დღეს არაჩვეულებრივად ბრწყინვალე ვალენტინის დღე დგას. დღევანდელი დღე გამორჩეულია არა მხოლოდ გაყიდული გულის ფორმის ბალიშების და თითო ვარდების რაოდენობით. არც სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ქალების მიერ გულის ფორმის შოკოლადის კანფეტებით პირის ჩატკბარუნების შესაძლებლობით, რადგან ასეთ მშვენიერ დღეს ყველა ქალბატონს შეუძლია მისცეს თავს უფლება სილამაზის შენარჩუნების მკაცრი დიეტების გზიდან გადაუხვიოს და მისი მამაკაცის ხელით მორთმეული შოკოლადით თავი გაინებივროს. არც იმ საიუველირო ნაკეთობების რაოდენობით, რაც განსაკუთრებულად დამჯერე მომთმენ და თავმომვლილ, ჰეტეროსექსუალურ სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფ ქალბატონებს მიართმევენ მათი პარტნიორები. არამედ დღეს ასევე ხდება ქალების ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: მსოფლიოს გარშემო მილიარდი ქალბატონი ცეკვით უპირისპირდება იმ საშინელ ძალადობასა და ჩაგვრას რასაც ქალები განიცდიან. ვფიქრობ ამ მშვენიერ პერფორმანსზე, რითაც ქალები ძალადობის უღელს იხსნიან და იმ ნებისყოფაზე, რომელიც ამ ქალბატონებს ძალადობის მარწუხებიდან თავის დახსნისთვის და მსგავსი სულის ამაფორიაქებელი ამბოხისთვის დასჭირდათ. ვფიქრობ იმ ყველა ფიტნესისა და ცეკვის გაკვეთილებზე რაც ამ ქალბატონებმა გამოიარეს მსგავსი ამბოხის მოსამზადებლად, ვფიქრობ მათ შიშებსა და განცდებზე რომელიც მსგავსი პიროვნული ამბოხის გამოსახატად სწორი ტიპის ფეხსაცმელების შერჩევისას გამოიარეს და ვთვლი რომ მსგავსი რევოლუციების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.
მოცემულ ბლოგში მინდა შემოგთავაზოთ იდეები, ე.წ. "ქალთა ამბოხების გზამკვლევი", რომლითაც მსგავსი მნიშვნელოვანი ივენთების რაოდენობა წელიწადში ერთიორად გაიზრდება და ქალებსაც მისი შესრულება, გამომდინარე ქალებისთვის მახასიათებელი ქალური უნარჩვევებით, დიდად არ გაუძნელდებათ:
1)ე.წ. "ბორშის ამბოხი". წელიწადში ერთხელ, მილიარდი ქალი მსოფლიოს გასწვრივ აიღებს მცირე ზომის გაზის ქურას, ბორშისთვის საჭირო ყველა ბოსტნეულსა თუ სამზარეულო ჭურჭელს და ქუჩებში მოხდება "ბორშის ხარშვის დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" სადაც ცივილიზებული ფორმით ქალები გამვლელებს მიართმევენ თითო თეფშ ბორშს გულის ფორმის კარტოფილებით, რაც სიყვარულისა და მშვიდობის სიმბოლო იქნება გენდერთაშორისი შუღლის აღმოსაფხვრელად.
2)"ქსოვა დისკრიმინაციის წინააღმდეგ". მილიარდი ქალბატონი მსოფლიოს გასწვრივ, შეიკრიბებიან ქალაქების მთავარ ქუჩებში და მოქსოვენ გულებამოქარგულ თითებიან წინდებს და დაურიგებენ გამვლელებს ნიშნად გენდერთაშორისი დისკრიმინაციის დამარცხებისა.
3) "ვულვის ყვავილები" - შედარებით კომპლექსური აქტივობა იქნება მილიარდი ქალბატონი მსოფლიოს გარშემო დაკავდებიან მათი საყვარელი ორი საქმიანობით: ძერწვა და ყვავილების მოვლა. ამ დღისთვის ქალბატონები გამოძერწავენ ვულვის ფორმის ქოთნებსა და ფალოპის მილების ფორმის სარწყავებს. ამ ვულვის ფორმის ქოთნებში დარგავენ მათთვის საყვარელ ყვავილებს და გამვლელებს სთხოვენ ფალოპის მილების ფორმის სარწყავებიდან მორწყან ვულვის ფორმის ქოთნებში არსებული ყვავილები. ივენთის სახელი იქნება "ჩვენი ყვავილები" და მისი მიზანი იქნება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ქალთა რეპროდუქტიულ ორგანოებზე და ტაბუების მოხსნა, რაც ქალთა ანატომიას თან სდევს.
4)"გავწმინდოთ ერთმანეთს ფორები" - მილიარდი ქალბატონი მსოფლიოს გასწვრივ, გამოვლენ ქუჩებში და გამვლელებს, გაურჩევლად მათი რასისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა და კანის ფერისა, აუხსნიან სახის კანის ფორებში ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორების ხერხებს და ერთმანეთს ჩაუტარებენ სახის კანის ღრმა წმენდის მანიპულაციებს.
ჯერჯერობით ქალებისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობების მხოლოდ ეს სელექცია მოვახერხე პერსონალური ამბოხის თემატიკაში გადმომეტანა. ველი სხვა მსგავს პროაქტიულ იდეებს და გამოხმაურებებს რადგან თქვენი ამბოხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
მომავალ შეხვედრამდე!!