Sunday, May 25, 2014

მეტნაკლებად ნათელი პოსტი ნათელ სექსიზმსა და დისკრიმინაციაზე

როდესაც ბლოგს ვწერ, ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემი პოსტი რაიმე პაზლის ნაწილი არ იყოს რომლის გაგება და აწყობა უდიდესი უმრავლესობითვის შეუძლებელი იქნება მაგრამ ბოლო პერიოდში ვხვდები რომ ამ საქმეს დიდი წარმატებით ვერ ვართმევ თავს. გუშინ მეგობრებთან და ნაცნობებთან საუბრის დროს კი ზუსტად მივხვდი რატომაც.

როდესაც ჩემს ბლოგპოსტებში სექსიზმზე და მის კონკრეტულ გამოვლინებებზე ვსაუბრობ, ყოველთვის თავს ვარიდებ ე.წ. "captain obvious" -ური ფუნდამენტის ჩადებას, რადგან ვთვლი რომ ჩემი ბლოგის მკითხველებისთივს (რომელთა რაოდენობა უკიდურესდ მწირია) ეს ფუნდამენტი უკვე ცნობილია. გუშინ საუბრისას კი მივხვდი რომ ეს ასე არ არის. უფრო სწორად მანამდეც ვეჭვობდი მაგრამ გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ საქართველოში მცხოვრები განათლებულ საშუალო ფენას (ძირითადად მამაკაცები მაგრამ ქალებიც არ ჩამოუვარდებიან) აბსოლუტურად არ გააჩნია მცირედი წარმოდგენაც კი იმაზე როგორ ფუნდამენტზე დგას, როგორი ღირებულებებით იკვებება და როგორ ზრდის თავის შთამომავლობას ე.წ. "საშუალო სტატისტიკური" ქართული მართლმადიდებლური ოჯახი. კონკრეტულ მაგალითებს, უფრო სწორად გუშინდელი საუბრიდან ამონარიდებს მოვიყვან როგორ ხედავს გენდერულ უთანასწორობას ქართველი განათლებულ/ლიბერალურად მოაზროვნეების უდიდესი უმრავლესობა. ამონარიდებს ბრჭყალებში ჩავსვამ და შემდგომ პოტენციურ გაგრძელებებსაც მივამატებ:

1)"საქართველოს გადაარჩენს სექსუალური რევოლუცია. ქართველი გოგო არ ტყნაურობს და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. როცა ქართველი გოგო ატყნაურდება, ქართული საზოგადოება გაიხსნება ლიბერალური აზროვნებისთვის"

ადამიანებს, რომლებიც ამ ფრაზებს იშველიებენ, წარმოდგენა არა აქვს როგორ ზრდის ქართული სოციუმი გოგოს. წარმოდგენა არა აქვთ რომ სექსუალური ჩაკეტილობა არალიბერალური აზროვნების მიზეზი კი არა შედეგია. ეს ჩაკეტილობა შედეგია იმ მრავალფეროვანი სოციალური სტანდარტების, რომელსაც ოჯახი, სკოლა, სამეგობრო წრე თავს ახვევს გოგოს სექსუალური მომწიფებიდან სიცოცხლის ბოლომდე. ქართული (და არამარტო) სოციუმი გოგოსგან მოითხოვს  თავმდაბლობას, საკუთარი სურვილების ჩახშობას და სხვისი (ოჯახის, სოციუმი, მამაკაცის) სურვილების წინ დაყენებას, საკუთარი იდეების და ქცევის სისწორის მუდმივად ეჭვქვეშ დაყენებას, შესაბამისად გოგოებისგან მასიური დაუმორჩილებლობის მოთხოვნა ქარაფშუტობაა სხვა თუ არაფერი.

2)"მერე ამ გოგოებს ვინ ზრდის ასე ჩაკეტილად. ისევ დედები არა? ანუ საქარველოში სექსიზმი არ არსებულა თუ ქალებიც ამ წესრიგს ემორჩლებიან, ანუ მამაკაცი არ ყოფილა მჩაგვრელი ხომ?"

