსანდალი მომიმზადე' ან 'მამა, შორტები გამირეცხე' არცერთ პოპულარულ და წარმატებულ მამიკოს ხელში არ მინახავს.

ასევე კვლევაში ვერ წავაწყდი სტატისტიკას მამების რამდენი პროცენტი აშორებს იატაკზე დაყრილი პლასტელინის ნარჩენებს, რეცხავს ჭუჭყიანი ბოტასების ძირებს, კუჭში გასვლის შემდგომ წმინდავს უნიტაზზე განავლის ლაქებს ან ამოაქვს სამზარეულო რაკოვინაში ჩარჩენილი საჭმლის ნარჩენები ჭურჭლის დარეცხვის შემდეგ.  ეს არის შრომის ის მაგალითები, რომლებიც პირდაპირპროპორციულად ბავშვის მოვლასთან არ იგივდება, შესაბამისად მამები თავს არ თვლიან ვალდებულად მსგავსი ჭუჭყიანი სამუშაოს შესასრულებლად და 'არაჩვეულებრივი მამის' პოზას მხოლოდ ბავშვის ზოოპარკში წაყვანით ირგებენ, მაშინ როცა ყველა ეს სამუშაო პირდაპირაა დაკავშირებული ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებთან.

2016 წელს ამ მხიარულ კამპანიას კიდევ ერთი არანაკლებ მხიარული კამპანია დაემატა. ეს გაეროს მოსახლეობის ფონდისა და We Care-ის პარტნიორობით შექმნილი პროექტი 'კაცები ზრუნავენ'. მათი დეკლარირებული მიზნებია:
ჩვენი მიზანია მშობლებს (განსაკუთრებით კი მამებს) მივაწოდოთ ინფორმაცია მამების ბავშვის აღზრდაში ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობს და მნიშვნელობის შესახებ.
თუ კი გსურთ თქვენს შვილს ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და გაიზარდოს თავდაჯერებულ ადამიანად, მაშინ ჩვენი გვერდი სწორედ თქვენთვისაა! :)
 როგორც ვხედავთ მამების მიმართ მოთხოვნები კვლავაც არ შეცვლილა. მათ მხოლოდ საკუთარ შვილთან ურთიერთობა, თამაში, წიგნის კითხვა, გასეირნება მოეთხოვებათ მანამ სანამ სხვა იმ უხილავ, ბინძურ სამუშაოს ასრულებს, რომლის გარეშეც ჰარმონიული ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა მიუხედავად ამისა მამები, რომლებიც ამ აბსოლუტურ მინიმუმს აკმაყოფილებენ 10-ჯერ უფრო მეტ აღიარებასა და დაფასებას მიიღებენ ვიდრე დედები, რომელთა შრომა მაინც მეორეხარისხოვან და უმნიშნელო საქმიანობად ხდება. ამ პროექტის ვებსაიტზე  გვხვდება მამების დღიურები, წერილები მამებს, წერილები მამებისგან. ბედნიერი შვილები და ცოლები მადლობას უხდიან მამებს მათ მიერ გაწეული მინიმალური ძალისხმევისთვის. მამების დღიურები სათუთად აღწერს შვილთან გატარებული დროის შესახებ. თუმცა მსგავსი პროექტები დედების მიმართ დამოკიდებულებაში არ არსებობს, ან თუ არსებობს, ხაზს უსვამს დედობის ბედნიერებას და არსად არ ხდება მოხსენიება იმ მძიმე სამუშაოსი, რომლის შესრულებაც დედებს უწევთ.

ამ კამპანიას საბოლოო მიზნად გენდერული თანასწორობა და საოჯახო შრომის პარტნიორებზე თანაბრად გადანაწილების მიღწევის მიზნები აქვს, თუმცა მე ვთვლი რომ რეალურად კამპანია ამის საპირისპიროს ახორციელებს.

ზოგმა შეიძლება მითხრას რომ უმნიშვნელო პრობლემაზე ვწერ. როდესაც საქართველოს რეალობაში მამების თანამონაწილეობა ბავშვების აღზრდის პროცესში თითქმის მინიმალურია, რატომ არ უნდა მოვახდინოთ იმ მამების წახალისება, რომლებიც ამ ნორმატივებს არღვევენ და ცდილობენ საკუთარი შვილის აღზრდაში უფრო აქტიურად ჩაერთონ? რატომ არ უნდა იყოს მათი თანამონაწილეობა აღფრთოვანებისა და სხვებისთვის მაგალითის მიმცემი საქციელი? რატომ არ უნდა შევუწყოთ ხელი მამაკაცების საოჯახო საქმეში ჩართვას?

