მოკლედ, დიდი შესავალის გარეშე დავიწყებ და დასკვნებს ბოლოში გამოვიტან. კიდევ ერთი ვაკანსიიდან გამომეხმაურნენ, ეს იყო "ბრიტანული ცენტრი",ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი, რომელიც ახლა კერძო სკოლას ხსნის და ვაკანსია ცხადდებოდა ყველა საგნის მასწავლებელზე. უპირველეს ყოვლისა მათ საიტს გავეცანი სადაც უხვად იყო გამოყენებული სარეკლამო ფრაზები: "მსოფლიოს წამყვანი მეთოდები", "ბრიტანული ცენტრის ერთადერთი ჭეშმარიტი წარმომადგენელი სქართველოში", "საუკეთესო ადგილი, სადაც სწავლა სიამოვნებაა", "უფრო მეტი, ვიდრე ენა". ასევე ვნახე გადაცემა რომელშიც ვინმე თიკო სადუნიშვილი ეწვია სკოლას და აღფრთოვანებულმა აღმოაჩინა რომ ამ ცენტრში მთელი ქართული "სელებრითები", ვინმე ნანკა კალატოზიშვილი, ვინმე ავთანდილ ცქვიტინიძე, ინგა გრიგოლია და ა.შ მთელი ქართული ბომონდი, ანუ, როგორც ქალბატონმა თიკომ უწოდა:"ცნობილი ქართველი მოღვაწეები" ეუფლებოდნენ ენას. როგორც დავასკვენი ჩემი პოტენციური დამქირავებლები ფრიად ამბიციურნი ყოფილან, რაც მესიამოვნა, თუმცა მივხვდი, რომ ასეთ ამბიციურ კოლექტივში მოხვედრა შეიძლება არც ისე მარტივი ყოფილიყო. ვაკანსია როგორც გვამცნობდა, პოტენციურ თანამშრომელს "სასურველია პედაგოგის სრტიფიკატი ჰქონოდა". რადგანაც ეს სერტიფიკატი ჯიბეში მიდევს (ანუ ჯიბეში არ მიდევს ჩემს რესურს ცენტრში დევს და გამოტანა მეზარება, მაგრამ მთავარია რომ ბუნებაში არსებობს პედაგოგის სერტიფიკატი, რომელზეც ამაყად ჩემი სახელი და გვარი წერია) ვიფიქრე რომ სამსახურიც ასევე ჯიბეში მედო.
დამიბარეს ტესტირებაზე. კიდევ უფრო გამეზარდა პატივისცემა ჩემი პოტენციური დამქირავებლების მიმართ, რადგან ვიფიქრე რომ არ დაიზარეს და ქიმიის ტესტი შეადგინეს რომელიც საკუთარ "სელებრითულ" ამბიციებს აკმაყოფილებდა და მხოლოდ რომელიღაც ქართულ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემულ სერთიფიკატს არ დასჯერდნენ.
როდესაც ტესტი დამიდეს, მაშინ კი გადმომცვივდა თვალები. ეს ხომ სწორედ ის ტესტია, რომელიც ვიღაც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ დამიდო, შემდგომ სპეციალური ნომერი მომანიჭა ანონიმურობის თვალსაზრისით, შემდგომ ნაწილი კომპიუტერმა შეამოწმა, ნაწილი დაყვეს და სხვადასხვა ანონიმურ შემმოწმებლებს გადასცეს და დიდი ბჭობის შემდგომ პედაგოგის სერთიფიკატი მომანიჭეს.
ამ იდენტურ ტესტზე კი ჩემი საკუთარი სახელი და გვარი უნდა დამეწერა და შემდგომ, ვინმე წერა-კიხვის მცოდნე დიდძუძუებიან(ან საშუალოძუძუებიან) მდივან ქალბატონს უნდა შეემოწმებინა განათლების სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული პასუხების მიხედვით და დიაგნოზი დაესვა ჩემთვის. თავი საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი. დაახლოებით 10 წუთი ვიჯექი და ვფიქრობდი, ღირს თუ არა რომ ასეთ დამცირებაზე წავიდე. ჩემში სამუშაოსმაძიებელმა, უთავმოყვარეო პიროვნებამ გადასძალა და ტესტი კიდევ ერთხელ შევავსე, თუმცა როდესაც ტესტით ხელში კიბეებზე ვეშვებოდი, მივხვდი რომ გული მერევა აქაურობაზე, გული მერევა "ქართულ დასაქმებაზე" სადაც შენ, თავდაპირველად მოიაზრები როგორც მატყუარა თაღლითი, რომელიც ცდილობს "გააცუცურაკოს" დამსაქმებელი,ამიტომაც გიწევს საპირისპიროს დამტკიცება რათა "დაიმსახურო" შემოთავაზებული ვაკანსია.
უაზროდ გაღიმებულ ქალბატონს თვალებში ჩავხედე და ვკითხე
-თქვენ რა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ ენდობით?
ქალბატონი კიდევ უფრო უაზროდ გაიკრიჭა და მიპასუხა
-არა ქალბატონო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როგორ არ ვენდობით მაგრამ გვინდოდა ჩვენი ტესტიც შემოგვეტანა სანამ თანამშრომლებს ავიყვანთ.
-კი მაგრამ, ქალბატონო, ეს არ არის თქვენი ტესტი, ეს არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტესტი, რომელიც შეადგინეს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის, რომელიც ჩავაბარე წარმატებით და სერტიფიკატიც ავიღე.
-მით უკეთესი, არ გაგიჭირდებოდათ ამ ტესტის შევსება-მიპასუხა გაკრეჭილმა ქალბატონმა. მეც უაზროდ შემოვტრიალდი და წამოვედი.
რაღა აზრი ჰქონდა მელაპარაკა მათთან ჩემს უფლებებზე? რომ მაქვს უფლება ამ ტესტის ქულა ანონიმური იყოს, რომ მათ არა აქვთ უფლება განათლების სამინისტროსგან ამ ტესტში ჩემთვის მონიჭებული ქულა ეჭვქვეშ დააყენონ,ან "გადაამოწმონ" და თუ აქვთ სურვილი პედაგოგის კომპეტენციის გადამოწმების, საიტზე "სელებრითების თვლის" მაგიერ როგორც მინიმუმ 1 წესიერი ქიმიკოსი დაიქირავონ და საკუთარი ტესტი შეადგინონ.
პ.ს. ტესტში, რომელიც განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მომცა, მოცემული მქონდა დრო, 5 საათი, ხოლო "ულტრასელებრითულმა" "ბრიტანულმა ცენტრმა" დაახლოებით 5-6 კითხვა ამოაკლო და უდიდესი პროფესიონალიზმით დაასკვნა რომ 50 წუთი უკვე საკმარისი უნდა ყოფილიყო ტესტის შესავსებად.
No comments:
Post a Comment