 ქართველი დედები ქართველმა ბებიებმა გაზარდეს, ქართველი ბებიები ქართველმა დიდმა ბებიებმა და ქართველი დიდი ბებიები მათმა დიდმა ბებიებმა და მათმა დიდმა ბებიებმა, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარი კითხვაა - საიდან წამოვიდა ქალების სექსუალური ჩაკეტილობის მოთხოვნა, ქალებისგან თუ მამაკაცებისგან? თუ ამ კითხვას სწორად ვუპასუხებთ მაშინ მნიშვნელობა ეკარგება რომელი სქესის ადამიანები ზრდიან გოგონებს ჩაკეტილად. მოთხოვნა არის მკაცრად პატრიარქატის, შესაბამისად ადამიანებს ამ სისტემაში სწორადაც რომ სისტემა ზრდის და არა კონკრეტული სქესის ადამიანები და ზუსტადაც სისტემა ძალადობს გოგონებზე და მოითხოვს დამორჩლებას, ხოლო სისტემას მამაკაცები მართავენ. ( კვლევის მიხედვით საქართველოში მამაკაცების 72% და ქალების 56% თვლის რომ კარგი ცოლი უნდა დაემორჩილოს მეუღლეს მაშინაც კი, როცა არ ეთანხმება მას. საინტერესოა ვის წისქვილზე ასხამს წყალს ეს მოსაზრება?)

3)"მერე რას აკეთებენ ქალები იმისთვის რომ ჩაგვრა აღმოიფხვრას? რატომ არ მუშაობენ უფრო ინტენსიურად რომ გოგოების ჩაგვრა რომ შეწყდეს?"

ამ კითხვის დასმა იგივეა გაუპატიურების მსხვერპლს მოვთხოვოთ უფრო თავგამოდებით ებრძოლა თავდამსხმელთან რომ გაუპატიურების ფაქტი თავიდან აერიდებინა. დაჩაგრული სოციალური კლასი ვერ შეძლებს თვითონ იხსნას საკუთარი თავი ჩაგვრისგან თავად მჩაგვრელების მხრიდან მეტნაკლებად გათვიცნობიერებული ინდივიდების დახმარების გარეშე, ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია განათლებული და ლიბერალური მამაკაცების ფემინისტურ მოძრაობაში ჩაბმა რათა ძალები გათანაბრდეს. საქართველოში (და ბევრგან) ფემინიზმი ითვლება მოვლენად, რომელიც მხოლოდ ქალების საქმეა. მხოლოდ ქალების საქმეა საკუთარი უფლებების დაცვა, მხოლოდ სექსუალური უმცირესობების საქმეა საკუთარი უფლებების დაცვა. აბა ჩვენი საქმე რა არის? ჰეტეროსექსუალი თეთრი მამაკაცების საქმე რა არის?  შორიდან ყურება? საკუთარი პრივილეგიებით უსირცხვილოდ სარგებლობა და ჩაგვრისგან ხელების შეწმენდა "თქვენ საკმარისად არ იბრძვით თქვენი უფლებებისთვის, ამიტომ გავარგრძელებთ თქვენს ჩაგვრას"-იდეების ღვრა? სანამ "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი" იდეოლოგიით ვიხელმძღვანელებთ ვერც სექსუალურ რევოლუციას მოვესწრებით ოდესმე და ვერც თანასწორ სამოქალაქო საზოგადოებას.

4)"ქალზე ხელის აწევა არაკაცობაა და კაცმა ეს არ უნდა იკადროს მარა რა ხმაური ატყდა ამ მკვლელობებზე? ზატო ქალები ჩუმად და ჩათლახურად საწამლავით ხოცავენ საკუთარ ქმრებს. მამაკაცები უბრალოდ უფრო აგრესიულები არიან და უფრო ჩანს ეს ძალადობა, ვიდრე ქალების ძალადობა მამაკაცზე"

ადამიანები, რომლებიც ამ ფრაზებს იშველიებენ, გარდა იმისა რომ აბსოლუტურად წარმოდგენა არა აქვთ საქართველოში მამაკაცების მიერ ქალზე ძალადობის სტატისტიკაზე, არამედ იმ სკოლაში ნასწავლ "ქალის პატივისცემა"-ზე წინ არ არის წასულები და თვლიან რომ ქალის პატივისცემა მამაკაცის და ქალის თანასწორობის შედეგი კი არა, არამედ ძლიერი მამაკაცის სუსტ დედაკაცზე მოწყალების გაღების შედეგად მიიჩნევენ.

