არ მიყვარს აბსტრაქტული, მაღალ-იდეოლოგიური მორალით გაჯერებული პოსტები, ამიტომ პირდაპირ საკუთარი ისტორიებით დავიწყებ.
როგორ კი მშობლების ოჯახს გამოვეყავი, ალდაგის დაზღვევა ავიღე და პირველი 1 წელი სულ ტყუილად ვიხდიდი გადასახადს, არაფერი დამჭირვებია. მეორე წელს უკვე მომიწია დაზღვევის გამოყენება, მაგრამ აღმოჩნდა ეს არც ისე მარტივია როგორც სადაზღვევო ბუკლეტები გვატყობინებენ. როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს, ჯერ უკავშირდები სადაზღვევოს ცხელ ხაზს, რომელსაც ევალება ჩაგწეროს პირად ექიმთან. ჯანმრთელობაზე ზრუნვა საქართველოში როგორც წესი მაშინ ხდება როდესაც რამე ძალიან გაწუხებს და ექიმის დახმარება გადაუდებელია. აქ იწყება პირველი პრობლემები. ცხელი ხაზი ცდილობს მაქსიმალურად გადაგიწიოს ექიმთან ვიზიტის ვადა და "ადგილების უქონლობის" გამო ექიმთან 1 კვირის შემდეგ გწერს. თავიდან ამ ფაქტს ეგუები და ექიმთან 1 კვირის შემდგომ მიდიხარ და ხვდები რომ თავდაპირველი ინფორმაცია "დროის უქონლობაზე" საერთოდ არ შეეფერება სინამდვილეს და ოჯახის ექიმებს დრო თავზესაყრელად აქვთ (განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში), ამიტომ შემდეგ ჯერზე უკვე გაბრაზებული რეკავ სადაზღვევოში და სკანდალით ან დასაზღვევო კომპანიის შეცვლით იმუქრები. ამ შემთხვევაში ოჯახის ექიმთან მეორე დღესვე გწერენ.
ოჯახის ექიმს არაფერი კონკრეტული არ ევალება, უბრალოდ გადაგამისამართებს სხვა ექიმთან და აქ იწყება ბიუროკრატიის მთელი ჯაჭვი:
1)ჯერ გჭირდება ამ სხვა ექიმთან გადამისამართების დოკუმენტები. დაზღვევა გინაზღაურებს მხოლოდ კონსულტაციის თანხას.
2)შემდგომ ექიმი კონსულტაციის შედეგად გაძლევს დოკუმენტებს, თუ რა გამოკვლევა გჭირდება და ამ დოკუმენტებით ბრუნდები ოჯახის ექიმთან.
3)ოჯახის ექიმი გაძლევს დოკუმენტებს რომ ეს გამოკვლევა მართლაც საჭიროა. ამ დოკუმენტებით ბრუნდები გადამისამართებულ ექიმთან.
4)ექიმი გაძლევს დოკუმენტებს რომ ეს გამოკვლევა ჩაგიტარდა, გიწერს მედიკამენტებს და ბრუნდები ოჯახის ექიმთან.
5)ოჯახის ექიმი გიწერს რომ ეს მედიკამენტები მართლაც გჭირდება და გაძლევს დოკუმენტებს აფთიაქში წარსადგენად.
6)ამ ყველა დოკუმენტით მიდიხარ აფთიაქში წამლებზე ფასდაკლების მისაღებად.
ასეთ ტიპის ბიუროკრატიას მოსდევს უამრავი პრობლემები:
1)ამ დოკუმენტებით სირბილი პროვაიდერი კლინიკიდან ცენტრალურ სადაზღვევო კლინიკაში, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და ამ საუკუნის შესაბამისი დროის უქონლობის გამო იძულებული ხარ დათანხმდე სადაზღვევოს კლინიკაში მყოფი ექიმის მომსახურებაზე. დრო ამ შემთხვევაშიც დიდი მიდის რადგან გადამისამართებულ ექიმთან ჩაწერილი არ ხარ, ამიტომ გიწევს ჩაწერილი პაციენტების რიგში დგომა. შემდგომ უკან ოჯახის ექიმთან დოკუმენტების სატარებლად კვლავ არ ხარ ჩაწერილი და კვლავ ჩაწერილი პაციენტების რიგში დგახარ.
