შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ მოვყვე ის ამაზრზენი ისტორია, რომელიც დღეს, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გადამხდა თავს. ბოლო თვეები ვმუშაობდი ერთ-ერთ კერძო სკოლაში, რომლის დირექტორი საკმაოდ ცნობილი პიროვნება, ერთ ერთი დიდი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორია (დასახელებისგან თავს შევიკავებ). ამ სკოლაში დაახლოებით 4 თვე ვიმუშავე. ჩვეულებრივ მოვაწერე ხელი კონტრაქტს, გამეხსნა ბანკში ანგარიში, რომელზეც დამერიცხა მხოლოდ 1 თვის ხელფასი. დანარჩენი თვეების ხელფასის დარიცხვის შესახებ მრავალი შეუსრულებელი პირობის მოსმენის შემდგომ დავასკვენი რომ განუხორციელებელი იდეა იყო და ამაზე ფიქრსაც დავანებე თავი.
დაახლოებით 2 კვირის წინ დამირეკა დირექტორმა უცნაური წინადადებით, კერძოდ შევხვედროდით, გვესაუბრა სკოლის მომავალ განვითარებაზე და ამასთან ერთად ხელზე უნდა გადმოეცა დანარჩენი 3 თვის ხელფასი, რადგან მისივე თქმით თავიდან აერიდებინა ბანკის პროცენტები. შეხვედრა დიდხანს გავაჯანჯლე, რადგან კარგს არ მიგრძნობდა გული მაგრამ საბოლოოდ დავთანხმდი.
დირექტორმა დამიბარა ე.წ. "წითელქუდას" წინ. რადგან ჩვენი სკოლა სხვა შენობაში აპირებდა გადასვლას, დავასკვენი რომ სწორედ აქ იპოვეს საჭირო შენობა სკოლისთვის. როდესაც წითელქუდასთან მივედი და დირექტორს დავურეკე, მან მითხრა მივსულიყავი ამ წითელქუდას მოპირდაპირე კორპუსში, პირველი სადარბაზოს მეოთხე სართულზე. მაშინვე არ მესიამოვნა, მეუღლეს დავურეკე და ვთხოვე 15 წუთში დაერეკა რომ სწრაფად გამოვსულიყავი. ავედი. 1 ოთხანია ბინა იყო, ავეჯიდან მხოლოდ ერთი სამეული, ერთი მაგიდა და 2 სკამი იდგა. ეტყობოდა რომ აქ არავინ ცხოვრობდა, შეიძლება დროებით იყო ნაქირავები. დირექტორმა, როგორც ყოველთვის გააბა საუბარი თავის ფილოსოფიურ შეხედულებებზე სწავლების მიმართ, დროისთვის წინმსწრებ გეგმებზე და ა.შ. შემდგომ საფულიდან ამოიღო 60 ლარი და გადმომცა. მოულოდნელად მითხრა:
-მე ჩავალ, წვენს და ყავას ამოვიტან და რამე მივირთვათ!
კატეგორიული უარი განვუცხადე. მითხრა მაგიდაზე დადებული სკოლის რაღაც პროექტი წამეკითხა და გავარდა ოთახიდან, გასვლის დროს კარები გარედან გადაკეტა. აი აქ კი წამივიდა ფერი. მეუღლეს დავურეკე და მისამართი ვუთხარი სადაც ვიყავი, ვუთხარი როგორც კი ზარს გავუშვებდი პატრული გამოეძახებინა ამ მისამართზე. ჩანთა ამოვჩხრიკე, წვეტიანი ერთადერთი ავტოკალამი ვიპოვე და ყოველი შემთხვევისთვის ჯიბეში ჩავიდე. მაგიდის მეორე მხარეს გადმოვჯექი, ისე რომ შემოსასვლელი კარისთვის თვალყური მედევნებინა და დავიწყე ლოდინი. დაახლოებით 10 წუთში დირექტორიც ამოვიდა წვენით ხელში. დამისხა და შემომთავაზა. მის მოწოდებულ წვენს რა დამალევინებდა, უარი ვუთხარი. ამ დროს მოულოდნელად ხელები შემომხვია, თავზე კოცნა დამიწყო, ერთი ხელი პირზე ამაფარა, თან მეუბნება:
- დღეს რატომ არ შეიღებე თვალები, როგორ ლამაზად იღებავ ხოლმე თვალებს, რატომ არ შეიღებე თვალები ჩემთვის?
შოკში ჩავვარდი, ყველანაირად ვცდილობდი რომ მისი ხელებისგან თავი გამენთავისუფლებინა, მთელი ძალით ვექაჩებოდი, გვერდით ვიწეოდი, ხმის ამოღებას კი ვერ ვახერხებდი.
არ მახსოვს როგორ მომშორდა, არ მახსოვს რეები მელაპარაკა შემდგომ, არც ის მახსოვს რატომ შემტენა ის რაღაც სკოლის პროექტი, ან რა პროექტრია საერთოდ. ახლა წინ მიდევს, 1999-2000 წლების განათლების პროგრამა, შემუშავებული #45 გიმნაზიისთვის, რუსულ ენაზე. სავარაუდოდ რაღაც რუსული გიმნაზიაა, სავარაუდოდ დირექტორის თავის დასაცავი მასალაა, თითქოს მართლაც განათლების სისტემაზე ვსაუბრობდით.
კარგია რომ ავტოკალმის და პატრულის გამოყენება არ დამჭირდა.
დირექტორი ალბათ ფიქრობდა რომ 60 ლარი და ნაქირავები ბინა საკმარისია ჩემთვის და ძალის გამოყენება არ უცდია.
No comments:
Post a Comment