Wednesday, March 12, 2014

სექსიზმი და დისკრიმინაცია

ჩემმა ბოლო ბლოგპოსტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტი დამეწერა. რა საკვირველია ეს პოსტი თავის მართლებას არ ემსახურება, არც "პოპულარობის" გაზრდის მიზნით მაქვს დაწერილი რადგან თითქმის 85%-ით დარწმუნებული ვარ რომ პოსტი, რომელიც კონკრეტულად რომელიმე ჯგუფისკენ არ არის მიმართული და პიროვნების ზოგად აზრებს და დამოკიდებულებებს შეიცავს, რომელებიც ე.წ. "ცხელ თემებს" არ მიეკუთვნება თითქმის არასოდეს არ არის "პოპულარული" (პოპულარობასაც ბრჭყალებში ვსვამ რადგან ეს ცნება ჩემთვის უფრო ცარიელ სიდიდეს წარმოადგენს, ვიდრე რაიმე კონკრეტულ მიზნებს).

ასე რომ იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც გადაწყვეტს ჩემთან დარჩენას თხრობას განვაგრძობ. წინა პოსტთან დაკავშირებით ბევრი კომენტი მივიღე, რომლებიც მადანაშაულებდა რომ "ფემინისტებს ჩემი წერილებით სახელს ვუტეხავ", ვარ "რადიკალური ფემინისტი",  "ვწუწუნებ ჩემს დაჩაგრულობაზე პატრიარქატულ სისტემაში" და ა.შ. ასეთი ტიპის კომენტებზე პასუხის გაცემას პრაქტიკულად აზრი არ აქვს, უბრალოდ მინდა ერთ დაკვირვებაზე ვისაუბრო.

მე აღმაფრთოვანა იმ "მამაკაცურმა სოლიდარობამ" რაც ამ კომენტებში დავინახე. იმ შეკრულობამ და მხარში დგომამ, რასაც მამაკაცები ავლენენ სექსიზმის ბრალდებებისგან თავის დასაცავად.  სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი ქალების კომენტებზე. რამოდენიმე ქალბატონისგან მოვისმინე რომ თურმე საქართველოში და ყოველშემთხვევაში თბილისში მაინც სექსიზმი არ არსებობს. რომ თბილისში სექსიზმი ქალებს ხელს არ უშლის მიზნის მიღწევაში და რომ მათ სექსიზმი არასოდეს შეხებიათ და ქალები რომლებიც სექსიზმზე ლაპარაკობენ ე.წ. "ლუზერები" არიან, რომლებმაც ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწიეს და ახლა ხელებს მამაკაცებზე აწმინდავენ. აი ამ აზრებმა, ცოტა არ იყოს დამზაფრა. მინდა ვკითხო ამ ქალბატონებს: ქალბატონებო თქვენ იცით რ არის სექსიზმი? მე ვერასოდეს ვერაფრით ვერ დავიჯერებ რომ სექსისტური დამოკიდებულებები თქვენს მიმართ არ განგიცდიათ. მე ვერასოდეს დავიჯერებ რომ თქვენთვის არასოდეს არავის უთქვამს რომ "ქალები ტექნიკაში ვერ ერკვევიან", მე ვერ დავიჯერებ რომ თქვენთვის არასოდეს არავის არ ურჩევია "ქალისთვის შესაბამისი" პროფესიის არჩევა. ვერასოდეს დავიჯერებ რომ თქვენთვის არასოდეს არავის უთქვამს რომ "ქალს მოკრძალება შეჰფერის", "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს", "ქალი უნდა იყოს ქალური", "ქალის უპირველესი მოვალეობა ოჯახის შექმნა და შვილის აღზრდაა". მე ვერ დავიჯერებ რომ თქვენ არასოდეს არ ყოფილხართ დიეტაზე, არასოდეს არ ჩაგიტენიათ ლიფჩიკში ნაჭრები, არასოდეს ჩაგიხედავთ სარკეში უკმაყოფილების გრძნობით. არ მჯერა რომ არასოდეს წამომხტარხართ კომპიუტერიდან შიშით რომ "რაღაც გააფუჭეთ", არ მჯერა რომ მანქანის ტარებისას არ მჯერა რომ არასოდეს მოუძახებიათ თქვენთვის "ეს ქალი მძღოლები რა" და არ მჯერა რომ "უბნის ბირჟებზე" გავლისას მაინც არავის გამოუყოლებია თქვენთვის ტუჩების წკლაპუნს ნწწწწწპ ხმა.

