Tuesday, December 25, 2012

გრანდიოზული საახალწლო ფასდაკლება ჭეშმარიტად ჩეხურ "ხრუსტალზე"

ჯერ მეგონა წყალი რომ შეწყდა ეს იყო საშინელი მოვლენა, შემდგომ ჩემი დამქირავებლის მიერ ნათქვამი უნამუსო ტყუილი ჩავთვალე ყველაზე საშინელ მოვლენას, თუმცა ესეც გადაფარა უდენოდ გატარებულმა შობის ღამემ როდესაც მივხვდი რომ დეკორატიული სანთლები მხოლოდ სახელ "დეკორატიულს" ამართლებენ და არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებენ სანთლის წოდებას, მე კი ყინვაში ნახევრად შეუმწვარი გუდვილის კიევური კატლეტის ჭამა მომიწია უმწეობის ცრემლებთან და ჩაიდანში ჩარჩენილ მოთბო წყალთან ერთად. შემდგომ მეგობრებმა სამყაროს დასასრულისთვის მიძღვნილი წვეულების სურათები გამომიგზავნეს და ცოტათი შემრცხვა საკუთარი თავის, თუმცა ამ გაიძვერა კაცის საუბარის მოსმენამ რომელიც მეგობრებმა რამოდენიმეჯერ გამიზიარეს მივხვდი რომ ჩვენი წვეულება აბსოლუტურად რელევანტური იყო იმ სიტუაციებისთვის, რომელთაც ყოველდღიურად ვეჯახებით (დიახ, მე ვამბობ რომ ალკოჰოლი ხშირად ერთადერთი რეალური გამოსავალია უსიამოვნო სიტუაციებიდან).

ნაცები ქოცებს აბრალებენ, ქოცები ნაცებს, ლიბერალები ეკლესიას, ეკლესია ლიბერალებს, ყველა ერთმანეთს აწმინდავს მძღნერიან ხელებს (მეც მათ შორის) რადგან ყველა თანაბრადაა ჩაჯმული. შოუბიზნესად ქცეული პოლიტიკა ყოველდღე ახალ ტრიუკებს გვთავაზობს მასების გასართობად, (და თან წარმატებითაც) ყველა თანაბრად იყო აღშფოთებული და შეშფოთებული პრეზერვატივებისა თუ სხვა სექს-სათამაშოების საკითხებით. ეკლესია ფსონებს დეგენერატებზე დებს, ბნელი და ნამუსგარეცხილი ე.წ. "მამაოები" თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან აბსურდული, დამამცირებელი "ქადაგებებით". იქნებ იმედიც აქვთ თავისსავით ბნელ და ნამუსგარეცხილ ბრბროს შემოიკრებენ და ჯვაროსნულ ომებს გააჩაღებენ და ომებში მოგებულ ნადავლს კი ზედმეტი კითხვების გარეშე გადაინაწილებენ. აბასობაში ლიბერალები ინტერნეტს არიან შესეულნი.ან არასამთავრობოებში არიან მოკალათებულნი, არეულობით სარგებლობენ და გრანტებს მიირთმევენ ორივე ხელით (არა, რაპორტები შედგენა დამფინანსებელთათვის ალბათ უმაღლეს დონეზე ხდება, თუმცა  შედეგი რომ უშედეგობაა ესეც ხომ ფაქტია), ან ჯერ არ შეუყვიათ თავი არასამთავრობოებში გრანტის საჭმელად და გზებს და კავშირებს ეძებენ უფასო ფულის საშოვრად.

მე ჩემის მხრივ ვცდილობ რომ პოლიტკორექტულობა დავიცვა, თამაშის წესებში ჩავერთო, "ნიადაგები მოვსინჯო", "არც მწვადი დავწვა არ შამფური" "ბაზარი გავფილტრო", "კეისარს კეისრისა მივართვა" და სხვაგვარი უმსგავსობები ჩავიდინო, რას იზამ, თვითგადარჩენა ყველაზე ძლიერი ინსტინქტია მაგრამ გულის სიღრმეში იცით რისი ნახვა მინდა? დიდი ცეცხლის ნახვა მინდა. მინდა ვნახო როგორ დარბიან ცეცხლმოკიდებული ანაფორიანი კაცები, შარვალ-კოსტუმ-გაუთავებულსაროჩკიანი კაცები, ლიბერასტულ-იდეოლოგიურად სწორი კაცები (ან სექსიზმი რომ არ დამწამოთ ქალებიც თუ გნებავთ). მინდა ვუყურო და ვნახო ვინ გადაასწრებს, მინდა ფსონები დავდო რომელი მიასწრებს მტკვარან, არაგვთან თუ შავ ზღვასთან. მინდა ვუყურო და ფსონები დავდო მეგობრებთან ერთად, და მერე ერთად გულიანად ვიცინოთ არყის ჭიქებით ხელში და ერთად ვიცეკვოთ ამ დიდი ცეცხლის ირგვლივ უკუნითი უკუნისამდე.

ბედნიერ შობა - ახალ წელს გისურვებთ ყველას.

3 comments: