გუშინ კიდევ ერთხელ წავაწყდი იმ კედელს, რომელიც პროსტიტუციასა და სექს სამუშაოში ჩაბმას ადამიანის პირად არჩევანს უკავშირებს. ამის არგუმენტია რომ ქალებს, რომლებმაც სექს სამუშაოში ჩაბმა აირჩიეს, თავისუფლად შეეძლოთ აერჩიათ მომსახურების სხვა სფეროთი დაკავება (დამლაგებლობა და ა.შ.) , შესაბამისად სოციუმი არ არის პასუხისმგებელი ადამიანი პირად არჩევანზე, პირადი არჩევანი, პირადი თავისუფლება, თავისუფალი ბაზარი, მოთხოვნა და მიწოდება და მოკლედ გაუმარჯოს დემოკრატიას თუ როგორცაა.
მოკლედ რომ გავცდეთ ზედაპირულად ჩამოყალიბებულ არგუმენტებს თუ რატომ არის ან არ არის პროსტიტუცია პირადი არჩევანი, გადავიდეთ საქართველოში ჩატარებულ კვლევებზე, განვიხილოთ კვლევების შედეგები და მერე შევეცადოთ დასკვნების გამოტანა და პრობლემის სრული გაანალიზება.
პირველი კვლევა რაც ვიპოვე 2012-შია ჩატარებული 160 რესპოდენტით. მოდით ამოვიღოთ საინტერესო მონაცემები, რაც ნაწილობრივ მაინც გაგვცემს პასუხს ვინ არიან სექს მუშაკები და რატომ "აირჩიეს" სექს სამუშაოში ჩაბმა:
პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების 80% მოდის 31-დან 40 წელს გადაცილებულ პირებზე. აქედან 78,8%- მიღებული აქვს მხოლოდ საშუალო განათლება, რაც საკმაოდ კარგ კორელაციაში არის იმ ფაქტებთან, რომ კვლევის მონაწილე პირების 73% განქორწინებული/განცალკევებით მცხოვრები პირია და პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 17,6 წელია. თბილისში პროსტიტუციაში ჩაბმული პირების 68%, ხოლო ბათუმში 82% ამ ქალაქებში სხვა ადგილებიდან არიან ჩამოსულები. თბილისში 85.6%-ს, ხოლო ბათუმში 90.8%-ს ჰყავს მათზე ფინანსურად დამოკიდებული პირები და 11.9% -ს პროსტიტუციის გარდა აქვს დამატებითი შემოსავლის წყარო (31.6% შემთხვევაში ეს დამატებითი შემოსავლის წყარო წარმოადგენს გამყიდველად მუშაობას).
სამწუხაროდ კვლევაში მეტი ინფორმაცია ვერ მოვიძიე რესპოდენტების ფინანსური და ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.ვერ მოვიძე ინფორმაცია რესპოდენტების რამდენი პროცენტია უსახლკარო, რამდენი პროცენტი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. რესპოდენტების რამდენი პროცენტი არჩენს მეუღლეს და არის ერთდერთი შემომტანი ოჯახში,ან რამდენი პროცენტია პროსტიტუციაში ფიზიკური ძალადობის, მუქარის ან სხვა იძულების მეთოდით ჩართული (თუმცა ამ ინფორმაციის გაგება ალბათ უფრო ფანტასტიკის სფეროდანაა). 2014 წლის კვლევის მონაცემებით რესპოდენტების 41.9% ამჟამადაც ცხოვრობს მეუღლესთან ან პარტნიორთან. ასევე ვერ მოვიძიე ინფორმაცია რესპოდენტების რამდენი პროცენტი იყო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა სხვა კვლევის თანახმად "რეგიონში გამოკითხული
ადამიანების 92% ოჯახში ძალადობას, 86% კი ფიზიკურ ძალადობას განიცდის; 67%
ოჯახის წევრისგან მუდმივად ელის თავდასხმას, მათი 63% ქმარმა გააუპატიურა;
29% კი ფეხმძიმობის პერიოდში ქმრის მხრიდან ფიზიკურ და სექსუალურ
ძალადობას განიცდიდა. გამოკითხულ ქალებზე ქმრების 53% ძალადობს. არის მამის, ყოფილი ქმრისა და პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევებიც. ქალთა მიმართ ძალადობის უმრავლესი
შემთხვევები, როგორც აღმოჩნდა, მათსავე სახლებში ხდება. ამიტომ,
გამოკითხულთა 48% სახლში დარჩენისას თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ქალების
მიმართ ძალადობის შემთხვევების ძირითადი ნაწილი ფიზიკური ძალადობით
დამთავრდა, მათგან 40% მძიმე ფორმით.
კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ
გამოკითხული ქალების მიმართ ძალადობას, ძირითადად, ახორციელებენ: ქმარი -
53%, მამა - 17%, პარტნიორი - 6%, ყოფილი ქმარი - 8%, ძმა - 6%; გარდა
ამისა, 3 - % შვილი მამაკაცები, ბიძები, პაპები და სხვა."
