1 კვირაში მოსწავლეთა საატესტატო გამოცდები იწყება. ეს ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია სკოლებისა და განსაკუთრებით კი კერძო სკოლებისათვის, რადგან სასწავლო პროცესის დაწყებისას ისინი საკმაოდ გულუხვად არიგებენ პირობებს რომ "მათი ყველა მოსწავლე ჩააბარებს, საუკეთესო ქულებს აიღებს და საუკეთესო უნივერსიტეტში მოხვდება" . სწორედ ეს გამოცდები განსაზღვრავს კერძო სკოლების რეიტინგს შემდგომ სასწავლო წელს, კარგი რეიტინგი კი ბარაქიანი შემოსავალის გარანტიაა.
ერთია დაპირებები დაარიგო, მეორე კი ეს დაპირებები შეასრულო. როგორც წესი, კერძო სკოლები უარს არც-ერთ გადახდისუნარიან მსურველს ეუბნებიან, რაც პრობლემების გამომწვევი ფაქტორი ხდება, რადგან ამ სკოლებში მოსახვედრად მოსწავლის ცოდნის დონეს შედარებით ნაკლები ყურადღება ენიჭება (მთავარი მაინც გადახდისუნარიანი მშობელია). აქ კიდევ სხვა პირობების დარიგება ხდება, "ჩვენი სუპერპედაგოგთა ჯგუფი უპრობლემოდ მოახერხებს 1 წელიწადში, მოსწავლეების თავში, მაქსიმალური ეფექტურობით გადააწყოს ის ცოდნა, რაც საჭიროა გამოცდების ჩასაბარებლად".
ამ პირობის აღსასრულებლად სკოლის დირექცია უკვე "სუპერპედაგოგთა" ჯგუფს ატარებს წნეხის ქვეშ. რადგან კერძო სკოლებში ხელფასები შედარებით დიდია, ვიდრე საჯარო სკოლებში, კერძო სკოლის დირექტორები თავს უფლებას აძლევენ თვითნებურად მოუმატონ სამუშაო დღეები და საათები პედაგოგებს (რათქმაუნდა ანაზღაურების გაზრდის გარეშე), დაავალდებულონ ისინი ჩაატარონ ინდივიდუალური გაკვეთილები და იმუშაონ ოფიციალური დასვენების დღეებშიც კი.
ძალიან დიდი შესავალი კი გამომივიდა, ამიტომ უბრალოდ დღევანდელ ისტორიას მოვყვები. მეც ასეთ, დიდ ამბიციების მქონე სკოლაში ვმუშაობ. გამოცდების მოახლოებასთან დაკავშირებით, დირექციამ გადაწყვიტა დღევანდელი დღეც (9 მაისი) სამუშაო დღე ყოფილიყო მეთორმეტე კლასელთათვის. დირექტორმა პედაგოგები 9 საათზე დაგვიბარა. რადგან მე ამ დღეს მეთორმეტესთან ოფიციალური გაკვეთილები არ მქონდა, დირექტორის თანაშემწეს ვთხოვე ამ დღის ცხრილი გადმოეგზავნა რომ მცოდნოდა, რომელ საათზე მეწყება გაკვეთილები და რამდენ გაკვეთილს ვატარებ. ცხრილი ჩემთვის არ გადმოუციათ, მაგრამ 11 საათზე დამიბარეს. მეც, საშუალო არითმეტიკულად, 10 საათზე გამოვცხადდი და ჰოი საოცრებავ! სკოლის კარი დაკეტილი დამხვდა, ხოლო სკოლის მიდამოებში 5 პედაგოგი და 15-ამდე მოსწავლე ზანტად ჩასჩერებოდნენ მიწას. აღმოჩნდა რომ ამ დიდად სადღესასწაულო დღეს, დირექციის წარმომადგენლები არ გამოცხადნენ სკოლაში და სულ დაავიწყდათ რომ ღამით სკოლის კარები იკეტება, ხოლო გასაღები პედაგოგებს არ გააჩნიათ. პედაგოგები ტელეფონებს ეცნენ ამბის გასარკევად, საბოლოოდ ერთ "ბუფეტშიცას" დაუკავშირდნენ, რომელიც დილაადრიანად ლოგინიდან წამოაგდეს და მუხიანიდან ქალაქიც ცენტრამდე გამოიყვანეს გასაღების მოსატანად.
გაკვეთილები საათნახევრის შემდგომ დაიწყო, უფრო სწორად, რაც შეიძლება დაარქვა პროცესს, როდესაც ორსაათიანი ლოდინით გადაღლილი მოსწავლეები, თვალდახელშუა, მერხებზე იძინებენ და საყვედურსაც ვერ ეუბები ამის გამო.
გაკვეთილებზე მოსწავლეთა მობილიზაციაც ფრიად ემპირიულად მოხდა. რადგან ამ დღეს მხოლოდ საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილები იყო დანიშნული, ხოლო წინასწარი ცხრილი შედგენილი არ იყო, პედაგოგები სულ დერეფნებიდან იტაცებდნენ და "აგროვებდნენ" რაც შეიძლება მეტ მოსწავლეებს რომ გაკვეთილები სწრაფად ჩაეტარებინათ და გასცლოდნენ ამ "ცოდვის ბუდეს".
No comments:
Post a Comment