Wednesday, December 28, 2011

გადაცემა "სპიკერი"

არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა როდესაც ამას ვწერ მაგრამ ვხვდები რომ უნდა ითქვას. შეიძლება ბევრმა "hate speech"-ად ჩამითვალოს, თუმცა ეს ნაკლებად მადარდებს. განსაკუთრებით მადარდებს თუ წაიკითხავენ ის ახალგაზრდები, ვიზეც დღეს ვწერ და ძალიან ხომ არ ვატკენ მათ გულებს. არ ვიცი, შეიძლება მათთვის ჩემი ნათქვამი მტკივნეული იყო, შეიძლება ბევრ მათგანს გულთან ახლოს მიაქვს ის სიტყვები, რომლებიც ამ გადაცემაზე წარმოთქვეს და შეიძლება საკუთარი ახალგაზრდული ოპტიმიზმით თვლიან რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და მე ჩემი კრიტიკით მათ იმედებს ვართმევ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ამ ადამიანებს უკვე კარგი განსჯის მანერა ჩამოუყალიბდათ და კონსტრუქციული კრიტიკის გამო გული არ აუცრუვდებათ მომავალზე.
მოკლედ მინდა გადაცემა "სპიკერზე" ვისაუბრო.

პრინციპში ბავშვების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ძირითადად მინდა გადაცემას შევეხო, გადაცემის მიზნებს, რადგან ჩემი აზრით ნებისმიერ აქტივობას თავისი დანიშნულება უნდა ჰქონდეს და მე მივხვდი რომ ამ გადაცემის მიზნებს არაფერი საერთო არ ჰქონდა იმ პრობლემებთან, რაზეც ბავშვები ასე გულმხურვალედ საუბრობდნენ. უპატრონო და უნარშეზღუდული ბავშვების პრობლემა იყო განხილული ბოლო გადაცემაში. ამ გადაცემას ხალხი უნდა დაეფიქრებინა საკუთარ ქმედებებზე (თუ უმოქმედობაზე), საზოგადოებამდე მოეტანა ის პრობლემები რაც ნამდვილად დღევანდელ საქართველოში არის, თუმცა სულ სხვანაირად მოხდა და ეს ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც ასე ძალიან მძულს მასმედია. მაყურებლები გადაიქცნენ სპიკერი ბავშვების გულშემატკივრებად. მაყურებლებს ნაკლებად ადარდებდათ ის პრობლემები, რაზეც ბავშვები საუბრობდნენ, ძირითადად დაინტერესებული იყვნენ იმით, თუ როგორ საუბრობდნენ ეს ბავშვები ამ პრობლემებზე, რამდენად გამართულად მეტყველებენ, რამდენად გულახდილად, რამდენად აქვთ განვითარებული ორატორული ნიჭი.

პრინციპში გადაცემა ამაზეც იყო მიმართული, ჩამოეყალიბებინათ კარგი ორატორული ნიჭის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც შეძლებენ მაყურებელი გაართონ ცოტა ხნით, გამოვიდეს კარგი თოქშოუ, სადაც ძალიან მომგებიანი იქნება ამა თუ იმ დაწესებულების ან პროდუქტის რეკლამის ჩართვა და რაც მთავარია დატვირთული იქნება დღევანდელი პრობლემებით და ხალხი ყურების დროს ცოტა წირპლებს გადმოყრის, გულს მოიოხებს და გააგრძელებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ერთი კითხვა ჩნდება: გვჭირდება კი დღეს ორატორები? სჭირდება თუ არა ოცდამეერთე საუკუნეს ორატორები? გვჭირდება თუ არა მოხდენილად მოსაუბრე ადამიანები რომელთა ლამაზად შეფუთული მიზანი "ყოველდღიური პრობლემების ადამიანებთან მიტანაა" თუმცა რეალურად საპირისპიროს, საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის გაფანტვას, გულის მოოხებას და საზოგადოების მშვიდ ძილს ემსახურება?

