ახალი "ხოხმა" გამოჩნდა დღეს საქართველოში. კერძოდ მხეცის ნიშნით დაზაფრული მასწავლებლის მიერ პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების დატოვება და რაც უფრო საყურადღებოა ჩემის აზრით - პედაგოგებისთვის ე.წ. "შპარგალკების" ჩამორთმევა.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოვლენები ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია, რამდენადაც საუბარი ეხება მთელი მომავალი თაობის აღზრდა-ჩამოყალიბების საკითხს და ავადსახსენებელ "საქართველოს მომავალს", რომელსაც უმეტესი ჩვენგანი მაინც ვარდისფერი სათვალით შევცქერით და მიუხედავად სკეპტიციზმისა თუ ირონიისა, სადღაც გულის სიღრმეში მაინც გვჯერა რომ ოდესმე იბერიაც გაბრწყინდება. ყველაზე სკეპტიკური და ირონიული ადამიანებიც კი ვთანხმდებით რომ ამ გაბრწყინების ერთადერთ და შეიძლება ბოლო იმედსაც კი, მომავალი თაობის განათლების ამაღლება, სოციალური უნარების ჩამოყალიბება, გულწრფელი, პატიოსანი, შრომისმოყვარე, ლოიალური, ინფორმირებული, კაცთმოყვარე პიროვნებების აღზრდა წარმოადგენს. თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა გვეჩვენოს, ზემოთმოცემული ინფორმაციის გავრცელებამ ძირითადად უფრო ხუმრობანარევი ვიშვიში გამოიწვია, რომელსაც ნელნელა ვიშვიშის ნაწილი ჩამოსცილდა და მხოლოდ "ხოხმა"-ღა დარჩა.
არასწორად არ გამიგოთ, ჩემი პირველი რეაქციაც ამ ინფორმაციის მოსმენისას ხმამაღალი თავშეუკავებელი სიცილი და "რა ბნელები არიან"-ტიპის აზრები იყო მაგრამ ცოტა ხნის შემდგომ მივხვდი.
"ხოხმა" ჩაწყნარდება, სკანდალები მოძველდება და ახალი სკანდალებით და "ხოხმებით" ჩანაცვლება, თუმცა მოცემული უმსგავსო პედაგოგები არსად არ გაქრებიან. სექტემბრიდან კვლავ დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს და როგორც მინიმუმ 2014 წლის ბოლომდე კვლავ მომავალი თაობის "აღზრდას" შეუდგებიან, რაც მინიმუმ 1,5 მაქსიმუმ 2 წელიწადს წარმოადგენს. თუ მიახლოებით მაინც გამოვთვლით რამდენ მოსწავლესთან ექნებათ შეხება მოცემულ პედაგოგებს ამ დროის განმავლობაში და რამდენი მათგანთან მოასწრებენ თავიანთი უპასუხისმგებლობის, თაღლითობის, ბინძური წესებით თამაშის, აფირისტობის და უსირცხვილობის უნარების გადაცემას, ვფიქრობ საქმე სასაცილოდ ნამდვილად აღარ გვექნება.
შესაბამისად მიჩნდება კითხვა, არის თუ არა მორალურად გამართლებული საქციელი, მოვითხოვოთ ამ პედაგოგების სახელების და გვარების გასაჯაროება რათა სამუდამოდ აეკრძალოთ მათ პედაგოგიური სამუშაოს შესრულება და პასუხი აგონ საკუთარ ამორალურ საქციელზე თუ ვაცალოთ მინიმუმ წელიწადნახევარი მათივე მსგავსი ამორალური თაობის აღზრდის საქმისთვის?