Saturday, March 23, 2013

თანამედროვე მონობა

გუშინ საღამოხანს ერთ-ერთ ქართულ "ფეშენებელურ" სასტუმრო ვერე პალასის როკოკოკოკო-ბაროკოკოკოკო ავეჯით გაფორმებულ, რომანტიული მაგიდის ლამპებით ნახევრადგანათებულ მისაღებში აღმოვჩნდი. კედლები ოქროსფერი გრავიურებიან ჩარჩოში ჩასმული სარკეებით და სხვადასხვა ბაროკოკოკოკოკოს სტილის უსახური ნახატებით იყო გაფორმებული. მისაღების სიღრმეში სევდიანი ქალი როიალზე უკრავდა და თან ჩუმად ღიღინებდა. გიჟიაო ჩვენმა სტუმარმა გვითხრა. მისაღები ცარიელი იყო. ლიფტიდან ვინმე გასიებული სტუმარი გამობრძანდა, პიანისტი ნაჩქარევად ფეხზე წამოდგომით და თავის დაკვრით დაემშვიდობა და ისევ დაკვრა გააგრძელა. როდესაც დაკვრა დაასრულა, ჩვენ გავუღიმეთ.
ბოდიშს გიხდით როიალი აშლილი არისო უხერხული ღიმილით გვითხრა ქალმა. ჩვენც რამოდენიმე კომპლიმენტი ვუთხარით და დაკვრა გააგრძელა.

არ ვიცი როგორი ტიპის გარემოს შექმნას ფიქრობდნენ სასტუმროს მეპატრონეები, როდესაც რომანტიულად ნახევრადბნელ გარემოში პიანისტი დასვეს, რომლის მთავარი მიზანია შემოსასვლელიდან ლიფტამდე მისულ სხვადასხვა ჯურის გასიებულ სტუმრებს მცირეოდენი ბაროკოკოკოკოსეული გრძნობები მოჰგვაროს. არ ცდებიან  მეპატრონეები.ძვირფასად გასიებული უმნიშვნელოვანესი ტურისტები ფულს არ ინანებენ ამ პატარა ბურჟუაზიული სამოთხისთვის. სიამოვნებით შესცქერიან გიჟ პიანისტ ქალს და ცხიმიანი თითებით ჩიპსებს იტენიან პირში მაგრამ მე პირადად შეურაცხყოფის, გამოუვალობის და დამსხვრეული ოცნებების უსიამოვნო შეგრძნება დამრჩა. 

მოკლე დასკვნის სახით შემიძლია დავწერო რომ ეს პოსტი არ ეხება კონკრეტულად ამ სასტუმროს, ან ამ ქალს. ყველამ იცის ამ ქვეყანაში არსებული სამუშაო პირობების შესახებ, ყველა წუწუნებს და ყველა ეგუება შემდგომ. "არ გინდა? წადი!"-ს პოლიტიკა კარგად მუშაობს რადგან ყველამ იცის რომ არ წახვალ, იმიტომ რომ წასასვლელი არსად გაქვს. თუ გაქვს იქაც იგივე სიტუაცია დაგხვდება და მთელი ცხოვრება სამუშაოების ცვლას ვერ შეძლებ. ადრე თუ გვიან შეეგუები, იმუშავებ ყველაზე გაუსაძლის პირობებშიც კი, ყველაზე დაბარი ანაზღაურებით, გაზრდილი სამუშაო საათებით, შემცირებული შვებულების დღეების რაოდენობით, ადრე თუ გვიან გამოიზრდები იდეალურ იაფ მუშახელად, უინიციატივო, უინტერესო, საშუალო საფეხურის შემსრულებელ კორპორატიულ მონად.