Monday, August 20, 2012

ალდაგი ბისიაი ანუ ძარცვა ყველა კანონის დაცვით.

ვიცი რომ ჩემი ბლოგი მკითხველების დიდი რაოდენობით არ გამოირჩევა (ძირითადად იმიტომ, რომ არაფერს ვაკეთებ ამისთვის. არ ვარ გაწევრიანებული ე.წ. "ბლოგერებთა კლუბებში", არ ვაშეარებ ფორუმებზე, არ ვაქტიურობ სხვა ბლოგერების გვერდებზე და ა.შ რადგან ვთვლი რომ ეს სისულელეა, თუმცა ამაზე მერე.) ძირითადად 5 ჰა ჰა 10 მკითხველი თუ შემოიხედავს ხოლმე. დავიჯერო ამ მკითხველებიდან არავინ არ არის დაზღვეული ალდაგი ბისიაიში? და თუ კი მაშინ მეორე შეკითხვაც მიჩნდება: სადამდე შეიძლება მათი ბებიების მოსაქმებულით ვიკვებოთ? რადგან ვთვლი რომ ეს ერთერთი (და არა ერთადერთი) ფირმაა, რომელის ექსტრა დიდი პორციებით გვთავაზობს მათი პატივცემული ბებიების მოსაქმებულს და ჩვენც მორჩილად ვუღებთ პირს ყოველი შემდგომი კოვზის შემოწოდებისას.

მოკლედ დავწერ რაშია პრობლემა. დაზღვეული ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კორპორატიული დაზღვევით. ყოველ დარიცხულ ხელფასზე გადასახადი მომენტალურად იჭრება, თუმცა სადაზღვევო სიტუაციის დადგომისას მაქსიმალურად ცდილობენ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ. ამისთვის ყავთ ოჯახის ექიმები,რომელებთანაც ჩაწერა 1 კვირით ადრე ხდება და რომელთა მოვალეობაა საჭირო გამოკვლევების რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანონ, მაქსიმალურად შეგზღუდონ პროვაიდერ კლინიკებში ვიზიტისგან და ნებისმიერი საშუალებით თავიდან აირიდონ მათი არაპროვაიდერებში გაგზავნა (ამაზე ადრეც ვწერდი http://hiimfine.blogspot.com/2012/04/how-things-are-done-in-georgia_15.html )

რა ხდება გადაუდებელი დახმარების საჭუროების შემთხვევაში? როდესაც დრო არ გაქვს ოჯახის ექიმთან ვიზიტს 1 კვირა ელოდო და შემდგომ გადამისამართებაზე ეხვეწო? ამაზე პასუხად ალდაგს თავის საიტზე უწერია, რომ :
სასწრაფო სამედიცინო დახმარება
მომსახურება ითვალისწინებს ნებისმიერი ლიცენზირებული კერძო (ფასიანი) სასწრაფო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას, რაც მოიცავს ბინაზე ყველანაირი გადაუდებელი დახმარების გაწევის და შესაბამისი პროფილის კლინიკაში ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას, მათ შორის რეგიონებიდან ტრანსპორტირებას.
ჩვენი სამედიცინო პროვაიდერის გამოძახების შემთხვევაში თქვენ არ გადაიხდით თანხას, საკმარისი იქნება მხოლოდ სადაზღვევო პოლისის წარდგენა. თუ თქვენ მიმართავთ სხვა სასწრაფო დახმარების სამსახურს, გადაიხდით  მომსახურების მთლიან საფასურს და სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად მოგვმართავთ ჩვენ.
  ამის წაკითხვის შემდგომ, გადაუდებელი პრობლემის დადგომისას, მივაკითხე ერთ-ერთ არაპროვაიდერ კლინიკას, სადაც ჩავიტარე გამოკვლევები, ყველა საბუთი გავაფორმე და ალდაგს მივადექი ანაზღაურების მიზნით.