დავუბრუნდები მაშინ მამაკაცების მიერ ქალებზე ძალადობის სტატისტიკას. კახეთის რეგიონში ჩატარებული კვლევის მიხედვით "რეგიონში გამოკითხული ადამიანების 92% ოჯახში ძალადობას, 86% კი ფიზიკურ ძალადობას განიცდის; 67% ოჯახის წევრისგან მუდმივად ელის თავდასხმას, მათი 63% ქმარმა გააუპატიურა; 29% კი ფეხმძიმობის პერიოდში ქმრის მხრიდან ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდა.  გამოკითხულ ქალებზე ქმრების 53% ძალადობს. არის მამის, ყოფილი ქმრისა და პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევებიც. ქალთა მიმართ ძალადობის უმრავლესი შემთხვევები, როგორც აღმოჩნდა, მათსავე სახლებში ხდება. ამიტომ, გამოკითხულთა 48% სახლში დარჩენისას თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ქალების მიმართ ძალადობის შემთხვევების ძირითადი ნაწილი ფიზიკური ძალადობით დამთავრდა, მათგან 40% მძიმე ფორმით.
კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ქალების მიმართ ძალადობას, ძირითადად, ახორციელებენ: ქმარი - 53%, მამა - 17%, პარტნიორი - 6%, ყოფილი ქმარი - 8%, ძმა - 6%; გარდა ამისა, 3 - % შვილი მამაკაცები, ბიძები, პაპები და სხვა." 

ეს რა საკვირველია ერთ რეგიონში განხორციელებული 2011 წლის კვლევაა მაგრამ იმედი მაქვს ამ პრობლემის მასშტაბებზე წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისია. 

5) "სექსიზმი მთელ მსოფლიოში არსებობს, არა მარტო საქართველოში. დამისახელე ქვეყანა/კულტურა/რელიგია/სოციუმი რომელშიც სექსიზმი არ არსებობს."

ამ არგუმენტს ხშრად იყენებენ სექსიზმის ვალიდაციისთვის. სექსიზმი ხდება, სექსიზმი არსებობს ე.ი. სექსიზმი ნორმალურია. ასეთი ტიპი აზროვნება ყველაზე საშიში და დამღუპველია და ყველა ტიპის განვითარების საშუალებას ჩანასახშივე კლავს. ის რომ რაიმე მოვლენა არსებობს, არ ქმნის ამ მოვლენას ბუნებრივად, არ აქცევს ამ მოვლენას სწორ და გამართლებულად. ის რომ სექსიზმი მსოფლიოში არსებობს არ ნიშნავს რომ უკიდურესად უარყოფითი მოვლენა არ არის და რეალურად სამყაროს არ აფერხებს განვითარებისგან. არ ნიშნავს რომ სექსიზმს არ უნდა ვებრძოლოთ და ყოველდღიურ ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვათ.

6)"აბა მაშინ მითხარი გადაჭრის მეთოდები. როგორ უნდა აღმოიფხვრას სექსიზმი, რა უნდა გაკეთდეს?"

სამწუხაროდ არ მაქვს ასეთი გამზადებული რეცეპტები ჯიბეში, მაქვს მხოლოდ იდეები და საფეხურები და ეს საფეხურებია:

ა)მოიძიეთ ინფორმაცია რას ნიშნავს დისკრიმინაცია. რა არის რასიზმი, სექსიზმი, ჰომოფობია და როგორი გამოხატულებები აქვს მას. როგორია სტატისტიკა საქართველოში. გაერკვიეთ რა პრობლემები გააჩნია ჩვენს სოციუმს. დააკვირდით პატრიარქატული სისტემის მუშაობის პრინციპებს. არ იმსჯელოთ მხოლოდ უარყოფით შედეგებზე, მოიძიეთ უარყოფითი შედეგების (ქალები არ ტყნაურობენ, ქალები არ თამაშობენ რა-სად-როდისს) გამომწვევი მიზეზები.

