Monday, February 27, 2012

ცოტა რამ სოკოებივით მომრავლებულ კერძო სკოლების შიდა სამზარეულოზე.

პოსტს მოკლე თავის გამართლებით დავიწყებ: რადგან სკოლის სახელს, რომელზეც დღეს ვისაუბრებ, არ ვასახელებ, მჯერა რომ არაფერი არაეთიკური ჩემს საქციელში არ არის და მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, რა ხდება კერძო სკოლების შიდა სამზარეულოში, აუცილებელია.

კერძო სკოლა, რომელზეც დღეს მე მინდა ვისაუბროდ ახლადგახსნილი სკოლაა,მოსწავლეებისთვის საკმაოდ სოლიდური გადასახადით და დიდი პრეტენზიებით. მე შარშან დავიწყე ამ სკოლაში მუშაობა საკმაოდ სიმბოლური საათების რაოდენობაზე, რათქმა უნდა დიდი დაპირებებით და მომავლის გეგმებით. პირველი პრობლემა რაც დადგა, რა თქმა უნდა, მე-12 კლასების მომზადება იყო საატესტაციო გამოცდებისთვის რადგან მსგავსი გამოცდები პირველად ტარდებოდა და ბავშვებს არანაირი თეორიული საფუძველი არ გააჩნდათ გასული წლების პროგრამებიდან. რადგან სკოლა ახალგახსნილი იყო და ფინანსურად ჯერ მყარად არ იდგა, რამოდენიმე მასწავლებელმა შევთავაზეთ დირექციას, მე-12 კლასებისთვის კვირაში დამატებითი 2 საათის უფასოდ ჩატარება და წელიწადიც საკმაოდ წარმატებულად დავხურეთ. მოსწავლეებმა საკმაოდ მაღალი ქულების აღება მოახერხეს საატესტაციო გამოცდებში. წლის ბოლოს, ინდივიდუალური გასაუბრებების საფუძველზე გავარკვიეთ, ვიმუშავებდით თუ არა მომოვალ წელს ამავე სკოლაში. ფრიად თვითკმაყოფილი შევედი გასაუბრებაზე, სადაც რამოდენიმე მსუბუქი საყვედური მივიღე რომ "საკმაოდ ჩართული არ ვიყავი სკოლის პედკოლექტივის მუშაობაში" (ამაზე ცალკე, მოგვიანებით დავწერ, რა იგულისხმება "პედკოლექტივის მუშაობაში ჩართულობად"), საბოლოოდ შედეგი იყო რომ ამ სკოლაში მომოვალ წელსაც გავაგრძელებდი მუშაობას. ცოტა გულდაწყვეტილი გამოვედი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, ეს სტანდარტული საყვედური ყველა მასწავლებელს შეეხებოდა.

დაიწყო ახალი სასწავლო წელი, მოსწავლეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა და აღმოჩნდა ასევე გაიზარდა ქიმიის მასწავლებლების რაოდენობაც, რამაც "სტატუს კვო" შემინარჩუნა და იგივე რაოდენობის საათებზე მიწევდა მუშაობა (მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მოთხოვნის შესაბამისად, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე გავედი და სერტიფიკატიც ავიღე). ყველაზე უცნაური, რაც ჩემთვის იყო, როდესაც საათების გადანაწილებას შევხედე, 2 უფასო საათი ისევ იჯდა ჩემს ცხრილში და ისევ უფასო იყო. ერთი კი დავაპირე მეთქვა "თქვე მამაცხონებულებო, შარშან მთელი წელი პატივი გეცით და ახლა ცხვირში უნდა მადინოთთქო?" მაგრამ ამის მაგივრად ათჯერ ღრმად ჩავისუნთქე-ამოვისუნთქე და ვუთხარი "თქვენი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად წელს უფასო საათებს ვეღარ ჩავატარებ მეთქი". თან 2 უფასო დამატებით საათებს ისედაც, საკუთარი სურვილით, ვატარებ გაკვეთილების შემდეგ, ოთხს უკვე ვეღარ გავუძლებდი.