შეიძლება ე.წ. "განათლებისტები" შემომედაონ და მითხრან რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის სწორი აზროვნების უნარის, აზრების ნათლად და რაც მნიშვნელოვანია ეფექტურად ჩამოყალიბების უნარის განვითარება მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს რომ ბავშვების იუმორით შეზავებული, საზოგადოებისთვის ადვილად მისაწვდომი,ყოველდღიური მაგალითების ჩართვით გაცოცხლებული, ღრმად ჩამაფიქრებელი, სხვადასხვა ავტორიტეტული პიროვნების ბრძნული გამონათქვამებით გამდიდრებული სიტყვები სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ქართულმა მედიამ მრავალწლიანი მცდელობის შედეგად შეძლო შეექმნა გადაცემა, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მშვიდ დინებაზე მიუშვას არსებული პრობლემები და საკუთარი თანამონაწილეობა პრობლემების გადასაწყვეტად, მარტივად, ტელევიზორის წინ წამოწოლილებმა, პოპკორნის ყუთით ხელში მიიღოს.

ბრავო!!

Friday, December 9, 2011

სერტიფიცირებულ პედაგოგთა ტრენინგები ვირტუალურ ლაბორატორიაში.

გუშინ წინ დამირეკეს მობილურზე. ქალბატონის სასიამოვნო ხმამ მამცნო რომ შაბათს, 12 საათზე, მინდელის 9 ნომერში ტრენინგია სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის. ტრანსპორტში ვიყავი და ზუსტად ვერ გავიგე რა ტრენინგი იყო. დრო და მისამართი ჩავიწერე და ვიფიქრე რომ ინფორმაციას ინტერნეტში მოვიძიებდი ტრენინგის შესახებ. ქალბატონს ვთხოვე ინფორმაცია მაილზე გადმოეგზავნათ მაგრამ მიპასუხა რომ ყველა პედაგოგს ტელეფონით უნდა დაკავშირებოდა და მაილის წერის დრო არ ჰქონდა.

დღენახევარი ვიქექებოდი ინტერნეტში და ვერანაირ დაგეგმილ ტრენინგს ვერ წავაწყდი, ყველა საიტი გადავქექე სადაც სიტყვები: "განათლება", "პროფესიული განვითარება" , "ეროვნული გამოცდები", "ეროვნული სასწავლო გეგმა", "განათლების ხარისხი", "განათლების ინფრასტუქტურა", იყო ნახსენები მაგრამ შედეგი 0.

ვრეკავ განათლების სამინისტროში რომ გავიგო ზუსტად რა ტრენინგია, რას ემსახურება, რამდენი დრო სჭირდება.

მპასუხობენ რომ არაფერი მსგავსი არ იციან.

მაშინ ვთხოვ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტელეფონი მომცენ რომ იქნებ მათთან გავაკრვიო.

მპასუხობენ რომ ამ ორგანიზაციას სამზუხაროდ ჯერ-ჯერობით ტელეფონი არა აქვთ (??) და მირჩევენ ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრში დავრეკო.

ვრეკავ "ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრში".

მპასუხობენ რომ ტრენინგი ინდივიდუალურია და სავარაუდოდ 5 საათამდე გრძელდება. მეკითხებიან რომელ სკოლაში ვმუშაობ. ვპასუხობ რომ კერძო სკოლაში. ბოდიშს მიხდიან და მეუბნებიან რომ ეს ტრენინგი, რაც მათთან მიმდინარეობს კერძო სკოლებს ჯერ-ჯერობით არ ეხება და სხვა ტრენინგების შესახებ არანაირი ინფორმაცია არა აქვთ. ვერ მეუბნებიან ვის შეიძლება დავუკავშირდე.

ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ ვპოულობ შემოსულ ზარს ჩემს მობილურ ტელეფონში და ვრეკავ. აღმოჩნდა რომ ეს "გამოცდების ეროვნული ცენტრის" ტელეფონია. ვუყვები გუშინდელი ზარის შესახებ და ვეკითხები დაწვრილებით ინფორმაციას ტრენინგის შესახებ.

გოგონა გაოცებული მისვამს კითხვებს: - დარწმუნებული ხართ რომ ზარი ჩვენგან შემოვიდა? მე არანაირი ინფორმაცია მსგავსი ტრენინგის შესახებ არა მაქვს.

ვპასუხობ რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ზარი მათგან იყო, რადგან შემომავალი ნომერი დაფიქსირებულია ჩემს მობილურ ტელეფონში. მაშინ მეუბნებიან შიდა ნომერს სადაც შემიძლია გადავრეკო და გავარკვიო ამ ინფორმაციის შესახებ.

