Thursday, June 27, 2013

"ვაგინა მონოლოგები" ქართულად.

ერთ "წარმატებულ" ივენთზე უნდა დავწერო, რაც თბილისში ამ დღეებში მოხდა და მთელი ფეისბუკი (ნუ, ყოველშემთხვევაში ჩემი) აიკლო იმ გამარჯვების შეძახილებმა რასაც "ალელუია, პირველად საქართველოში სცენაზე "ვაგინა მონოლოგები" დაიდგა,... პატრიარქატის მიერ რეპრესირებული ქართველი ქალის სექსუალობა,...ქალთა ხმა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ" და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვა ყელში ამომივიდა უკვე ეს "რაღაცა ხომ კეთდება" მიზნით გაკეთებული ივენთების ყურება. ჩემი ღრმა რწმენით (და მიმითითეთ თუ ვცდები), როდესაც ე.წ. "რაღაცა" კეთდება, სულ ერთია ეს რა ტიპის ივენთი იქნება, უნდა ჰქონდეს მიზანი და დაახლოებით ხდებოდეს შედეგის წინასწარი განსაზღვრა, რას გამოიწვევს, ვისკენ არის მიმართული, რის წინააღმდეგ ილაშქრებს,როგორ მივაწოდოთ ესა თუ ის აზრი და როგორ იქნება აღქმული ეს იმ ადამიანებისთვის, ვისი აზრიც ჩვენგან განსხვავებულია და საბოლოოდ რა პოზიტიურ შედეგს მოიტანს.

მე მაპატიეთ მაგრამ მე პირადად, სულ არ მჭირდება "ვაგინა   მონოლოგების" დადგმის ყურება, რომ მივხვდე საქართველოში არსებული სექსიზმის პრობლემებს. არ მაშინებს, არ ვწითლდები და არ ვბრაზდები სცენიდან წარმოთქმული სიტყვა "მუტელის" გაგონებაზე, არ ვთვლი რომ ქალის სექსუალობის რეპრესირება განვითარებული საზოგადოების მახასიათებელია, ზოგადად არ ვთვლი რომ მსგავსი რეპრესირება სწორია და ყოველმხრივ ვემხრობის ქალების სრული ემანსიპაციის მოთხოვნებს, შესაბამისად მოცემული ივენთისთვის სამიზნე ჯგუფს არ განვეკუთვნები. აქედან გამომდინარე მოცემული დადგმის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება ადამიანები, რომლებსაც რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ქალის და მამაკაცის ურთიერთობებზე. ხოდა როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი ადამიანების რეაქცია სცენიდან სიტყვა "მუტელის" გაგონებაზე? როგორ გგონიათ ეს ადამიანები სპექტაკლის ყურების შემდეგ უცებ ჩაფიქრდებიან და იტყვიან:
"ჰმმმ, ჩვენ ვცდებოდით, ქალებსაც აქვთ უფლება ჰქონდეთ თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, მე ხომ წამიყვანა მამამ/ბიძამ ბოზებში 14 წლის რომ ვიყავი. მე თუ ვაჟიშვილი არ ვიყავი როდესაც ცოლი მოვიყვანე და ათას ბოზთან ვიყავი ნათრევი, ჩემი ცოლი რატომღა უნდა იყოს ქალიშვილი" ? ანდა უცებ მიხვდებიან რომ ცოლის გაუპატიურებაც გაუპატიურებაა? დავიჯერო ასეთი რეაქციის იმედი გაქვთ? სერიოზულად?

რამოდენიმე ხიხო წამომხტარა კიდევაც ყვირილით შუა სპექტაკლის დროს "მუტელის" გაგონებისთანავე. თუ სპექტაკლის მიზანი იყო რომ კიდევ ერთი ვიშვიში გამოეწვია "ვაი ეს რა შავბნელი საზოგადოებაა, ქალის სხეულის ნაწილების სახელები აშინებთ, ეს სად ვცხოვრობთ, ეს სად ვკვდებით" მაშინ ბრავო!! შედეგი მიღწეულია!! მაგრამ მე მაპატიეთ და არ ვთვლი რომ დღესდღეობით გვაქვს მსგავსი რეაქციების გამოწვევის უფლება და ფუფუნება.

2 წელიწადი ვიმუშავე სკოლაში, სადაც მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც თავადაც ქალი იყო, გოგოებს პირდაპირ ეუბნებოდა "არაუშავს, შენ გოგო ხარ და გაგიჭირდებოდა ამოცანის ამოხსნა, მათემატიკა კაცური ტვინისთვის არის შექმნილიო" . ეს ქალბატონი დღემდე ამ სკოლაში მუშაობს, დღემდე ასე ურეცხავს ტვინს ბავშვებს, დღემდე ეუბნება მშობლებს: "არაუშავს, გოგოს კვალობაზე კარგად სწავლობს მათემატიკასო".

კვლავაც არა აქვთ ქალებს თანაბარი განათლების მიღების საშუალება, თანაბარი უფლებებით დასაქმების საშუალება, თანაბარი კარიერული წინსვლის შესაძლებლობა და თუკი ჩვენი დღევანდელი მიღწევა მხოლოდ იმას წარმოადგენს რომ სცენიდან თამამად მუტლის ძახილი მოვახერხეთ, მიმიფურთხებია ასეთი აქტივობისთვის!!

ყველას, ვისაც მოუნდება რომ მითხრას "კრიტიკა ადვილია და კეთება ძნელი", "ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და თუ უკეთესად კეთება შეგიძლია, მიდი და გააკეთე, ხომ არ გიშლით ხელს" მინდა ვუთხრა:

ძვირფასებო, ლამაზებო, კეთილებო, მეც თქვენთან ვარ, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია მსგავსი საკითხები. მოხდეს პრიორიტეტების გადანაწილება, სამიზნე ჯგუფების არჩევა და ამ სამიზნე ჯგუფებზე ორიენტირებული, სწორად შემუშავებული, მარტივად აღსაქმელი, დადებით შედეგებზე ორიენტირებული ივენთების დაგეგმვა. მეც ჩავერთვები, დაგეხმარებით, პირველი მოხალისე ვიქნები. მანამდე კი არ დავდგები სცენაზე და არ დავიწყებ რეპროდუქტიული ორგანოების სახელების ძახილს იმ ილუზიით რომ რაიმე სასიკეთოს ვაკეთებ ქალებისთვის, რომლებსაც სცემენ, აუპატიურებენ,  ჩაგრავენ, დევნიან და ამცირებენ ქვეყნის და მსოფლიოს მასშტაბით.


No comments:

Post a Comment