სამწუხარო რეალობა ის არის რომ მსგავსი პროექტები რეალურად საპირისპიროს იწვევს. გასაგებია რომ ყველას გვაქვს სურვილი საოჯახო შრომა პარტნიორებზე თანაბრად გადანაწილდეს, მაგრამ, როდესაც ვცდილობთ ამ გადანაწილებისთვის მამაკაცებს შევთავაზოთ უფრო მხიარული, დასაფასებელი დავალებები და ისე შემოვიტყუოთ საშინაო საქმისთვის, როდესაც ყველაზე მძიმე და ბინძურ სამუშაოს კვლავ ქალებს ვუტოვებთ რომ მამობაზე გულმობრუნებული მამაკაცი არ დავაფრთხოთ, ამით ქალების შრომას კიდევ უფრო უხილავს ვხდით. როდესაც მამაკაცებს მინიმალური ძალისხმევის გაწევაზე მაქსიმალურ ყურადღებას და პატივისცემას ვთავაზობთ, ეს კიდევ უფრო ამცირებს ოჯახში ქალს როლს, რომელიც ამის მეათედ ყურადღებას არ იმსახურებს 10-ჯერ მეტი გაწეული შრომისთვის. ამით ქალების შრომას კიდევ უფრო ვაუფასურებთ.

მამაკაცების 'მოსყიდვა' მათი მინიმალური მამობრივი და ადამიანური მოვალეობის შესრულებისას გმირად აღიარებით, მამობრივი ეტალონად გამოყვანით, როცა მსგავსი რამ არ ხორციელდება ქალების მიმართ, ვნებს ქალების მდგომარეობას. ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს პატრიარქატული წესრიგიდან, რომელშიც მამაკაცის შრომა უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე ქალისა, შესაბამისად მამაკაცები უფრო მნიშვნელოვან როლებს ირგებენ როგორც სახლის გარეთ, ასევე ოჯახში და სეპარაცია ქალისა და კაცის სამუშაოს შორის კვლავაც ხაზგასმულია. კაცის დრო ძალიან მნიშნელოვანია რომ ისინი ისეთ წვრილმან საქმეზე მოვაცდინოთ, როგორიცაა ცოცხის პირზე მიკრული მტვერის ჩამოშორება, კედლებიდან აბლაბუდის ჩამოწმენდა, მაცივრისა და გაზქურის გამოწმენდა ან ტუალეტის ჩოთქის გაწმენდა. მანამ სანამ მამები მხიარულად უკითხავენ ბავშვებს ძილის წინ ზღაპრებს, დედები ჩუმად ასრულებენ ამ მოვალეობებს, რომლის გარეშეც არსებობა შეუძლებელია, თუმცა ჩვენი ყურადღება ისევ მამაკაცების საქმიანობაზე გადატანილი და ისევ აღფრთოვანებაში მოვყავართ მათ გულისხმიერებას, შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობების მინიმუმი რომ კვლავ კმაყოფილად მიუსხდნენ მაგიდას ფანქრით ხელში დღიურების დასაწერად.

მსგავსი დამოკიდებულება ასევე აღვივებს სტერეოტიპებს რომ მამებს არ შეუძლიათ ისეთივე მშობლის როლი გასწიონ, როგორც დედას და სრულად შეითავსონ და გადაინაწილონ საშინაო საქმის ყველა ასპექტი, მიუხედავად იმისა რამდენად დამაჯილდოვებელია ამ საქმის შესრულება. შეიძლება სამზარეულო ხელსაბანთან კაფელის ზოლებში ჩარჩენილი ცხიმის წვეთების ამოხეხვა ისეთივე საყურადსაღებო საქმე არ არის, როგორიც შვილის მუზეუმში წაყვანა მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია და არანაკლებ დროსა და ენერგიას და რაც მთავარია აღიარებას მოითხოვს.


Sunday, July 24, 2016

ნაციონალიზმი და ოლიმპიადა ანუ რა ნაციონალისტური სიამაყის ღირებულება აქვს სამოსს ოლიმპიადაში, რომლისგანაც მედლებს არ ველოდებით


მოკლედ დიდ ალიაქოთს წავაწყდი სოც. ქსელებში. ქართული საზოგადოების ნაწილი, რომელიც თავს ამავდროულად 'პროგრესულად' მოიაზრებს აღშფოთებულია ქართული ოლიმპიური გუნდის ჩაცმულობით, ოღონდ ამ აღშფოთებას ორი სხვადასხვა საფუძველი უდევს და ორივე საფუძველი ერთი შეხედვით სასაცილო, მეორეს მხრივ კი საკმაოდ საშიშია და შევეცდები ავხსნა რაც ვგულისხმობ ამაში.

ჯერ ზოგადად მიმოვიხილოთ რა არის ოლიმპიადა. ოლიმპიადის ჩატარების ოფიციალურ მიზნად ითვლება მეგობრული თამაშების წარმოება ქვეყნებს შორის, რომლებიც შეიძლება ერთმანეთთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში იყონ და ამითი  მოხდეს ერთობის, სოლიდარობის წაქეზება მშვიდობიანი შეხვედრით, სადაც მტრობა და ტერორი შეიძლება ეფექტურად იქნას დავიწყებული და მაყურებელი ლამაზი სანახაობებით აღტაცებული ხელჩაკიდებული ერთად იმღერებს ინტერნაციონალური მეგობრობის და მსოფლიო მშვიდობის სიმღერებს.