ვრეკავ იმავე ნომერზე, ვკრიფავ შიდა ნომერს. ქალბატონს ვუსვამ შეკითხვებს ამ ტრენინგის შესახებ. ქალბატონი როგორც ეტყობა გვერდით მჯდომ სხვა ქალბატონს უსვამს იმავე შეკითხვებს და შემდეგ მპასუხობს. მეუბნებიან რომ ტრენინგს ვინმე :ბიოლოგების ჯგუფის ხელმძღვანელი ატარებს". ვეკითხევი რა მიზანი აქვს ტრენინგს და რა დადებით გავლენას მოახდენს ჩემს კარიერაზე ტრენინგის გავლა. ქალბატონი იბნევა. გვერდზე მჯდომი ქალბატონი უხეშად იძახის: - ვინ არის, რა შეკითხვებს სვამს, რაში აინტერესებს?

ვეკითხები რამდენ ხანს გაგრძელდება ტრენინგი. გვერდზე მჯდომი ქალბატონი უკვე გაბრაზებული ყვირის
-მომეცი ეგ ტელეფონი აქეთ. რა გაინტერესებთ ქალბატონო?
-იქნებ ზუსტად მითხრათ რა ტრენინგია, რას ემსახურება-ვეკითხები მე
-ვირტუალური ლაბორატორიის ტრენინგია, განახებენ პროგრამას, როგორ მუშაობს.
-რამდენ ხანს გაგრძელდება?
-მე რა ვიცი ქალბატონო რამდენ ხანს გაგრძელდება, მიბრძანდით და ნახავთ.
-იქნებ ზუსტად მითხრათ რა უპირატესობა ექნება ტრენინგის გავლას?
და საშინლად გამაღიზიანებელი, შეურაცხმყოფელი ტონით ქალბატონი მპასუხობს:
-რა შეკითხვებს მისვამთ, მე ხომ უკვე გითხარით რაც იქნება. დრო არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება, ამიტომაც თავად უნდა მიბრძანდეთ და ნახოთ. (ქვეტექსტი - შენ თუ პროვოკატორი არ ხარ აქ რას რეკავ, მიდი და გაიგე რაც ხდება, ხომ ხედავ ჩვენ თვითონ არაფერი ვიცით).

I'm as MAD as HELL
and I'm NOT going to take this ANYMORE!"
THINGS have GOT to CHANGE my friends!!!!!!