ვერ მოვიძიე ინფორმაცია, რესპოდენტების რამდენი პროცენტი იყო დაკავებული ამ ყბადაღებული "მომსახურების სხვა, უფრო მორალური სფეროთი", მაგრამ ის რომ 11,9% დღემდე ორივე ("მორალურ და ამორალურ") სფეროში მუშაობს ჩემთვის კარგი ნიშანია იმისა, რომ ეს "არჩევანის თავისუფლება" არც ისე კარგად მუშაობს სოციალურად დაუცველი ფენისათვის.
გარდა ამისა ვნახე მეორე, გაცილებით მცირე მასშტაბების კვლევა, უფო საკურსო ნაშრომი, სადაც მკვლევარი მხოლოდ 5 რესპოდენტთან ახდენს გასაუბრებას და აღოჩნდება რომ 5 რესპოდენტიდან 4 მათგანი ჩაბმული იყო წვრილ ვაჭრობაში (ჯიხურებში ვაჭრობა, ბაზარში ვაჭრობა და ა.შ.). რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ რომ პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უმრავლესობას რეალურად არ ჰქონია თავისუფალი არჩევანი.მათი მცდელობა "მორალური" და ლეგალური საშუალებით ერჩინათ თავი და ოჯახი, წარუმატებლად დასრულდა და პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უდიდეს უმრავლესობას, მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო დიდი ხნის წინ ჩამოერთვათ თავისუფალი არჩევანის პრივილეგია.
მოდით ახლა ორიოდ სიტყვით თავისუფალ არჩევანზე ვიტყვი. თავისუფალი ნება და თავისუფალი არჩევანი ნიშნავს გქონდეს ხელმისაწვდომი არჩევანი ორ (ან მეტ) ოპციას შორის, რომელიც განპირობებული არ იქნება ფიზიკური აუცილებლობით და როდესაც გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება არ იქნება შეზღუდული გარეშე პირის მიერ. შესაბამისად პროსტიტუციის თავისუფალ არჩევანთან გაიგივებით ვამბობთ, რომ პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს, მიუხედავად ეკონომიური ფონისა, მიუხედავად აღზრდის წესისა, მიუხედავად სოციალური ზეწოლისა და მოთხოვნებისა, ჰქონდათ თავისუფალი არჩევანი თუნდაც რაიმე ასპექტში მათი ცხოვრებისა. ჰქონდათ არჩევანი ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღებისა, ჰქონდათ არჩევანი ოჯახის შექმნის საკითხებში, ჰქონდათ არჩევანი ოჯახის დაგეგმვისა და ბავშვების გაჩენის საკითხებში, ჰქონდათ კარიერისა თუ სამუშაო სფეროს არჩევანის შესაძლებლობა და ის, რომ პროსტიტუციის სფეროში მოხვდნენ, მათი თავისუფალი და შეზღუდავი არჩევანის შედეგი იყო. ან ვამბობთ რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალებს მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში არ ჰქონდათ არჩევანი, მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერი სხვა სახის მომსახურების სფეროში ჩაბმის შემთხვევაში იქნებოდნენ არანაკლებად ექსპლოატირებულები, უნდა მოეხერხებინათ და ფიზიკური იძულების და გარდაუვალობის მომენტში გამოეყენებინათ ის თავისუფლება და ნებელობა, რომელიც მანამდე არასოდეს გააჩნდათ და აერჩიათ ექსპლოატაციის ჩვენთვის უფრო მისაღები და "მორალური" მოდელი.
ეჭვი მაქვს ადვილია ასე ფიქრი. ჩვენ, პრივილეგირებულ ადმიანებს ყველაზე მეტად გვიჭირს ჩვენი პრივილეგიების აღიარება (და კი, ჩემს თავსაც ვთვლი პრივილეგირებულად. იმ შემთხვევითმა გარემოებამ, თუ სად და რა პირობებში გავჩნდი აბსოლუტურად განაპირობა ის ფაქტი, რომ დღეს მე მაქვს თავისუფალი არჩევანის მიღების პრივილეგია). უფრო მარტივია იფიქრო რომ შენი "წარმატება" (სულ ერთია ვინ რას თვლის წარმატებად) მხოლოდ და მხოლოდ შენი დამსახურებაა და აბსოლუტურად ლოგიკური მიზეზები არსებობს იმისა, თუ რატომ მოხვდა ვიღაც კვებითი ჯაჭვის მაღალ და ვიღაც კვებითი ჯაჭვის დაბალ საფეხურზე. მაგრამ ერთი კითხვა რომ დავსვათ: თუ პრივილეგიები არ არსებობს, თუ ყველა იმას იმკის, რასაც თესავს, თუ ყველას თანაბარი არჩევანი საშუალება აქვს, თუ ყველას შეუძლია პატიოსანი ოფლით ნაშოვნი პურის ჭამა, რომელი თქვენგანის თავისუფალი არჩევანი იქნებოდა აჭარის მაღალმთიან რეგიონში, მწყემსის ქალიშვილად დაბადება?
ჩვენი საზოგადოება ადამიანებს ებრძვის და არა თითონ ამ იდეას (პროსტიტუციას) სამწუხაროდ :(
ReplyDelete