ხშირად მესმის ხოლმე წუწუნი, სადაც სიტყვათაშეთანხმება "ფასადური სახელმწიფო" დომინირებს და არ მესმის ამ წუწუნის მიზეზი. წესით ძალიან კმაყოფილები უნდა ვიყოთ ამით, რადგან ქართველები უკვე ძალიან დიდი ხანია დაკავებული ვართ ფასადური ცხოვრებით. ფასადური სამსახურები, ფასადური ოჯახები,ფასადური რელიგია - მოოქროვილი ეკლესიებით, ფასადური მეგობრები. რაღა გასაკვირია რომ ამგვარმა ხალხმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ასეთი ფასადური სახელმწიფოს შექმნით გამოავლინა.წესით ამ ქვეყანაში თავს ისე უნდა ვგრძნობდეთ, როგორც თევზი წყალში მაგრამ არა, რომელიღაც ფასადით ყოველთვის უკმაყოფილო ვართ, ყოველთვის ძველის ფასადის დანგრევას და სანაცვლოდ ახალი, მოდერნიზებული და თანამედროვე ფასადის აშენებას მოვითხოვთ.ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ფასადის. ამ ყველაფერზე ბევრჯერ დაწერილა, ერთ მოვლენას მინდა კიდევ შევეხო. ეს არის ფასადური დასაქმებები და ფასადური გასაუბრებები ამა თუ იმ ფასადური ვაკანსიის დასაკავებლად და როგორ ხდება ეს.
ალბათ ძალიან ბევრი სტატია ქვეყნდება იმის შესახებ, თუ როგორ "მივაღწიოთ წარმატებას" , როგორ "გავყიდოთ საკუთარი თავი მომგებიანად", როგორ "წარმოვაჩინოთ ჩვენი ნაკლოვანებები ჩვენს უპირატესობად" და სხვანი. ასევე არსებობს უამრავი ტუტორიალები, როგორ უნდა მოვიქცეთ გასაუბრებაზე, როგორ უნდა ვუპასუხოთ ეიჩარის კითხვებზე, როგორ უნდა ვიჯდეთ, როგორ უნდა გვეჭიროს თავი, როგორ უნდა ჩამოვართვათ ხელი და ტენის რა რაოდენობა უნდა იყოს ხელზე ამ დროს (რისი დაცვაც ყოველთვის ძალიან მიჭირს) და ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა ქართველ დამქირავებლებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ვაკანსიების 80% ფასადურია ანუ რეალურად არაფერი კეთდება და მხოლოდ საქმნიანი ადამიანის ვიზუალურ ილუზიას ვიქმნით, გასაუბრებზე ეიჩარებს უკვე საკმაოდ მკაცრად ჩამოყალიბებული სტანდარტი აქვთ იმ ადამიანის პიროვნულ თუ ვიზუალურ სახესთან დაკავშირებით(აქ სავარაუდო წონასა და კბილების სტომატოლოგიურ მდგომარეობასაც ვგულისხმობ), რომლების მიმართაც, მაღალპროცენტული ალბათობით, დადებითად განეწყობიან და სამსახურს შესთავაზებენ .
დღეს ვაკანსიის დასაკავებლად ადამიანის ცოდნა და გამოცდილება არაფერს ნიშნავს. მთავარია რამდენად მარკეტინგულად შეფუთავ საკუთარ თავს, რამდენად მოსწრებულია შენი სიტყვა პასუხი და ფართოა შენი ღიმილი, რამდენად გეხერხება დროული ხუმრობების ჩაგდება საუბრისას და რამდენად ინტენსიურად უქნევ თავს დამსაქმებელს სიტყვით გამოსვლის დროს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს რაღაც შუალედურია პოლიტიკასა და სხეულით ვაჭრობას შორის.
ყველაზე მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ არ მესმის, რატოა ეს ჩემთვის ასეთი მიუღებელი, როდესაც მოსახლეობის უმეტესობისთვის ეს ნორმალურ მოვლენად ითვლება. ვიცი, ის ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენას ნორმალურად აღიქვამენ, შემომედავებიან: -ეგ ეგრე უნდა იყოს! აბა სხვანაირად როგორო? აბა როგორ გაიგოს დამქირავებელმა რომ რეალურად საჭირო კანდიდატი ხარო? მარტივი ფსიქოლოგია და ალენ კარიო!! აგერ კიდევ რამოდენიმე ჭკვიანური ხერხები და რჩევებიო!! რამოდენიმე ჭკვიანურ სიტყვასაც გავურევ საუბარში, რომ დარწმუნდე რომ ფრიად ინტელექტუალურ ადამიანს ესაუბრები, რომელმაც იცის ოცდამეერთე საუკუნის დაწერილი თუ დაუწერელი კანონებიო!!! შენ სამსახურის შოვნა არ გდომიაო!! არ გკიდია რას იტყვი, მთავარია სამუშაო იშოვნოო!! აი მაგალითად ჩემმა ბიძაშვილმაო..... მეო, თავის დროზეო.....და ა.შ.
მე ძალიან კონკრეტული და მკაცრი დეფინიცია მაქვს აფერისტობის. არაპირდაპირი აფერისტობაც აფერისტობაა, კითხვებზე გვერდის შემოვლა და პასუხის უკუღმა დატრიალებაც აფერისტობაა, საკუთარი თავის და გამოცდილების ლამაზად შეფუთვაც აფერისტობაა, ზოგადად ზედმეტ ლაყბობას აფერისტობის და თავის მოქონვის მეტი არანაირი დანიშნულება არ გააჩნია. ასევე მკაცრი დამოკიდებულება მაქვს აფერისტობასთანაც. როდესაც დამქირავებელი ჩემგან აფირისტობას მოითხოვს, ბუნებრივი სურვილი მიჩნდება მისი შემოთავაზება, თავის ანაზღაურებიანად ერთ კარგ ადგილას გავუკეთო, შემდეგ მისი კაკლის უზარმაზარი საოფისე მაგიდა, თავის ტყავის სავარძლებიანად ჯერ თავზე გადავამტვრიო და შემდგომ ეს ნამსხვრევები ნაწილ-ნაწილ გადავაყლაპო და თან თავზე დავძახოდე "-აბა ფართოდ გააღე პირი, ეს დედიკოსთვის!! ეს მამიკოსთვის!! ეს მალხაზი ბიძიასთვის!!აბა ეხლა კარგად მოაპრიალე თორემ მახინჯი ცოლი გეყოლება!!"
მოკლედ ხვალ გასაუბრებაზე მივდივარ და იმედია რომ ყველაფერი წარმატებულად ჩაივლის :ნიჩურიტი, ნიჩურიტი:
No comments:
Post a Comment