Monday, November 28, 2011

Things have got to change my friends

კიდევ ერთი მოზრდილი პოსტი მინდა გამოვაცხო დღეს, ოღონდ სანამ კითხვას დაიწყებთ, მინდა გაგაფრთხილოთ, თუ ამ ბლოგზე, მხიარულ სურათებით გაფორმებულ, სახალისო, ზომიერი სარკაზმით შეზავებულ ცხოვრებისეულ ისტორიებს ეძებთ რომ თქვენი მოწყენილი და უმაქნისი არსებობა რაიმეთი გაიხალისოთ, დრო "მოკლათ" ან "სოციალური ცხოვრების" ილუზია შეიქმნათ გთხოვთ ნუ წაიკითხავთ. მე არ მინდა რომ ჩემი პოსტები სახალიხო იყოს, მე არ მინდა რომ ჩემმა პოსტებმა ბედნიერი ღიმილი მოჰგვაროს ან სენტიმენტალური წირპლები გადმოყაროს ვინმეს თვალებიდან. ბედნიერი წირპლებისთვის, გულისამაჩუყებელი ისტორიების მოსასმენად "იმ ქალის" შოუს მიმართეთ, ასე ერთხმად რო აგინებთ და უყურებთ, უყურებთ და აგინებთ. სახალისო ისტორიებისთვის "შუა ქალაქში"-ს უყურეთ, ილუზიური სოციალური ცხოვრებისთვის ფეისბუკი, ტვიტერი არსებობს, ასეც ასეთი შემართებით აგროვებთ ათასობით "მეგობარს" და ერთი სული გაქვთ ვინმე, თუნდაც სრულიად უცნობები შემოუშვათ თქვენს პირად არეალში, გაუზიაროთ ყვეელა დაწყევლილი აზრი და იდეა, რაც კი ალაჰმა იცის საიდან მოგდით თავებში, ყველა გულახდილი ფოტოსესია, რაც კი მეგობარმა სიმთვრალეში გადაგიღოთ, ყველა ის უაზრო, იდიოტური ვიდეო რასაც კი იუტუბზე წააწყდებით, ყველა ის უაზრო გამონათქვამი ე.წ. "დიდი ადამიანების" რაც კი ინტერნეტში მოიპოვება და დააკავოთ თქვენი პატარა ტვინები კიდევ ათასი სისულელით, რაზეც ხელი მიგიწვდებათ:
იშოპინგოთ ამაზონზე
უყუროთ ჯეკესებს
უყუროთ "ავატარს" და მსგავს იდიოტურ, მსხვილმასშტაბიან, 3D, გმირულ-უჟასტიკ-ფანტასტიკა-ფენტეზი-sci-fi-უცხოპლანეტურ-პარანორმალურ ფილმებს
ფოტოშოფში გაიდიდოთ ძუძუები და მოიშოროთ პრიშიკები და მერე გაუთავებლად ტვირთოთ სოციალურ საიტებზე
ისაუბროთ პატრიარქზე
ისაუბროთ პრეზიდენტზე
ისაუბროთ "დაკარგულ ტერიტორიებზე". მომავლის გეგმებზე, რუსეთის და ამერიკის პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ
ჭამოთ სუპერ-ზომის შაურმა ან 50 ხინკალი
უამრავი საშუალებაა რომ თქვენი ტვინები მუდმივად დაკავებული იყოს არ ფიქრობდეს იმაზე რომ თქვენი ცხოვრება ნაგავია, თქვენი სამუშაოები ნაგავია, თქვენი ბანკები ნაგავია, თქვენი ოჯახები ნაგავია და თქვენ უუფლებო მონები ხართ, თქვენი არსებობა არაფერს არ ნიშნავს, არც არაფერი მოგიტანიათ, არც არაფერს წაიღებთ. რომც არ გაჩენილიყავით, ნებისმიერი სხვა შეასრულებდა თქვენს ფუნქციას, ნებისმიერი სხვა იცხოვრებდა ისეთივე არაფრისმომცემი ცხოვრებით, როგორითაც თქვენ ცხოვრობთ და ექნებოდა ისეთივე პატარა "ცხოვრებისეული მიღწევები" როგორიცაა: საუკეთესო "black friday deal", გახეული პრეზერვატივი და "ახალი სიცოცხლის შექმნის" ბედნიერება, უმნიშვნელო დაწინაურება სამსახურში და უფროსის ხელის მოთათუნება კისერზე (ასე რომ გიყვართ და ბედნიერები რომ გაიტრუნებით ხოლმე, ფირქობთ ნეტავ მომენტი არ დასრულდეს), ახალი მანქანა ABS-ით, კლიმატკონტროლით და სავარძლების გათბობით, ახალი დუშკაბინის დამონტაჟება რადიოთი და ტელეფონით, ტოტალიზატორში 57 ლარის მოგება, წინა კბილების რესტავრაცია, ახალი წირპლიანი მელოდრამის ყურება საყვარელ პიროვნებასთან ერთად.
დიახ ჩვენ ძალიან ბევრი გართობის საშუალება გვაქვს
დიახ ჩვენ ყოველდღიურად გვეუბნებიან რა უნდა გვიხაროდეს, საით უნდა მივიწევდეთ.
როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ
როგორი მანქანები უნდა გვყავდეს
როგორი ბინები გვქონდეს
როგორი მეგობრები
როგორი ცხოვრებისეული მიღწევები
რა ვჭამოთ
რა ჩავიცვათ
სად და როგორ გავერთოთ
როდის ვიგრძნოთ თავი "შემდგარ პიროვნებებად"
საკმარისია ეგ თქვენთვის?
ჩემთვის არ არის საკმარისი
იმედია არც თქვენთვის
So, I want you to get up now
I want all of you to get up out of your chairs.
I want you to get up right now and go to the window, open it, and stick your head out, and yell,
"I'm as MAD as hell, and I'm not going to take this ANYMORE!"
"I'm a human being. GOD DAMMIT, my life has VALUE." (c) Network

