ბოლო პოსტის შემდეგ კიდევ ბევრი საინტერესო ისტორია გადამხდა თავს, რასაც აუცილებლად დავწერ შემდგომში სერიის სახით "How things are done in Georgia" მაგრამ დღეს მინდა ძველი პოსტი გავაგრძელო.
წინა პოსტში საკითხი დამატებითი საათების დანიშვნის შესახებ ღიად დარჩა, რაც რამოდენიმე დღეში ჩემი სკოლის მესვეურებმა ფრიად უხერხულ პოზიციაში მოაგვარეს კერძოდ: - შემოვიდნენ ჩემს გაკვეთილზე და ყველა მოსწავლის წინაშე დამინიშნეს დამატებითი სამუშაო დღე და დამატებითი საათები. მეც გავშრი, მოსწავლეებს უარი ვერ ვუთხარი, ხოლო დირექციას მოსწავლეების წინაშე ანაზღაურების გაზრდაზეც ვერ ვესაუბრე (რადგან იდეაში მე საათობრივი ანაზღაურება მაქვს, შესაბამისად დამატებით საათებზე დამატებითი ანაზღაურება მეკუთვნის).
იმ დღეს ჩემი სიამაყე ჩემს "მაღალ-ლიბერალურ" ღირებულებებთან ერთად გადავყლაპე და საქმის გამორკვევა მეორე დღისთვის გადავდე, თუმცა მივხვდი რომ საკმაოდ "ჩასვრილ" მდგომარეობაში აღმოვჩნდი. დამატებით საათებზე ანაზღაურების გაზრდა უკვე მხოლოდ ჩემი დირექციის "თავისუფალ ნებაზე" იყო დამოკიდებული და მე, როგორც პიროვნებას, როგორც დაქირავებულს, სიტყვა არ მეკუთვნოდა. დადებითი პასუხის შემთხვევაში შემეძლო მხოლოდ მადლობა გადამეხადა და კმაყოფილი ვყოფილიყავი ფაქტით, რომ ვმუშაობ ხალხთან, რომელიც პატივს მცემს როგორც პიროვნებას, როგორც თანამშრომელს. ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავიდან გადამეყლაპა, ერთხელ სიმწრით ჩაყლაპული სიამაყე თავის "მაღალ-ლიბერალურ" ღირებულებებთან ერთად, რადგან მჭირდება ეს სამსახური და მჭირდება ეს ხელფასი. სამწუხაროდ არ ვარ იმ მდგომარეობაში იქედნურად ჩავიცინო და განთავისუფლების შესახებ განცხადება ავუფრიალო თვალწინ და მენტორული ტონით ავუხსნა რატომ ვაკეთებ ამას. (და რა საკვირველია ეს ყველაფერი უკვე იცის დირექციამ, უკვე იცის რომ მე არ წავალ, ან თუ წავალ ჩემს პოზიციაზე როგორც მინიმუმ 150 მსურველი გამოჩნდება, რომ ჩემთვის ამგვარ მდგომარეობაში აზრის კითხვა ზედმეტია რადგან თავად ყველაზე მომგებიანი პოზიცია აქვთ დაკავებული და მე უბრალოდ პაიკი ვარ.)
მოკლედ ისტორიას არ დავასრულებ, ალბათ ყველასთვის გასაგებია დირექციის გადაწყვეტილება.
პ.ს. მე ისევ იმ სკოლაში ვმუშაობ.
No comments:
Post a Comment