და თუ რამენაირად მოახერხეთ და ამ მოცემულობას გაექეცით, გილოცავთ! მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ათასობით თინეიჯერი გოგონა დღესდღეობით არ გადის იმავე რთულ და მტკივნეულ პროცესს. არც იმას ნიშნავს რომ ამ გოგონების დიდი პროცენტი სულიერად არ "გატყდება" ამ წნეხის შედეგად და თავის ცხოვრებას, მომავალს, წარმატებას, კარიერას ტუალეტში არ ჩარეცხავს შიშით რომ ვერაფერს მიაღწევს, რომ კარიერა ქალის საქმე არ არის, რომ ქალები ტექნიკაში ვერ ერკვევიან, რომ ქალების უმთავრესი მოვალეობა დედობა და მეუღლეზე ზრუნვაა და ასე შემდეგ. თქვენს თაობაშიც ძალიან ბევრი გოგო გატყდა ამ წნეხის ქვეშ და ბევრმა ჩარეცხა თავისი ცხოვრება ტუალეტში.

მოდით გაისეირნეთ თბილისის ქუჩებში და დააკვირდით სექსიზმის ნიშნებს. სექსიზმი ყველგანაა და სექსიზმი ყოვლისმომცველია.

საიდან მოდის სექსიზმი? ბევრი მეტყვის რომ ტრადიციებიდან. მე დავამატებ კიდევ საიდან მოდის სექსიზმი: სექსიზმი მოდის ბილბორდებიდან, სექსიზმი მოდის რეკლამებიდან, სექსიზმი მოდის მედიიდან, სექსიზმი მოდის ფილმებიდან, მულტფილმებიდან, სერიალებიდან, ტოკშოუებიდან, რადიოდან, ისტორიის წიგნებიდან,სკოლიდან, სოციალური საიტებიდან და თითქმის ყველა იმ წყაროდან, რასაც დღედღეობით ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიყენებთ.

სექსიზმი და დისკრიმინაციაა ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია (პლაკატი, პოსტერი, გადაცემა, ტოკშოუ, ბანერი, რეკლამა, მუსიკალური კლიპი, სარეკლამო კლიპი და ა.შ.) რომელიც გამოხატავს ქალს სუსტ, დამოკიდებულ, არამნიშვნელოვან, სექსუალიზირებულ (აქ შეიძლება არ დამეთანხმოთ და მითხრათ რომ ამის მიზეზია რომ სექსი იყიდება. თუკი სექსი იყიდება და მყიდველების 50% ქალია, მაშინ 90% რეკლამებში რატომ არის მხოლოდ ქალის სხეული სექსუალიზირებული?) ნივთად.

არის თუ არა ტელეგადაცემა "რა? სად? როდის?" სექსისტური? ჩემი მიკერძოებული  აზრით არის. მიუხედავად იმისა თუ რა ხდება გადაცემის კულისებს მიღმა, ფარდებს უკან, შიდა სამზარეულოში, სპორტულ ვერსიაში და ა.შ. ცისფერ ეკრანზე მე ვხედავ გუნდებს, რომლებშიც ქალები არიან უმცირესობის სახით წარმოდგენილები და ჩემი ზედაპირული დაკვირვებით ხშირ შემთხვევებში ქალების აზრის გათვალისწინება ნაკლებად ხდება.

მე მომბეზრდა ვუყურო ქალებს უმცირესობაში. მომბეზრდა ვუყურო კვოტებით შევსებულ ქალების ადგილებს, შოუსთვის ხელოვნურად გოგოებით შევსებულ გუნდებს,  მომბეზრდა ვუყურო გადაცემებს საიდანაც დიეტებზე, სილამაზის პროდუქტებზე, მაკიაჟზე, ფრჩხილების გამოყვანაზე, ყვავილების მოვლაზე მესაუბრებიან. მომბეზრდა ჟურნალები რომლებიც სეზონურ ვარცხნილობებზე, მოდურ ტანსაცმელზე, კანის მოვლის პროდუქტებსა და სუპერშემწოვ ტამპონებზე მესაუბრებიან. მომბეზრდა მედია, რომელიც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ცდილობს მითხრას რითი დავკავდე, რაზე ვინერვიულო, როგორ გამოვიყურებოდე,რა ვაკეთო, რაში ვარ ძლიერი და ა.შ.