თუმცა ოლიმპიადის რეალური შედეგები ძალიან შორსაა ამ იდეალთან. ოლიმპიური თამაშების ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, მისი ბოიკოტი ხშრად ხდებოდა პოლიტიკური და სამხედრო დაძაბულობების შედეგად სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან და რეალურად ხელჩაკიდებული მეგობრობის და მშვიდობის იდეალები დიდ ფინანსურ მოგებას ეწირება, რაც ოლიმპიადას შემოაქვს მსხვილი კორპორატიული სპონსორებისა და სამშენებლო კომპანიებისთვის (რომლებიც ასევე ცნობილები არიან თავიანთი მოხერხებულობით თავი დაიძვრინონ გადასახადებისგან). ოლიმპიადის მიღებისთვის საჭირო უზარმაზარი ხარჯების გაწევა, ხშირად ეკონომიურად ყველაზე გაჭირვებული ქვეყნების მხრიდან, მართლდება როგორც ამ ქვეყნის მცდელობები გახადოს ქვეყანა ცნობადი და მოიზიდოს ტურისტების და ბიზნეს ინვესტიციების დიდი რაოდენობა ქვეყნის ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად თუმცა ეს მისწრაფებები არ მართლდება და ტურისტების და  ბიზნეს ინვესტიციებით შემოტანილი თანხები ახლოსაც ვერ მოდის ოლიმპიადის წარმოებისთვის საჭირო სახელმწიფო ხარჯებთან და შესაბამისად ოლიმპიადის დასრულების შემგომ ეს ქვეყნები კიდევ უფრო დიდ კრიზისში ჰყოფენ თავს.

გარდა ამისა ოლიმპიადა ხშირად ხდება ნაციონალისტური სიამაყის მიზეზი. შეჯიბრებისას საკუთარი ქვეყნის გუნდის ბრმა გულშემატკივრობა სპორტით ნაკლებად დაინტერესებული მოსახლეობის მიერ, გამარჯვებული ათლეტების დაჯილდოების ცერემონიალზე სახელმწიფო დროშებისა აღმართვა და ჰიმნების გაჟღერება, ასევე სამშობლოში დაბრუნებული სპორტული გუნდის მედლებისა და ჯილდოების რაოდენობა ხშირად დიდ ნაციონალისტურ ზეიმად გარდაიქმნება. როგორც მოცემულ სტატიაშია განხილული ხშირად ოლიმპიური თამაშები ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ კულტურული სტერეოტიპების დამკვიდრებას უწყობს ხელს და ეს სოციალურად კონსტრუირებული სტერეოტიპები და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის განსხვავებების ხაზის გასმა, ხშირად ნაციონალისტური იდეოლოგიის მთავარ საფუძლად იქცევა.

მოკლედ სიტყვა გამიგრძელდა, ახლა ქართული სამოსელის პრობლემას რომ დავუბრუნდეთ.საქართველოში რამდენადაც მედლებს და ჩვენი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებას სტადიონზე დიდად არავინ ელოდება და ჩვენი ნაციონალისტური სიამაყისთვის მედლების რაოდენობა ვერ გამოდგება, სამოსს და სხვა პირობით ნიშნებს ძალიან დიდი მნიშნელობა ენიჭება. როგორც აღვნიშნე სამოსით უკმაყოფილოთა პროტესტის 2 ძირითადი ფორმა გამოიყო:

1)ერთი ნაწილი ქართული სამოსელის 'გოიმობას'  და უგემოვნობას უსვამენ ხაზს, აღშფოთებულები არიან რომ სამოსელი ქვეყნის მთავარ ნაციონალისტს დაუკვეთეს და სველი სიზმრები აქვთ ფრანგულ და კუბურ (ლაბუტენის) დახვეწილ და გემოვნებიან ჩაცმულობაზე. მაგრამ გავიწყდება რომ სხვა ქვეყნების სპორტული გუნდის ჩაცმულობის მიზეზები ისეთივე ნაციონალისტურია როგორიც ქართულის, რადგან ოლიმპიადის მთელი იდეა სწორედ ამ ნაციონალისტურ სიამაყეში მდგომარეობს. შესაბამისად ქვეყნის მთავარი ნაციონალისტის მიერ შეკერილმა სამოსმა ერთიორად გაზარდა ნაციონალიზმი და ნაციონალური სიამაყე სოციუმის იმ ნაწილში, რომელიც მანამდე ნაციონალისტურ რიტორიკას უპირისპირდებოდა და ყველა აალაპარაკა ხელოვნური თემის გარშემო, როგორ აქციო შენი, აბსოლუტურად შემთხვევითი, დაბადება რომელიმე პირობითად შემოსაზღვრული ქვეყნის საზღვრებს შიგნით შენს იდენტობად და იამაყო  ამ პირობითი იდენტობით. როგორ წარმოვაჩინოთ ეს პირობითი იდენტობა სხვა პირობით იდენტობებთან კონტრასტში. ერთადერთი მაგალითი, რაც ამ შემთხვევამ მოგვცა, არის როგორ ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენი ანტი ნაციონალისტური რიტორიკით უნებლიედ არ გავხდეთ ნაციონალისტური იდეოლოგიის წამქეზებლები.

