"სწრაფვა წინსვლისკენ, სიახლის ძიება, ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და პაციენტის ბედნიერი თვალების ხილვა"-ასე იწყება ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას საიტზე კლინიკის მისიის და თვალთახედვის გაცნობა მომხმარებელთათვის.
საიტმა და რეკლამამ ფრიად მომხიბლა და გადავწყვიტე ამ კლინიკის გინეკოლოგთან მივსულიყავი.
სიტუაცია ფრიად სასიამოვნოა, ექიმი ყურადღებიანი, კლინიკა სუფთა, ფასები ნორმალური, ანუ პირველმა შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. კლინიკით აღფრთოვანებული დავბრუნდი სახლში. პრობლემები იქ დაიწყო, როდესაც უკვე ექიმმა სამკურნალო პრეპარატები გამომიწერა.
ალბათ პრობლემები არც იქნებოდა მაგრამ ეგეთი სულელური თვისება მაქვს, წამლის მიღების წინ ყოველთვის ვკითხულობ წამლის ინსტრუქციებს: ჩვენებას, დოზირებას და ა.შ. ხოდა ერთ-ერთი წამლის ინსტრუქციაში ამოვიკითხე რომ იმ ჩვენებაზე, რაც მე მქონდა, რეკომენდირებულია კაფსულის ერჯერადი მიღება. მანდამაინც წამლის რეკომენდაციებს არ დავუჯერე, ჩავთვალე რომ ამ არაჩვეულებრივი კლინიკის ექიმი ზედმეტს არაფერს გამომიწერდა. ერთ შეფუთვაში 2 კაფსულა იდო. როდესაც კაფსულები ამოვიღე ზედ დიდი წითელი ასოებით ამოვიკითხე რომ მეორე კაფსულის მიღება ზუსტად 1 კვირაში შეიძლება და არა ადრე. კვლავ ჩავხედე ექიმის გამოწერილ რეცეპტს და ვნახე რომ კვირაში სამი კაფსულა მაქვს გამოწერილი.
მეორე პრობლემას კი ის წარმოადგენდა რომ აფთიაქში ერთ-ერთი წამალი, რომლის 5 ერთეული მქონდა დანიშნული, არ მომყიდეს. აფთიაქარებმა ეჭვის თვალით შემათვალიერეს ჯერ მე, შემდგომ ჩემი რეცეპტი და ზრდილობიანად მთხოვეს რომ ჩემს ექიმთან გადამემოწმებინა ამ წამლის რაოდენობა, რადგან ესეც ერთჯერადი მოხმარების იყო და საკმაოდ ძლიერი ფორმულა ჰქონდა.
მოკლედ ვურეკავ ჩემს გინეკოლოგს და ვეკითხები როგორ მოვიქცე. როდესაც პირველ წამალზე ვუთხარი, აშკარად ნერვოზულ ქალბატონად ჩამთვალა და აგდებულად მიპასუხა რომ წამალი ზუსტად სქემის მიხედვით არის გამოწერილი:
- მაგ წამალს სქემა არ მოყოლია თუ ვერ იპოვნეთ? მე ზუსტად გინეკოლოგიური მიზნებისთვის განკუთვნილი სქემის მიხედვით გამოგიწერეთ!-იმდენად თავდაჯერებული ადამიანის ტონით მითხრა, უეცრად შევცბი და შემრცხვა რომ სქემა ვერ ვიპოვე და თემა მაშინვე მეორე წამალზე გადავიტანე, რომელიც უბრალოდ აფთიაქში არ მომცეს.
-ვახ, ეს როდის მერე დაიწყეს აფთიაქებში რომ წამალს არ ყიდიან?თუ ასეთი კომპეტენტური ხალხი უზით მაშინ მათ კითხეთ და ნებისმიერი სხვა წამალი მოგცენ, მე უბრალოდ ეს დაგინიშნეთ და ასე ჩავთვალე მიზანშეწონილად, რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრია, შეგიძლიათ სხვა მიიღოთ, რისი შიშიც არ გექნებათ!-ცინიკურად მიპასუხა ქალბატონმა. აღარ ვიცოდი რა მეპასუხა და სასწრაფოდ დავკიდე ყურმილი.
ხოდა ახლა, წამლის ყუთიც გადავქექე, დავგუგლე კიდევაც და ვერანაირი სქემაც ვერ ვიპოვე ამ წამლის გინეკოლოგიური გამოყენების შესახებ, საერთოდაც, წამალი მხოლოდ გინეკოლოგიური გამოყენებისაა და ზედ მითითებული ყველა ჩვენება გინეკოლოგიურ ჩვენებებს ეხება.
წინა პოსტშიც დავწერე, რა თანხა გადავიხადე ამ წამლებში, რომლიც ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სულაც არ მჭირდება. ახლა თავიდან უნდა გადავეშვა ნორმალური ექიმის ძიების ბადეში და გამოვკითხო ყველა დეიდაშვილის ცოლის გარე ბიძაშვილი, შემთხვევით ხომ არ ყავთ ვინმე მამიდაშვილის მაზლის და, რომელიც კმაყოფილია თავისი გინეკოლოგით და შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს ჩემთან, ანუ ექიმის ძებნის old school მაგრამ გამოცდილი, საბჭოთა ქალების მიერ აპრობირებული და დამოწმებული ხერხებით უნდა წავიდე.
ისე გამიგია ჟორდანიაში კარგი, ძველი სკოლა იყოო გინეკოლოგებისო.
ხვალ ალბათ მივაკითხავ ოქსფორდ მედიქალს და მთავარ ექიმთან აუდიენციას მოვითხოვ. beware!!
No comments:
Post a Comment