რა შუაშია ლგბტ უფლებები და ოჯახის სიწმინდე და განმტკიცება? ყველა ამ კითხვას სვამდა გუშინ, რა კავშირია მათ შორის. რატომ დაუკავშირეს 17 მაისი ოჯახის განმტკიცებას?
არ მიყვარს ასეთი ხელებგაშლილი და რიტორიკული კითხვების მოსმენა. მსგავსი რიტორიკული კითხვების დამსმელი ადამიანები უკვე თვლიან რომ ის, ვინც 17 მაისი "ოჯახის განმტკიცების" დღედ უპირობოდ მიიღო, თავადვე უპასუხებენ ამ რიტორიკულ კითხვებს და თავად მივლემ დასკვნამდე რომ ეს ანალოგია და კავშირი აბსურდულია. უნდა გაგაწბილოთ - ეს არ მოხდება!
ზოგადად ბოლო 1 წლის განმავლობაში ბევრი სატელევიზიო "დებატები" (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) მოვისმინე და გულდაწყვეტილი ვრჩები. გულდაწყვეტილი იმით რომ თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებსაც სექსუალური (ან ნებისმიერი სხვა) უმცირესობის დაცვა ეკისრებათ ასეთი სუსტები არიან დებატებში თუ სხვა სატელევიზიო გადაცემებში. საერთო ტენდენცია თითქოს ესეთია - ისმება უამრავი რიტორიკული შეკითხვები, რომელსაც თითქოს მტრულად განწყობილმა უმრავლესობამ თავად უნდა უპასუხოს და თავად უნდა მივიდეს დასკვნებამდე და საბოლოოდ უამრავი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი (და დებატების წესების მიხედვით პასუხგაუცემელი კითხვა ჭეშმარიტებად ითვლება).
ზუსტად არ ვიცი ეს იმის გამო ხდება რომ ჩვენი "უფლებადამცველები" (ან ადამიანები, რომლებიც ამ პოზიციიდან საუბრობენ) არიან ასეთი სუსტები დებატებში თუ ცდილობენ "ძალიან არ მიაწვნენ", ძალიან არ დაუპირისპირდნენ გაბატონებულ წესრიგს და უკანდასახევი გზაც დაიტოვონ. მოკლედ სიტყვა გამექცა, სულ სხვა რამის დაწერას ვაპირებდი.
კავშირი ლგბტ "საფრთხესა" და ოჯახს შორის საკმაოდ ნათელი და პირდაპირდაკავშირებულია. როდესაც თავს გვესხმიან (ან ისეთი შეგრძნება გვაქვს რომ თავს გვესხმიან) პირველი ინსტინქტი საკუთარი სუსტი წერტილების დაფარვაა და ოჯახი ზუსტადაც რომ ყველაზე სუსტი წერტილია საქართველოში. ის ფუნდამენტი, რაზეც ტიპიური ქართული ტრადიციული ოჯახია დამყარებული, ყველაზე მორყეული და მსხვრევადია. ტოტალური უმუშევრობის და სიდუხჭირის ფონზე ტრადიციული ე.წ. "მამაპაპური" მასკულინური და ფემინური როლები დარღვეულია (და ნელ-ნელა კიდევ უფრო ირღვევა). მამაკაცები გრძნობენ რომ ნელ-ნელა ძალაუფლება ხელიდან ეცლებათ, ოჯახის თავისა და მარჩენალის როლი დიდ ტვირთად აწევთ და ამ ტვირთიდან განთავისუფლებისთვის განტევების ვაცი სჭირდებათ რომლებსაც საკუთარ უიღბლობას თუ უუნარობას შეაწერენ. ეს გარე ძალა, ეს "საფრთხე" კი ამ შემთხვევაში შეიძლება უმცირესობა იყოს, რომელზე ძალადობითაც და რომლის "განადგურებითაც" იმედოვნებენ რომ ისევ იმ მასკულინურ "ოჯახის ბურჯად" იქცევიან, როგორიც ჩვენი მამა-პაპანი. ერთი რამ კი ფაქტია: შეუქცევადი პროცესები დაწყებულია. "ტრადიციული ქართული ოჯახი" თავისი, ამ საუკუნითვის უტოპიური ფუნდამენტით ნელ-ნელა რღვევისკენ მიდის და რამოდენიმე საბოლოო განწირული გაბრძოლების შემგომ ჩვეულებრივი, ევოლუციისთვის მახასიათებელი შეგუების პროცესები დაიწყება. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ გაბრძოლების პროცესები მალე დასრულდება და ოდესმე იმ შეგუების პროცესებს მოვესწრები, სადაც ძალადობას სიკეთე და ურთიერთპატივისცემა ჩაანაცვლებს. ან შეიძლება მე ვარ ძალიან გულუბრყვილოდ იდეალისტი მაგრამ ყველას ასეთ მომავალში ცხოვრებას გისურვებთ.
No comments:
Post a Comment