2)მეორე ნაწილი ქართული სამოსის უზბეკურთან მსგავსებაზე აღშფოთდა და მოითხოვა დადასტურება, არის თუ არა მოცემული სამოსი რეალურად 'ჭეშმარიტად და აუთენტურად ქართული', რაც პირდაპირი ნაციონალისტური იდეოლოგიის მაგალითია ჭეშმარიტი და აუთენტურად ქართული, ისტორიულად დადასტურებული ტრადიციული ქართული ელემენტების ძიება გვანიშნებს რამდენად ფესვგადგმულია ნაციონალისტური რიტორიკა ქართულ რეალობაში და საზღვარს ე.წ. 'ბნელებსა' და 'პროგრესულებს' შორის შლის, რამდენადაც გვაჩვენებს რომ სულ ერთია რომელ პირობით კატეგორიაში მოვიაზრებთ თავს, ნაციონალიზმი იმდენად ნორმალიზებულია სოციუმში რომ ხშირად ყველაზე 'პროგრესულებიც' მხოლოდ ძალიან მკაფიო და არაორაზროვან შემთხვევებში ახერხებენ ნაციონალიზმის, როგორც პრობლემის იდენტიფიკაციას თუმცა უმეტეს შემთხვევებში სრულიად გულგრილად და გაუაზრებლად ახდენენ ნაციონალისტური რიტორიკის გავრცელებას.
 
ეს იყო ის ორჯერ ორი, რისი თქმაც დღეს მინდოდა. მინდა ამ ოლიმპიადის შესახებ ქართული ოლიმპიელების სამოსიდან ყურადღება გადმოვიტანო თვითონ ოლიმპიადის შესახებ. ოლიმპიადა ტარდება ბრაზილიაში, რიოში, რომელიც დგას უდიდესი ეკონომიური კრიზისის წინ რაც კი ბოლო ასწლეულის მანძლზე უნახავს, რაც იწვევს სიღარიბის, უმუშევრობის და უსახლკარობის  დიდ აფეთქებას. უდიდესი ჯანდაცვის კრიზისის წინ (ზიკა ვირუსი), უდიდესი ეკოლოგიური კრიზისის წინ (წყლების დაბინძურება). ამ ყველაფრის შესახებ შეგვიძლია მოცემულ ლინკზე წავიკითხოთ. დროა ჩვენი ყურადღება ევროპული ღირებულებების მატარებელი თანამედროვე ოლიმპიური სამოსელის მოთხოვნის მაგივრად გადავიტანოთ ყველაზე მნიშვნელოვანზე, რაც არის ზოგადად ამ ოლიმპიადების აბსოლუტურად ამორალური ხასიათი, რომელიც მსოფლიოში კლასობრივ და ნაციონალისტურ დახლეჩვას ემსახურება და დიდი კორპორატიული მოგების მიღების მიზნით სიარულისას უკან ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისების ნანგრევებს ტოვებს

