Wednesday, December 28, 2011

გადაცემა "სპიკერი"

არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა როდესაც ამას ვწერ მაგრამ ვხვდები რომ უნდა ითქვას. შეიძლება ბევრმა "hate speech"-ად ჩამითვალოს, თუმცა ეს ნაკლებად მადარდებს. განსაკუთრებით მადარდებს თუ წაიკითხავენ ის ახალგაზრდები, ვიზეც დღეს ვწერ და ძალიან ხომ არ ვატკენ მათ გულებს. არ ვიცი, შეიძლება მათთვის ჩემი ნათქვამი მტკივნეული იყო, შეიძლება ბევრ მათგანს გულთან ახლოს მიაქვს ის სიტყვები, რომლებიც ამ გადაცემაზე წარმოთქვეს და შეიძლება საკუთარი ახალგაზრდული ოპტიმიზმით თვლიან რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და მე ჩემი კრიტიკით მათ იმედებს ვართმევ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ამ ადამიანებს უკვე კარგი განსჯის მანერა ჩამოუყალიბდათ და კონსტრუქციული კრიტიკის გამო გული არ აუცრუვდებათ მომავალზე.
მოკლედ მინდა გადაცემა "სპიკერზე" ვისაუბრო.

პრინციპში ბავშვების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ძირითადად მინდა გადაცემას შევეხო, გადაცემის მიზნებს, რადგან ჩემი აზრით ნებისმიერ აქტივობას თავისი დანიშნულება უნდა ჰქონდეს და მე მივხვდი რომ ამ გადაცემის მიზნებს არაფერი საერთო არ ჰქონდა იმ პრობლემებთან, რაზეც ბავშვები ასე გულმხურვალედ საუბრობდნენ. უპატრონო და უნარშეზღუდული ბავშვების პრობლემა იყო განხილული ბოლო გადაცემაში. ამ გადაცემას ხალხი უნდა დაეფიქრებინა საკუთარ ქმედებებზე (თუ უმოქმედობაზე), საზოგადოებამდე მოეტანა ის პრობლემები რაც ნამდვილად დღევანდელ საქართველოში არის, თუმცა სულ სხვანაირად მოხდა და ეს ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც ასე ძალიან მძულს მასმედია. მაყურებლები გადაიქცნენ სპიკერი ბავშვების გულშემატკივრებად. მაყურებლებს ნაკლებად ადარდებდათ ის პრობლემები, რაზეც ბავშვები საუბრობდნენ, ძირითადად დაინტერესებული იყვნენ იმით, თუ როგორ საუბრობდნენ ეს ბავშვები ამ პრობლემებზე, რამდენად გამართულად მეტყველებენ, რამდენად გულახდილად, რამდენად აქვთ განვითარებული ორატორული ნიჭი.

პრინციპში გადაცემა ამაზეც იყო მიმართული, ჩამოეყალიბებინათ კარგი ორატორული ნიჭის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც შეძლებენ მაყურებელი გაართონ ცოტა ხნით, გამოვიდეს კარგი თოქშოუ, სადაც ძალიან მომგებიანი იქნება ამა თუ იმ დაწესებულების ან პროდუქტის რეკლამის ჩართვა და რაც მთავარია დატვირთული იქნება დღევანდელი პრობლემებით და ხალხი ყურების დროს ცოტა წირპლებს გადმოყრის, გულს მოიოხებს და გააგრძელებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ერთი კითხვა ჩნდება: გვჭირდება კი დღეს ორატორები? სჭირდება თუ არა ოცდამეერთე საუკუნეს ორატორები? გვჭირდება თუ არა მოხდენილად მოსაუბრე ადამიანები რომელთა ლამაზად შეფუთული მიზანი "ყოველდღიური პრობლემების ადამიანებთან მიტანაა" თუმცა რეალურად საპირისპიროს, საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის გაფანტვას, გულის მოოხებას და საზოგადოების მშვიდ ძილს ემსახურება?

შეიძლება ე.წ. "განათლებისტები" შემომედაონ და მითხრან რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის სწორი აზროვნების უნარის, აზრების ნათლად და რაც მნიშვნელოვანია ეფექტურად ჩამოყალიბების უნარის განვითარება მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს რომ ბავშვების იუმორით შეზავებული, საზოგადოებისთვის ადვილად მისაწვდომი,ყოველდღიური მაგალითების ჩართვით გაცოცხლებული, ღრმად ჩამაფიქრებელი, სხვადასხვა ავტორიტეტული პიროვნების ბრძნული გამონათქვამებით გამდიდრებული სიტყვები სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ქართულმა მედიამ მრავალწლიანი მცდელობის შედეგად შეძლო შეექმნა გადაცემა, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მშვიდ დინებაზე მიუშვას არსებული პრობლემები და საკუთარი თანამონაწილეობა პრობლემების გადასაწყვეტად, მარტივად, ტელევიზორის წინ წამოწოლილებმა, პოპკორნის ყუთით ხელში მიიღოს.

ბრავო!!

No comments:

Post a Comment