Tuesday, October 25, 2011

"პოპულარული პოხუიზმი"

"პოპულარული პოხუისტები" ადამიანების ახალი ჯიშია, არც ისე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული. არ ვიცი ვინ იყო პირველი "პოპულარული პოხუისტი", მაგრამ როგორც ჩანს საკმაოდ კარგი კარიერული მიღწევები ჰქონდა, რადგან ამდენი მიმდევარი გაიჩინა და სხვათაშორის ეს მეთოდიკა საკმაოდ კარგად ამართლებს. "პოპულარული პოხუისტები" ქმნიან მოძველებული ტრადიციების დამანგრეველი, მხიარული, ენამახვილი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის იმიჯს. მათ აქვთ პრეტენზია რომ აზროვნებენ ე.წ. "ყუთის გარეთ". წესით ასეთი ადამიანები საზოგადოებაში წარმატებით არ უნდა სარგებლობდნენ და საერთოდაც პოპულარობა და "პოხუიზმი" საკმაოდ შეუთავსებელი ცნებებია, თუმცა ამ ადამიანებს აქვთ "წარმატების" ერთი საიდუმლო.
როგორც ვთქვით მათ აქვთ პრეტენზია რომ ე.წ. "ყუთის გარეთ" აზროვნებენ, თუმცა მათ ამ წარმოსახვითი ყუთის გარშემომკრთალი ფანქრით მოხაზული აქვთ ოდნავ უფრო დიდი ყუთი. იგი მართალია ცოტათი უფრო დიდია ე.წ. "ტრადიციულ ყუთზე", თუმცა ამ ყუთის მოცულობა ზუსტად ტოლია ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანების მოთმინების ფიალის მოცულობისა, რაც კარგად იცავს "პოპულარულ პოხუისტის" კბილებს თანამოსაუბრის შეკრული მუშტისგან.როდესაც "პოპულარული პოხუისტი" ყველა თავის ავანგარდულ-"პოხუისტურ" აზრებს გადმოალაგებს მოსაუბრის წინაშე და გრძნობს რომ თანამოსაუბრის მოთმინების ფიალა თითქმის ბოლომდეა გაპიპინებული და რამოდენიმე წვეთის დამატებაც კი აფეთქებას გამოიწვევს, იგი მოულოდნელად ფართო, გადამდები ღიმილით შეაცქერდება მოსაუბრეს და სასიამოვნო კომპლიმენტით ან მხიარული ხუმრობით დააჯილდოვებს მას. მთელი დაძაბულობა მოულოდნელად ქრება და თანამოსაუბრე სასიამოვნო განწყობით ტოვებს "პოპულარულ პოხუისტს". ამიტომაც პოპულარულ პოხუისტებს მუდმივად ეჩქარებათ სადღაც. საჭიროა საუბრის სასიამოვნო ნოტაზე დასრულება და სიტუაციიდან გაცლა რომ უხერხული დუმილი არ ჩამოვარდეს და სიტუაცია თავიდან არ დაიძაბოს.
აბა სცადეთ "პოპულარულ პოხუისტს" დაუსვათ შეკითხვა რომელზე "პოხუისტური" პასუხიც საზოგადოების ტრადიციული აზროვნების ფიალაში ვეღარ ჩაეტევა და მათ მუშტებს მომენტალურად შეკრავს. (მაგალითად სექსუალური უმცირესობების უფლებებზე, რელიგიაზე და ა.შ.) "პოპულარული პოხუისტი", ადამიანი, რომელიც გამოირჩევა დოღრიალა საუბრის მანერით და ფართო ჟესტიკულაციით, უცებ ჩაჩუმდება ორაზროვანი ღიმილით გადახედავს საზოგადოებას, შეაფასებს მათი მოთმინების ფიალის მდგომარეობას და გააკეთებს პაუზას, რათა საზოგადოებამ თავადვე იმსჯელონ დასმულ პრობლემატიკაზე. თუ ასე არ მოხდა და მას მაინც მოსთხოვენ კითხვაზე პასუხის გაცემას, იგი კითხვაზე კითხვით უპასუხებს: "- და თქვენ როგორ ფიქრობთ?" ასეთ გამოცდას ვერც ერთი, თუნდაც გამორჩეული ინტელექტის მქონე, საზოგადოება ვეღარ გაუძლებს და ატყდება ყაყანი. ყველა მათგანი შეეცდება თავისი უტყუარი, ორიგინალური აზრის გამოთქმას და წამოვა ურთიერთგამომრიცხავი აზრების კორიანტელი. ყველასგან მივიწყებული "პოპულარული პოხუისტი" ახლა უკვე თითოეულ "პასუხით გამომსვლელ" პიროვნებას შესცქერის ფართო გადამდები ღიმილით და დაბალ ხმაზე წარმოთქმულ სასიამოვნო კომპლიმენტებსაც არ იშურებს მათთვის:"-გეთანხმებით", "-სწორად მსჯელობთ", "-მე სხვაგვარად ვფიქრობდი მაგრამ თქვენი არგუმენტები ძალიან დამარწმუნებელია". და ა.შ. დავის დასრულების შემდგომ თითოეული ადამიანი ტოვებს ოთახს სასიამოვნო განწყობით, რომ "პოპულარული პოხუისტი" სწორედ მის ლოგიკურ-ორიგინალურ აზრს ეთანხმება.
აბა მეტი რა არის პოპულარობა?