Thursday, July 12, 2012

კერძო სკოლა "ლოგოსი"

ჩემს ბლოგზე საკმაოდ ხშირად ვწერდი ერთი კონკრეტული კერძო სკოლის და მისი შიდა სამზარეულოს შესახებ, თუმცა რადგან ამ სკოლის თანამშრომელი ვიყავი, ვერიდებოდი სკოლის დასახელებას მაგრამ რადგანაც დღეიდან ამ სკოლის თანამშრომელი აღარ ვარ, არანაირ მორალურ კანონს აღარ დავარღვევ (უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისთვის) თუკი ამ სკოლას ღიად დავასახელებ.

ძალიან გაბრაზებული ვწერ ამ პოსტს თუმცა  შევეცდები რომ მაქსიმალურად ობიექტური ვიყო და ჩემი ბოლო პოსტი სამსახურიდან განთავისუფლებული, გაბრაზებული ქალის ვირტუალურ ბოღმის ნთხევას არ დაემსგავსოს.

მოკლედ მოვყვები გუშინდელ და დღევანდელ ამბებს. მოკლედ, როგორ "პროგრესული სკოლის" იმიჯს შეეფერება, სკოლაში დაინერგა პრაქტიკა, რომლის დროსაც, წლის ბოლოს, დირექტორი ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებს თითოეულ მასწავლებელთან რომ შეაჯამონ გასული წელი.

წელს გადავწყვიტე ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი, გულახდილად გამეზიარებინა დირექტორისთვის და მოკლე შინაარსი გადამეცა იმ პოსტებისა, რომლებსაც, განაწყენებული, ამ ბლოგზე ვწერდი (მაპატიეთ ჩემი გულუბრყვილობა, თუკი მეგონა, რომ გულახდილობა, დღესდღეობით, სადმე კიდევ ფასდებოდა).  ჩემი  მოთხოვნა იყო დირექციის მეტი ჩართულობა სასწავლო პროცესში (რომელზეც, რა თქმა უნდა ხელები ისევ მე გადმომაწმინდეს, როგორც ეს საქართველოში მიღებულია) ,ასევე მომავალი მე-12 კლასებისთვის კიდევ 1 საათის დამატება, რადგან უზარმაზარი "მინიმალური კომპეტენციის"  მასალის ათვისება კვირაში 2 გაკვეთილის პირობებში რეალურად შეუძლებელია და ამ ორი წლის განმავლობაში იძულებული ვიყავი კვირაში საშუალოდ 3 არაანაზღაურებადი გაკვეთილი მაინც ჩამეტარებინა მოსწავლეებისთვის ამ მასალის გადასაცემად (თანაც ვფიქრობდი, რომ ამით დირექციას პატივს ვცემდი და ადრე თუ გვიან დამიფასდებოდა. კვლავ მომიტევეთ ჩემი გულუბრყვილობა).

დღეს ხელმეორედ დამიბარეს ოღონდ როგორ: დამირეკეს რომ სკოლაში 1 საათში გამოვცხადებულიყავი დირექტორთან შეხვედრაზე. ჩემი სახლიდან სკოლამდე საშუალოდ 45 წუთის გზაა. მეც ყველაფერი დავყარე, რასაც ვაკეთებდი და უკანმოუხედავად გავვარდი სამსახურისკენ, სადაც ჩემი დირექტორისგან ფრიად გენიალური პასუხი მივიღე "-შენს მოთხოვნაზე დავფიქრდით, სხვადასხვა პედაგოგებსა და პროფესორებსაც გავესაუბრეთ, რომლებმაც დაგვიდასტურეს რომ ამ მასალის ათვისება 1 წელიწადში, კვირაში 2 გაკვეთილის პირობებში აბსოლუტურად შესაძლებელია, ამიტომ სამწუხაროდ მომავალ წელს შენთან მუშაობას აღარ გავაგრძელებთ".

სამსახურის დაკარგვას არ ვნანობ. მე ახალგაზრდა, ენერგიული და რაც დღესდღეობით ყველაზე მთავარია - სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ და სხვა სკოლაში ჩემთვის სამუშაოს დაწყება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.გაბრაზებული ვარ საკუთარ რადგან ჩემს ინტუიციას არ ვენდე და სამი-ოთხი თვის წინ თავად არ დავწერე განცხადება წასვლაზე, რომ მივეცი საშუალება ვინმე კეთილ ადამიანს, აბუჩად ავეგდე და ასე დავემცირებინე. გაბრაზებული ვარ რადგან საბოლოოდ ასეთი გულუბრყვილო აღმოვჩნდი და ამდენი სისულელე ჩავიდინე (რაც ჩემს წინა პოსტებშია აღწერილი).

დარწმუნებული ვარ რომ სადღაც არის სამსახური, სპეციალურად ჩემთვის გამზადებული, სადაც პატიოსანი და წესიერი ადამიანები მუშაობენ, სადაც შრომას გიფასებენ, სადაც ხშირად გიღიმიან და სამსახურში მისვლა გსიამოვნებს.

სასიამოვნო სამუშაო გარემოს გისურვებთ ყველას!


No comments:

Post a Comment