Thursday, April 12, 2012

Turning a blind eye

კიდევ ერთხელ მინდა მაღალი ამბიციების მქონე სკოლებზე ვისაუბრო. კარგად რეკლამირებულ სკოლებზე, მარკეტინგულად გამართლებული ბუკლეტების მქონე სკოლებზე, სკოლებზე, რომლებზეც საშუალო სტატისტიკურ მშობლებს არ მიუწვდებათ ხელი მაგრამ მთელი ცხოვრება საკუთარ თავს დაადანაშაულებენ რომ ბავშვებს "ასეთ მაღალპროფესიონალურ" სკოლებში "ასეთ მაღალმორალურ პედაგოგებთან, ასეთი ბრწყინვალე განათლება" ვერ მისცეს.

ოჰ, როგორი ამბიციურები არიან ეს სკოლები. სპეციალური "პედაგოგთა ვორკშოპები" აქვთ, თანამედროვე სტილის თამაშებს აწყობენ "როგორი გვინდა რომ ჩვენი სკოლა იყოს". პედაგოგები ჯგუფებად იყოფიან და ფურცლებზე წერენ როგორი უნდა იყოს სკოლა.

"მოსწავლეებს უნდა მივცეთ ჰოლისტური განათლება"
"სკოლა უბრალოდ სასწავლო დაწესებულება კი არ უნდა იყოს, არამედ ადგილი, სადაც ბავშვებს სწორ პიროვნებებად აღვზრდით" ,
"ჩვენ არა მხოლოდ უნდა მოვამზადოთ მოსწავლეები გამოცდებისთვის, არამედ მივცეთ ცოდნა, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ"
"პედკოლექტივი უნდა იყოს როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება, არ უნდა იყვნენ ე.წ. ცუდი და კარგი პოლიციელები, თუ რაიმე არასწორი ხდება, ყველა პედაგოგმა უნდა მისცეს მოსწავლეს შენიშვნა"
"ბავშვებს უნდა მივცეთ 21 საუკუნისთვის საჭირო უნარჩვევები"

ეს მოკლე ჩამონათვალია იმ პედაგოგიურად გამართლებული იდეების, რაც ამ ვორკშოპებზე შეიძლება მოისმინო. დიახ, ვორკშოპებზე და მხოლოდ ვორკშოპებზე (ან შეიძლება მასწავლებლის დირექციასთან პირისპირ საუბარში). ყოველდღიური რეალობა კი სულ სხვანაირია. ეს არის ნიღაბი, რომელსაც პედაგოგები 2 კვირაში ერთხელ, რამოდენიმე საათით მოირგებენ ხოლმე. არა მარტო პედაგოგები. ყველა დასაქმებული პიროვნება ირგებს ამ ნიღაბს, მორალურად სწორი პიროვნების ნიღაბს. რა ხდება სინამდვილეში ასეთ სკოლებში?

არაფერი განსხვავებული სხვა სკოლებისგან. სწავლების მეთოდები ისევ ისეთია როგორც სხვა ყველა სკოლებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. პედაგოგები ისევ ისე უკრავენ ტაშს და და "ბრავო"-თი ეგებებიან დირექციის ყველა გამოსვლას და იდეას, ისევ ისე კვდებიან სიცილით დირექტორის უხეირო ხუმრობებზე, და ისევ თამაშობენ "კარგ და ცუდ პოლიციელს".

შარშან მქონდა შემთხვევა. წესით სკოლებში მოწევა აკრძალულია. ყოველთვის, როდესაც ვხედავდი მოსწავლე ეწეოდა, სიგარეტს ვაგდებინებდი და დირექციაში შემყავდა. პირველი სემესტრის ბოლოს უცებ მოსწავლეები აბუნტდნენ. "თქვენამდე 10 მასწავლებელი გამოდის, ხედავს რო ვეწევით და არაფერს გვეუბნება და თქვენ ჩაშვებით ცდილობთ ქულები დაიწეროთ დირექციასთანო". ეს ჩემი პირველი ე.წ. "reality check" იყო იმ ზღაპრული სამყაროდან, რომელიც ამ მაღალ-ამბიციურმა სკოლამ დასახა მუშაობის დაწყების დღიდან.

მეორე მსგავსი სიტუაცია უკვე წელს დამხვდა. აღმოჩნდა რომ 3-4 მოსწავლეს ექსკლუზიურად დართეს მოწევის უფლება სკოლის უკანა ეზოში (რათქმაუნდა მშობლების მოთხოვნით, რადგან მშობლები ჩვენი ფინანსური უზრუნველყოფის ძირითად წყაროს წარმოადგენენ, სისულელეა მათ მოთხოვნეს არ დაეთანხმო) და აღმოვჩნდი საკმაოდ რთული მორალური დილემის წინაშე:

როდესაც სკოლის უკანა ეზოში დგას 2 მოსწავლე და ეწევა. ერთს უფლება აქვს მოწევის, ხოლო მეორეს არა. როგორ მოვიქცე? ერთი დირექციას შევუყვანო და მეორემ წყნარად გააგრძელოს მოწევა? და იმ ვორკშოპებზე დასახელებულ "თანასწორობის პრინციპს" რაღა ვუყოთ მაშინ?

ამ კითხვით დირექციას რომ მივმართე ასეთი რამ მითხრეს:
-მოდი, შენ არაფერი არ უთხრა, ჩვენ გვითხარი და მერე ჩვენ გავარკვევთ.
აი აქ კი დავიბენი. რას ნიშნავს არაფერი არ უთხრა? მე რა, ჩუმი ენის მიმტანად ვიქცე? და ჩემი პირადი ღირებულებები და ჩემი მორალი? არა, ენის მიმტანად ვერ ვიქცევი, აბა რა ვქნა? არაფერი? ვითომც არ მინახია? და ჩემი პირადი შეხედულებები აღზრდის პრინციპებზე? პედაგოგიური ეთიკა?

მოკლედ რატომ ვწერ ახლა ამას. ეს სიტუაციაა რაშიც ვცხოვრობთ ყოველდღიურად. "მე ვიყო კარგად" პრინციპით, "არ მაწყობს-ვერ ვხედავ" პრინციპით. არა მარტო სკოლებში, ყველგან, ნებისმიერ დაწესებულებებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო. განათლების, სამედიცინო, IT თუ ნებისმიერ სხვა სფეროებში და ვერც ვადანაშაულებ ვინმეს. იმისთვის რო გადარჩე, იმისთვის რომ ოჯახი არჩინო საჭიროა დაიცვა ეს დაუწერელი კანონი რასაც "Turning a blind eye" ჰქვია.

"დინოზავრები ვერ შეეგუვნენ და გადაშენდნენო" მეუბნებიან ერთნი, "სადაც ხარ იქაური ქუდი დაიხურეო" - მეორენი და არ ვიცი როგორ მოვიქცე, რისი გაკეთება შეიძლება მოხერხდეს. დავიბენი.

ერთ სიმღერას დავდებ ეპილოგად:
This is a message to persons unknown
Persons in hiding. Persons unknown
Survival in silence
Isn't good enough no more
Keeping your mouth shut head in the sand
Terrorists and saboteurs
Each and every one of us
Hiding in shadows persons unknown
Hey there Mr. Average
You don't exist you never did
Hiding in shadows persons unknown
Habits of hiding
Soon will be the death of us
Dying in secret from poisons unknown.



No comments:

Post a Comment