პატარა შესავალივით მინდა გავაკეთო: არასოდეს ასეთი მარტივი არ ყოფილა "ჰეიტერი" ყოფილიყავი როგორც ეხლა. ზოგი ჩემი არალიბერალი მეგობარი ამბობს (თქვენ წარმოიდგინეთ და ეგეთი მეგობრებიც მყავს რადგან მეგობრობისთვის აუცილებელ პირობად არ ვთვლი საჭიროებას რომ ჩვენი აზრები აბსოლუტურად იდენტური იყოს) რომ ლიბერალები ყველაზე მეტად განსხვავებულ აზრს ვერ ეგუებიანო და ვთვლი რომ მართლებიც არიან რადგან ლიბერალები (ჩემი დაკვირვებით) არა მარტო არალიბერალურ აზრებს, არამედ იმ ლიბერალ პიროვნებებსაც მოიაზრებენ "მტრად", რომელთა ლიბერალური იდეები 1%-ით განსხვავდება მათი საკუთარი ლიბერალური იდეებისგან და მათ მომენტალურად "ჰეიტერის" ტერმინით ამკობენ და ასევე საინტერესოა რომ ამ ტერმინი "ჰეიტერის" შემოტანისასვე მომენტალურად ყველანაირი დისკუსია წყდება და არანაირი ლოგიკური ჯაჭვი აღარ დაგაბრუნებს უკან "არაჰეიტერობისკენ". გადავალ ჩემს დღევანდელ თემაზე და მცირე დოზებით "ჰეიტერობასაც" ჩავაქსოვ ჩემს ბლოგში.
"მოვითხოვთ დაისაჯონ!"
ხშრად მხვდება ბოლო ხანებია სოც. ქსელებში სოც. აქტივობით დაკავებული ადამიანებისგან მსგავსი მოთხოვნები.ყველა მოითხოვს ვიღაცის დასჯას რადგანაც მათი საქციელი ლიბერალური სამყაროსთვის შეუფერებელია. მოვითხოვთ დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც მანქანიდან ყრიან ნაგავს, მოვითხოვთ დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც არასწორად აპარკირებენ მანქანას, მოვითხოვთ მკაცრად დაისაჯონ ადამიანები რომლებიც მუსლიმანური მშენებლობის ადგილას ღორის თავებს ჰკიდებენ და ა.შ. მოვითხოვთ დაისაჯონ თითქოს დასჯა პანაცეა იყოს, თითქოს სასჯელი ერთადერთი გამოსავალი იყოს შემწყნარებელი და ლიბერალური სოციუმის მშენებლობის გზაზე.
ამის პარალელურად რა ხდება განათლების სისტემაში? საკუთარ განავალში ცურავს. მასწავლებლების 60-დან 90%-მდე (საგნების მიხედვით) საკუთარ საგნობრივ გამოცდაში ჩაიჭრნენ, თუმცა აგრძელებენ სკოლაში მოღვაწეობას. კერძო სკოლების უმეტესობა ხატებით, ჯვრებით და მღვდლებითაა გამოტენილი, საგანმანათებლო ლიტერატურის ხარისხი საეჭვოა. სკოლის პერიოდის ზემოთ, უნივერსიტეტებში სწავლებისას საგანმანათლებლო ლიტერატურა ქართულ ენაზე პრაქტიკურად არ არსებობს, კვლევების მიხედვით პედაგოგთა 70% თვლის რომ მართლმადიდებლები პრივილეგირებულები უნდა იყვნენ საქართველოში ხოლო 83,8% ფიქრობს რომ არატრადიციული რელიგიები (სექტები) საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას.
ამ ყველაფრის შემდგომ ერთ-ერთი ამ 80% მოსახლეობის წარმომადგენელი "გოჭი ისე ჭყაოდა " ვიდეოს მოქმედი ქალბატონი პრაქტიკულად ხდება განტევების ვაცი, მთელი ლიბერალური სამყარო მას უკუღმა სვამს ვირზე და ტალახს ესვრის. ის 15-20 ადამიანი, რომლებმაც ზემოთხსენებული გოჭი დაკლეს, ხდება უშუალო სახე ამ 80%-ისა და ხალხიც მოითხოვს მათ დასჯას. შემდგომი ნაბიჯები რა იქნება? საქართველოს მოსახლეობის 80% გამოვამწყვდიოთ ციხეებში, დავუწესოთ უზარმაზარი ჯარიმები მსგავს გამოხტომებზე რომ შევინარჩნოთ ლიბერალური სამყაროს ფასადი? ვინ გააკონტროლებს ფასადს მიღმა არ დარჩეს რეაგირების გარეშე მსგავსი ტიპის სიძულვილი? ვინ გააკონტროლებს რომ პოლიციური ჩარევა კიდევ უფრო არ გაამწვავებს რელიგიურ თუ სხვა ტიპის შუღლს? იმიტომ რომ, შეგიძლიათ დაინტერესდეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებით და მოიძიოთ კვლევები რომ სამართლებრივი დევნა არასოდეს არ იწვევს პოტენციურ დამნაშავეზე პრევენციულ ზემოქმედებას, პირიქით.