Friday, November 18, 2011

დაიწყო ეროვნული საწავლო ოლიმპიადები

დაიწყო "ეროვნული საწავლო ოლიმპიადები", ჯერ როგორი პედაგოგიურად გამართლებული სახელი ქვია, სიტყვები "ეროვნული" და "სასწავლო" მეტ დრამატიზმს აძლევს საქართველოში აბუჩად აგდებულ სიტყვა "ოლიმპიადას". მეც მრავალ ოლიმპიადაზე გავდიოდი სკოლაში სწავლის დროს და ამიტომაც მიმაჩნია სასაცილოა ვიხმაროთ სახელი "ოლიმპიადა" იმ პროცესის მიმართ, რასაც მოსწავლეები გადიან (არაფერი რო აღარ ვთქვათ "ეროვნულსა" და "სასწავლოზე"). მაგრამ ჩემი დრო დასრულდა, ახლა ყველაფერი სხვანაირად ხდება. თითოეულ სკოლაში მოდის დალუქული კონვერტი, რომელიც საზეიმოდ იხსენა ოლიმპიადის დაწყებისას, ყველა მოსწავლის თანდასწრებით.ადრე ოლიმპიადები თუ სასწავლო წლის დასასრულს ტარდებოდა, ახლა დასაწყისში ტარდება, როცა მოსწავლეებს ჯერ კიდევ არ გაუვლიათ შესაბამისი კლასის პროგრამა, ამიტომ ოლიმპიადის გამარჯვებულებიც წესით ისეთი გამორჩეული ნიჭის მქონე მოსწავლეები უნდა იყვნენ, რომლებსაც შეუძლიათ მთელი წლის პროგრამა 2 თვეში აითვისონ და არა მარტო პროგრამა, არამედ ამ პროგრამის ირგვლივ ათასგვარად ჩახვეულ-ჩახუჭუჭებული ამოცანების ამოხსნაც შეძლონ, რაც მათ არაორდინალურობას და ფენომენალურ ნიჭს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს და ყველანაირ ეჭვს "ოლიმპიადების" არაკეთილსინდისიერად ჩატარების შესახებ მომენტალურად გაფანტავს. მართალი გითხრათ, ცოტა ვინერვიულე ამ ოლიმპიადებთან დაკავშირებით. მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, სამწუხაროდ ჯერ არ მყოლია ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ასეთი ფენომენალური ნიჭით იქნებოდნენ დაჯილდოვებულნი, ამიტომაც საკუთარ სწავლების მეთოდებში შევიტანე ეჭვი.(სადმე ხომ უნდა იყოს მიზეზი? მოსწავლეებში აშკარად არაა,ოლიმპიადის მასალის შემდგენელში შეიძლება იყოს მაგრამ სხვაზე ხელების შეწმენდა არაკეთილსინდისიერი საქციელია ე.ი. ჩემში უნდა იყოს) ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს, 10 წუთის წინ დამირეკა თანაკურსელმა, რომელიც "ასწავლე საქართველოსთვის" ,არანაკლებ პათეტიური სახელწოდების მქონე პროექტით მაღალმთიანი რეგიონების მოსწავლეებს ასწავლის ქიმიას. მეუბნება:
-წლევანდელი ოლიმპიადის საკითხები ვიშოვე მე-12 კლასებისთვის, რაღაც ამოცანებია იქ და მათ ამოხსნაში ვერ დამეხმარები?
მე ყბა ჩამომივარდა
-იშოვე?როგორ იშოვე?საკითხები ხომ დალუქული მოვიდა?
-ხო, მაგრამ პასუხებიც მოყვა რომ სკოლაშივე შევამოწმოთ ნაწერები და იმ პასუხებიდან ამოვწერე, ახლა ჩაგაწერინებ ამოცანებს, ამომიხსენი და საღამოს პასუხები მითხარი.
მაწერინებს ამოცანებს. უფრო სწორად ისეთი გაკვირვებული და გაბრაზებული ვიყავი არაფრის ჩაწერა და ამოხსნა არ მინდოდა, ამიტომ უბრალოდ ვუსმენდი, მაინტერესებდა. რამოდენიმე განმარტება მივეცი, თუ რა როგორ უნდა გაეკეთებინა და მეუბნება:
-აა, არა ეგენი არ მინდა, შენ პროსტა ამომიხსენი და პასუხი მითხარი კაი? საღამოს დაგირეკავ.
ჯერ ნუ აქ ოლიმპიადაზე საუბარს შევწყვეტ და "ასწავლე საქართველოსთვის" პროექტზე გადავალ, მაგრამ რაღა არის საჭირო აწი ამ პროექტზე რომ ითქვას?ნუ ერთი ის შეიძლება დაემატოს რომ მაღალმთიან რეგიონებში რომ გაეგზავნათ მასწავლებლები, რომლებიც თავიანთი საგნის აზრზე არიან, სტატისტიკურად რეგიონები ნიჭიერი ბავშვების რაოდენობით თბილისს აჯობებდნენ.
თუ ვერა?
პრონციპში არა მგონია იგივე იდეები თბილისში არ მოსვლოდათ თავში მასწავლებლებს და დარწმუნებული ვარ, ზოგიერთ მათგანი ამოცანების ამოხსნასაც კი შეძლებდა. ალბათ.