ბ)არასოდეს, არასოდეს აღარ დაუსვათ ადამიანებს (ქალებს, ფემინისტებს, ადამინის უფლებების დამცველებს) ზემოთ მოცემული კითხვები გამომცდელი თვალით და არ შეეცადოთ რომ ადამიანის უფლებებზე საუბარი საკუთარი ინტელექტუალური დომინაციის ჭრილში წაიყვანოთ სადაც ნებისმიერი პასუხისთვის გექნებათ მორიგი სექსისტური/რასისტულ/ჰომოფობიური "ჩამჭრელი" კითხვები და შეეცადეთ თავად უპასუხოთ ამ კითხვებს.

გ)ჩაერთეთ ადამიანის უფლებების დაცვით მოძრაობებში, თუნდაც ვირტუალურად. მოიძიეთ, ისაუბრეთ, გაავრცელეთ იდეები. არ მიიღოთ დისკრიმინაცია ბუნებრივ მოცემულობად. აღზარდეთ თავისუფალი, ტოლერანტული თაობა.

დ) არ დახუჭოთ თვალი თქვენს გვერდით მომხდარ დისკრიმინაციაზე. ეს არ ეხება მხოლოდ დისკრიმინირებულ ჯგუფს, ეს ყველას ეხება მათ შორის ჰეტეროსექსუალ მართლმადიდებელ თეთრ მამაკაცებსაც.

ე) არ დახუჭოთ თვალი დისკრიმინაციაზე მედიაში, გააპროტესტეთ, წინ აღუდექით ნებისმიერ მოვლენას, რომელიც დისკრიმინირებული ჯგუფების გარშემო არსებულ სტერეოტიპებს აღვივებს.

ეს არის მხოლოდ რისი თქმაც შემიძლია ამ ეტაპზე. ბოდიშს გიხდით ასეთ აშკარა და
"captain obvious" -ურ პოსტზე დღეს. შეიძლება ამ პოსტს მხოლოდ 10 მკითხველი ჰყავდეს და ის რასაც მე ვაკეთებ/ვწერ/ვსაუბრობ გლობალურ ჭრილში უაზრობად და უშედეგობად განიხილებოდეს (ეს ერთ-ერთი არგუმენტია რასაც მიპირისპირებენ ხოლმე) მაგრამ "I'm doing the best I can" და ვისურვებდი ყველა ადამიანი, რომელიც ნაწილობრივ მაინც მეთანხმება მაგრამ კონკრეტულ სიტუაციებში თვალებს ხუჭავს და ყურს მიღმა ატარებს პრობლემებს, ასევე აკეთებდეს იმის მაქსიმუმს, რისი გაკეთებას შეუძლია.


Sunday, May 18, 2014

17 მაისი და ოჯახური სიწმინდის განმტკიცების კიდევ ერთი უშედეგო მცდელობა

რა შუაშია ლგბტ უფლებები და ოჯახის სიწმინდე და განმტკიცება? ყველა ამ კითხვას სვამდა გუშინ, რა კავშირია მათ შორის. რატომ დაუკავშირეს 17 მაისი ოჯახის განმტკიცებას?

არ მიყვარს ასეთი ხელებგაშლილი და რიტორიკული კითხვების მოსმენა. მსგავსი რიტორიკული კითხვების დამსმელი ადამიანები უკვე თვლიან რომ ის, ვინც 17 მაისი "ოჯახის განმტკიცების" დღედ უპირობოდ მიიღო, თავადვე უპასუხებენ ამ რიტორიკულ კითხვებს და თავად მივლემ დასკვნამდე რომ ეს ანალოგია და კავშირი აბსურდულია. უნდა გაგაწბილოთ - ეს არ მოხდება!