Monday, May 30, 2016

რა საფრთხეს უქმნის ვეგანიზმი პატრიარქატს

ვეგანურ ბარ ‘კივი’-ში ქართული ნეოფაშისტური ორგანიზაციების წევრების შევარდნის ფაქტს მინდა შევეხო დღეს. მოკლედ რომ აღვწეროთ რაც მოხდა,მათთვის ვინც ამ ამბავს ყური ვერ მოჰკრა. ქართული ძალის 10 წარმომადგენელი შამფურებზე აგებული მწვადებითა და სოსისებით შევარდა ქართულ ვეგანურ ბარში. ადამიანებს აიძულებდნენ ხორცი ეჭამათ. სცემეს მზარეული, თმებით ითრიეს მიმტანი. ეს ისტორია ერთის მხრივ შეიძლება აბსოლუტურად უაზრო, უმიზნო და გაუაზრებელ ძალადობად აღვიქვათ, თუმცა გენდერული ანალიზის გარეშე ამ საკითხის განხილვა ვერ მიგიყვანს დასკვნების გამოტანამდე. ყველასთვის კარგად მისახვედრია ამ ძალადობის მასკულინური ხასიათი, თუმცა ფიზიკური ძალადობის გარდა კიდევ ერთი საინტერესო მასკულინური ძალადობის მაგალითი მინდა განვიხილო, კერძოდ კი ხორცის ძალით ჭმევის მცდელობა. რას ნიშნავდა ეს, რატომ არის ხორცის ჭამის მნიშვნელობა მკვეთრად მასკულინური. იყო თუ არა ხორცის დაძალება ე.წ. ‘მამაკაცად მონათვლის’ სიმბოლო?
საკვების როლი კაცობრიობის ისტორიაში საკმაოდ დიდ როლს იკავებს. ისევე როგორც სამუშაოს, პიროვნული თვისებებისა და მახასიათებლების, ნიჭისა და უნარჩვევების, სილამაზის სტანდარტებისა და სოციალური როლის დაყოფა ხდება გენდერულად, ასევე ხდება საკვებისა და დღის რაციონის გენდერული დაყოფა. კონკრეტულად კი ხაზი რომ გავუსვა - ხორცი ითვლება მამაკაცურ საკვებად. სხვა გზა არ მაქ, გარდა იმისა კითხვა დავსვა, ამ მამაკაცური ასოცირების მიზეზია თუ არა ხორცის კვებითი მახასიათებლის ასეთი უკიდურესი გადაფასება დღის რაციონში. წარმოდგენები რომ მხოლოდ ხორციანი საკვები შეიძლება იყოს დღის მთავარი კერძი. მხოლოდ ხორციდანაა შესაძლებელი ‘ნამდვილი’ პროტეინების მიღეა, მაშინ როდესაც საკმაოდ უკან დაწეულია ხორცის (და განსაკუთრებით წითელი ხორცის) უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე. ყოველ შემთხვევაში ქართულ რეალობაში ასეა. ჩვენთან განსაკუთრეით დიდი ყურადღება ექცევა ხორციანი საკვების მნიშვნელობას. დევს თუ არა ხორცის მნიშვნელობის ასეთი გადაფასების მიზეზები მხოლოდ მის გემოვნურ თუ ნუტრიციულ მახასიათებლებში, თუ ისტორიულად მამაკაცურ, დომინანტურ, ძალაუფლებრივსა თუ ქონებრივ მახასიათებლებში?
საკითხი საკმაოდ რთული განსახილია, რამდენადაც კვების ინდუსტრია უამრავი მითებითა თუ ტყუილ-მართალით არის გაჯერებული. თითქმის შეუძლებელია აბსოლუტური სიზუსტით დაადგინო რას ნიშნავს ჯანსაღი კვება, რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველური წყაროდან მოპოვებული პროტეინები, შეიძლება თუ არა მათი ჩანაცვლება მცენარეული პროტეინებით. ამის საინტერესო მაგალითია მითი იმის შესახებ, თუ როგორ იწვევს სოიოს მოხმარება მამაკაცების ფემინიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ არავის არანაირი სანდო წყარო არ გააჩნია იმის შესახებ, ხდება თუ არა სოიოს მოყვანისას მისი დამუშავება ჰორმონებით, არის თუ არა ეს რეალურად ქალის ჰორმონები, შესაძლებელია თუ არა რეალურად სოიოს მიღებამ ჰორმონალური ბალანსი შეცვალოს, მითი რომ სოიო ‘მამაკაცურობას’ ანგრევს საქართველოში ძალიან ფეხმოკიდებულია. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ეს მითი ასეთი ფესვგადგმული იყოს ისევ გენდერული ბალანსი მგონია. რამდენადაც სოიოს მიღება ხშირად ხორცში შემცველი, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროტეინების მიღების საპირწონედ მოჰყავთ მისი გაფემინურება, გაქალურება მარტივია.
რამდენადაც ხორცი მამაკაცურია, ის რაც ხორცის საპირისპიროა - აღარ არის მამაკაცური და ქალურ მახასიათებლებს იძენს.
გარდა ამისა ხშირად ხდება უგულვებელყოფა სამედიცინო რეკომენდაციებისა, რომელიც ხორცს, მასში ქოლესტერინისა და ცხიმების მაღალი შემცველობის გამო, ლიმიტირებული ოდენობით ჭამას გვირჩევს. კერძოდ კი კიბოს კვლევის ამერიკული ინსტიტუტი კვირაში მაქსიმუმ 2-3პორციის, ჯამში510 გრამი წითელი ხორცის მიღების რეკომენდაციას იძლევა.
გარდა ამისა გასაგებია ისიც რომ ხორცი შეიცავს ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროტეინს, მაგრამამ პროტეინების მისაღებადნამდვილად არ არის საჭიროყოველდღიურად, ყოველ სადილზეხორცის შემცველი საკვებისმიღება. ვეგეტარიანელებს და ვეგანებს აბსოლუტურად იგივე შანსები აქვთ ყველა საჭირო პროტეინის მიღებისა მცენარეული საკვებიდან, რაც არავეგეტარიანელებს. შესაბამისად, სავსებით ლოგიკური, სამეცნიერო დასკვნების უგულვებელყოფა და ამის საპირწონედ უამრავი მითის, მათ შორის სოიოში ქალური ჰორმონების შემცველობის ბრმა რწმენა მე ნამდვილად მიმანიშნებს რომ კვების რაციონში უზომო რაოდენობის ხორცის მოხმარებას არა რეალური სამედიცინო საფუძველი, არამედ გენდერული სტერეოტიპები და ‘მამაკაცურობის’ წარმოდგენების საფუძვლები უდევს.
ხორცის ჭამა მამაკაცურია. ამის მაგალითად ხორცის მომზადების ტრადიციებიც შეგვიძლია მოვიყვანოთ. როგორც დასავლეთში, ასევე საქართველოში საკვების მომზადება ‘ქალურ’ პროცესად ითვლება, თუმცა ხორცისა და თევზის შებოლვა, ლორის მომზადება ან თუნდაც მწვადის შეწვა აღარ ითვლება ტიპიუ ქალურ მზარეულობად, არამედ განიხილება ჭეშმარიტი მამაკაცური საქმე. ყასბებისა თუ ძეხვეულის მწარმოებლების უდიდესი უმრავლესობა მამაკაცები არიან. ხორცის ინდუსტრიის წარმოებული რეკლამები ექსკლუზიურად მამაკაცურია და გაჯერებულია სექსიზმით. ბევრი ხორცის ჭამა მიჩნეულია მამაკაცურ საქციელად, მათ შორის რაც უფრო მეტია მამაკაცის მიერ მოხმარებული ხორცის რაოდენობა, მით უფრო მაღლა იწევს მამაკაცის მასკულინურობა. 