ერთადერთი საშუალება რომ ნებისმიერი ტიპის შუღლი და სიძულვილი აღმოიფხვრას არის განათლება და განათლების სისტემის გაძლიერება მაგრამ ამისთვის არ გვცალია სამწუხაროდ. ფეისბუკზე ცივი წყლის გადასხმით და 10 ლარი ტრანზაქციის დოკუმენტების დაშეარებით და 10 საუკეთესო წიგნის ჩამოთვლით ვართ დაკავებულები და პარალელურად ზღვიდან სელფებს ვაინსტაგრამებთ (ხაშტაგ #ენტეროვირუსიიი!) და ამ ყველაფრის პარალელურად ერთ რიგიან კაფელშიკს ვერ იშოვი ქვეყნის მასშტაბით (არაფერს ვამბობ მენეჯერებზე და კვებითი ჯაჭვის ცოტათი უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ სპეციალისტებზე).
სისტემა მოშლილია, ქუჩებზე გამყოფ ზოლებს ზრდილობისთვის ხატავენ და ისიც პიკის საათებში, მერიას აღარ ეხება შენობების პადვლების და სახურავების შეწამვლა მოსახლეობის მღრღნელებისა და ინფექციის გადამტანი მწერებისგან დაცვითვის, ლიბერალური სოციუმის ნაწილის მიერ დიდის რუდუნებით ნაგვის ყუთებში ჩაყრილი პლასტმასი ქალაქის გარეუბნებში იწვება ატმოსფეროში დიდი რაოდენობით კანცეროგენების გამოყოფით (კანცეროგენები არ ჩანს და ქალაქის ფასადიც ლამაზად დასუფთავებულია). მართალია ქალაქის ატმოსფეროს დაბინძურება 5-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმებს მაგრამ მერია გვაუწყებს რომ შიშის საფუძველი არ არსებობს, კრიმინალი შესაშურ მდგომარეობაშია, პენსია მომვალი წლისთვის 200 ლარს მიაღწევს, პოლიცია ბოლომდე ვერ გარკვეულა რა უნდა მოიმოქმედოს ოჯახური ძალადობის დროს გამოძახებაზე,მოვითხოვთ პანდუსებს და ადაპტირებულ ავტობუსებს ქვეყანაში სადაც არსებობს ხრუშოვკები (5 სართულიანი კორპუსები ლიფტების გარეშე) და სადაც არსებობს 8 სართულიანი ბინები, სადაც ლიფტი ფიზკურად არ მუშაობს და 16 სართულიანები, სადაც ლიფტები რეგულარულად ფუჭდება, და კორპუსები, სადაც ახალდამონტაჟებული ლიფტები 1 თვეში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბერლინს ჰგავს, ჯანდაცვის სისტემა შოკშია, სადაზღვევო კომპანიები მეშოკებით ხვეტავენ ფულს, წამლების რეცეპტებით გაცემის სისტემის დანერგვის შედეგად გაზაფხულზე მოგვიწევს ასაკოვანი მოსახლეობის წიწილებივით გადათვლა, უმუშევრობის დონეზე საერთოდ არაფერს ვიტყვი და ფიზიკურად არ არსებობს ძალა, ვისაც ამ ყველაფრის გამოსწორებისთვის საჭირო უნარჩვევები გააჩნია (ისევ გამომდინარე ჩვენი განათლების სისტემიდან).
ვატყობ ეს ბლოგპოსტიც ისეთივე ქაოსური გამოდის, როგორ ქაოსშიც ყოველდღიურად ვცხოვრობთ. მეტნაკლებად ლიბერალები ამ ქაოსს ზემოდან ვადევნებთ თვალყურს. ხანდახან ამ ქაოსში პატარა განავალი ამოტივტივდება ხოლმე პირდაპირ, ხელის გაწვდენის მანძილზე და ჩვენც წავეპოტინებით ხოლმე და სპირტიან ბანკაში მოვათავსებთ, თვალსაჩინო ადგილზე გამოვფენთ და პატარა თვითკმაყოფილ მონოლოგებსაც მივამატებთ. შემდგომ ამ პატარა განავალს ისევ უკან ქაოსში ვაბრუნებთ და ახალ განავალს ვეძებთ სპირტიანი ბანკისთვის, თვალსაჩინოებად. ვეძებთ და ვპოულობთ კიდეც მაგრამ ზოგად ქაოსს რა მოვუხერხოთ არავინ ვიცით. არც მე ვიცი, არც თქვენ იცით, არც არავის არანაირი წარმოდგენა არა აქვს რა გაკეთდეს, რას ვეტაკოთ, რა გამოვასწოროთ, როგორ, რა ბერკეტები გვაქვს, რა საშუალებები, როგორ დავგეგმოთ, რა ნაბიჯები გადავდგათ, ასე რომ, მე მაპატიეთ თუ ცინიკურად ვუყურებ თქვენს ყველა ახალ გამოხტომას, მე მაპატიეთ რომ ჰეიტერი ვარ.
No comments:
Post a Comment