Wednesday, July 29, 2015

ჩემი ცოლის დაქალები ანუ "ჩვენ" და "ისინი"

უკვე კარგა ხანია "ჩემი ცოლის დაქალების" ყურება დავიწყე. სერიალი საკმაოდ სტაბილური პერიოდულობით დიდ აჟიოტაჟსა და მითქმა მოთქმას იწვევს და ხშირად კურიოზული ფაქტებით გვირგვინდება. ამ კურიოზული ფაქტებზე საუბრისას მედიაში კი ყოველთვის გამოიყოფა ხოლმე "ჩვენ" და "ისინი". "ჩვენ" - ვინც სერიალს ვაკეთებთ/ მოგვწონს/ ვაფასებს/ ვხედავთ სატირას/ კრიტიკულ ჩანაფიქრს, ვმსჯელობთ და პასუხებს ვპოულობთ და "ისინი" - ხალხი/ მაყურებლების უდიდესი უმრავლესობა/ გაუნათლებლები/ბნელები , მოკლედ ადამიანები, რომლებიც სერიალს "არასწორად" უყურებენ. რომლებსაც კრიტიკული აზროვნება და თვით რეფლექსია არ გააჩნიათ. რომლებიც ვერ ხვდებიან განსხვავებას სერიალის გმირებსა და რეალურ ადამიანებს შორის. რომლებიც ვერ აკეთებენ დასკვნებს გმირის მოქმედებების დადებითი თუ უარყოფითი მხარეების შესახებ და თვალდახუჭული მიყვებიან ისტორიის განვითარებას. ადამიანები მორალური კომპასის გარეშე, რომელთა წარმოდგენები პერსონაჟის მოქმედების შესახებ დამოკიდებულია იმ ფაქტორზე, მოსწონთ თუ არა მათ პირადად ეს პერსონაჟი.

სერიალების შემქმნელების პოზიცია კი შემდეგია: ისინი უარს ამბობენ მოქმედებაში რაიმე სახის ნარატივის წაყვანაზე. აბსოლუტური მიუკერძოებლობის სახელით ცდილობენ თავიდან აიშორონ ნებისმიერი სახის პროპაგანდა, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი. ცდილობენ სერიალი იყოს მაქსიმალურად რეალისტური და ცხოვრებისეული. ხოლო დასკვნების გამოტანა და საკითხებზე მსჯელობა მთლიანად მაყურებელს მიანდონ და ასე ვთქვათ - ქართველი ერი სარკეში ჩაახედონ. ამ ტიპის განმარტებაზე ერთერთი (სხვა) სერიალიდან ციტატა რომ მოვიყვანო: "this smells funny, and I'm not going to eat it."

მიუხედავად იმისა, რა არგუმენტი მოჰყავთ სერიალების შემქმნელებს, ეს ე.წ. მიუკერძოებლობა და სერიალში, ჩემის აზრით, წინასწარ განსაზღვრული გაურკვევლობის შენარჩუნება მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ მიზნებს და ფართო აუდიტორიის მოზიდვას ემსახურება. რა საკვირველია არავინ ამბობს რომ მცდელობა, შენი შექმნილი პროდუქტი, კომერციულად მომგებიანი იყოს არასწორია მაგრამ დროა რეალობასაც გავუსწოროთ თვალი და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. იმის მტკიცება რომ სერიალის შემქმნელები მიუკერძოებლები არიან, პროპაგანდისგან თავს იკავებენ და მოსახლეობას სარკეში ახედებენ არასწორია, რამდენადაც სერიალი არა მხოლოდ იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, არამედ ეს ზემოთხსენებული წინასწარ განსაზღვრული გაურკვევლობა ამ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გარანტიას წარმოადგენს და თუკი უმრავლესობა შენს პროდუქტს უპრობლემოდ თარგმნის საკუთარ "არასწორ" ჭრილში, შენ სწორედაც ამ უმრავლესობისთვის მისაღები იდეალების პროპაგანდას ეწევი. მიუკეროებლობა აქ უბრალოდ ილუზია და თავის მოტყუებაა. საკუთარი თავისაც არა პრინციპში, ეს იმ მაყურებლების მოტყუებაცაა, რომლებიც უმრავლესობის იდეალებს არ იზიარებენ და პროგრესული სოციუმისკენ მიილტვიან. რეალურად ეს ორი ჯგუფი - "ჩვენ" და "ისინი" ერთი მონეტის ორ მხარეს წარმოადგენს.