ხორცის ინდუსტრია ბრუტალური და მასკულინურია. ალბათ უმეტესობას ნანახი აქვს ფერმებში ცხოველთა წამების ამსახველი კადრები, თუმცა ყველა თვალს ვარიდებთ. ხორცის ინდუსტრიის რეკლამები მაინც კარგად მუშაობს და ხორცის ჭამა მით უფრო მეტად ასოცირდება მასკულინობასთან, ნამდვილ მამაკაცობასთან. 2011 წლის კვლევაში დადასტურდა, რომ მიუხედავად იმისა, ვეგეტარიანელი მამაკაცები სოციუმში განიხილებიან როგორც პრინციპული და მორალური ადამიანები, არავეგეტარიანელები მაინც უფრო მასკულინურად მიიიჩნევიან, ვიდრე ვეგეტარიანელები. ნამდვილი მამაკაცობა ადვილად მსხვრევადი კონდიციაა, რომელსაც მუდმივი გამყარება სჭირდება. ხოლო მიზანმიმართულად თავის შეკავება ფართოდ გავრცელებული ძალაუფლების, სტატუსისა და მასკულინობის სიმბოლოს, ხორცის მოხმარებისგან, მორალურ, თუმცა ნაკლებად მამაკაცურ საქციელად განიხილება.
აღსანიშნავია რომ ამავე კვლევაში ქალი სუბიექტების მასკულინობის აღქმა არ განსხვავდებოდა მათი საკვების რაციონის არჩევანის მიხედვით რაც ასევე მიგვანიშნებს რომ ხორცის ჭამა მხოლოდ მამაკაცური მასკულინობის დამადასტურებელი მოვლენაა და ქალების მხრიდან ხორცის ვოკალური სიყვარული, ხორცის გემოვნური თვისებების სიყვარულის გარდა, ასევე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ნაწილობრივ მამაკაცურ დომინაციასთან ასოცირების მცდელობები. 

საქართველოში (და არა მარტო) საკმაოდ ხშირია აგრესიული და აგდებული დამოკიდებულება ვეგანების მიმართ. მიზეზად მოჰყავთ ვეგანების ე.წ. 'გამაღიზიანებელი თვისებები', თუმცა საკითხავია ზუსტად რა არის გამაღიზიანებელი ვეგანების ქცევაში, ის ფაქტი რომ ცდილობენ ხორცის ინდუსტრიაში არსებულ წამებაზე ინფორმაცია გაავრცელონ თუ შეგნებული უარის თქმა ადამიანის (მამაკაცის) დომინაციაზე სხვა ცხოველებთან მიმართებაში და შესაბამისად პატრიარქატული წესრიგიდან გამოსვლა.
რომ გადავინაცვლოთ ქართულ ნეოფაშისტურ ჯგუფებთან მნიშვნელოვანია განვიხილოთ რომ ეს ჯგუფები მკვეთრად მასკულინურია და საკუთარ თავს გამოხატავს ტიპიური მასკულინური ძალადობით. მათ მიერ ვეგანებისთვის ძალით ხორცის ჭმევის მცდელობაც არ ყოფილა შემთხვევითი. ტიპიურ მასკულინურ აზროვნებაში ეს იყო ფემინიზებული ადამიანების 'მამაკაცებად მონათვლის' მცდელობა. პრობლემის ამგვარი ანალიზის არქონის და გენდერული ფაქტორის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ჩვენ ვკარგავთ პერსპექტივას, თუ ვინ არიან ეს ნეოფაშისტური ჯგუფები, რისთვის იბრძვიან, რა მეთოდებით და როგორ დავუპირისპირდეთ და მსგავსი ძალადობის ფაქტები შეიძლება მიჩნეული იქნას როგორც 'უაზრო აგრესია' ან, რაც ყველაზე საშიშია არასერიოზულ და უმნიშვნელო მოვლენად.
 ვთვლი რომ ნებისმიერი სოციალური მოვლენის გენდერული კუთხით განხილვა და კრიტიკული კითხვების დასმა აუცილებელი და გადამწყვეტია პატრიარქატულ ძალადობასთან დასაპირისპირებლად. ვთვლი რომ საუბარი არ უნდა წავიდეს ძალადობისგან თავის ასევე ძალადობით დაღწევის კუთხით. ამგვარად მოვახდენთ სოციუმის კიდევ უფრო მეტად მასკულინიზებას, რაც ერთის მხრივ კიდევ უფრო გაამყარებს გენედერულ სტერეოტიპებს და მეორეს მხრივ უკანა ფრონტზე გადაიყვანს ქალებს, რომლებიც სოციალური თანასწორობისთვის იბრძვიან. გაერთიანება, მოვლენების სწორი ანალიზი და საპირისპიროდ არაძალადობრივი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკის წარმოება ძალადობასთან ყველაზე ეფექტურ ბრძოლის საშუალებად მიმაჩნია.

