მასწავლებელთა საატესტაციო გამოცდები მოახლოვდა. მასწავლებლებმა რა თქმა უნდა შემოიკრეს თავში ხელი.
თავიდან გამოცდაზე გასვლის ძირითადი მიზანი თუ იყო დაპირებული ხელფასების ზრდა, ახლა მიხვდნენ რომ ხელფასების ზრდის გარანტია გამოცდის წარმატებით ჩაბარებაა, რამაც დამატებითი პრობლემები შეუქმნა ისედაც პრობლემებით გადატვირთულ მასწავლებლებს.
ბევრმა მათგანმა გამოიყენა ვაუჩერი მაგრამ უკმაყოფილო დარჩნენ ტრენერებით, რადგან ფიქრობდნენ ტრენერების ფუნქცია არასებული ცოდნის თავისთავად მათ თავებში გადაწყობა იყო. ხოლო ამ ტრენინგების დამთავრების შემდგომ საკუთარი თავების გულმოდგინე მოსინჯვის შემდეგ მიხვდნენ, რომ იქ არაფერიც არ აწყვია, ამიტომ გაიკრეს ჯიბეზე ხელი და როგორ საქართველოში მიღებულია, ნაცნობის ბიძის დეიდაშვილის ნათლიის გარე მამიდაშვილების რჩევით მიადგნენ ტრენერს, რომელსაც ეხერხება ამ ცოდნის ეფექტურად გადაწყობა იქ, "სადაც ჯერ არს". (მათ შორის ვიყავი მეც.)
ყოველთვის მეგონა რომ ძლიერი ხმა მქონდა, ხშირად მეუბნებოდნენ კიდევაც - ზედმეტად ხმამაღლა ლაპარაკობო მაგრამ ტრენინგების განმავლობაში პირველად ვიგრძენი საკუთარი უსუსურება ამ საკითხში. როდესაც რამე საკითხზე საერთო მსჯელობა მიმდინარეობდა წყლიდან ამოგდებული თევზივით ვაფჩენდი პირს მაგრამ იქიდან ამოსული ხმის გაგონება შეუძლებელი იყო საერთო ხმაურის ფონზე.
ყველაზე მეტად გამაკვირვა გამოცდილი პედაგოგების რეაქციებმა იმ აზრის მოსმენისას, რომელსაც ისინი არ ეთანხმებოდნენ. ისინი იწყებდნენ საუბარს ხმადაბლა, ნელ-ნელა აუწევდნენ ხმის ტემბრს, ამავდროულად ნელ-ნელა წამოიმართებოდნენ სკამიდან და ყვრილის ფონზე უახლოვდებოდნენ კოლეგას, რომლის აზრსაც არ იზიარებდნენ. გაფართოებული თვალები, გახშირებული სუნთქვა, ხელები "საბრძოლო პოზიციაში" მიმანიშნებდა რომ დაპირისპირებული მხარეები სადაცაა სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმებოდნენ ერთმანეთს. ამასობაში გამოჩნდებოდნენ პედაგოგები, რომლებიც იზიარებდნენ დაპირისპირი მხარეების აზრს, ისინიც იწყებდნენ ხმის აწევას და ასეთსავე ნელ სვლას მოწინააღმდეგისკენ. ოთახის მეორე ბოლოში გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ასევე ყვირილით გვამცნობდა რომ მას თავი სტკივდება საერთო ყვირილის ფონზე. სიტუაციის განმუხტვას იწვევდა ტრენერის სასტვენი. დაპირისპირებული მხარეები მოეგებოდნენ გონს და ისევ თავ-თავიანთ ადგილას სხდებოდნენ ბურტყუნით - ჩვენ რა პედაგოგები ვართ, რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, ერთმანეთის აზრის პატივისცემა ვერ გვისწავლია და თან დამცინავად გადახედავდნენ დაპირისპირებულ მხარეს, თითქოს ეუბნებოდნენ - მთელი ეს არეულობა თქვენი ბრალია, ჩვენ უბრალოდ ჩვენი აზრი გამოვთქვით.
ხშირად ისმოდა მოსაზრებები: "რწმენას გვართმევენ" , "პიდარასტები შემოგვიყარეს მასწავლებლებად" და ა.შ...რაც დიდად გასაკვირი არავისთვის იქნება მგონი.
ტრენინგზე საუბარს აუცილებლად გავაგრძელებ, ჯერ ჯერობით კი ვნახოთ რა მოხდება ხვალ.
ხვალ ნანატრი სერტიფიცირების გამოცდაა მასწავლებელთა პროფესიულ უნარებში.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს.
No comments:
Post a Comment