ამ თემაზე ალბათ კიდევ დიდხანს შეიძლება საუბარი მაგრამ მე აქ გავწყვიტავ და ვიტყვი. ვინც თვლით რომ "ფემინისტებს ვარცხვენ", "რადიკალი ფემინისტი ვარ", "საკუთარ თავში ჩაკეტილი ფანატიკოსი ვარ" და ასე შემდეგ, გისურვებთ შემდგომ ცხოვრებაში ფერადკანიან ქალბატონად მოსვლას რომ თავიდან ბოლომდე გამოსცადოთ ის ყოვლისმომცველი სექსიზმი, რასიზმი და დისკრიმინაცია რასაც ეს სამყარო გვთავაზობს და მწარე მაგალითზე დარწმუნდეთ რომ რაზეც მე ვლაპარაკობ ჩემი ფანატიკური ფანტაზიის ნაყოფი კი არა ყოველდღიური რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ.

Tuesday, March 11, 2014

სექსიზმი "რა? სად? როდის?"-ში!

ამ ბლოგპოსტის დაწერის იდეა გამიჩნდა მეგობრებთან კამათისას, როდესაც ვახსენე რომ სატელევიზიო შოუ "რა? სად? როდის?" წარმოადგენს მკაფიოდ გამოხატულ მამაკაცურ კლუბს, სადაც ქალების ერთადერთი რეალური როლი სცენის დეკორაციაში უფრო გამოიხატება, ვიდრე რეალურად კლუბის წევრობაში, რაზეც მწვავედ უარყოფითი რეაქცია მივიღე "სექსისტი არ ვარ მაგრამ..." ტიპის ადამიანებისგან. ძალიან გამიჭირდა, კიარადა ვერც კი მივუახლოვდი მიზანს რომ რამენაირად ამეხსნა რატომ არის ეს თამაში სექსისტური და გადავწყვიტე დავფიქრებულიყავი რა განაპირობებს ამ "ნებაყოფლობით სიბრმავეს" ჩემს მეგობრებში, არ დაინახონ ის აშკარად გამოკვეთილი სექსიზმი რაც მე და ზოგიერთ ჩემს (გოგო) მეგობარს აშკარად გვჭრის თვალს.

რეალური მიზეზი ჩემი აზრით არის საერთო ფონი და ხარისხი ქართული ტელეგადაცემებისა. რასაკვირველია ნანუკას შოუების, კაცების შოუების და სხვა მსგავსი სიმახინჯეების შემდგომ, რომელიც საზოგადოების მეტნაკლებად გათვიცნობიერებულ ნაწილში უკვე იდენტიფიცირებულია როგორც მდარე ხარისხის გადაცემები, ჩნდება მოთხოვნა რაღაც უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტზე. სწორედ ეს განაპირობებს "რა? სად? როდის?"-ის უსიტყვო პოპულარობას. ილუზია რაღაც უკეთესზე და ამაღლებულზე, რასაც ეს გადაცემა გვიქმნის.

გადაცემაში ბევრი ტრიუკია ამ "ამაღლებული" განწყობის შესაქმნელად. მე ამას "ბურჟუაზიულ ნოსტალგიას" დავარქმევდი. ელეგანტურად გამოწყობილი კლუბის წევრები მოთვინიერებული ღიმილით შესცქერიან სმოკინგებში და ბაფთებში გამოწყობილი მოთამაშეებს ე.წ. "ბატონ მოაზროვნეებს", რომელთაც მაგიდასთან უზით ერთი, არანაკლებ ელეგანტურად გამოწყობილი, "ხელიდან ხელში საგოგმანებელი მარგალიტი", ქალბატონი "მოაზროვნე" .(აქვე მინდა ხაზი გავუსვა რომ ვერ ვახერხებ ტერმინი "მოაზროვნე" მუდმივად ბრჭყალებში არ ჩავსვა. არ ვიცი, მარტო მე ვარ თუ თქვენთვისაც ჟღერს ეს ტერმინი სასაცილოდ და არასერიოზულად? არ ვიცი რა სტანდარტები აქვთ შოუს პროდიუსერებს, მაგრამ ჩემთვის,  ნებისმიერი ქმნილება, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ კუჭის თავთან უსიამოვნო შეგრძნება ჰქონია და შემდგომ ამ შეგრძნების შიმშილთან ასოციაცია  და ამ პრობლემის აღმოფხვრის ხერხების ძებნა დაუწყია, უკვე მოაზროვნეს წარმოადგენს).