Tuesday, October 25, 2011

"პოპულარული პოხუიზმი"

"პოპულარული პოხუისტები" ადამიანების ახალი ჯიშია, არც ისე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული. არ ვიცი ვინ იყო პირველი "პოპულარული პოხუისტი", მაგრამ როგორც ჩანს საკმაოდ კარგი კარიერული მიღწევები ჰქონდა, რადგან ამდენი მიმდევარი გაიჩინა და სხვათაშორის ეს მეთოდიკა საკმაოდ კარგად ამართლებს. "პოპულარული პოხუისტები" ქმნიან მოძველებული ტრადიციების დამანგრეველი, მხიარული, ენამახვილი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის იმიჯს. მათ აქვთ პრეტენზია რომ აზროვნებენ ე.წ. "ყუთის გარეთ". წესით ასეთი ადამიანები საზოგადოებაში წარმატებით არ უნდა სარგებლობდნენ და საერთოდაც პოპულარობა და "პოხუიზმი" საკმაოდ შეუთავსებელი ცნებებია, თუმცა ამ ადამიანებს აქვთ "წარმატების" ერთი საიდუმლო.
როგორც ვთქვით მათ აქვთ პრეტენზია რომ ე.წ. "ყუთის გარეთ" აზროვნებენ, თუმცა მათ ამ წარმოსახვითი ყუთის გარშემომკრთალი ფანქრით მოხაზული აქვთ ოდნავ უფრო დიდი ყუთი. იგი მართალია ცოტათი უფრო დიდია ე.წ. "ტრადიციულ ყუთზე", თუმცა ამ ყუთის მოცულობა ზუსტად ტოლია ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანების მოთმინების ფიალის მოცულობისა, რაც კარგად იცავს "პოპულარულ პოხუისტის" კბილებს თანამოსაუბრის შეკრული მუშტისგან.როდესაც "პოპულარული პოხუისტი" ყველა თავის ავანგარდულ-"პოხუისტურ" აზრებს გადმოალაგებს მოსაუბრის წინაშე და გრძნობს რომ თანამოსაუბრის მოთმინების ფიალა თითქმის ბოლომდეა გაპიპინებული და რამოდენიმე წვეთის დამატებაც კი აფეთქებას გამოიწვევს, იგი მოულოდნელად ფართო, გადამდები ღიმილით შეაცქერდება მოსაუბრეს და სასიამოვნო კომპლიმენტით ან მხიარული ხუმრობით დააჯილდოვებს მას. მთელი დაძაბულობა მოულოდნელად ქრება და თანამოსაუბრე სასიამოვნო განწყობით ტოვებს "პოპულარულ პოხუისტს". ამიტომაც პოპულარულ პოხუისტებს მუდმივად ეჩქარებათ სადღაც. საჭიროა საუბრის სასიამოვნო ნოტაზე დასრულება და სიტუაციიდან გაცლა რომ უხერხული დუმილი არ ჩამოვარდეს და სიტუაცია თავიდან არ დაიძაბოს.
აბა სცადეთ "პოპულარულ პოხუისტს" დაუსვათ შეკითხვა რომელზე "პოხუისტური" პასუხიც საზოგადოების ტრადიციული აზროვნების ფიალაში ვეღარ ჩაეტევა და მათ მუშტებს მომენტალურად შეკრავს. (მაგალითად სექსუალური უმცირესობების უფლებებზე, რელიგიაზე და ა.შ.) "პოპულარული პოხუისტი", ადამიანი, რომელიც გამოირჩევა დოღრიალა საუბრის მანერით და ფართო ჟესტიკულაციით, უცებ ჩაჩუმდება ორაზროვანი ღიმილით გადახედავს საზოგადოებას, შეაფასებს მათი მოთმინების ფიალის მდგომარეობას და გააკეთებს პაუზას, რათა საზოგადოებამ თავადვე იმსჯელონ დასმულ პრობლემატიკაზე. თუ ასე არ მოხდა და მას მაინც მოსთხოვენ კითხვაზე პასუხის გაცემას, იგი კითხვაზე კითხვით უპასუხებს: "- და თქვენ როგორ ფიქრობთ?" ასეთ გამოცდას ვერც ერთი, თუნდაც გამორჩეული ინტელექტის მქონე, საზოგადოება ვეღარ გაუძლებს და ატყდება ყაყანი. ყველა მათგანი შეეცდება თავისი უტყუარი, ორიგინალური აზრის გამოთქმას და წამოვა ურთიერთგამომრიცხავი აზრების კორიანტელი. ყველასგან მივიწყებული "პოპულარული პოხუისტი" ახლა უკვე თითოეულ "პასუხით გამომსვლელ" პიროვნებას შესცქერის ფართო გადამდები ღიმილით და დაბალ ხმაზე წარმოთქმულ სასიამოვნო კომპლიმენტებსაც არ იშურებს მათთვის:"-გეთანხმებით", "-სწორად მსჯელობთ", "-მე სხვაგვარად ვფიქრობდი მაგრამ თქვენი არგუმენტები ძალიან დამარწმუნებელია". და ა.შ. დავის დასრულების შემდგომ თითოეული ადამიანი ტოვებს ოთახს სასიამოვნო განწყობით, რომ "პოპულარული პოხუისტი" სწორედ მის ლოგიკურ-ორიგინალურ აზრს ეთანხმება.
აბა მეტი რა არის პოპულარობა?