2)თავად სადაზღვევო კლინიკაში მოქმედი ექიმები მსუბუქად რომ ვთვათ არაკომპეტენტურები არიან და თან ცდილობენ მაქსიმალურად მცირე რაოდენობის გამოკვლევები ჩაგიტარონ. თუ თავად არ ხარ გათვიცნობიერებული სამედიცინო სფეროში და არ იცი რა გამოკვლევებია საჭირო, ადვილად მოგატყუებენ და რამოდენიმე მსუბუქი ანალიზის შედეგად პოზიტიური ცნობებით გამოგიშვებენ.
3)რაც არ უნდა მსუბუქი დიაგნოზი დაგისვან, ექიმი საჭირო მედიკამენტების სიაში აუცილებლად წერს მინიმუმ ერთ პრეპარატს, რომელზეც დაზღვევა არ მოქმედებს და ეს სწორედ ის პრეპარატებია, რომლის თითო აბის/კაფსულის ფასი 15-დან 30-ლარამდე მერყეობს.
თუმცა სარეკლამო ბუკლეტებში მარტივ გამოსავალზეც არის საუბარი. შეგიძლია, ნებისმიერი, სადაზღვევო კომპანიის არაპროვაიდერი კლინიკა აირჩიო, მათთან გაიარო გამოკვლევების კურსი და შემდგომ დოკუმენტების მთელი დასტით სადაზღვევო კლინიკაში მიხვიდე, სადაც ეს კვლევები და დანიშნული მედიკამენტების ფასები აგინაზღაურდება. გადმოცემით ვიცი რომ აქაც არ არის საქმე მარტივად და უფრო ზუსტად ამის შესახებ მომავალში ვისაუბრებ.
ახლა სხვა პრობლემა ჩნდება - მოძებნო, თუნდაც არაპროვაიდერი კლინიკა, რომელსაც შენს ჯანმრთელობას ანდობ. ძებნა, ჩემს შემთხვევაში, იწყება ინტერნეტით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნორმალური საიტი (და ნორმალურში იგულისხმება მონაცემები ექიმებზე, გამოკვლევების ფასები და ა.შ) სულ რამოდენიმე კლინიკას აქვს. ასეთ კლინიკებში გამოკვლევების ფასი ჯერ ხომ ასტრონომიულია, შემდგომ პრეპარატების დანიშვნა უცნაურად ხდება. ნებისმიერ, ყველაზე მსუბუქ დიაგნოზზეც კი ინიშნება წამლები, რომელთა ფასი 50-იდან 100 ლარამდე მერყეობს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ იცი, ამ წამლების თანხები აგინაზღაურდება თუ არა სადაზღვევოდან. მეორე პასუხგაუცემელი კითხვა რაც გიჩნდება-საჭიროა კი ეს მედიკამენტები რეალურად? სწორად არის თუ არა გამოწერილი?
გუშინ წინ ვიყავი საკმაოდ კარგად რეკლამირებულ კლინიკაში, 4 წამალში 180 ლარი გადავიხადე, დანარჩენების ფასები გავარკვიე და და მათი ყიდვა მომავლისთვის გადავდე. ნაყიდი პრეპარატები სახლში მოვიტანე და დავიწყე ინსტრუქციები კითხვა. შემდგომ გადავხედე დანიშნულებას და ვნახე რომ დანიშნულებაში მოცემული წამლის დოზები 2-4-ჯერ აჭარბებს ინსტრუქციაში რეკომენდირებულ წამლის დოზებს. აქ კი უკვე გამცრა ტანში თან არ წარმომიდგენია რა უნდა გავაკეთო. კი, ჩემს ექიმს დავუკავშირდები, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება მისი კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენება? თან ტელეფონით? არ ვიცი.
ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია, შენ იყო კარგად და ფულს ჩივი?-მეკითხება დედაჩემი და ჩემი პასუხია - კი, ვჩივი. ვასაჩივრებ მედიკამენტების ფასებს, ეჭვქვეშ ვაყენებ ნებისმიერი ქართველი ექიმის კომპეტენციას, ვჩივი იმ ხალხის მაგივრადაც, რომლებიც მიზერული ხელფასით ცხოვრობენ და ექიმების უნამუსო ყვლეფის მსხვერპლნი არიან და ვასაჩივრებ საზოგადოებას, რომელიც ხმას არ იღებს ამ ყველაფრის შესახებ.
No comments:
Post a Comment