სერიალის  განმარტება, რომ  საქართველო პატარა ქვეყანაა, პატარა აუდიტორიით. ასეთ რეალობაში რაიმე მკვეთრად განსაზღვრული თანამედროვე იდეოლოგიის შემოტანა უბრალოდ მაყურებელს გააღიზიანებს/ არ იქნება რეალისტური/ მაყურებელს დაკარგავს,  შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც - რა ვქნათ, უმრავლესობა ამ ქვეყანაში ასე აზროვნებს და მათ ვერ დავუპირისპირდებით. აბა მიუკერძოებლობა?

მოკლედ სათქმელი რომ არ გამიგძელდეს იმით დავასრულებ რომ ეს პროდუქტი საქართველოში რატომღაც "ხარისხიან" პროდუქტად ითვლება ორივე, როგორც ლიბერალურ, ისევე ტრადიციონალისტურ წრეებში. არ ვიცი ვისთვის რას ნიშნავს ტერმინი "ხარისხიანი", ფაქტია რომ გაყიდვადი ნამდვილად არის, არც მაყურებლების რაოდენობაში, არც პროდაკტ პლეისმენტში მოიკოჭლებს, "ხარისხიანზე" კი რა გითხრათ. ერთი ციტატით დავასრულებ:

"There is no more neutrality in the world. You either have to be part of the solution,  or you're going to be part of the problem."

ჩემთვის ეს პროდუქტი პრობლემის ნაწილია. თქვენთვის?





Wednesday, July 22, 2015

აქვს თუ არა საპონს ნაციონალობა ანუ რა ხდება როცა კაპიტალიზმი ნონკონფორმიზმის გაყიდვას იწყებს

ნონკონფორმიზმი საქართველოში მოდაში ბოლო რამდენიმე წელია შემოვიდა. ეს მოდური ნონკონფორმიზმი რადიკალურად განსხვავდება ნონკონფორმიზმის ტრადიციული განმარტებისგან და ძირითადად, ყველანაირ იდეოლოგიას მოკლებული ვიზუალური ატრიბუტიკით -  ფერადი თმებით, პირსინგებით და ტატუებით შემოიფარგლება. რა საკვირველია ბიზნესიც არ ჩამორჩა. ამის მშვენიერი მაგალითია ჩიფსი ფრიქსის რეკლამა:


იყავი გამორჩეული, განსხვავებული, არასტანდარტული, თავისუფალი, ოღონდ იყიდე.

მაგრამ ახლა სხვა პროექტზე ვაპირებ საუბარს. პროექტზე antitv, რომელიც გიგანტური ბილბორდებიდან "ტელევიზორის გამორთვას" მოითხოვს. მათ სლოგანი საკმაოდ  ნონკონფორმისტულად ჟღერს: "გამოფხიზლდი და გამორთე ტელევიზორი"-მშვენიერია არა?

ეჭვი მეპარება ბევრი ისეთი გულუბრყვილო აღმოჩნდეს, ვინც ამ პროექტის რევოლუციურობას დაიჯერებს. სხვა რომ არაფერი პროექტის პიარში საკმაოდ დიდი ფინანსებია ჩადებული რაც, როგორც წესი, რევოლუციურ ნონკონფორმიზმს არ გააჩნია ხოლმე მაგრამ მითქმა-მოთქმა პროექტის ერთმა პოსტერმა გამოიწვია - "არ ჭამო  თურქული საპონი" და ველოდები, ქართული "საზოგადოება" როდის შემოჰკრავს განგაშის ზარებს და ამ ერთმნიშვნელოვნად ცალსახა თურქოფობიის წინააღმდეგ გაილაშქრებს. მე არ ვიქნები ერთერთი მათგანი. მე ვთვლი რომ ეს მშვენიერია. ვიმედოვნებ რომ კიდევ უფრო გახშირდება მსგავსი პატარა შეცდომები თუ წამოცდენები, რომელსაც კაპიტალიზმი ნონკონფორმიზმის გაყიდვისას უშვებს. ბრტყელი, პოლიტკორექტული კაპიტალიზმი,რომელიც თავის პროდუქციას თავისუფლების სახელით ყიდის ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე დაბნეული თურქოფობი, რომლის მცდელობებიც იყოს ბაზარზე რელევანტური, მსგავსი კომიკური შეუსაბამობებით სრულდება.