 

Friday, January 29, 2016

არის თუ არა პროსტიტუცია პირადი არჩევანი?

გუშინ კიდევ ერთხელ წავაწყდი იმ კედელს, რომელიც პროსტიტუციასა და სექს სამუშაოში ჩაბმას ადამიანის პირად არჩევანს უკავშირებს. ამის არგუმენტია რომ ქალებს, რომლებმაც სექს სამუშაოში ჩაბმა აირჩიეს, თავისუფლად შეეძლოთ აერჩიათ მომსახურების სხვა სფეროთი დაკავება (დამლაგებლობა და ა.შ.) , შესაბამისად სოციუმი არ არის პასუხისმგებელი ადამიანი პირად არჩევანზე, პირადი არჩევანი, პირადი თავისუფლება, თავისუფალი ბაზარი, მოთხოვნა და მიწოდება და მოკლედ გაუმარჯოს დემოკრატიას თუ როგორცაა.

მოკლედ რომ გავცდეთ ზედაპირულად ჩამოყალიბებულ არგუმენტებს თუ რატომ არის ან არ არის პროსტიტუცია პირადი არჩევანი, გადავიდეთ საქართველოში ჩატარებულ კვლევებზე, განვიხილოთ კვლევების შედეგები და მერე შევეცადოთ დასკვნების გამოტანა და პრობლემის სრული გაანალიზება.

პირველი კვლევა რაც ვიპოვე 2012-შია ჩატარებული 160 რესპოდენტით. მოდით ამოვიღოთ საინტერესო მონაცემები, რაც ნაწილობრივ მაინც გაგვცემს პასუხს ვინ არიან სექს მუშაკები და რატომ "აირჩიეს" სექს სამუშაოში ჩაბმა:

პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების 80% მოდის 31-დან 40 წელს გადაცილებულ პირებზე. აქედან 78,8%- მიღებული აქვს მხოლოდ საშუალო განათლება, რაც საკმაოდ კარგ კორელაციაში არის იმ ფაქტებთან, რომ კვლევის მონაწილე პირების 73% განქორწინებული/განცალკევებით მცხოვრები პირია და პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 17,6 წელია. თბილისში პროსტიტუციაში ჩაბმული პირების 68%, ხოლო ბათუმში 82% ამ ქალაქებში სხვა ადგილებიდან არიან ჩამოსულები. თბილისში 85.6%-ს, ხოლო ბათუმში 90.8%-ს ჰყავს მათზე ფინანსურად დამოკიდებული პირები და 11.9% -ს პროსტიტუციის გარდა აქვს დამატებითი შემოსავლის წყარო (31.6% შემთხვევაში ეს დამატებითი შემოსავლის წყარო წარმოადგენს გამყიდველად მუშაობას).

სამწუხაროდ კვლევაში მეტი ინფორმაცია ვერ მოვიძიე რესპოდენტების ფინანსური და ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.ვერ მოვიძე ინფორმაცია რესპოდენტების რამდენი პროცენტია უსახლკარო, რამდენი პროცენტი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. რესპოდენტების რამდენი პროცენტი არჩენს მეუღლეს და არის ერთდერთი შემომტანი ოჯახში,ან რამდენი პროცენტია პროსტიტუციაში ფიზიკური ძალადობის, მუქარის ან სხვა იძულების მეთოდით ჩართული (თუმცა ამ ინფორმაციის გაგება ალბათ უფრო ფანტასტიკის სფეროდანაა).  2014 წლის კვლევის მონაცემებით რესპოდენტების 41.9% ამჟამადაც ცხოვრობს მეუღლესთან ან პარტნიორთან. ასევე ვერ მოვიძიე ინფორმაცია რესპოდენტების რამდენი პროცენტი იყო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა სხვა კვლევის თანახმად "რეგიონში გამოკითხული ადამიანების 92% ოჯახში ძალადობას, 86% კი ფიზიკურ ძალადობას განიცდის; 67% ოჯახის წევრისგან მუდმივად ელის თავდასხმას, მათი 63% ქმარმა გააუპატიურა; 29% კი ფეხმძიმობის პერიოდში ქმრის მხრიდან ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდა.  გამოკითხულ ქალებზე ქმრების 53% ძალადობს. არის მამის, ყოფილი ქმრისა და პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევებიც. ქალთა მიმართ ძალადობის უმრავლესი შემთხვევები, როგორც აღმოჩნდა, მათსავე სახლებში ხდება. ამიტომ, გამოკითხულთა 48% სახლში დარჩენისას თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ქალების მიმართ ძალადობის შემთხვევების ძირითადი ნაწილი ფიზიკური ძალადობით დამთავრდა, მათგან 40% მძიმე ფორმით.
კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ქალების მიმართ ძალადობას, ძირითადად, ახორციელებენ: ქმარი - 53%, მამა - 17%, პარტნიორი - 6%, ყოფილი ქმარი - 8%, ძმა - 6%; გარდა ამისა, 3 - % შვილი მამაკაცები, ბიძები, პაპები და სხვა." 