 მაგიდის უკან თვინიერად დგანან თავჩახრილი, თეთრ ხელთათმანიანი მომსახურე პერსონალი ( მომსახურე პერსონალისთვის თეთრი ხელთათმანის ჩაცმევა თუკი თქვენში ამ წუთასვე არ აღძრავს პროტესტის გრძნობას, გთხოვთ, კითხვას ნუ გააგრძელებთ). თამაში იხსნება ოპერის ფრაგმენტით (კიდევ ერთი ბურჟუაზიული ნოსტალგიის მაგალითი)."მოაზროვნეები" წყვილწყვილად ხელჩაკიდებული დგანან. "მოაზროვნეების" გამოცხადებისას ქალი მოთამაშე ყოველთვის ბოლოდან მეორე ცხადდება, გუნდის კაპიტნის წინ. ეს ალბათ რაიმე ბურჟუაზიული წესჩვეულებაა "მანდილოსნის" პატივსაცემად, თუმცა ამდენად დეტალურად ვერ ვერკვევი ბურჟუაზიის ცხოვრების წესებში. თამაშის დასაწყისისთვის ყველას ცივილურად დაკავებული აქვს თავიანთი ადგილი, წამყვანი ენაკვიმატობს, გუნდის კაპიტანიც ცდილობს არ ჩამორჩეს ენაკვიმატობაში (თუმცა ჩემი ერთერთი საყვარელი მოვლენაა როცა გუნდის კაპიტნის ენაკვიმატური გამონათქვამი დიდად წარმატებული არ არის და მის სახეზე აშკარა საკუთარი თავით უკმაყოფილება აისახება ხოლმე ).

ზუსტად ეს თეატრალური "ბურჟუაზიული ნოსტალგია" განაწყობს ქართველ მაყურებელს ასე დადებითად შოუს მიმართ. მაყურებელს უყვარს ჭკვიანი მამაკაცები სმოკინგებში, ელეგანტურ შავ კაბებში გამოწყობილი მანდილოსნებით გაფორმებული ინტერიერი, თეთრთათმანიანი ბატლერები, გონგის შემოკვრა და ინტელექტის ღვრა ცისფერი ეკრანებიდან. ამ შოუში ყველაფერი ისეა როგორც რეალურ ცხოვრებაში უნდა იყოს: მამაკაცები ძლიერები, ჭკვიანები, სიმპატიურები უნდა იყვნენ, მანდილოსნები დახვეწილნი, პატივმიგებულნი და უმცირესობაში უნდა გვხვდებოდნენ და რამოდენიმე თეთრთათმანიანი ბატლერი ლამაზ სუფრას უნდა ემსახურებოდეს რადგან ჩვენ გამორჩეული ერი ვართ ინტელექტით, მანდილოსნის პატივისცემით, დახვეწილობით. შოუ გვჩუქნის იმ ფანტაზიას, რასაც ასე მოკლებულები ვართ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამიტომ ყველაფერს ვაპატიებდით მას იმ ბედნიერი წუთებისთვის, როდესაც ჩვენს თავს წარმოვიდგენთ როგორ ვუზივართ შუშის მაგიდას სმოკინგებსა და საღამოს კაბებში გამოწყობილებს დახვეწილი, თვინიერი ღიმილით.

მე კი აი იცით სად ვხედავ ძალიან ზუსტად სექსიზმს? როდესაც წუთი ჩაირთვება და დებატები იწყება. ამ მომენტში ძალიან ზუსტად შეგიძლია თქვა რომ ეს კაცების კლუბია და ქალები მხოლოდ სცენის დეკორაციას წარმოადგენენ. არც კი ვიცი უფრო ზუსტად როგორ ავხსნა სცენა, როდესაც 5 მამაკაცი თავზე გადაჰყვირის აშკარა უმცირესობაში მოყოლილ, აშკარად ხელოვნურად "შემოჩეჩებულ" ქალბატონ მოაზროვნეს. თითოეული "მოაზროვნის" საუბრის მანერაში, ხელის მოძრაობაში გრძნობ მათ დამოკიდებულებას ამ გოგოს მიმართ რაც არის "სამწუხაროდ გუნდში მინიმუმ 1 ქალი უნდა იყოს, ამიტომაც ზიხარ შენ აქ. რომ არა ეს წესი, შენ აქ არ იქნებოდი."  ვიცი რომ თქვენ, უმეტესობა მამაკაცები ამას არ დაინახავთ, ვიცი რომ თქვენ ამას არასოდეს არასოდეს არ აღიარებთ. ვიცი რომ უმეტესობა მამაკაცები ამას შეიძლება საერთოდ ვერც აფიქსირებთ. ინსტინქტების დონეზეა ეს უკვე გამჯდარი. აი იმ წამებში როდესაც მხოლოდ პასუხის პოვნაზე ხართ კონცენტრირებულები და ტვინი ივიწყებს პოლიტკორექტულად აზროვნებას, აი ამ მომენტებში ჩანს რომ ყველაზე გათვიცნობიერებული მამაკაცებიც კი მხოლოდ პოლიტკორექტულობის ხარჯზე არიან გენდერული თანასწორობის მომხრეები და როცა ტვინის ეს პოლიტკორექტული ნაწილი გამორთულია, ისეთივე თვითკმაყოფილი სექსისტები ხართ, როგორიც ყოველთვის იყავით.

