დასასრულს მიუახლოვდა მოსწავლეთა საატესტაციო გამოცდები. უკვე მეორე წელია რაც მსგავსი გამოცდები ტარდება. მოსწავლეები 8 საგანში აბარებენ კომპიუტერიზებულ გამოცდებს. იდეაში ეს ყველაფერი კარგი წამოწყებაა, მიზანმიმართულია სკოლებში სწავლის ხარისხი გაუმჯობესებისკენ, ასევე ამ გამოცდების გამო ყველა საგანი თანაბარ პირობებში დგება, აღარ არის "ფავორიტი საგნები", ის 4 საგანი, რომელიც მისაღებზე ბარდებოდა. საჭიროა ყველა საგნის სწავლა სკოლის დასამთავრებლად.
შარშან ვაპირებდი მსგავსი პოსტის დაწერას მაგრამ რადგანაც პირველი მცდელობა იყო მსგავსი ტიპის გამოცდის ჩატარებისა, კრიტიკისგან თავი შევიკავე, მაგრამ როდესაც მეორე წელსაც ზუსტად იგივე პრობლემები გაჩნდა, რაც პირველ წელს, ბუნებრივია გამიჩნდა კითხვა: რას აკეთებდა გამოცდების ეროვნული ცენტრი მთელი წლის განმავლობაში? საკმაოდ დიდი დროა იმისთვის რომ არსებული პრობლემების გაანალიზება და გამოსწორება მოახერხო. რაში მდგომარეობს ეს პრობლემები:
1) გამოცდა ფასდება 10 ბალიანი სისტემით, მაგრამ მინიმალური ქულა, რაც გამოცდების შედეგად იწერება წარმოადგენს 5 ბალს. მაშასადამე საბოლოო ჯამში გამოდის რომ გამოცდა 6 ბალიანი სისტემით ფასდება, სადაც 5 ქულა 0 ქულის ექვივალენტურია. შესაბამისად გამოდის რომ:
6 ქულა=1 ქულა
7 ქულა=2 ქულა
8 ქულა=3 ქულა
9 ქულა=4 ქულა
10 ქულა=5 ქულა
ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იწყება შეფასებების წერა ჩვეულებრივ 1 ქულიდან? ერთადერთი ლოგიკური პასუხი, რასაც მე ვპოულობ, არის მიღებული შეფასებების გაბერვა, რაც ეწინააღმდეგება ჩემს პედაგოგიურ პრინციპებს და არა მარტო ჩემსას. ეს სიტუაცია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება შეფასების ვალიდურობის პრინციპებს და მთლიანად ანგრევს განათლების სიტემის მიერ განხორციელებულ რეფორმებს.
2)კითხვები მეორდება. ეს არ ვიცი ვისი პრობლემაა, პროგრამის დამწერის, თუ კითხვების შემდგენის (დავიჯერო "მინიმალური კომპეტენციის მასალებიდან" ვერ მოხერხდა იმდენი კითხვების დაწერა რომ არც ერთი კითხვა არ განმეორებულიყო?) მაგრამ არის სიტუაციები როცა მოსწავლეს ერთ საგანში გამოცდის ჩაბარების დროს ერთდაიგივე კითხვა რამოდენიმეჯერ ამოსდის. ეს კიდევ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ყველაზე მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ეს კითხვები თითქმის მუდმივად წრეზე ტრიალებს. მოსწავლეებს, რომლებიც შედიან დილის 9-საათზე, გამოცდიდან გამოაქვთ კითხვები,რომლებიც თავისუფლად იდება სხვადასხვა სოციალურ ვებ-გვერდებზე და შესაბამისად მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდაზე შედიან საღამოს 5 საათზე, თითქმის ყველა კითხვა აქვთ, რაც გამოცდაში მოვა. შესაბამისად ირღვევა მოსწავლეთა თანაბარ პირობებში ყოფნის პრინციპი, რაც ასევე განათლების რეფორმის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ასევე გამოცდის წარმატებით ჩაბარების გარანტიას წარმოადგენს არა კარგი სწავლა მთელი წლის განმავლობაში, არამედ უნარი, რამოდენიმე წუთში დაიზეპირო სწორი პასუხების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა.
3)მე ქიმიის პედაგოგი ვარ, შესაბამისად აქ ჩემს საგანზეც ვისაუბრებ. ჩემთვის გაუგებარია, რა პრინციპით არის შედგენილი "მინიმალური კომპეტენციის მასალა", რადგან აქ არაფერია მინიმალური. გამოსაშვები გამოცდების მასალებსა და მისაღები გამოცდების მასალებს შორის უმნიშვნელო სხვაობაა ანუ მოსწავლე, რომელიც აბარებს მაგ: იურიდიულზე, და მოსწავლე, რომელიც აბარებს სამედიცინოზე, დაახლოებით ერთდაიგივე რაოდენობის მასალას გადის. არა, რა თქმა უნდა, რაც მეტს ისწავლიან, მით უკეთესი მაგრამ მაინც ხომ უნდა იყოს სხვაობა? ეს კიდევ არაფერი. გამოსაშვებ გამოცდაში ამ "მინიმალური კომპეტენციის მასალიდან" მაქსიმუმ ნახევარი თუ იქნება შეტანილი, ესეც არა. ძირითადად არის რამოდენიმე "ფავორიტი" თემა, საიდანაც ისმება უამრავი კითხვები და ამ რამოდენიმე თემის სწავლის შედეგად საკმაოდ წარმატებულად აბარებ გამოცდას (თან თუ გავითვალისწინებთ რომ კითხვების 70% მეორდება).
არ ვიცი რა დავამატო, ფაქტია რომ პროგრამა დასახვეწია, მასალა დასაზუსტებელია, კითხვების რაოდენობა გასაზრდელია, ქულების წერის პრინციპი შესაცვლელია, დარწმუნებული ვარ რომ ამ პრობლემების აღმოფხვრას 1 წელიწადზე ნაკლები სჭირდება და იმედი მაქვს ეს მოხერხდება კიდევაც, რადგან არ მინდა მომავალ წელსაც მსგავსი პრობლემების წინაშე დავდგე. არ მინდა ჩემმა მოსწავლეებმა მარტივი, შემოვლითი გზების ძიება ისწავლონ და მინდა ჰქონდეთ განცდა რომ მათი წარმატება მხოლოდ მათი წარმატება იქნება, და არა გამოცდების ეროვნული ცენტრის წარუმატებლობა.
No comments:
Post a Comment