ვერ მოვიძიე ინფორმაცია, რესპოდენტების რამდენი პროცენტი იყო დაკავებული ამ ყბადაღებული "მომსახურების სხვა, უფრო მორალური სფეროთი", მაგრამ ის რომ 11,9% დღემდე ორივე ("მორალურ და ამორალურ") სფეროში მუშაობს ჩემთვის კარგი ნიშანია იმისა, რომ ეს "არჩევანის თავისუფლება" არც ისე კარგად მუშაობს სოციალურად დაუცველი ფენისათვის.

გარდა ამისა ვნახე მეორე, გაცილებით მცირე მასშტაბების კვლევა, უფო საკურსო ნაშრომი, სადაც მკვლევარი მხოლოდ 5 რესპოდენტთან ახდენს გასაუბრებას და აღოჩნდება რომ 5 რესპოდენტიდან 4 მათგანი ჩაბმული იყო წვრილ ვაჭრობაში (ჯიხურებში ვაჭრობა, ბაზარში ვაჭრობა და ა.შ.). რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ რომ პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უმრავლესობას რეალურად არ ჰქონია თავისუფალი არჩევანი.მათი მცდელობა "მორალური" და ლეგალური საშუალებით ერჩინათ თავი და ოჯახი, წარუმატებლად დასრულდა და პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უდიდეს უმრავლესობას, მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო დიდი ხნის წინ ჩამოერთვათ თავისუფალი არჩევანის პრივილეგია.

მოდით ახლა ორიოდ სიტყვით თავისუფალ არჩევანზე ვიტყვი. თავისუფალი ნება და თავისუფალი არჩევანი ნიშნავს გქონდეს ხელმისაწვდომი არჩევანი ორ (ან მეტ) ოპციას შორის, რომელიც განპირობებული არ იქნება ფიზიკური აუცილებლობით და როდესაც გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება არ იქნება შეზღუდული გარეშე პირის მიერ. შესაბამისად პროსტიტუციის თავისუფალ არჩევანთან გაიგივებით ვამბობთ, რომ პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს, მიუხედავად ეკონომიური ფონისა, მიუხედავად აღზრდის წესისა, მიუხედავად სოციალური ზეწოლისა და მოთხოვნებისა, ჰქონდათ თავისუფალი არჩევანი თუნდაც რაიმე ასპექტში მათი ცხოვრებისა. ჰქონდათ არჩევანი ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღებისა, ჰქონდათ არჩევანი ოჯახის შექმნის საკითხებში, ჰქონდათ არჩევანი ოჯახის დაგეგმვისა და ბავშვების გაჩენის საკითხებში, ჰქონდათ კარიერისა თუ სამუშაო სფეროს არჩევანის შესაძლებლობა და ის, რომ პროსტიტუციის სფეროში მოხვდნენ, მათი თავისუფალი და შეზღუდავი არჩევანის შედეგი იყო. ან ვამბობთ რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალებს მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში არ ჰქონდათ არჩევანი, მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერი სხვა სახის მომსახურების სფეროში ჩაბმის შემთხვევაში იქნებოდნენ არანაკლებად ექსპლოატირებულები, უნდა მოეხერხებინათ და ფიზიკური იძულების და გარდაუვალობის მომენტში გამოეყენებინათ ის თავისუფლება და ნებელობა, რომელიც მანამდე არასოდეს გააჩნდათ და აერჩიათ ექსპლოატაციის ჩვენთვის უფრო მისაღები და "მორალური" მოდელი.

ეჭვი მაქვს ადვილია ასე ფიქრი. ჩვენ, პრივილეგირებულ ადმიანებს ყველაზე მეტად გვიჭირს ჩვენი პრივილეგიების აღიარება (და კი, ჩემს თავსაც ვთვლი პრივილეგირებულად. იმ შემთხვევითმა გარემოებამ, თუ სად და რა პირობებში გავჩნდი აბსოლუტურად განაპირობა ის ფაქტი, რომ დღეს მე მაქვს თავისუფალი არჩევანის მიღების პრივილეგია). უფრო მარტივია იფიქრო რომ შენი "წარმატება" (სულ ერთია ვინ რას თვლის წარმატებად) მხოლოდ და მხოლოდ შენი დამსახურებაა და აბსოლუტურად ლოგიკური მიზეზები არსებობს იმისა, თუ რატომ მოხვდა ვიღაც კვებითი ჯაჭვის მაღალ და ვიღაც კვებითი ჯაჭვის დაბალ საფეხურზე. მაგრამ ერთი კითხვა რომ დავსვათ: თუ პრივილეგიები არ არსებობს, თუ ყველა იმას იმკის, რასაც თესავს, თუ ყველას თანაბარი არჩევანი საშუალება აქვს, თუ ყველას შეუძლია პატიოსანი ოფლით ნაშოვნი პურის ჭამა, რომელი თქვენგანის თავისუფალი არჩევანი იქნებოდა აჭარის მაღალმთიან რეგიონში, მწყემსის ქალიშვილად დაბადება?