ჯიდიესზე გასული გადაცემის ფრაგმენტის და მისი გამოხმაურებების ნახვის შემდგომ კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს წინა ბლოგპოსტებს და მივხვდი რომ გენდერული უთანასწორობის ეს მასიური პრობლემა მაინც ვერ ჩამომყავს იმ საერთო უმეცრების დონემდე, რომელსაც ჯერ უნდა გაუთანაბრდე, რომ შემდგომ შესაძლებელი იყოს მასზე რაიმე ტიპის (ადამიანთა თანასწორობის) კონცეპტის დაშენება ისე რომ შენსა და საშ. სტატ. მკითხველს შორის "ხიდჩატეხილობის" პრობლემა არ წარმოიშვას. მარტო მე კი არა მგონი ვერავინ ვახერხებთ და ეს გენდერული თანასწორობის კონცეპტი გვრჩება ასე ჰაერში გამოკიდებული ძეხვივით, კატა რომ ვერ სწვდება.
ძირითადი კითხვა, რაც ამ ვიდეოს გავრცელების შემგომ ისმებოდა ასე გამოიყურებოდა:
რა შუაშია ამ გადაცემასთან სექსიზმი? ეს ქალები არავინ არ აიძულა მსგავს გადაცემაში მიეღოთ მონაწილეობა, საკუთარი სურვილით მივიდნენ. რა შუაშია აქ გენდერული ჩაგვრა?
პასუხი მარტივია: ამ ქალებისთვის რომ ეიძულებინათ გადაცემაში მონაწილეობა, ეს სექსიზმი კი არა ტრეფიკინგი იქნებოდა. ფაქტი რომ ქალებმა გადაცემაში საკუთარი ნებით მიიღეს მონაწილეობა, არ ცვლის გადაცემის წამყვანთა და პროდუსერთა ძირითად დამოკიდებულებას ქალებისადმი რაც არის ქალის ობიექტივაცია, კერძოდ კი - ქალის სხეულის გამოყენება უსულო საგნად, ტამტამებად. ქალის გამოყენება საკუთარი ნებელობის არმქონე სექსუალურ ობიექტად, რომელზეც კაცს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი, მისთვის სასურველი, მოქმედება ყოველგვარი დაფიქრების და გაანალიზების გარეშე თუ რამდენად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი შეიძლება იყოს ეს მოქმედება პიროვნებისთვის (კონკრეტულად ამ გოგონებს არ ვგულისხმობ, მაგრამ უამრავმა ჩვენგანმა ამ ვიდეოს ნახვის შემდგომ თავი საოცრად დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვიგრძენით). ამ ვიდეოში ქალები აღიქმებიან ობიექტებად, რომელიც შეგიძლია იყიდო (გადაუხადო ფული გადაცემაში მონაწილეობისთვის) და გამოიყენო ობიექტად (გახადო კაბა, გადაკუზო, ტრაკზე დაუკრა და ასე შემდეგ), ხოლო მამაკაცები სუბიექტებად, რომლებიც ახორციელებენ მსგავს მოქმედებას და რაც ყველაზე საზარელი იყო ამ ვიდეოში, მხიარულად ცეკვავენ უკანა ფონზე. მგონი საჭიროა ასევე განიმარტოს რატომ არის ქალების ობიექტივიზაცია ცუდი რადგან ბევრს ვსაუბრობთ ამ ობიექტივიზაციაზე და ეჭვი მაქვს ცოტას ესმის რა უარყოფითი შედეგები მოყვება ქალების ობიექტივიზაციას: ქალების სექსუალური ობიექტივიზაციისას ქალი აღარ აღიქმება როგორც პიროვნება თავისი ნებელობით და თავმოყვარეობით, არამედ რომელიც ნივთი,პასიური სექსუალური ობიექტი, რომელიც შეგიძია გამოიყენო სექსუალური კონტაქტისთვის ან მასზე სხვადასხვა ტიპის მოქმედებების შესრულებისთვის. მსგავს სტერეოტიპებში მამაკაცი არის სუბიექტი, რომელიც მოქმედებს მის მფლობელობაში არსებულ ობიექზე. ხდება ქალების დეჰუმანიზება, ქალების წარმოჩენა როგორც მხოლოდ სექსუალური სხეულის ნაწილების ერთობა, და არა როგორც სრულყოფილი პიროვნება რაც თავისთავად კარებს ხსნის ქალების მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობისკენ. შესაბამისად მსგავსი ტიპის სტერეოტიპების გამყარება ტელევიზიის მიერ მას შემდგომ, რაც საქართველოში მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობის სტატისტიკა ასეთ საზარელ მასშტაბებს იღებს, აბსოლუტურად მიუღებელი და შეუწყნარებელი მოქმედებაა.
ამ ვიდეოს ასევე ძალიან ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოყვა აბსოლუტურად არარელევანტურ ჭრილში, რაც იყო: ქართული ფოლკლორის და ტრადიციების აბუჩად აგდება, ქართველი ქალის "ხატის" დარღვევა და ა.შ. რაც კიდევ უფრო მაშფოთებს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც სექსიზმს ვერ ხედავენ. ერთი კითხვა მიჩნდება: ამ ქალბატონების უკანალებზე შოუს წამყვანებს მანდილი რომ გადაეფარებინათ, მსგავსი ტიპის უარყოფითი გამოხმაურება მაინც მოყვებოდა თუ ადამიაანები მშვიდად შეხედავდნენ ქალის ობიექტივიზაციის ამ საშინელ ვიდეოს? არის თუ არა ამ ტიპის ადამიანებისთვის ქალი, როგორც ადამიანი, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ქართული ფოლკლორი და ტრადიციები? განიხილავენ თუ არა ისინი ქალებს, როგორც სრულფასოვან ადამიანებს საერთოდ?
ასევე მაშფოთებს ადამიანები, რომლებიც ამ ვიდეოს - ქალის ემანსიპაციად და სექსუალურ თავისუფლებად აღიქვამენ რადგან პირდაპირ ჩანს რომ არც ეს ადამიანები აღიქვამენ ქალებს, როგორც სრულფასოვან ადამიანებს. პატივცემულებო, ქალის სექსუალური რევოლუცია და სექსუალური თავისუფლება არ ნიშნავს რომ ქალებმა "ქუხნის და დედის" სტერეოტიპიდან პირდაპირ სექსუალური ობიექტების სტერეოტიპებში ისკუპონ. თქვენთვის ქალის სექსუალური თავისუფლება იმდენად ქალის სექსუალურ თავისუფლებად არ აღიქმება, რამდენადაც თქვენს საკუთარ თავისუფლებად, კიდევ დამატებითი ტიპის დომინაცია მოიპოვოთ ქალებზე, სამყაროში, სადაც ქალები მამაკაცების მიერ ანიმირებულ სექსუალურ მარიონეტებად იქცევიან.
ასევე წავიკითხე სტატია რომ ამ გადაცემის "შემომქმედები" ბოდიშის მოხდას არ აპირებენ და არც გამკვირვებია და რომც მოეხადათ, მსგავს გადაცემის შექმნას და ეთერში გაშვებას ათასი ბოდიში არ ეყოფა და სანამ მსგავსი ადამიანებს ერთხელ და საბოლოოდ არ ჩამოერთმევათ უფლება მასმედიის ნებისმიერი ხარისხის სადავეებთან 500 მეტრზე ახლოს მიკარების, ნებისმიერი იდეა, საქართველოში არსებული უმძმესი გენდერული უთანასწორობისა თუ ძალადობის პრობლემების აღმოფხვრისა, წმინდა წყლის ილუზიაა.