თურმე ნუ იტყვით და ეს კორპორატიულ კლიენტებს არ ეხებათ (ამის დაწერა რატომღაც "დაავიწყდათ" საიტზე), შესაბამისად პრეტენზიების განყოფილებაში, ვინმე ხეპრე ქალბატონმა თვითკმაყოფილი სახით მითხრა რომ "რადგანაც პროცედურა დარღვეულია და არაპროვაიდერ კლინიკაში ოჯახის ექიმის მიმართვის გარეშე მიბრძანდით, ალდაგი არ არის ვალდებული გამოკვლევების ხარჯები აგინაზღაუროთ"

თურმე ეს პუნქტი ჩემს ხელშეკრულებაშიც იდო. ჩემს კითხვაზე - რატომ არ მანახეს ეს ხელშეკრულება დაზღვევის აღებისას, ალდაგმა ხელები სასწრაფოდ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფკავშირებს გადააწმინდა. 

-კი მაგრამ მე ხომ თქვენი კლიენტი ვარ, ჩემს მიერ გადახდილი ფული ხომ თქვენთან მოდის და არა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფკავშირებში? აბა თქვენ ვალდებული არ ხართ ეს ინფორმაცია ან პირადად მომაწოდოთ, ან საიტზე მაინც დადოთ კოპრორატიული კლიენტების განყოფილებაში? თქვენი კლიენტების ჯანმრთელობაზე და ინფორმატიულობაზე ზრუნვა ხომ თქვენი საქმეა?

აი აქ წავაწყდი აბსოლუტურ კედელს, აბსოლუტურად არაადამიან, ცივსისხლიან პიროვნებას, რომელიც წინ მეჯდა, პირდაპირ ჩამყურებდა თვალებში და ფეხებზე ეკიდა ჩემი გასაჭირიც, ჩემი პრეტენზიაც და რობოტივით მიკითხავდა წესებს და კანონებს, რომლის მიხედვითაც ჩემი დამზღვეველი კომპანია არანაირ ვალდებულებას არ იღებს თავზე, გარდა ფულის დროული ჩამოჭრისა. ყველაზე მეტად საწყენი ის არის, რომ ამ კომპანიას, რომელსაც უზარმაზარი კლიენტურა ყავს, უარის თქმის ზრდილობიანი ფორმაც არ შეუმუშავებიათ ჯერ. არც ფიქრობენ, რომ პრეტენზიების მიმღები პიროვნება უნდა შედიოდეს კლიენტის მდგომარეობაში და მაქსიმალურად ცდილობდეს დახმარებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

შეიძლება გასაღების სროლა და დედის გინება უკვე ზედმეტობა იყო ჩემის მხრიდან..მმმ...თუმცა არა, პირიქით, ეს ერთადერთი ადეკვატური პასუხი იყო სიტუაციაზე იმიტომ რომ:

I'm as MAD as HELL
and I'm NOT going to take this ANYMORE!"
THINGS have GOT to CHANGE my friends!!!!!! (c) Network
 

 

Saturday, August 11, 2012

"მეგრელოფობია"

ამ პოსტის დაწერის იდეა გუშინ გამიჩნდა, როდესაც მეგობრებთან საუბრისას კიდევ ერთი დოზა "ეგ ბოროტი აფერისტები ეგენი, მაგენი ბავშვებს ყიდიდნენ თურქებზე, ისტორიაში დაფიქსირებული ფაქტია"  მივიღე. შემეძლო გამეტარებინა კიდეც მაგრამ ღმერთმანი, ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც კუთხეს მილანძღავენ. მშობლებს, ნათესავებს, და-ძმებს მილანძღავს ხალხი, რომელთა უმეტესობის კავშირი სამეგრელოსა და მეგრელებთან რამოდენიმე ცუდი მეზობლით შემოიფარგლება.