ზოგადად ბოლო 1 წლის განმავლობაში ბევრი სატელევიზიო "დებატები" (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) მოვისმინე და გულდაწყვეტილი ვრჩები. გულდაწყვეტილი იმით რომ თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებსაც სექსუალური (ან ნებისმიერი სხვა) უმცირესობის დაცვა ეკისრებათ ასეთი სუსტები არიან დებატებში თუ სხვა სატელევიზიო გადაცემებში. საერთო ტენდენცია თითქოს ესეთია - ისმება უამრავი რიტორიკული შეკითხვები, რომელსაც თითქოს მტრულად განწყობილმა უმრავლესობამ თავად უნდა უპასუხოს და თავად უნდა მივიდეს დასკვნებამდე და საბოლოოდ უამრავი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი (და დებატების წესების მიხედვით პასუხგაუცემელი კითხვა ჭეშმარიტებად ითვლება).

ზუსტად არ ვიცი ეს იმის გამო ხდება რომ ჩვენი "უფლებადამცველები" (ან ადამიანები, რომლებიც ამ პოზიციიდან საუბრობენ) არიან ასეთი სუსტები დებატებში თუ ცდილობენ "ძალიან არ მიაწვნენ", ძალიან არ დაუპირისპირდნენ გაბატონებულ წესრიგს და უკანდასახევი გზაც დაიტოვონ. მოკლედ სიტყვა გამექცა, სულ სხვა რამის დაწერას ვაპირებდი.

კავშირი ლგბტ "საფრთხესა" და ოჯახს შორის საკმაოდ ნათელი და პირდაპირდაკავშირებულია. როდესაც თავს გვესხმიან (ან ისეთი შეგრძნება გვაქვს რომ თავს გვესხმიან) პირველი ინსტინქტი საკუთარი სუსტი წერტილების დაფარვაა და ოჯახი ზუსტადაც რომ ყველაზე სუსტი წერტილია საქართველოში. ის ფუნდამენტი, რაზეც ტიპიური ქართული ტრადიციული ოჯახია დამყარებული, ყველაზე მორყეული და მსხვრევადია. ტოტალური უმუშევრობის და სიდუხჭირის ფონზე ტრადიციული ე.წ. "მამაპაპური" მასკულინური და ფემინური როლები დარღვეულია (და ნელ-ნელა კიდევ უფრო ირღვევა). მამაკაცები გრძნობენ რომ ნელ-ნელა ძალაუფლება ხელიდან ეცლებათ, ოჯახის თავისა და მარჩენალის როლი დიდ ტვირთად აწევთ და ამ ტვირთიდან განთავისუფლებისთვის განტევების ვაცი სჭირდებათ რომლებსაც საკუთარ უიღბლობას თუ უუნარობას შეაწერენ. ეს გარე ძალა, ეს "საფრთხე" კი ამ შემთხვევაში შეიძლება უმცირესობა იყოს, რომელზე ძალადობითაც და რომლის "განადგურებითაც" იმედოვნებენ რომ ისევ იმ მასკულინურ "ოჯახის ბურჯად" იქცევიან, როგორიც ჩვენი მამა-პაპანი. ერთი რამ კი ფაქტია: შეუქცევადი პროცესები დაწყებულია. "ტრადიციული ქართული ოჯახი" თავისი, ამ საუკუნითვის უტოპიური ფუნდამენტით ნელ-ნელა რღვევისკენ მიდის და რამოდენიმე საბოლოო განწირული გაბრძოლების შემგომ ჩვეულებრივი, ევოლუციისთვის მახასიათებელი შეგუების პროცესები დაიწყება. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ გაბრძოლების პროცესები მალე დასრულდება და ოდესმე იმ შეგუების პროცესებს მოვესწრები, სადაც ძალადობას სიკეთე და ურთიერთპატივისცემა ჩაანაცვლებს. ან შეიძლება მე ვარ ძალიან გულუბრყვილოდ იდეალისტი მაგრამ ყველას ასეთ მომავალში ცხოვრებას გისურვებთ.