Friday, March 4, 2011

რეგისტრაცია მასწავლებელთა საატესტაციო გამოცდისთვის

მასწავლებელთა საატესტაციო გამოცდები გრძელდება. წელს გამოცდას უკვე ყველა საგნის მასწავლებელი ჩააბარებს, ოღონდ სანამ გამოცდამდე მივალთ კვლავ მასწავლებელთა რეგისტრაციაა საჭირო.
მასწავლებელთა რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის საიტზე ( www.tpdc.ge ), 14 თებერვალს,"სიახლეებში" გამოქვეყნდა. ყველაზე გენიალური ის არის რომ ამ სიახლის გაგება მხოლოდ იმათ მოახერხეს, ვინც მისდა ბედად ზუსტად 14 თებერვალს გახსნა საიტი და პირდაპირ თვალში მოხვდა სიახლეებში გამოქვეყნებული განცხადება. სასაცილო ის არის რომ საიტზე ეს ინფორმაცია, მთავარ მენიუში მყოფ "სერტიფიცირების" განყოფილებაში არ გადაუტანიათ და როგორც იყო სიახლეებში, ისევე დარჩა, ხოლო "სერტიფიცირების" განყოფილება ცარიელია. იქ არ არის მოთავსებული არც შარშანდელი სერტიფიცირების მონაცემები, არც პროგრამები, არც ტესტების ნიმუშები, არც წლევანდელი სერტიფიცირების შესახებ ინფორმაცია. ეს ინფორმაცია, რომელიც ამჟამად მასწავლებლებს რეგისტრაციისთვის ესაჭიროებათ, მდებარეობს ზემოთმოცემული საიტის "სიახლეების" განყოფილების მეორე გვერდზე. ნელ-ნელა, როდესაც საიტზე სიახლეები დაემატება, ეს ინფორმაცია გადაიწევს მეორედან მე-15 გვერდამდე და რეგისტრაციის დამთავრებამდე (25 მარტამდე) ეს ინფორმაცია ზეპირსიტყვიერად გარდამავალ მითად იქცევა, ყველა სხვადასხვანაირად გაავრცელებს ამ ინფორმაციას, დაიწყება გაუგებრობები რესურსცენტრებში, დადგება უზარმაზარი ცოცხალი რიგები, არავის არ ეცოდინება რეალურად რა საბუთები უნდა მიიტანონ რეგისტრაციის გასავლელად, დაიწყება: "მე დილიდან აქ ვდგევარ ქალბატონო და ახლა გავედი საპირფარეშოში როგორ გეკადრებათ, პედაგოგი ქალბატონი ბრძანდებით" და "ვისაც ნოტარიალურად დამოწმებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი არ გაქვთ ტყუილად ნუ დგახართ რიგში, მეც ხო ადამიანი ვარ კაცო, დილას მერეა 139843625987234659865 ადამიანი დავარეგისტრირე, აღარ შემიძლია დამეთხარა თვალები":-შეძახილები, რასაც მხარს აუბამენ ტრადიციული: "ეს რას გვიშვებიან, ასაკოვანი ხალხის ქუჩაში გაყრა უნდათ" და "პიდარასტები შემოგვიყარეს მასწავლებლებად"-ფრაზები.იქნება კარების გაჯახუნება-გამოჯახუნება, ბუზღუნი, წუწუნი და ა.შ ყველაფერი, რაც ტიპიურად ხდება ხოლმე საქართველოში რიგებში დგომის დროს.