მოკლედ როგორც ვთქვი ყოველთვის, ყველგან სადაც არ უნდა ვიყო, როგორ მაღალინტელექტუალურ საზოგადოებაშიც არ უნდა მოვხვდე, იმის გაგებაზე რომ მეგრელი ვარ ყოველთვის მესმის როგორც მინიმუმ ერთი "შუტნიკის" ფრაზა "არიქა ხალხო მეგრელი შემოგვპარვია" ან "ხო არ გვატყუებ რამეს" ან "არა საჭმელები კარგი გაქვთ და სხვა რავიცი". საკმაოდ ხშირად გამოჩნდება ხოლმე ვინმე "ზრდილობიანი" და "პირდაპირი" ადამიანი, რომელიც მოღუშული სახით მომახლის ხოლმე "ფუF, არ მევასებიან მეგრელები, გაფუჭებული ხალხია. მარა შენ არ გეტყობა იმდენად. თბილისელი ხარ ხო? მაშინ არ ყოფილხარ ნამდვილი მეგრელი. აი იქაურები საშინელი ხალხია, აფერისტები" ხშირად მინდა რომ "მაშ მე მტყუანს" მეთქი ვუპასუხო, თუმცა ხშირად არ არის ამის შესაძლებლობა და იძულებული ვარ ნაძალადევი ღიმილით ვუპასუხო და თემის შეცვლას შევეცადო.

მოკლედ ამაზე ვფიქრობდი გუშინ. საკმაოდ დიდი დრო მაქვს გატარებული სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში და და დარწმუნებით ვამბობ რომ იქაური "აფერისტობის დონე" აბსოლუტურად არ იძლევა ასეთი მასობრივი ფსიქოზის საფუძველს. შესაბამისად უნდა იყოს რაღაც სხვა, რაც ადამიანებს კონკრეტულად მეგრელებში აღიზიანებთ და შემდგომ ნებისმიერი მათი "დანაშაული",  მათი ნებისმიერი ტყუილი (რისგანაც არავინ არ ვართ თავისუფალი, სამწუხაროდ) განსაკუთრებით დიდ რეზონანსს პოულობს. როგორ გგონიათ, რა უნდა იყოს ეს?

რა თქმა უნდა მეგრული ენა. ქართველების უდიდეს უმრავლესობას, ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო, ეზიზღება მეგრული ენა. როგორც წესი ამას ასე ხსნიან ხოლმე
-სადმე როცა შევიკრიბებით, თუკი ორი მეგრელი აღმოჩნდა, აუცილებლად დაიწყებენ მეგრულად ერთმანეთში ტიტყინს, მიუხედავად იმისა რომ მათი არავის არ ესმის. უზრდელები ესენი !
ოჰ გამარჯობა შენი. როცა საზოგადოებაში ორი რუსულენოვანი ადამიანი მოხვდება, აუცილებლად იწყებენ რუსულად ლაპარაკს. აჰ, ეს ნორმალურია ხომ? ამაზე კიდევ ერთი კონტრარგუმენტი აქვთ
-რუსული ყველამ იცის და მეგრული არავინ!
ოჰ, გამარჯობა შენი. და ეს ნორმალურია ხომ? რომ რუსული ყველამ იცის და ქართველური ენები მხოლოდ კუთხის წარმომადგენლებმა? და არც არავის არა აქვს სურვილი ამ ენის სწავლის. არავის რეალურად არ წამოუყენებია ინიციატივა (ან ჩემს ყურამდე არ მოსულა, რაც ნიშნავს რომ ინიციატივა არც ისე დიდი იყო, ან შეიძლება დიდიც იყო მაგრამ მოთხოვნის არქონის გამო ისევ უკვალოდ გაქრა), რომ ქართველური ენები სკოლაში ისწავლებოდეს (თუმცა ინგლისურს ლამის ბაგა-ბაღებიდან ითხოვენ). მეორეს მხრივ, დარწმუნებული ვარ, ასეთ ინიციატივაზეც  საზოგადოებიდან დიდი პროტესტი წამოვა:
-მეგრული ენა? რას ქვია მეგრული ენა. ბარემ დამოუკიდებლობა მოგვთხოვონ!

