ახალი სასწავლო წელი იწყება, რასაც როგორც ყოველთვის მოსდევს ახალი გაუგებრობები სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, თუმცა ეს გაუგებრობები ჯერ კიდევ შარშან დაიწყო.
წლის დასაწყისში მასწავლებლები სახელმძღვანელოებს ირჩევენ სიიდან, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი აქვეყნებს. როგორც წესი თითო საგანში 3-4 სახელმძღვანელოა მოცემული და მასწავლებელს შეუძლია მათგან ერთ-ერთი შეარჩიოს. ამგვარად მეც შევარჩიე შარშან ვარდიაშვილისა და ადამიას ქიმიის სახელმძღვანელოების კურსი (მეშვიდედან მეათე კლასების ჩათვლით),რომელიც მოცემული იყო ამ სიაში. სექტემბერში გამოვაცხადე კლასებში საჭირო სახელმძღვანელოები. როგორც ყოველთვის ხდება კლასების ნაწილმა მაშინვე შეიძინა სახელმძღვანელოები, ნაწილმა მომავლისთვის გადადო და აქ დაიწყო გაუგებრობები. აღმოჩნდა რომ მოულოდნელად ოქტომბრის თვეში IX კლასის ეს სახელმძღვანელო აღარ იშოვება, რასაც სხვადასხვა ჭორების მიხედვით აბრალებდნენ ავტორებს შორის უთანხმოებას. სახელმძღვანელოების კიდევ ერთი გულმოდგინე შერჩევის შემდგომ გადავწყვიტე რომ კლასის ნაწილს, რომელმაც სახელმძღვანელოს ყიდვა ვერ მოასწრო ეყიდათ ვარდიაშვილი სახელმძღვანელო, რადგან ჩემდა გასაკვირად ეს ორი წიგნი აბსოლიტურად ერთი და იმავე შინაარსის იყო, განსხვავება მხოლოდ თემების სათაურებში გვხვდებოდა (მაგ: თუ ვარდიაშვილისა და ადამიას სახელმძღვანელოში თემას ერქვა "კრისტალჰიდრატი", ვარდიაშვილის სახელმძღვანელოში ეს იყო "რა არის კრისტალჰიდრატი?", დანარჩენი, ტექსტები, ამოცანები, საკლასო სამუშაოები, სურათებიც კი აბსოლუტურად იდენტური იყო). ამან მაინც შემიქმნა პრობლემები, ყოველი გაკვეთილის ბოლოს დაფაზე ორივე წიგნიდან დავალებული თემის სათაურების,გვერდების,ამოცანების წერას საკმაოდ დიდი დრო მიჰქონდა.
კიდევ ერთი პრობლემა დადგა. 2009 წელს გამოსცეს ვარდიაშვილი ადამიას 10 კლასის სახელმძღვანელო, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდებოდა 2006 წელს გამოცემული ვარდიაშვილისა და ადამიას 10 კლასის სახელმძღვანელოსგან, თუმცა სასკოლო ბაზრობებზე კიდევ იყო შემორჩენილი 2006 წელს გამოცემული ეს წიგნი და მოსწავლეების ნაწილმა შეიძინა 2006 ხოლო ნაწილმა 2009 წელს გამოცემული სახელმძღვანელოები რამაც ასევე გაუგებრობები და პრობლემები შექმნა.
წელს სასკოლო სახელმძღვანელოების სიიდან ამოღებული ვარდიაშვილი ადამიას წიგნები, ამიტომ წავედი გამომცემლობა "ინტელექტში" რათა მენახა ვარდიაშვილის სახელმძღვანელოები უკვე მხოლოდ X, XI და XII კლასებისთვის.
გასულ წლებში XI-XII კლასებში ვიყენებდი ვარდიაშვილისა და ადამიას სახელმძღვანელოს. ეს იყო ერთი, საკმაოდ სქელტანიანი წიგნი, რომელშიც XI და XII კლასების მასალა ერთად იყო შეტანილი, გამოცემული იყო 2007 წელს და ღირდა დაახლოებით 10-12 ლარი.
გამომცემლობაში მითხრეს რომ ამ წიგნების ამოღების მიზეზი იყო ადამიას გარდაცვალება (თუმცა ჩემთვის გაუგებარია, ავტორის გარდაცვალება რატომ უნდა გახდეს მისი სახელმძღვანელოს სასკოლო პროგრამიდან ამოღების მიზეზი) და წელს გამოშვებულია ახალი წიგნები, სრულიად ახალი პროგრამით, რომელიც მორგებულია სკოლებში ქიმიის საგნის სწავლებაში შეტანილ ცვლილებებზე (კერძოდ ქიმია ისწავლება არა 7-10 კლასებში, არამედ 9-12 კლასებში და წარმოადგენს სავალდებულო საგანს), და რომ ძველი წიგნებით სწავლების გაგრძელება არ შეიძლება. გამომიტანეს ვარდიაშვილის სახელმძღვანელოები XI და XII კლასებისთვის. ეს უკვე აღარ არის ერთიანი სახელმძღვანელო, XI კლასის სახელმძღვანელო ღირს 12 ლარი, ხოლო XII-სი 10 ლარი + თავისი ახალი ტიპის სამუშაო რვეულებით, ტესტების რვეულით და ა.შ...
სამწუხაროდ ყველა წიგნზე ფული არ მეყო, ამიტომ ვიყიდე მხოლოდ X და XI კლასის წიგნები, ხოლო XII-დან ამოვწერე თემის სათაურები, რათა შემედარებინა ძველი სახელმძღვანელოსთვის.
მოვიტანე წიგნები სახლში დავუჯექი და არანაირი განსხვავებააბსოლუტურად
XI კლასის ვარდიაშვილისა და XI-XII კლასების ვარდიაშვილსა და ადამიას შორის
არანაირი განსხვავება. მარტო 3 პარაგრაფი არის გამარტივებული (თუ წინა სახელმძღვანელოში შეტანილი იყო ბირთვული რეაქციები, ახალში მათ მაგივრად არის 2006 წლის X კლასის ვარდიაშვილი ადამიას წიგნიდან ამოღებული რამოდენიმე პარაგრაფი შეტანილი, ისეთივე სიზუსტით, როგორც იმ წიგნში იყო.)
ასევე ახალი XII კლასის წიგნიდან ამოწერილი პარაგრაფები შევადარე ძველ სახელმძღვანელოს და კვლავ
არანაირი განსხვავება.
პ.ს. ერთადერთი განსხვავება ახალსა და ძველ სახელმძღვანელოებს შორის არის ის რომ თუ წინა სახელმძღვანელო 12 ლარი ჯდებოდა, ახლა იგივე წიგნის საყიდლად 22 ლარი დაგჭირდებათ. განსაკუთრებით ვფიქრობ იმ XII კლასელებზე, რომლებმაც შარშან იყიდეს ერთიანი სახელმძღვანელო,წელს კი კვლავ მოუწევთ იდენტური სახელმძღვანელოს ყიდვა. მაინტერესებს, როდესაც ახალ წიგნს იყიდიან და მიიტანენ სახლში, შეადარებენ იმას რაც ჰქონდათ უკვე? და თუ შეადარებენ რას იფიქრებენ ქართული განათლების სიტემაზე?