კიდევ რამოდენიმე შეკითხვა მიჩნდება. რა მოხდებოდა რომ გუნდში 2-ზე მეტი ქალი ყოფილიყო? მოახდენდნენ თუ არა "ბატონი მოაზროვნეები" მათ წარმატებით იგნორირებასაც? მოხდებოდა თუ არა ნელი გადატრიალება მამაკაცების დომინანტურ ტვინში თუკი ქალების ხმა უფრო ძლიერი იქნებოდა? სამწუხაროდ ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი არ მაქვს, რადგან სატელევიზიო "რა? სად? როდის?"-ში ასეთი გუნდები არ არსებობენ. არსებობენ გუნდები 1 ქალბატონის მონაწილეობით და არსებობს 1 გუნდი, რომელიც ხელოვნურად მთლიანად ქალებით არის დაკომპლექტებული (WTF?).

მე პირადად ეს თამაში არასოდეს არ მითამაშია, არც სურვილი არ გამჩენია რომ მეთამაშა. რატომ? ალბათ მეშინოდა რომ ვერ "დავამტკიცებდი" რაღაცეებს, მეშინოდა რომ სცენის დეკორაცია ვიქნებოდი და ჩემი ხმა 5 მამაკაცის ხმაში ჩაიკარგებოდა, თუმცა მსგავსი შიშები თამაშის გარეთაც ხშირად ამხდენია. ჩემს მეგობრებს, რომლებსაც უთამაშიათ მიმტკიცებენ რომ გუნდები 2-ზე მეტი ქალით არ იქმნება რადგან სამწუხაროდ ფიზიკურად არ არსებობენ ამდენი მოთამაშე ქალები და ეს არის რეალობა. მე ვიტყვი რომ ზუსტად ეს რეალობა ასახავს სექსიზმს თამაში. ეს რეალობა ამტკიცებს რომ "რა? სად? როდის?"-ი კაცთა კლუბია. ეს რეალობა გვაჩვენებს რომ ქალებს, რომლებსაც ეშინიათ რომ მათი ხმა კაცების კლუბში ჩაიკარგება საერთოდ არ მიდიან, არც ამ თამაშის სპორტული ვერსიის სათამაშოდ, და ვისაც არ ეშინიათ, მათი ხმა დიდი ალბათობით იკარგება კიდევაც და ეს თავიდან ბოლომდე განაპირობებს ამ თამაშის უკიდურესად სექსისტურ მხარეს.

დავასრულებ ალბათ ჩემი წარმოდგენით რა არის გენდერული თანასწორობა. თანასწორობა არ არის როდესაც 1 ქალი, ან 3 ქალი, ან ქალების 10% არიან ძალიან ძლიერები და ამტკიცებენ რომ მამაკაცთა სამყაროში შეუძლიათ წარმატებულები იყვნენ. ჭეშმარიტი თანასწორობა არის ის რომ ქალებსაც შეუძლიათ ისეთივე "საშუალოები" და არაფრით გამორჩეულები იყვნენ, როგორც მამაკაცების უმეტესობა ამ სამყაროში და მაინც ჰქონდეთ საშუალება იცხოვრონ, ისწავლონ, განვითარდნენ, მოიგონ, წააგონ და ისევ მოიგონ და მუდამ თან არ სდევდეთ საკუთარი არსებობის ღირებულების დამტკიცების წნეხი.