Tuesday, July 10, 2012

"სტომატოლოგია" ქართულად

დიახაც "სტომატოლოგია". ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი რომ მინდა ხაზი გავუსვა-არ არსებობს ქართული სტომატოლოგია. არ ვიცი, რა მიწისქვეშა დინებებმა შეუწყო ხელი მაგრამ ქართულ "სტომატოლოგიაში", ისე როგორც არსად,თბილი თავშესაფარი ჰპოვეს ყოველგვარი ჯურის შარლატანებმა, ნამუსგარეცხილმა თაღლითებმა და თვითმარქვია გამომძალველებმა. თუმცა რა არცოდნა უნდა ამას, ყველა ადამიანს 32 კბილი აქვს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე თითო-თითოდ ეს 32-ვე კბილი ფუჭდება და აუტანელი ტკივილით გასაჩუქრებს, ხოლო ამ "სტომატოლოგებად" წოდებულ თაღლითებზე უკეთ ვინ იცის, რომ ადამიანი, სწორედ ამ ტკივილის დროს  ყველაზე  დაუცველი და უსუსური არსებაა, ამიტომაც ამ დროს მათ ჯიბეებში ჩაძრომა საოცრად მარტივია (და ლეგალური, რაც მთავარია).

ქალაქში მომრავლებული "თაკო-დენტი", "კოტე-დენტი" და "მიშიკო-დენტების" ფონზე, ერთი შეხედვით საკმაოდ რთულია კლინიკის არჩევა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ძირითადად კლინიკები იყოფა ორი ტიპის კლინიკებად. იაფიანი და ძვირიანი. დავახასიათოთ თითოეული ცალ-ცალკე.

იაფიანი კლინიკები-ძირითადად ქალაქის გარეუბნებში მდებარეობენ, სადაც, გულახდილად რომ ვთქვათ, სისუფთავეს და სტერილურობას ნაკლებ პატივს სცემენ, რამეთუ ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ, ჩემივე თვალით მაქვს ნანახი, ერთ-ერთ ასეთ კლინიკაში როგორ დაუცვივდა ქალბატონს ახლადგასტერილებული იარაღები, რომლებიც სასწრაფოდ აკრიფა, აქეთ-იქით მიმოიხედა, ხალათის კუთხეზე ნაჩქარევად შეიწმინდა და უკანვე ჩააწყო. არც-ერთ მის პაციენტს ეს არ დაუნახავს, მხოლოდ მე დავინახე, როდესაც ჩემი მეუღლე სტომატოგოგის სავარძელზე ნებიერად იყო გაწოლილი და განაბული იყო ბედნიერებით, რასაც - "ნაკლები მიჯდება, რა იაფად აკეთებენ და თან არაუშავს ისე"-ჰქვია. ამიტომ ყოველთვის მოიძებნება ადამიანი რომელიც იტყვის რომ "არა იურა კარგად აკეთებს,თან 30 ლარად თითო კბილს, სულ მაგასთან დავდივარ"-მაგრამ მე რატომღაც ვერ ვრისკავ ასეთ რამეში.

ძვირიანი კლინიკები-მათ სხვა კატეგორიის: "მე ჩემი ჯანმრთელობა ძვირად მიღირს" ტიპის კლიენტურა ყავთ და უკეთებენ კიდეც ძვირად და თან როგორ ძვირად. შეგშურდება კიდეც, ისე უნამუსოდ ჩაგხედავენ თვალებში მანამ, სანამ ბოლომდე გაგყვლიფავდნენ. თან აქაც არაჩვეულებრივი ტექნიკა აქვთ. არასოდეს გეუბნებიან რა ჯდება კბილი. როდესაც მიდიხარ ერთი კონკრეტული მიზნით- მითხარით რა დამიჯდება ეს კბილი რომ ასეთ დონემდე მოვიყვანო? პასუხი იქნება: -აა, ეს სამ ფესვიანი კბილია, თითო ფესვის დაბჟენა X ლარი ანუ სულ 3*X, კიდევ სურათის გადაღება იქნება საჭირო, პანორამული სურათი Y ლარი +კონკრეტული ერთ კბილზე Z-ლარი, გვირგვინის ამოყვანა და ამოშენება X' ლარი, პლუს ჯერ კბილების გაწმენდა იქნება საჭირო Y' ლარი, თან როგორც ეტყობა გვერდით კბილზეც იქნება გადასული. ეს გვერდითა კბილიც უნდა გაკეთდეს ისე აზრი არ ექნება, ესეც ორ არხიანი კბილია, ანუ ამას დავამატოთ....................................და ა.შ. საბოლოოდ არც მეტი-არც ნაკლები თითო კბილში იხდი დაახლოებით 200 ლარს(სულ მინიმუმ) და ღმერთმა არ ქნას ბევრი კბილი გქონდეს გასაკეთებელი. მაშინ სტომატოლოგები თავიანთ კოლეგებსაც ჩართავენ ყვლეფის წმინდა პროცესში, ცალკე ორთოდონტებსა ცალკე ქირურგებს  და დაიწყება ათვლა თავიდან-თითო ფირფითა X" ლარი პლუს 4 კბილის ამოღება, იქ ნაკერებიც იქნება საჭირო Y" ლარი, გადაკვრა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა მასალით, შესაბამისაც ხარისხიც სხვადასხვაა..................................................და ა.შ.

ყველაზე მთავარი იცით რა არის? სულ ერთია რას გადაიხდი თითო კბილში, 30 ლარს თუ 230, ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ, მაქსიმუმ 2 წელიწადში ეს კბილი ისევ გასაკეთებელი იქნება. იაფიანში წახვალთ და გვერდზე გადადებთ სხვადასხვა ვენერიული დაავადებებით დასნებოვნების შიშს თუ ძვირიანში, ამ გაუმაძღარი თაღლითების ზოოპარკში? არჩევანი არც ისე ფართოა.




No comments:

Post a Comment