ყველაზე საინტერესო ფაქტი რაც იყო, წელს მე-12 კლასებს დამატებითი საათები ისედაც ეკუთვნოდათ ქიმიაში, თან ანაზღაურებადი. მაგრამ როგორც მოგვიანებით გავიგე, ამ დამატებით საათებს ჩემს მოსწავლეებთან სხვა მასწავლებელი ატარებდა. ამაზე კი ჩამომივარდა ყბა, ვის გაუგია ერთდაიმავე მოსწავლეებს ერთდაიმავე საგანი ორმა განსხვავებულმა მასწავლებელმა ასწავლოს? მაგრამ ეტყობა ჩემი სკოლის მესვეურებს გაუგიათ,ამაზე დავას აზრი არ ქონდა.ერთ გაოცებულ კითხვაზე "ნიშნები როგორ დაიწერება" მიპასუხეს რომ მე დადამატებითი საათების მასწავლებელი ცალ-ცალკე დავწერდით ნიშნებს და ცალ-ცალკე შეჯამდებოდა.

მოკლედ სასწავლო სემესტრიდასრულდა. ჩემთან მოდის დამატებითი საათების მასწავლებელი და მეკითხება რა ნიშნებს ვუწერ ამა თუ იმ ბავშვს. ამაზე ცალკე ყბა ჩამომივარდა

-არვიცი რას ვუწერ,გადავხედავ მთელი წლის ნიშნებს და შევაჯამებ ჯერ არ შემიჯამებია.
ამაზე ეპიკური პასუხი მივიღე

-რომ შეაჯამებ მეც მითხარი და იგივე ნიშნებს დავწერ, პრობლემებს არ შეგიქმნი!

სახლში გაოცებული დავბრუნდი, ვერ მივხვდი რა მოხდა.შემდგომ როგორც კომპეტენტური პიროვნებისგან (მამაჩემისგან) გავიგე, თურმე ძვირფასმა კოლეგამ პატივი მცა. ჩემს გაოცებულ კითხვაზე:
-კი მაგრამ სემესტრი დამთავრდა და ახლა როგორ დაწერს ნიშნებს,მთელი წელი არ უნდა ეწერათქო? -მამაჩემმა მიპასუხა "-არ გასწორდების ძაღლის კუდიო". რა თქმაუნდა მამაჩემს არ დავეთანხმე და ამ კოლეგასთან შეხვედრას ცოტა ხანი გავურბოდი, სანამ არ გამომიჭირა,კუთხეში მიმიმწყვდია და მოსწვალეების ნიშნები გამომკითხა.სხვა გზა არ იყო,მეც ვუპასუხე და თვალი გავაყოლე,როგორ მიდიოდა კლასში დატოვებული, გადაშლილი ჟერნალისკენ, ნიშნების ჩასაყრელად.

ახლა საბოლოოდ მხიარული ისტორია. აღმოჩანდა რომ მე-12კლასელები სულ დაიბნენ სხვადასხვა მასწავლებლების გამო და კიდევ ითხოვენ დამატებით გაკვეთილებს.ამაზე რა თქმა უნდამე მომადგნენ.მე ორი კვირის წინ ჩავაწერინე საათები,როდესაც მცალია და ვთხოვე მოეხდინათ მოსწავლეების ორგანიზება რომ ამ საათებზე გაკვეთილებს დასწრებოდნენ. დღეს ისევ მომადგნენ. ჩემს კითხვაზე, მოახდინეს თუ არა მოსწავლეების ორგანიზება, უკმაყოფილოდ მიპასუხეს
-შენი მოსწავლეებია და გაარკვიე საბოლოოდ როდის უნდათ და დაუნიშნე.

მე ვერ ვხვდები, რომელ ეტაპზე მეხება ეს მე,ერთ რიგირთ მასწავლებელს,რომელიც სიმბოლურ საათებზე მუშაობს,გავარკვიო თითოეული მოსწავლის დღის განრიგი, საათების რაოდენობა და ამ მთელი მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად დავნიშნო დამატებითი გაკვეთილი ისე,რომ ყველა მოსწავლე კმაყოფილი იყოს?