Monday, March 5, 2012

ვაკანსია "საქაერონავიგაციაში", "ვაკანსია" რუსთავი 2-ის ეთერში

საქართველოში ყველა დასაქმებულმა პიროვნებამ იცის რომ სამსახურის ძიება, სამსახურის შოვნასთან ერთად არ სრულდება და სამსახურის შოვნის პირველივე დღეს თუ არა, პირველივე კვირაში თავიდან იწყება ვაკანსიების დაძებნის და სივების დაგზავნის პროცესი. მეც დიდი გამონაკლისი არ ვარ და ყველა ახალგამოცხადებულ ვაკანსიაზე, რაც ვთვლი რომ ჩემი კომპეტენციის ფრაგლებს 30%-ით მაინც შეეფერება, ჩემს მკვლელ სივს და სამოტივაციო წერილს ვაგზავნი.

ერთ-ერთი ასეთი იყო ჯობს.გე-ზე საქაერონავიგაციის მიერ გამოცხადებული "სინოპტიკოსის ვაკანსია" სადაც ფიზიკოსებს და მათემატიკოსებს ეძებდნენ. რადგანაც ჩავთვალე რომ მეტეოროლოგია დაახლოებით იმავე სამეცნიერო მანძილითაა დაშორებული ფიზიკიდან, როგორც ქიმიიდან (და კონკრეტულად ფიზიკური ქიმიიდან) ჩემი გამანადგურებელი სივიც გავაგზავნე. დედლაინის დამთავრებიდან 1 კვირა არავინ შემხმიანებია და ჩემთვის წყნარად ვიყავი, დამავიწყდა კიდევაც ამ ვაკანსიის შესახებ. მოულოდნელად ორკვირანახევრის შემდეგ დამირეკეს. რადგან ამ დროისთვის ჩემი "კონკურენტთა დამაფრთხობელი" სივი უკვე 57 ადგილას მქონდა გაგზავნილი, ქალბატონს დაახლოებით 3-ჯერ გავამეორებინე ორგანიზაციის სახელი, საიდანაც მირეკავდნენ.

დამიბარეს პირველ ტესტირებაზე, რომელიც ინგლისურ ენაში უნდა ყოფილიყო და ტარდებოდა "ჰოლიდეი ინ"-ში. პირველი რამაც გამაკვირვა, ვიდეოკამერით მოსიარულე ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ჩვენს ყოველ ფეხის ნაბიჯს იღებდნენ. ტესტის დასრულების შემდგომ კი სათითაოდ ყველას ინტერვიუ ჩამოგვართვეს. ვიფიქრე რომ ეს მსხვილი კომპანიების ერთ-ერთი "თავისებურებაა" და სავარაუდოდ ეიჩარისთვის არის განკუთვნილი.

2 დღის შემდგომ ყველა აპლიკანტი მეორე ტესტზე დაგვიბარეს, რომელსაც "ფიზიკა-მათემატიკური" ტესტი უწოდეს, ცოტა კი გამიკვირდა, რადგან ყველა ვაკანსიების საძიებო საიტებე, ეს მეორე ტესტი გამოცხადებული იყო როგორც: "Psychological test (defining abstract, logical views and smartness);" ვიფიქრე რომ რამე IQ ტესტის მაგვარი იქნებოდა.

მეორე ტესტირებაზე ჩემდა გასაოცრად ტესტი ისევ ინგლისურ ენაზე იყო. ეს ცოტა გამიკვირდა - რა აზრი ქონდა ისევ ინგლისურ ტესტზე ყველა აპლიკანტის დაბარებას? ჯერ რომ პირველი ტესტი შეესწორებინათ და ვინც საშუალო ქულას გადალახავდა, მხოლოდ ისინი შეეწუხებინათ მეორედ მისვლაზე უფრო უპრიანი იქნებოდა, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. აღმოჩნდა რომ მეორე ტესტი მართლაც ფიზიკა მათემატიკური იყო, ანუ დიფერენციალების და ინტეგრალების გამოთვლა, იდეალური გაზების განტოლებები, ოპტიკა და ა.შ.

მეორე ტესტის დაწყების წინ ისევ გვატრიალეს კამერის წინ.

დრო დიდი აღარ მქონდა, რადგან პირველი ტესტის დროს სამსახურიდან დავეთხოვე და მეორეჯერ ამას ვეღარ ვახერხებდი, შევეცადე მაქსიმალურად გამომეყენებინა დრო რაც მქონდა და გამოცდიდან განაწყენებული გამოვედი.

ერთი რაც ჩემთვის გაუგებარი იყო: რა კონკრეტული მიზანი ჰქონდა ამ ტესტს, თუკი ვაკანსიაზე დაბარებულ ხალხში ფიზიკა - მათემატიკოსების და თუნდაც ქიმიკოსების გარდა იმყოფებოდნენ ბუღალტრები, ფინანსისტები და ა.შ.

მეორე: რატომ არ დაიწერა ვაკანსიის საიტზე რომ ტესტი რეალურად ფიზიკა-მათემატიკური იქნებოდა?

მესამე: რა კონკრეტული უპირატესობები გაჩნია პიროვნებას, ვინც მსგავს ინფორმაციას, რაც მეორე ტესტში იყო მოთხოვნილი, გრძელვადიან მეხსიერებაში ინახავს? რადგან დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ნებისმიერ, საშუალოსტატისტიკურ პიროვნებას, რომელსაც ფიზიკის და უმაღლესი მათემატიკის 2-3-წლიანი კურსი გავლილი აქვს უმაღლეს სასწავლებელში, შეუძლია მსგავსი ინფორმაცია დღეების კი არა საათების განმავლობაში ამოათრიოს მეხსიერების იმ ბნელი ხვეულებიდან რასაც "აუ რამდენი წლის წინ იყოო, აუ ეს ხომ ვიცოდიი" ქვია

მეოთხე: რა უფლებით გაუშვეს ჩემი ინტერვიუ რუსთავი 2-ის ეთერში, რა უფლებით არ მითხრეს რომ თურმე ეს კონკურსი გადაცემა "ვაკანსიასთან" იყო პირდაპირ კავშირში?

პ.ს. ამ ამბებიდან 3-4-დღის შემდეგ მითხრეს ახლობლებმა "ტელევიზორში გნახეთო" და ყბა ჩამომივარდა. მე კაი, არ ვუყურებ ტელევიზიებს და არ ვიცოდი თუ ეს ყველაფერი "შოუს ნაწილი იყო" მაგრამ რუსთავი 2-ის ჟურნალისტები როდესაც თავიანთი კამერებით და ჟურნალისტებით დადიან, ნუთუ არ აქვთ ვალდებულება თვითიდენტიფიცირება მოახდინონ ხალხთან, ვისგანაც ინტერვიუს იღებენ და ზრდილობის გულისთვის მაინც იკითხონ, მომხრეა თუ არა ეს პიროვნება მისი ინტერვიუ თავიანთ სიუჟეტში გაუშვან?

No comments:

Post a Comment