სიტყვა გამიგრძელდა და ყველაზე მთავარი რისი თქმაც დღეს მინდოდა ეს არის: მოკლედ გადავწყვიტე 25 მარტამდე არ ველოდო და სწრაფადვე გავიარო რეგისტრაცია სანამ ცხოვრებით უკმაყოფილო მასწავლებლებს ცოცხალი რიგები არ შეუქმნიათ რესურსცენტრებთან. შარშან უკვე ვიყავი მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდაზე, ჩვეულებრივად დავრეგისტრირდი წარვადგინე ყველა საბუთი, რომელსაც ითხოვდნენ, გამოცდაც ჩავაბარე და წელს უკვე ქიმიის გამოცდაზე დავაპირე გასვლა. "სასერტიფიკაციო გამოცდის რეგისტრაციის განაცხადში" ჩამოთვლილია კვლავ ის საბუთები, რომლებიც მე უკვე მივიტანე შარშან რეგისტრაციისას, მაგრამ დაბლა მიწერილიც აქვს შემდგომი ფრაზა:
"მესამე სვეტში, შესაბამისი საბუთის გასწვრივ დასვით (პწიჩკა) ნიშანი იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ეს საბუთი წარმოდგენილი".
ხოდა მეც დავსვი "პწიჩკები", შევავსე განაცხადის ფორმა, ავიღე 1 ცალი სურათი და წავედი რესურს ცენტრში. მივედი ქალბატონთან, და ვეუბნები:-მე შარშან ვიყავი, ეს საბუთები ყველაფერი წარვადგინე და მონიშნულიც მაქვს განაცხადის ფორმაში.
-იცით, ეგ საბუთები თავიდან უნდა წარმოადგინოთ.
-კი მაგრამ აქ ხომ წერია, რომ თუ წარმოდგენილი მაქვს საბუთები უნდა აღვნიშნო და თავიდან მოტანა არ არის საჭირო?
ქალბატონმა ძალიან უკმაყოფილო სახით შემომხედა და მომახალა:
-ჯერ ერთი ეგ "პწიჩკით" მე უნდა აღვნიშნო (?!) და მეორეც მაინც უნდა მოიტანოთ ეგ ყველა საბუთები, არც კი მახსოვს სად დავდევი შარშანდლის მერე (???????)
ესე იგი, მე თავიდან უნდა გადავიღო ჩემი ბაკალავრიატის, მაგისტრატურის დიპლომების, პირადობის დამადასტურებელი ასლის, შრომის წიგნაკის ასლები, ეს ყველაფერი დავადასტურებინო ნოტარიუსს (რომელიც სხვათაშორის თანხა ღირს) და თავიდან წარვადგინო და ა.შ. საბოლოოდ გავიდე გამოცდაზე, და გამოცდები როდესაც მორჩება (ან რეგისტრაცია რომ დამთავრდება) ისევ ისე მიყრიან საბუთებს რომ კაციშვილს არ ეცოდინება სად დევს და საჭიროების შემთხვევაში ყველაფერზე ისევ თავიდან მომიწევს სირბილი. ერთი კითხვა მაქვს, თუ მაინც არ გჭირდებათ ეს საბუთები და ასე დაუდევრად ყრით სადღაც, ამ, ისედაც დაბნეულ მასწავლებლებს რაღას არბენინებთ და აკეთებინებთ ამ ყველაფერს თან რამოდენიმეჯერ?