ამას რომ თავი დავანებოთ რა არის რეალური მიზეზი, რაც ზემოთმოცემულ შემთხვევაში აღიზიანებთ დანარჩენებს? რა? უცებ ასეთი ზრდილობიანი და კულტურულები გავხდით ყვლანი? მოულოდნელად ასეთი დახვეწილი სოციალური მანერები შევიძინეთ ყველამ? რა საიდანღაც ყველა ასეთი ტაქტიანები შევიკრიბეთ რომ სხვისი უტაქტობა ყურს გვჭრის?

არა!

რეალურად ყველას უბრალოდ ბანალური ცნობისმოყვარეობა ალაპარაკებს. ყველას უნდა გაიგოს სხვისი ნათქვამი, განსაკუთრებით ამ სხვას არანაირი სურვილი არ აქვთ, მისი ნათქვამი სხვებმა გაიგონ.  ზუსტად ეს მატებს ინტრიგას იმ რამოდენიმე მეგრულ ფრაზას და უარყოფითად განგვაწყობს ამ ხალხის მიმართ. იქნება ეს ფრაზები, ისეთი ფრაზებია, რომლის ხმამაღლა თქმაც ამ ადამიანებს რცხვენიათ და ჩვენთვისაც დიდად ინფორმატიული არ არის? მაგალითად
-ფუ, ისევ მენსტრუაცია მომივიდა, ყოველთვის ასე უდროო დროს იცის ხოლმე; საფენი არ გაქ?
ან
-ვაიმე, უახლოესი ტუალეტი სადარი მითხარი თორემ ჩავიჯვამ!!

რატომ გვინდა ვიცოდეთ ყველა ამ ფრაზის შესახებ?რაში გამოვიყენებთ?შვილიშვილებს მოვუყვებით? ბიძაშვილის ქორწილში სადღეგრძელოდ ვიტყვით თუ დამსაქმებელს ვეტყვით გასაუბრებაზე? წარმოგიდგენიათ სიტუაცია, როდესაც დამსაქმებელი გეუბნება
-იქნებ მომიყვეთ ქვენი ინტერპერსონალური უნარების შესახებ?
-დიახ, ჩემ მეგობარ მეგრელ გოგონას პირდაპირ შუა რუსთაველზე დაეწყო მენსტრუაცია და მე მას საფენი მივეცი!

გარდა ამისა რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საზ. ტრანსპორტში ვართ და ორი, ჩვენთან არანაირ კავშირში მყოფი მეგრელი, რაღაცას თავისთვის საუბრობენ. ხოლო ჩემი თანამგზავრი მეკითხება:
 -აუ, რას ამბობენ?გესმის?მითარგმნე რა.
ასეთ სიტუაციებში სამწუხარია რომ "რა შენი ტრაკის საქმეა" საქართველოში უკადრის პასუხად ითვლება.

თუ შეიძლება, ჩემო კარგებო, ბანალურ ცნობისმოყვარეობას ნუ მისცემთ შანსს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული კუთხე შეგაზიზღოთ. მეგრული სოფლები საოცრად ლამაზი სოფლებია, საოცრად მოვლილი და დასახლებული საოცრად მშრომელი ხალხით, რომლებიც არასოდეს ლანძღავენ სხვა კუთხის წარმომადგენლებს, არც დამოუკიდებლობის მოთხოვნას აპირებენ,არც "ცისფერსისხლიანებად"  თვლიან თავებს და მათი ძირითადი პრობლემები შემოიფარგლება იმითი, იქნება თუ არა წელს ნიგოზი, რა წერია ეფუთში სიმინდის მოსავალზე და ვისგან არის ფეხმძიმედ მზევინარის გოგო.