Monday, July 30, 2012

გადაცემა "ეტალონი" და ევროპაბეთი (ანუ სად ერეკლეო....)

"ყველაზე ეროვნული მედია პროექტი "ეტალონი" ყოველ კვირა დღეს შეგიძლიათ იხილით `ტელეიმედის~ ეთერში. ინტელექტუალურ-შემეცნებითი გადაცემა "ეტალონის" მიზანია, ხელი შეუწყოს ცოდნის პოპულარიზაციას, გამოავლინოს და წაახალისოს ყველაზე ნიჭიერი მოსწავლე-ახალგაზრდები. "-ოჰ რა ლამაზად ჟღერს, მეტსაც გეტყვით: "ეტალონი" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. "ეტალონი" ქართული პროექტია _ იდეა, თამაშის მიმდინარეობა და წესები მთლიანად ქართულ მხარეს ეკუთვნის.რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აბსურდია და კვლავაც ურეიტინგო და უნიჭოდ დადგმული შოუს ლამაზად შეფუთვის მცდელობაა. საქართველოში ყველაზე კარგად ეროვნულობა, ქართველობა და რელიგია რომ იყიდება, ეს დიდი ხანია დადგინდა. თუნდაც მას შემდეგ, რაც ფესტივალი "არტგენი" ქართული კულტურის ჰიტად და წლის მთავარ კომერციულ მოვლენად იქცა. 

გუშინ შემთხვევით ტელევიზორის წინ აღმოვჩნდი. ტელევიზორს ფრიად იშვიათად ვუყურებ, შესაბამისად  სამაუწყებლო სისულელეების მოსმენას გადაჩვეული ვარ და ყოველი ახალი სისულელის მოსმენა ძალიან მჭრის ყურს. გუშინ სწორედ გადაცემას "ეტალონს" ვადევნებდი თვალყურს, სადაც ამ ფრიადმნიშვნელოვანი  ტიტულის მისაღებად ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული პედაგოგები ეჯიბრებოდნენ. როდესაც საქმე სპონსორების და სტრატეგიული პარტნიორების ჩამოთვლაზე მიდგა, მაშინ კი დავაღე პირი. იქნებ ამიხსნათ, სად, რომელ ქვეყანაში შეიძლება  საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამის სტრატეგიული პარტნიორი ევროპაბეთის ტიპის დაწესებულება იყოს? ნუთუ არავის მიაჩნია ეს ამორალურად? ნუთუ ისე მიეჩვია ჩვენი ყური მასმედიით გადმოცემულ სისულელეებს რომ მსგავსი ტიპის უსირცხვილობაზე რეაქცია აღარ გვაქვს? ეს ხომ იგივეა რომ მოსწავლეთა კონფერენციების სპონსორობა ფილიპ მორისს ვანდოთ? შეიძლება ვინმემ თქვას, სიგარეტს და პოკერის "ფიშკებს" ხომ არ ათამაშებენ და რა აზრი აქვს, ვინ იქნება სპონსორი, მთავარია ბევრი სპონსორები იყვნენ, ეს ხომ განათლების წახალისებას ემსახურებაო? ასეთ კატეგორიის ადამიანებთან კამათში შესვლას ისევ კედელზე ცერცვის შეყრას ვამჯობინებდი, ვფიქრობ უფრო გასართობი საქმიანობა უნდა იყოს და ნერვებიც ნაკლებად მოგეშლება.

პ.ს. გადაცემაში ასევე მოწვეული იყო ევროპაბეთის მარკეტინგის მენეჯერი, რამაც, მე ვთვლი უნამუსობის ყველა რეკორდი დაამსხვრია. აქვე მოკლედ დავწერ რამდენიმე ფრაზას,  რომელიც ბატონმა მარკეტინგის მენეჯერმა წარმოთქვა (ხოლო ფრჩხილებში მივამატებ, თუ როგორ გავიგე ეს მე)

"-რომ არა ეს პროექტი არც გვეცოდინებოდა ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდას შესახებ" ( რომლებიც, იმედი გვაქვს, ჩვენს მუდმივ და საპატიო კლიენტებად ჩამოყალიბდებიან. დღედაღამე სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვმუშაობთ და ალბათ გასაგებია დღეს ჩემი აქ ყოფნის მიზეზიც.)
"ეტალონი არის...ემმმ...პროპაგანდა...ემმ...ასევთქვათ პროპაგანდას ეწევა საქათველოში ინტელექტის და დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ მას" (ინდე, წამომცდა კინაღამ. როგორ ძალიან გვჭირდება და როგორი მომგებიანია ჩვენთვის ინტელექტუალური ადამიანები, ეგ ხომ საიდუმლოს არ წარმოადგენს და აბა რისი პროპაგანდაც გვინდოდა გასაგებია უკვე)

პ.პ.ს. თუ არ გჯერა ჩემი, აგე ლინკი, მამა!

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=29-07-2012%2010:06

No comments:

Post a Comment